ჩემი ოჯახის ისტორიის ძიებაში
დოკუმენტები და გენეალოგია მნიშვნელოვანია, პირადი მოგონებები კი – ფასდაუდებელი.
გაყვითლებული ფურცლებითა და შავ-თეთრი ფოტოებით სავსე ბაინდერი თითქოს ადამიანივით მიცქერდა თვალებში. მასზე ესპანურად ხელით იყო მიწერილი: „Historia Antigua“ – „უძველესი ისტორია“. გადავშალე პირველი გვერდი და კითხვას შევუდექი.
„დარწმუნებული არ ვარ, რის დაწერას ვაპირებ, თუმცა ეს აზრი წლებია მიტრიალებს თავში, მას შემდეგ, რაც მამაჩემმა და მე ვისაუბრეთ, როდესაც ცამეტი წლის გავხდი და ბარმიცვა აღვნიშნეთ…“
ეს ჩემი პაპის ხელწერა იყო, არგენტინული სტილით, ალაგ-ალაგ დიდი ასოთი დაწერილი. მადლიერების დღე იყო და პაპისა და ბებიის სახლში ვიყავი ნიუ-იორკის გარეუბანში. სახლის სარდაფში ჩუმად ვკითხულობდი, ზედა სართულიდან კი ჩემი დიდი ოჯახის ფეხის ხმები მესმოდა. პაპას პირველივე გვერდებზე მოთხრობილი ჰქონდა ჩვენი ოჯახის ისტორია, რომელიც მისმა მამამ უამბო და შეეხებოდა მესოპოტამიას, შუა საუკუნეების ესპანეთს, სირიას ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, ლათინურ ამერიკას და აშშ-ს. მე ხელში მეჭირა ზეპირი ისტორია, რომელიც პაპამ ფურცელზე გადაიტანა. ფრთხილად გადავფურცლე დანარჩენი გვერდები და აღმოვაჩინე ნამდვილი განძი: დღიურები, მოგზაურობის აღწერები, წერილები და გაზეთებიდან ამონაჭრები.
პაპაჩემს თვეების განმავლობაში ვერ ვუმხელდი, რომ ეს ბაინდერი ვიპოვე, მაგრამ სულმოუთქმელად ველოდებოდი ხოლმე არდადეგებს, რომ პაპისა და ბებიის სახლში მივსულიყავი, ყველასგან შეუმჩნევლად ჩავპარულიყავი სარდაფში და კითხვა გამეგრძელებინა. ერთ დღეს პაპა სამზარეულოში შემოვიდა და მთხოვა, მას გავყოლოდი. „რაღაც მინდა გიჩვენო“, – მითხრა მან. ჩვენ სარდაფში ჩავედით, მის ბიბლიოთეკას რომ ვუახლოვდებოდით, მაგიდაზე გადაშლილი „უძველესი ისტორია“ შევამჩნიე და სახე წამომიწითლდა.

„შენ ჩემს ჩანაწერებს კითხულობდი“, – მითხრა მან. პაპაჩემი ინგლისურად ლაპარაკისას ყურადღებით ირჩევდა სიტყვებს და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ლაპარაკობდა.
„კი, ვკითხულობდი, – ვუპასუხე მე, – ძალიან საინტერესოა“.
პაპას სახეზე ფართო ღიმილი გამოესახა. უცებ სიცილი დაიწყო და თვალები ცრემლებით აევსო. „რამდენი წაიკითხე“?
„არც ისე ბევრი“, – მოვიტყუე. ჩვენ მაგიდას მივუსხედით და პაპამ გადაფურცლა ბაინდერი, ჯერ იყო რელიგიური დოკუმენტი – ქეთუბა, იგივე, ებრაული საქორწინო ხელშეკრულება, შემდეგ პირადი დოკუმენტები – გახუნებული სარეგისტრაციო ჩანაწერები ბუენოს-აირესიდან. ამასობაში პაპამ ამბის თხრობა დაიწყო. მას შემდეგ ჩვენ ყოველთვის ერთად ვკითხულობდით „უძველეს ისტორიას“. იგი დაწვრილებით მიხსნიდა ყველაფერს, რასაც ვერ ვხვდებოდი, მაგალითად: სახელებს, ადგილებს, სიტყვებს და ფრაზებს ებრაულად, არაბულად და ესპანურად. ჩვენ ვმსჯელობდით ენაზე, იდენტობასა და ისტორიაზე. საუბრისას ესპანურ ენაზე გადავედით, პაპას თავის ცხოვრებასა და ბუენოს-აირესში გატარებულ ბავშვობაზე ლაპარაკი მშობლიურ ესპანურ ენაზე უფრო იოლად გამოსდიოდა. ჩემში ეს აღტაცებას იწვევდა და იდუმალებასაც სძენდა ამ ყველაფერს, მეგონა, რომ ახალი სამყარო აღმოვაჩინე. როგორც ჟურნალისტი და ამავე დროს შვილიშვილი, ვცდილობდი, ბევრი კითხვა დამესვა, რომ ნათელი მომეფინა იმ ისტორიებისთვის. „უძველესი ისტორია“ ასახავდა ჩემი ოჯახის ისტორიის მთავარ მოვლენებს – მაგრამ მე უფრო მეტი მაინტერესებდა ჩემი მოგზაური წინაპრების შესახებ სრული სურათის აღსადგენად. მაინტერესებდა, რატომ გამოიქცნენ ჩემი ებრაელი დიდი ბებია და პაპა დამასკიდან არგენტინაში XX საუკუნის დასაწყისში? რატომ გადაწყვიტა ჩემმა დიდმა პაპამ ცხენშებმული ეტლით მოგზაური ვაჭარი გამხდარიყო შორეულ ანდებში და როგორ ახერხებდა ყველაფერ ამას? როგორი იყო ბუენოს-აირესის მუშათა კლასის უბანში გატარებული ბავშვობა და რატომ გახდა საჭირო კვლავ და კვლავ მიგრაცია აშშ-სა და მთელ ამერიკაში?
