
საუკუნეების განმავლობაში ჩინეთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა იყო,
მაგრამ მისი მოსახლეობა სახიფათოდ მცირდება და წელს პირველობას ინდოეთი მოიპოვებს.
რა ხდება, როდესაც ერი ამ გარდამტეხ მომენტს გასცდება?
ცენტრალურ ჩინეთში შემოდგომა მოსულა და ტინგ ცინგწის სოფლის ქუჩები მოოქროვილა.
სახლების წინ სიმინდის ათასობით გაფცქვნილი ტარო სათუთად დაუხვავებიათ და მზეზე აშრობენ. ანხუეის პროვინციაში მოსავლის აღება სოფლის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, რომელსაც 35 წლის ტინგი ბავშვობიდან აკვირდება. სამწუხაროდ, სხვა წეს-ჩვეულებები თითქმის გაქრა. სახლები მიტოვებულია და ბავშვების ხმაც აღარ ისმის. ტინგი ცოლის პოვნას წლების განმავლობაში ცდილობდა. სოფელში ცოტა ახალგაზრდა ქალიღა დარჩა. კიდევ უფრო ცოტა მათგანი თუ გაჰყვებოდა ცოლად შემდუღებელს, რომელსაც არც სახლის ყიდვა შეუძლია და არც – პატარძლის გამოსასყიდი თანხის გადახდა. „ჩემი ოჯახი მდიდარი არაა“, – ამბობს ტინგი.
ტინგის დეიდა თავის ეზოში დგას, სიმინდს არჩევს და „მონარჩენი კაცების“ ბედს ტირის. მისი თქმით, სოფელს ათობით 30-40 წლის დასაოჯახებელი მამაკაცი ჰყავს – ტინგის მსგავსი მარტოსული კაცები, რომელთა ოცნებები სიყვარულსა და ოჯახზე, უმოწყალო ძალას დაეჯახა – ჩინეთის დემოგრაფიულ ძვრებს.

შობადობის ვარდნის ათწლეულების შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობის შეუქცევადი შემცირება დაიწყო. ამას მომავალი ათწლეულების განმავლობაში გავლენა ექნება როგორც მთელ ჩინეთზე, ისე მსოფლიოზე. შედეგებს უკვე გრძნობენ ანხუეის მსგავს ადგილებში, სადაც ტინგს ცოლის პოვნას გენდერული დისბალანსი ურთულებს. როდესაც ტინგი დაიბადა, ანხუეიში ყოველ 100 გოგოზე 131 ბიჭი იბადებოდა – ეს მიუთითებს ვაჟებისადმი ტრადიციულ მიკერძოებულობაზე, რომელიც ქვეყნის ახლა უკვე გაუქმებულმა ერთშვილიანობის პოლიტიკამ გაამძაფრა. დღეს ჩინეთში 30 მილიონით მეტი კაცია, ნახევარზე მეტი კი დასაქორწინებელ ასაკშია.
ამ სასტიკმა რიცხვებმა ტინგისთვის ქორწინების ბაზარზე ადგილი აღარ დატოვა. როდესაც პირველ მეგობარ გოგოს სთხოვა ხელი, მისმა მშობლებმა უარი თქვეს, რადგან ტინგს ახალი სახლის ფული არ ჰქონდა. ტინგის მშობლებმა სესხები აიღეს მანქანის საყიდლად და მახლობელ ქალაქში ბინის გასარემონტებლად. ამას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ცოლის მოზიდვა. პატარძლის გამოსასყიდი, ანუ მზითევი ცოლის ოჯახისთვის, დაახლოებით 29 000 დოლარი დაჯდებოდა. წლების მანძილზე მაჭანკალმა მხოლოდ რამდენიმე გოგონა იპოვა, რომლებიც ტინგს პაემანზე შეხვდებოდნენ გასაცნობად. წარუმატებლობით შერცხვენილი ტინგი ოჯახურ შეკრებებს თავს არიდებდა. „აუტანლები იყვნენ“, – ამბობს იგი. მისი ნათესავები მხოლოდ ერთ საკითხზე ლაპარაკობდნენ: ტინგის სავალალო მდგომარეობაზე, ანუ ტინგზე, როგორც „მოშიშვლებულ ტოტზე“ – ეს ჩინური გამოთქმა აღნიშნავს მამაკაცს, რომელიც საგვარეულო ხეს ნაყოფს არ მოუტანს.
