
ჭიდაობა
XIX საუკუნეში, ქართული ჭიდაობა ქალაქებშიც დამკვიდრდა. ცნობილი ფალავნები მას სხვადასხვა კუთხის აჭიდაო ელემენტებით ამდიდრებდნენ
ძველად, ჭიდაობა უმთავრესად სოფელში, დღესასწაულებზე იმართებოდა. თავიდან, ის სამხედრო მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი იყო; მოულოდნელად, დოლთან ერთად, ზურნაც „აჭყვიტინდებოდა“. შემდეგ დამკვრელების გარშემო ხალხის წრე იკვრებოდა და იწყებოდა შეჯიბრება. წესრიგს ამყარებდნენ ახალგაზრდა ვაჟები, რომლებიც სახრეებით ხელში, წრიდან გამოწეულ მაყურებლებს უკან ახევინებდნენ. ასპარეზობას მოზარდები იწყებდნენ, შემდეგ ჭაბუკები და ბოლოს, საჭიდაო ჩოხაში გამოწყობილი, გამოცდილი ფალავნები გამოდიოდნენ ჭიდაობდნენ წელგამართულნი, ელვისებური ილეთებით. იკრძალებოდა უხეში მოპყრობა, წაქცეულ მეტოქეზე მისვლა და სარბიელიდან გაქცევა. გამარჯვებულს დავლური უნდა ჩამოევლო და დამარცხებული ცეკვაში გამოეწვია. XIX საუკუნეში, ქართული ჭიდაობა ქალაქებშიც დამკვიდრდა. ცნობილი ფალავნები მას სხვადასხვა კუთხის აჭიდაო ელემენტებით ამდიდრებდნენ. ქართული ჭიდაობა ეროვნული საუნჯეა, დღემდე შემორჩენილი ლაზათითა და მიმზიდველობით.