ჭიანჭველებით აღფრთოვანება
მაკროფოტოგრაფია დედამიწის ერთ-ერთი უჩვეულებრივესი მწერის
არაჩვეულებრივ თვისებებს ავლენს.


ჭიანჭველებით აღფრთოვანება
მაკროფოტოგრაფია დედამიწის ერთ-ერთი უჩვეულებრივესი მწერის არაჩვეულებრივ თვისებებს ავლენს.
ბავშვური ცნობისმოყვარეობა გადამდებია. რამდენიმე წლის წინ, სეირნობისას, ედუარდ ფლორინ ნიგამ და მისმა ქალიშვილმა ლონდონის პარკის ქვაფენილზე ჭიანჭველა შენიშნეს. ბავშვი გაჩერდა, მწერს დააკვირდა და იკითხა: „მამიკო, თვალები სად აქვს?“. ნიგამ, რომელიც მასწავლებელია, ხოლო მშობლიურ რუმინეთში ადრე პოლიციელად, ექსპერტ-კრიმინალისტთა განყოფილებაში მუშაობდა, იცოდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ფოტოგრაფიით შეძლებდა.
ჭიანჭველასებრთა ოჯახი პლანეტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და წარმატებულია. ნამარხებით თუ ვიმსჯელებთ, ის 168-140 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, დღეს კი 15 000 სახეობაზე მეტს ითვლის, საიდანაც 12 000 აღწერილია, ხოლო რამდენიმე ათეულის პორტრეტი შეგხვდებათ ნიგას სადებიუტო წიგნში „ჭიანჭველები: მსოფლიოს მუშები“.





მიუხედავად იმისა, ობიექტს ათჯერ ადიდებს, თუ – ათასჯერ, ნიგას მაკროფოტოგრაფია გულმოდგინე შრომას მოითხოვს. მუშაობა ღამით სჩვევია, სახლის უკანა ოთახში, სადაც გამვლელი მანქანებით გამოწვეული ვიბრაცია ხელს არ შეუშლის. განათება მთლიანად გადაღებაზეა მორგებული.
ჭიანჭველებისა და სხვა მწერების ეგზემპლარებს ნიგას ხან თანამშრომლები უგზავნიან, ხან კი ინტერნეტით იწერს. ზოგი ცოცხალია და გადაღების შემდეგ გამგზავნს უბრუნდება ან ცხოვრებას აგრძელებს კოლონიებში, რომლებზეც ფოტოგრაფი ზრუნავს, ზოგსაც ეთილის სპირტში შენახულს იღებს. მკვდარ ეგზემპლარებს ფრთხილი რეჰიდრატაცია, გაწმენდა, ყბების გახსნა და ბუნებრივ პოზაში დაფიქსირება სჭირდება. „ეს პატარა სამყაროა და, ამგვარად, აქ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია“, – ამბობს ნიგა. შემდეგ მწერს ასობით გადიდებულ ფოტოს უღებს. საბოლოო პორტრეტის მისაღებად 150-დან 500-მდე გამოსახულებას აერთიანებს – ამ პროცესს ეწოდება კომბინირებული ფოკუსირების ტექნიკა, რომელიც გულისხმობს მსგავსი, თუმცა სხვადასხვა საფოკუსე წერტილით გადაღებული კადრების ერთმანეთთან იმგვარ შერწყმას, რომ ფოტოს მეტი სიღრმე მიეცეს. თითო პორტრეტის შექმნას ერთი კვირა ან მეტიც შეიძლება დასჭირდეს.
„ჭიანჭველა პაწაწინა, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი არსებაა. ის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და წარმატებული ბინადარი გახლავთ“.
– ელენორ სპაისერ რაისი, ენტომოლოგი
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
ჭიანჭველები სრულად და ნაწილებად.
გამოსახულებების შერწყმის ხერხი ცოცხალ მოდელებთან არ ჭრის – როდესაც მოძრავ ჭიანჭველას უღებ, შეიძლება, მაგალითად, ფოტოზე რამდენიმე თავი გამოესახოს – ამიტომ ნიგა მოსაწონი კადრის დაჭერას ზოგჯერ რამდენიმე დღეს ანდომებს. ამბობს, რომ ზოგადად მასზე საკმაოდ სულსწრაფი ადამიანი ითქმის, მაგრამ „არ ვიცი, საიდან მიჩნდება გადაღებისას ამოდენა მოთმინება. ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ეს საქმე მთელი გულით მიყვარს“. ნიგას იმედი აქვს, რომ მისი შემოქმედება ამ პაწაწინა არსებების – თვალებიან-ყველაფრიანად – მეტად დაფასებას შეუწყობს ხელს.
ჰიქს ვოგანი შტატგარეშე მწერალი და მკვლევარია. National Geographic-ისთვის დაწერილი მისი უკანასკნელი სტატია ეხებოდა ახალი ზელანდიის მთავრობის გეგმას, სათბურის აირების გამოყოფისთვის ფერმერებს გადასახადი დაუწესოს.