1,4 მილიარდი ადამიანით დასახლებულ ქვეყანაში პოპულაციის უკმარისობა შეიძლება პარადოქსული მოგეჩვენოთ. ჩინეთი თავის იდენტობასა და სიძლიერეს ისტორიულად მოსახლეობის უზარმაზარ ზომასთან აკავშირებდა. ჩინეთის, როგორც მსოფლიო სუპერძალის, რეპუტაციას ამყარებდა მისი თითქოსდა უსასრულო მუშახელი, რომელთაგანაც ასობით მილიონი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. 4 ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე თავბრუდამხვევი ეკონომიკური ზრდით ჩინეთმა შეიქმნა სუპერძალის იმიჯი. მას ამოძრავებს პოპულაცია, რომელიც დაახლოებით 7 ნიგერიას, 42 პერუს ან 140 შვედეთს უტოლდება.

მაგრამ ჩინეთმა გარდამტეხ ეტაპს მიაღწია. შარშან მოსახლეობა შემცირდა – დემოგრაფების პროგნოზით, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ვარდნისა, რომელიც მთელ საუკუნეს გასტანს. მთავარი მიზეზი? ჩინეთის შობადობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც სახალხო რესპუბლიკა დაფუძნდა 1949 წელს. მხოლოდ უკანასკნელ 7 წელში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა თითქმის განახევრდა და 2016 წლის 18 მილიონიდან 2022 წელს 9,6 მილიონამდე დაეცა. ექსპერტების თქმით, ჩინეთის მოსახლეობა შობადობის დასტაბილურების შემთხვევაშიც კი 50 ან მეტი პროცენტით შემცირდება 2100 წლისთვის.
ბოლოს ჩინეთის მოსახლეობა მაო ძედუნის დროს შემცირდა. 1960-იანი წლების ინდუსტრიალიზაციის კამპანიის, „დიდი ნახტომის“ პერიოდში, 30 მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპა. დღევანდელ ვარდნას კი ხელი შეუწყო სწრაფმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა, დაქორწინებისა და ბავშვის ყოლის მზარდმა ფასებმა თუ შემზღუდველმა ერთშვილიანობის პოლიტიკამ. წელს ჩინეთის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის, საუკუნოვანი მეფობის ხანა დასრულდება და ინდოეთი პირველ ადგილს დაიკავებს.
ეს პროცესი ბევრად უფრო შორს მიმავალი შედეგების მომტანია, ვიდრე უბრალოდ ადგილების გაცვლა. ჩინეთის პოპულაციის კლება, სავარაუდოდ, შეანელებს ან შეაჩერებს ქვეყნის თითქოს შეუდრეკელ სვლას განსაკუთრებული მსოფლიო ეკონომიკური პოზიციისკენ. როგორ უზრუნველყოფს უფრო და უფრო პატარა სამუშაო ძალა მოხუცებს, რომელთა რაოდენობა მომდევნო 25 წელიწადში უნდა თითქმის გაორმაგდეს? და როგორ წაახალისებს მთავრობა შობადობას მას შემდეგ, რაც მას სამნახევარი ათწლეულის განმავლობაში თრგუნავდა? „ეს უპრეცედენტო, ისტორიული კლებაა“, – ამბობს ვანგ ფენგი, სოციოლოგი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ირვაინი).

ხუთი წლის ქუნგ ნილინგი დიდ პაპას, ლუ ძინფუს და დიდ ბებიას, ჭოუ იაფენს შანხაიში სტუმრობს. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომელთაგანაც თითოეულმა მხოლოდ ერთი შვილი გააჩინა (ერთშვილიანობის პოლიტიკიდან გამომდინარე), მაგრამ ნილინგი მათი ერთად- ერთი შვილიშვილის შვილია.
ჩინეთი არაა პოპულაციის უფსკრულში მყოფი ერთადერთი ქვეყანა. შობადობის ვარდნა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა ინდუსტრიული ურბანული ეკონომიკების დამახასიათებელია, ამ კომბინაციამ კი თავდაყირა დააყენა მრავალი ქვეყნის დემოგრაფიული პირამიდა აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთ ევროპამდე. ჩინეთი იმავე გზას გადის, რომელიც უკვე გაიარეს მისმა დაბერებულმა მეზობლებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. 2021 წელს სამხრეთ კორეაში აღინიშნა ნაყოფიერების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – ერთ ქალზე 0,81 ბავშვი. ჩინეთი ბევრით არ ჩამოუვარდება 1,16-იანი ნიშნულით. ეს ე. წ. მარტივი აღწარმოების კოეფიციენტის თითქმის ნახევარია, რომელიც საჭიროა პოპულაციის შესანარჩუნებლად.
მაგრამ ჩინეთის მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია არა მისი ზომის ან გლობალური გავლენის, არამედ ერთი არასასურველი განმასხვავებელი ნიშნის გამო: ის, სავარაუდოდ, გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც დაბერდება მანამდე, სანამ გამდიდრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკაა, ერთ სულზე გაანგარიშებით, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მაინც იაპონიის მაჩვენებელზე 40%-ით, აშშ-ისაზე კი 20%-ით ნაკლებია.
