
ჭიათურის შავი ოქრო
ჭიათურის მანგანუმის მოპოვების უშუალო ინიციატორი და სულისჩამდგმელი დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი იყო
მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან ცნობილი გახდა, რომ ჭიათურა მანგანუმის საბადოს მდიდარ კერას წარმოადგენდა. გამოკვლევების მიუხედავად, ბუნების ეს სიმდიდრე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხელუხლებელი რჩებოდა.
ჭიათურის მანგანუმის მოპოვების უშუალო ინიციატორი და სულისჩამდგმელი დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი იყო.
1900-იანი წლების დასაწყისში მანგანუმის ხვედრითი წილი მსოფლიო ექსპორტში 50%-ს აღწევდა და ძირითადად გაჰქონდათ ინგლისში, ნიდერლანდებში, აშშ-ში, ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.
ჭიათურის მადნის მოპოვება, მისი ხელსაყრელი ბუნებრივი მდებარეობის გამო, რთული ტექნიკის გარეშეც იყო შესაძლებელი. გადამზიდავებისა და მტვირთავი მუშების ჩათვლით, ჭიათურაში სულ 6 ათასამდე კაცი მუშაობდა. მაღაროებში ძირითადად იყენებდნენ წერაქვსა და ნიჩაბს, მადნის გამოტანა კი ხელის ურიკებით ხდებოდა. ჭიათურის რკინიგზის შტოს გაყვანამდე, მოპოვებულ მადანს რკინიგზის უახლოეს სადგურებამდე ეზიდებოდნენ.