თავად პაპაჩემი იშვიათად იჩენდა ინიციატივას წინაპრების ისტორიები მოეყოლა, თუმცა ვაღიარებ, მეც არ შემიწუხებია იგი შეკითხვებით.
თავად პაპა იშვიათად იჩენდა ინიციატივას – წინაპრების ისტორიები მოეყოლა, თუმცა ვაღიარებ, მეც არ შემიწუხებია ის შეკითხვებით. პაპასთან საუბრების შესახებ მეგობრებს ვუამბე და აღმოჩნდა, მათაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ, ნანობდნენ, რომ თავიანთ წინაპრებს უფრო მეტი კითხვა არ დაუსვეს, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ იყო.
ბოლო დროს საოჯახო ისტორიების სემინარებს ვმართავ და მთელ ქვეყანაში ვმოგზაურობ შეხვედრების ჩასატარებლად, რომლებზეც ჩემი წიგნის შესახებ ვლაპარაკობ. აღვწერე, როგორ ვეძებდი ჩემი დიდი პაპის – სირიელი ებრაელი მოგზაური ვაჭრის ნაკვალევს არგენტინის ანდებში. სხვებთან საუბარში გავაცნობიერე, რა გვიშლის ხელს ჩვენი ისტორიის მოსმენაში. მაშინ, როდესაც ჩვენს კითხვებზე მოპასუხეები იმქვეყნად მიდიან, ჩვენ ვრჩებით დოკუმენტების დასტებითა თუ ფოტოებით ხელში და არა მონაყოლი ისტორიებით (გვრჩება რა? და როდის? და არა, როგორ? და რატომ?).
მათთვის, ვისაც ეს ჯერ კიდევ შეუძლია, ახლავე უნდა დაუსვას კითხვები თავის მშობლებს და პაპებს და ბებიებს. გააკეთეთ ჩანაწერები, დაწერეთ წერილები, ჩამოწერეთ შეგრძნებები. დაინტერესდით კარგად ნაცნობი ნივთებით სახლში, შესაძლოა ისინი წარსულის შესახებ მინიშნებებს ინახავდნენ. ჩაიწერეთ ოჯახური საუბრები – თუ ეს თავისთავად არ ხდება, ორგანიზება გაუწიეთ ასეთ შეხვედრებს, სადაც უფროსი თაობა ახალგაზრდებს ამბებს მოუთხრობს. თუ თავად წარმოადგენთ უფროს თაობას, თქვენი ჯერია. დაფიქრდით, როგორ შეიძლება ამ ისტორიების გაცოცხლება თქვენი ოჯახის წევრებისთვის და რა იარაღი გჭირდებათ – ჩემი პაპისთვის ეს იყო „უძველესი ისტორია“, რომლითაც ინტერესს გააღვივებთ ახალ თაობაში.
ოჯახის ისტორია მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის. ის ჩაქსოვილია ტრადიციებში, რომელთაც ჩვენი ცხოვრებისეული მოგზაურობისას ვითავისებთ; ის წარმოადგენს იდენტობას, რომელსაც ვქმნით უცხო თუ ნაცნობ სამყაროებში. ჩვენ ახლა ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ეს დავიწყებას მიეცემა.
მას შემდეგ, რაც პაპამ და მე „უძველესი ისტორიის“ შესახებ საუბრები დავიწყეთ, ბებიამ თავისი საიდუმლო გაგვანდო. მას თურმე დაწერილი ჰქონია მოკლე მოთხრობები, რომლებიც მისი ბავშვობის ისტორიებით არის შთაგონებული. ბებიას ეს მოთხრობები რეცეპტების საქაღალდეში შეუნახავს. ახლა, როგორც ოჯახი, პაპის ისტორიებთან ერთად, ბებიის მოთხრობებსაც ვკითხულობთ და განვიხილავთ.
ჯორდან სალამა ავტორია წიგნისა „უცხოელი უდაბნოში: ოჯახური ისტორია“, რომლის ადაპტირებულ ვერსიას ამ ესეიში კითხულობთ.