ჩინეთის დაჩქარებულმა ცვლილებებმა ის გარდამტეხ ეტაპამდე უფრო სწრაფად მიიყვანა, ვიდრე სხვა ქვეყნები. ერთშვილიანობის პოლიტიკამ ამ ყველაფერს ხელი შეუწყო. ის 1980 წელს შემოიღეს, რომ პოპულაციური აფეთქება აერიდებინათ თავიდან, თუმცა ამ პოლიტიკამ მეორე უკიდურესობა მოიტანა. მთავრობამ კანონი 2016 წელს გააუქმა, მაგრამ შობადობა კვლავ იკლებს.

პლანეტაზე, რომლის მოსახლეობაც უკანასკნელ 50 წელში გაორმაგდა, შეიძლება უცნაური მოგვეჩვენოს ჩინეთისა და განვითარებული ქვეყნების შეკითხვა: როგორ აირიდონ თავიდან დემოგრაფიული კოლაფსი? ჩინეთის მთავრობა გამალებით ეძებს გამოსავალს. ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი „პოპულაციის განვითარების სტრატეგიის დახვეწას“ და „შობადობის წამახალისებელი პოლიტიკის ჩამოყალიბებას“ გვპირდება. დემოგრაფიულ კლებასთან გასამკლავებლად სოციალური ინჟინერიის მორიგი ხრიკი საკმარისი აღარ იქნება. ჩინეთში შეიძლება ამან მთავრობას ისეთი საჩოთირო პრობლემების გადაჭრაც კი აიძულოს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, იმიგრაცია, მოხუცებზე ზრუნვა და მაღალი ტექნოლოგიის შესაძლებლობის ზღვარი. „ეს პრობლემა არცერთ ქვეყანას არ გადაუჭრია“, – ამბობს იუნგ ცაი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის დემოგრაფი.
შაშა იუს მშობლები, ფერმერები, თავბედს იწყევლიდნენ იმის გამო, რომ შაშა გოგო იყო. „არ უნდა გამეჩინე“, – უთხრა დედამ, როგორც თავად შაშა ყვება.
დამთრგუნველი ბავშვობის მიუხედავად, იუმ ყველაფერი გააკეთა მშობლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. იგი ერთ-ერთი პირველი იყო თავისი ოჯახიდან, ვინც უნივერსიტეტი დაამთავრა. მან ჩინეთის ეკონომიკური ბუმიც გამოიყენა, საბანკო სექტორში შემოსავლიანი პოზიცია მოიპოვა და მშობლების შემაწუხებელი ვალებიც გაისტუმრა. თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. როდესაც 30 წელს მიუახლოვდა, დედამ ოჯახის შერცხვენისთვის დატუქსა: იგი არ გათხოვდა და ბავშვები არ გაუჩენია. მორჩილმა იუმ შესაფერისი მეგობარი ბიჭი იპოვა – ბანკირი ფულითა და დახვეწილი მანერებით. „ერთადერთი რამ მინდოდა – მშობლებთან საკუთარი თავის წარმოჩენა“, – დასძენს იგი.

ანხუეის პროვინციაში, შესიენში, მეი შუიუნი თავის დაარსებული სკოლის გახანგრძლივებულ ცენტრში ბავშვებს ჩინური სიმბოლოების წერას ასწავლის. რვა წლის ძინ წისიუენის მშობლები მუშაობენ და სამუშაო დღის განმავლობაში შვილს ვერ მეთვალყურეობენ.
მაგრამ ჩინეთის – და თავად შაშას – ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ შეცვალა მისი და კიდევ მილიონობით განათლებული, მიზანსწრაფული ჩინელი ქალის (და ბევრი კაცის) მიდგომა ქორწინებისა და ბავშვებისადმი. „გავწყვიტე კავშირი ჩემი მშობლების ტრადიციულ ფასეულობებთან“, – ამბობს იუ.
იგი შანხაიში გადავიდა საცხოვრებლად და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ურბანიზაციას შეუერთდა. იუ დაშორდა მეგობარ ბიჭს, იქირავა ბინა და დაიწყო მარტო ცხოვრება. ქორწინება და ბავშვები გახდა თავისუფლებისა და წარმატების პოტენციური ბარიერი. „ვუყურებ ჩემი მშობლებისა და მეგობრების ოჯახებს, – დასძენს იუ მშრალად, – და შესაშურს ვერაფერს ვხედავ“.
