„სამუშაო გინდა? − ტყის ქარცი ჭიანჭველების ფოტო მჭირდება, რომლებიც წყალში ტივად იკვრებიან“ − ასე მიმართა ცნობილმა და მომთხოვნმა ფოტორედაქტორმა სიუზან უელჩმენმა 2011 წელს ანანდ ვარმას, რომელსაც მანამდე National Geographic-ის გამობრძმედილ ფოტოგრაფებთან მხოლოდ თანაშემწის როლში ჰქონდა ნამუშევარი.
დატბორვისას ჭიანჭველები ერთმანეთს გამოსდებენ ფეხებს და მოტივტივე გროვას ქმნიან. წყლის ზედაპირზე და მის ქვეშ მყოფი ინდივიდები ერთმანეთს რიგრიგობით ენაცვლებიან. უელჩმენს სწორედ ამ მოვლენის ამსახველი კადრი სურდა.
ჯორჯიის შტატის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ვარმამ ასობით ფოტო გადაიღო. უელჩმენმა ყველა დაუწუნა. „მაგრად ჩავფლავდი“, − იფიქრა ვარმამ.
გადაღებას მიუბრუნდი, − უთხრა უელჩმენმა, − კიდევ სცადე.
„აკვარიუმის გარედან გადაღებული კადრები იმიტომ არ ვარგოდა, რომ წყალი შუშასთან შეხებით ამოზნექილ-ჩაზნექილ ლინზას ქმნის, რომელიც ფოტოზე გადღაბნილ ზოლად ჩანს“, − ამბობს ვარმა. რა უნდა ეღონა?
ლაბორატორიის თანამშრომელმა ვარმას შუშის საცხი აჩვენა, რომელიც ამ ეფექტის წარმოქმნას უშლიდა ხელს. შედეგად, გადაღებულ კადრებში წყლის ზედაპირი „ძალიან მკაფიო ხაზად“ წარმოჩნდა. უელჩმენს მოეწონა, მაგრამ ვარმას უთხრა, რომ მეტი ჭიანჭველა იყო საჭირო. მანაც ჭიანჭველები დაამატა. დავალება ორდღიანი იყო, მაგრამ ვარმა მას მესამე დღესაც მიუბრუნდა. სწორედ მაშინ გადაიღო ეს შესანიშნავი კადრი და უელჩმენისგან განსაკუთრებული ქება დაიმსახურა: „აი, ეს უკვე National Geographic-ის ღირსეული ნამუშევარია“.
ვარმა თავისი შესანიშნავი ფოტოკოლექციის შესახებ ჩვენი პოდკასტის − OVERHEARD AT NATIONAL GEOGRAPHIC − მესამე სეზონის მერვე სერიაში ლაპარაკობს (პოდკასტი ინგლისურ ენაზეა).
