
ჭეშმარიტად ფატალური ლტოლვა
დაბადებიდან ექვს თვეში ეს პატარა ჩანთოსნები ზრდასრულობას აღწევენ
ძმები გრიმების ზღაპარში მესალამურე დასაღუპად იტყუებს ვირთაგვებს. რა კლავს ამ სურათზე გამოსახულ არსებას? საკუთარი ლიბიდო.
Antechinus-ის გვარისთვის სიცოცხლე ხანმოკლე და სექსზე ორიენტირებულია. დაბადებიდან ექვს თვეში ეს პატარა ჩანთოსნები ზრდასრულობას აღწევენ. კიდევ ხუთ თვეში იმატებენ წონაში, რომელსაც სექსის დროს დაწვავენო, ამბობს თერიოლოგი ენდრიუ ბეიკერი (კვინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი). მომდევნო ერთიდან სამ კვირამდე პერიოდს მთლიანად შეწყვილებას უთმობენ. მდედრებისთვის ბრძოლას უწესრიგო შეწყვილება მოსდევს. ერთი შეწყვილება 14 საათიც კი გრძელდება. ორივე სქესის წარმომადგენელი ისტრესება.
სტრესის დროს Antechinus-ი გამოიმუშავებს ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც დიდი დოზებით ტოქსიკურია. მამრებს „ტესტოსტერონიც გამოუმუშავდებათ, რომელიც მათ გოგონების მიზიდვაში ეხმარებათ”, ამბობს ბეიკერი. ტესტოსტერონის გამო კი, კორტიზოლი ტოქსიკურ დონეს აღწევს, ზიანდება მამრების იმუნური სისტემა და ისინი ჯერ კიდევ ერთი წლის ასაკამდე იხოცებიან. მდედრები ხშირ შემთხვევაში ვერ ასწრებენ შთამომავლების დაყრას და Antechinus-ის პოპულაციაც ნახევრდება.