შაშა იუ და ტინგ ცინგწი ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური სპექტრის საპირისპირო კიდეებს წარმოადგენენ. ერთად ისინი გვეხმარებიან გავიგოთ, რატომ დაეცა ჩინეთში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებელი უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე დაბალ ნიშნულამდე. 2021 წელს ჩინეთმა დაარეგისტრირა 7,6 მილიონი ქორწინება, რაც მის პიკურ მაჩვენებელზე (2013 წელს) 43%-ით ნაკლებია. ეს მაჩვენებელი უკვე მერვე წელია იკლებს. ამის მიზეზი ნაწილობრივ გენდერული დისბალანსი და მზარდი საქორწინო ხარჯებია, რომლებმაც ტინგიც შეაფერხა. მაგრამ სოციოლოგების თქმით, ეს, ასევე, მეტყველებს ჩინეთში განათლების, შემოსავლებისა და ურბანიზაციის მზარდ დონეზე, ისევე როგორც, შაშა იუს მსგავსად, ქალთა უფლებებისა და ავტონომიის განმტკიცებაზე. COVID-19-ის პანდემიამ და განმეორებითმა „ლოკდაუნებმა“ ზემოხსენებული ნიშნული კიდევ უფრო დასწია.
იუ კინაღამ ორჯერ გათხოვდა, თუმცა დღეს იგი 35 წლისაა და ძირითადად სხვა პროფესიონალ, ძლიერ, დამოუკიდებელ, მარტოხელა ქალებთან ატარებს დროს. მას დიდი თვითრეფლექსია დასჭირდა გაუთხოვრობის სირცხვილის გადასალახად და, მისი თქმით, „ცხოვრების შესაძლებლობებზე უფრო ფართო თვალსაწიერის შესაძენად“. მისი მშობლები ჯერაც ვერ შეეგუენ ფაქტს, რომ არც შაშა და არც მისი უფროსი და არ გათხოვილა. შანტუნგში მეზობლები დებს იმდენად არცხვენდნენ, რომ მათაც თავი ვალდებულად იგრძნეს, დაეტოვებინათ მშობლიური სოფელი.
ჩინეთის დემოგრაფიული დინამიკის მიმართულება ძალიან სწრაფად შეიცვალა. ამის დასანახად მეხმარება იმის გახსენება, თუ რამოდენა მალთუსისეულმა პანიკამ მოიცვა მსოფლიოს დიდი ნაწილი პოპულაციის აფეთქებასთან დაკავშირებით 1970-იან წლებში. საფრთხეს განსაკუთრებით მკაფიოდ გრძნობდნენ ჩინეთში, სადაც მაო ძედუნი წლების მანძილზე ადამიანებს ბავშვების გაჩენისკენ მოუწოდებდა სამშობლოს გასაძლიერებლად. ჩინეთის ახალ ლიდერებს ეშინოდათ, რომ სწრაფად მზარდი პოპულაცია დაანგრევდა ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალებს და ქვეყანას კიდევ ერთ შიმშილობამდე მიიყვანდა. „1970-იან წლებში ჩინეთი იმდენად ღარიბი იყო, რომ ლიდერები ღელავდნენ: „როგორ გამოვკვებავთ მასებს? როგორ გავზრდით ეკონომიკას წელიწადში 7%-ით?“ – ამბობს ცაი ჩრდილოეთი კაროლინის უნივერსიტეტიდან. „ამის ყველაზე სწრაფი გზა იყო გამოსაკვები ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა“.
სწორედ ეს ლოგიკა ედო საფუძვლად სოციალური ინჟინერიის ექსპერიმენტს, რომელიც 36 წლის განმავლობაში ყველაზე ინტიმურ ოჯახურ გადაწყვეტილებებს შეზღუდავს. ჩინეთის ლიდერები ამბობენ (მკაფიო მტკიცებულების გარეშე), რომ ერთშვილიანობის პოლიტიკამ 400 მილიონი ადამიანის დაბადების პრევენცია მოახერხა; შედეგად გარემო გათავისუფლდა დიდი ტვირთისგან და ეკონომიკურმა წინსვლამ 750 მილიონი (მსოფლიო ბანკის მონაცემებით) ჩინელი იხსნა სიღარიბისგან. ამ პოლიტიკის კრიტიკოსთა არმია კი მიგვითითებს მტკიცებულებებზე, რომელთა მიხედვითაც ასეთმა შეზღუდვებმა გამოიწვია მილიონობით ძალდატანებული სტერილიზაცია, სელექციური აბორტი ბავშვის სქესის მიხედვით და ახალშობილის მკვლელობა. ამან შექმნა დაუბალანსებელი პოპულაცია, სადაც ძალიან ბევრი კაცია, ძალიან ბევრი მოხუცი და ძალიან ცოტა ახალგაზრდა.

დემოგრაფები კიდევ ერთ შეკითხვას წამოჭრიან: საერთოდ, აუცილებელი იყო ერთი ბავშვის პოლიტიკა? ჩინეთში ნაყოფიერების კოეფიციენტი ისედაც მკვეთრად იკლებდა და 1970 წელს ერთ ქალზე ექვს ბავშვს შეადგენდგა, 1980 წელს კი, პოლიტიკის დანერგვის წელს, ეს მაჩვენებელი უკვე სამამდე იყო ჩამოსული. „ჩინეთში ნაყოფიერების კლების თითქმის 75% ერთშვილიანობის პოლიტიკის დანერგვამდე დაფიქსირდა“, – ამბობს ვანგი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ეკონომიკა გახსნა, მისი ეკონომიკური აფეთქება ისედაც გარდაუვალი იყო. ქვეყანას ზურგს უმაგრებდა ახალგაზრდათა უზარმაზარი სამუშაო ძალა – მაოს პერიოდის დემოგრაფიული აფეთქების დანატოვარი. ჩინეთი ცდილობდა, ერთ თაობაში გამხდარიყო მსოფლიოს ქარხანა. ვანგის თქმით, ეკონომიკური აფეთქება და პოპულაციის კლება ერთშვილიანობის პოლიტიკის გარეშეც დადგებოდა – სავარაუდოდ, პროცესი იქნებოდა უფრო ნელი და მართვადი და არც იმ გენდერულ უთანასწორობას გამოიწვევდა, რომელიც დღევანდელ კრიზისს ამძაფრებს. ჩინეთის ლიდერებმა კი პროგრამა მას შემდეგაც შეინარჩუნეს, რაც გამაფრთხილებელი სიგნალები გამოჩნდა. „ჩინეთში ნაყოფიერების მაჩვენებელი მარტივი აღწარმოების კოეფიციენტს ჩამოსცდა 1990-იანი წლების დასაწყისში – გვიხსნის ვანგი – ამიტომ ეს პროცესი ათწლეულების განმავლობაში უარესდებოდა“.
2016 წელს ჩინეთის მთავრობამ ერთშვილიანობის პოლიტიკა საბოლოოდ გააუქმა. ამ დროს ვარაუდობდნენ, რომ დიდი ოჯახის შექმნისადმი დაგროვილი წყურვილი ახალ დემოგრაფიულ ბუმს გამოიწვევდა. ვერ მოგართვით. შობადობა ოდნავ გაიზარდა, შემდეგ კი ისევ შემცირება დაიწყო. ეს კლება კიდევ უფრო გაამძაფრა პანდემიის ჩაკეტილობამ და ეკონომიკურმა ვარდნამ. ცაის თქმით, „ყინვას თოვლი დაემატა“.
2021 წელს მოსახლეობის აღწერამ შობადობაში ისევ მკვეთრი ვარდნა გამოავლინა. აღწერის შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში მთავრობამ ახალი მიდგომა გაასაჯაროვა. „დაიწყო სამი ბავშვის პოლიტიკა!“ – გაჰყვიროდნენ სახელმწიფო საინფორმაციო არხები. „გინდათ, გააჩინოთ ბავშვი?“ სახელმწიფო მაუწყებლის, „სინხუას“ ონლაინგამოკითხვამ იმედები ვერ გაამართლა. პირველი 30 500 რესპონდენტიდან 28 000 ამბობდა, რომ ისინი „არასოდეს განიხილავდნენ“ სამი ბავშვის ყოლას. გამოკითხვა ვებგვერდიდან მალევე გაქრა. „თუ ადამიანებს არ აქვთ ერთი ან ორი შვილის ყოლის ფინანსური საშუალება – კითხულობს სიუძიენ ფენგი, დემოგრაფი ავსტრალიის ვიქტორიას უნივერსიტეტიდან – სამ ბავშვს საიდანღა შეინახავენ?“

ყოფილი საკონცერტო მევიოლინე სუნგ სინსია შანხაიში ბავშვებს ასწავლის. მდიდარი მშობლები, რომელთაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ, ხშირად კლასგარეშე აქტივობებშიც იხდიან ფულს, რომ შვილის წარმატება უზრუნველყონ, რაც კიდევ უფრო ზრდის დღეს ჩინეთში ბავშვის ყოლის ხარჯებს.
სკარლეტ ცაი და მისი მეუღლე შეიძლება შემდეგი დემოგრაფიული აფეთქების ხელშესაწყობად საუკეთესო კანდიდატები ჩანდნენ. მდიდარი წყვილი თავის შანხაის გაწკრიალებულ ბინაში უკვე 3 კატას დაჰფოფინებს და ბავშვების ყოლის იდეას განიხილავს. წლების განმავლობაში ცაის დედა აფრთხილებდა იმ წყვილთა პრობლემებზე, რომლებიც მუშაობენ და ბავშვების ყოლას ძალიან გვიან გადაწყვეტენ. ცაი დღეს 36 წლისაა. ბოლოს დედის წუწუნი რომ მოისმინა, დაუცაცხანა: „მხოლოდ იმისთვის არ ვარსებობ, რომ ბავშვი გავაჩინო!“
და მაინც, წყვილი ცდილობს, სიტუაცია აწონდაწონოს. მზარდი ფასები განსაკუთრებით დიდი წინაღობაა კონკურენტულ გარემოში, რომელშიც მშობლები გრძნობენ წნეხს, შვილებზე თავდაუზოგავად დაიხარჯონ. 2019 წლის ერთი ანგარიშის თანახმად, ბავშვის გაზრდა საშუალოდ 76 000 დოლარი ღირს, რაც შვიდჯერ მეტია ჩინეთის მშპ-ზე ერთ სულზე. ხოლო შანხაიში ხარჯი ორჯერ მეტია. ცაის ხარჯი იმდენად არ ადარდებს, რამდენადაც დროისა და ენერგიის ინვესტიცია და პირადი ცხოვრების შეზღუდვა. „ვერ შევეგუები საცხოვრებელი სივრცის კიდევ ერთ ადამიანთან გაზიარებას“, – ამბობს იგი.
დიდი ხნის განმავლობაში ცაი ბავშვების არყოლის გადაწყვეტილებას ფემინისტური ამბოხის ფორმად აღიქვამდა. ბავშვობაში აკვირდებოდა, როგორ თხოვდებოდნენ ქალები ადრე, თავს ანებებდნენ სამსახურს და იდენტობას ბავშვებში და სახლის საქმეებში კარგავდნენ. „ადრეული ასაკიდან ბევრი უჩინარი ქალი ვნახე“, – ამბობს იგი. „– ყოველთვის ვფიქრობდი, რატომ უნდა იყოს ეს ასე?“ მან წაიკითხა სიმონ დე ბოვუარი, ისწავლა ფილოსოფია და მეუღლეში მონათესავე სული იპოვა. „წლების განმავლობაში ჩემი ქმარი და მე კონსენსუსამდე მივედით“, – ამბობს იგი. „ადამიანებს არ აქვთ გამრავლების აბსოლუტური საჭიროება“.
მაგრამ შარშან შემოდგომაზე ცაიმ ბავშვის გაჩენის დაუპატიჟებელი სურვილი იგრძნო. მან გულთან ახლოს მიიტანა ის ტვირთი, რომელიც მოხუცებმა COVID-19-ის „ლოკდაუნების“ დროს იწვნიეს. ცაიმ თავი ინუგეშა ვაჟთან ან ქალიშვილთან ერთად დაბერებაზე ფიქრით, – „ვინმესთან ერთად, ვინც ჩვენი ახლობელი იქნება“. ეს შეგრძნება დეკემბერში გაქრა, როდესაც მთავრობამ სოციალური დისტანციის პოლიტიკა უცბად გააუქმა და სავაადმყოფოებს COVID-19 და ქაოსი სწრაფად მოედო. „ბავშვი ახლა რომ გავაჩინოთ, დიდ რისკს და წნეხს ვიგრძნობთ“, – ამბობს იგი. – „ბავშვისთვის ჯობია, ასეთ სამყაროს არ ვაზიაროთ“.

ვან ლიფინგი (ცენტრში), პენსიაზე გასული ექიმი, ნანძინგში სხვა უფროსი ასაკის ქალებთან ერთად ვარჯიშობს შოუსთვის „ლამაზი დედის მოდის კვირეული“. ქალების თქმით, ტრადიციულ ჩინეთში გაზრდილებს, საკუთარი თავის გამოხატვის ან სილამაზის ხაზგასმის შანსი ხშირად არ ჰქონდათ.
ყოველ დილით შანხაის ერთ პარკში პენსიონრები აღმოსავლური ჭადრის ქვეშ იკრიბებიან. გაჭაღარავებული ქალები წრეს კრავენ და პორტატიული დინამიკიდან მჟღერ სიმღერაზე ერთად ცეკვავენ. მეორე ჯგუფი ტაი ჩის ჰაეროვან მოძრაობებს ჩუმად ასრულებს.
ცოტა ხნის წინ პარკის სკამზე 69 წლის პენსიონერი იჯდა და სხვების ვარჯიშს უყურებდა. ქალი, რომელმაც თქვა, რომ მისი გვარი ტუნგია, მაგრამ სახელი დამალა, ათწლეულების განმავლობაში პლასტმასის საწარმოში მუშაობდა. იგი იყო ერთ-ერთი მუშა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩინეთის ინდუსტრიული გაფართოების ადრეულ წლებს. დღეს ის დროის დიდ ნაწილს შვილიშვილის მოვლაში ატარებს – დაჰყავს სკოლაში და სადილს უმზადებს. „ჩემს ქალიშვილს ბავშვის მოვლაში თუ არ დავეხმარე, ვერ იმუშავებს“, – ამბობს იგი. მადლობის ნიშნად ქალიშვილი თვეში 300 დოლარს უხდის.
ტუნგი ჩინეთის ორი ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენციის გადაკვეთას წარმოაჩენს: უფრო და უფრო პატარა სამუშაო ძალას და მოხუცთა მზარდ პოპულაციას. შობადობის კლების გამო ჭირს ახალგაზრდები, რომლებიც ტუნგის მსგავს ადამიანებს ჩაანაცვლებენ (თავად ტუნგი პენსიაზე 50 წლის ასაკში გავიდა). ჩინეთის სამუშაო ძალამ შემცირება დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო და დემოგრაფების ვარაუდით 2040 წლისთვის ის თითქმის 150 მილიონ მშრომელს დაკარგავს.
ამასობაში მოსალოდნელია, რომ მოხუცებულთა რიცხვი 200 მილიონით გაიზარდოს. დღეს თუ ისინი მოსახლოების 13%-ს წარმოადგენენ, 2050 წლისთვის თითქმის მესამედი გახდებიან. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ დემოგრაფიული აფეთქების თაობამ საპენსიო ასაკს მიაღწია. როგორც შანხაის პარკის ვიზიტორები გვაჩვენებენ, ჩინეთში მოხუცები ჯანმრთელობას ინარჩუნებენ და უფრო დიდი ხანი ცოცხლობენ. ჩინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 55-დან (1970 წლის მაჩვენებელი) 78-მდე გაიზარდა და აშშ-საც კი გაასწრო. ეს დიდი პროგრესის ნიშანია, მაგრამ თავსატეხსაც აჩენს: როგორ უნდა არჩინოს ჩინეთმა „სუპერხნიერი“ საზოგადოება?
ჩინეთის ერთ დროს ვეებერთელა ოჯახები დღეს „4-2-1“ სტრუქტურებად გადაიქცნენ: ოთხი ბებია და პაპა, ორი მშობელი და ერთი ბავშვი. ასეთი განლაგება კარგია ბავშვის გაზრდისა და ქონების დაგროვებისთვის, მაგრამ რაც უფრო ბერდებიან ოჯახის წევრები, მით უფრო იზრდება ტვირთიც. ასეთი ოჯახები მინიატურულად წარმოაჩენენ ქვეყნის წინაშე მდგარ უფრო ფართო გამოწვევებს. ჩინეთში, სავარაუდოდ, 150 მილიონი დედისერთა ბავშვია, რომელსაც ექვსი ადამიანი ზრდის. მას ერთ დღეს თითოეულ მათგანზე ზრუნვა მოუწევს. ეს დინამიკა ვნებს ეკონომიკას, რადან უფრო პატარა სამუშაო ძალას უჭირს, დააფინანსოს საპენსიო და ჯანდაცვის სისტემები, რომლებიც მოხუცთა მზარდ პოპულაციას სჭირდება.

ურბანულ ზონებში გენდერული როლები სწრაფად იცვლება, რასაც ეს სცენაც ამტკიცებს: შანხაიში, კარაოკეს ბარში, ქალებს კომპანიას უწევს დაქირავებული მამაკაცი ესკორტი. ახალგაზრდა ქალები ხშირად ანიჭებენ პრიორიტეტს თავიანთ კარიერასა და სოციალურ ცხოვრებას და არა – გათხოვებასა და ბავშვის ყოლას.
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ვარაუდით, 2035 წლისთვის ქალაქში მომუშავეთა სოციალური პენსია შეიძლება გაუქმდეს. აკადემიის თქმით, ახალი კანონები კიდევაც რომ შემოვიდეს, დემოგრაფიული დეფიციტი „აუცილებლად გამოიწვევს არასასურველ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს“.
მაშ, რისი გაკეთება შეუძლია ჩინეთს? რადგან დემოგრაფიული ძვრები უკვე დაწყებულია, პოპულაციის მკვეთრ შემცირებას თავიდან ვეღარ აირიდებს.
ყველაზე მარტივი წამალი – რომელიც აშშ-საც ეხმარება დემოგრაფიული საფრთხის თავიდან არიდებაში – იმიგრაციაა, მაგრამ ჩინეთს მსოფლიოში იმიგრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. აქ ცხოვრობს უცხოეთში დაბადებული მილიონზე ნაკლები ადამიანი – მოსახლეობის 0,06% – და მათთვის არ არსებობს მოქალაქეობის მოპოვების რეალური გზები.
რადგან იმიგრაცია არ გამოდის, ჩინეთის მთავრობა კიდევ სამ გზას იყენებს, რომელთაც კომუნისტური პარტიის ყაიდაზე შეგვიძლია „სამი სახის ზრდა“ ვუწოდოთ: საპენსიო ასაკის, პროდუქტიულობისა და შობადობის გაზრდა.
ჩინეთში სავალდებულო საპენსიო ასაკი 70-ზე მეტი წლის წინ დააწესეს, როდესაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღევანდელი მაჩვენებლის თითქმის ნახევარი იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპენსიო ასაკია მსოფლიოში: ქალებისთვის 50 (გარდა ოფისში მომუშავე ქალებისა, რომლებიც 55 წლის ასაკში გადიან პენსიაზე), კაცებისთვის კი – 60. ქალებისა და კაცებისთვის ზღვრის 65 წლამდე აწევა წამიერად შეცვლიდა მომუშავეთა და პენსიონერთა ბალანსს. „საპენსიო ასაკის გაზრდა ეფექტური პოლიტიკაა მოკლე და საშუალო ვადაში“, – ამბობს ფენგი, ვიქტორიას უნივერსიტეტის დემოგრაფი. ერთი პრობლემაა: ის ძალიან არაპოპულარულია. როდესაც მთავრობამ 2008 წელს ეს იდეა გააჟღერა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამო მარცხი განიცადა. ჩინეთის ლიდერები სხვა გზას ვერ ხედავენ: კიდევ ერთხელ უნდა სცადონ.
პროდუქტიულობის გაზრდა შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. უფრო და უფრო მცირე სამუშაო ძალის დასაბალანსებლად მთავრობა იმედებს ამყარებს უკანასკნელ ათწლეულებში განათლებაში ჩადებულ ინვესტიციაზე, რამაც უფრო მაღალკვალიფიციური კადრები უნდა წარმოშვას და, ასევე, მაღალ ტექნოლოგიებზე. ჩინეთი ინდუსტრიული რობოტების ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. ის, ასევე, ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მთავრობის ვარაუდით, რობოტები 240 მილიონი მშრომელის სამუშაოს გაწვდებიან, მაგრამ ტექნოლოგია პანაცეა არ არის. „რობოტები და ავტომატიზაცია კლებადი პოპულაციის უარყოფით გავლენას შეამსუბუქებს, მაგრამ ყველა სფეროს ყველა მშრომელს ვერ ჩაანაცვლებს“, – ამბობს ფენგი.

ბავშვის გაზრდის მზარდი ფასის გამო ახალდაქორწინებული ში ლინი და კუო ხუანხუანი, რომლებიც ჩუნგცინგში ცხოვრობენ, მხოლოდ ერთი შვილის ყოლას ან სულაც უშვილოდ დარჩენას გეგმავენ. კუოს აზრით, ბავშვების აღზრდა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. „მინდა, ჩემს შვილებს ყველაფერი საუკეთესო მივცე, მაგრამ ასევე მინდა, ჩემი ცხოვრებაც მქონდეს და ბავშვის მოვლაზე მიბმული არ ვიყო“.
ყველაზე რთული მაინც შობადობის გაზრდა იქნება. ჩინეთის „საზოგადოებაში ნაყოფიერებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა“ გრძელვადიანი გამოსავალი იქნებოდა, როგორც ამას სამთავრობო გამოცემა Global Times-ი აცხადებს. ადგილობრივმა მთავრობებმა სამშვილიანობის პოლიტიკის წასახალისებლად ახალი ინიციატივები დანერგეს: შეღავათი გადასახადზე, საბინაო სუბსიდიები, უფრო გრძელი დეკრეტი, ბავშვზე ზრუნვის სერვისების გაფართოება და ზოგ პროვინციაში თანხობრივი ბონუსებიც კი. ჯერჯერობით ვერაფერმა გაჭრა. გასულ წელს, როდესაც პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა მომავლის გეგმების დასახვა გაართულა, შობადობა კიდევ უფრო შემცირდა. ერთი ბავშვის პოლიტიკის პერიოდით დათრგუნვილი ოჯახები, რომელთაც დღეს მზარდ ხარჯებთანაც უწევთ გამკლავება, ერთზე მეტი შვილის გაჩენაზე უარს აცხადებენ ან სულაც უშვილობას არჩევენ. „ფინანსური წნეხი ზედმეტად დიდია. ერთი ბავშვის გაზრდაც საკმარისია“, – ამბობს ტუნგი, პენსიონერი, რომელიც შვილიშვილს უვლის.
ტინგ ცინგწის ცოლის პოვნაზე უკვე თითქმის გადაწურული ჰქონდა იმედი, როდესაც 2021 წელს მაჭანკალი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ანხუეის პროვინციაში იპოვა ქალი, რომელსაც მისი გაცნობა სურდა. მხოლოდ ორი პრობლემა არსებობდა: ქალი განქორწინებული იყო და მას 6 წლის ქალიშვილი ჰყავდა. ტინგი შეცბა. რამდენიმე წლით ადრე ერთმა განქორწინებულმა ქალმა ათასობით დოლარი აწაპნა. მაგრამ ამდენწლიანი ძებნის შემდეგ სხვა რა გზა ჰქონდა?
როცა ერთმანეთს შეხვდნენ, მორცხვმა და სიტყვაძუნწმა ტინგმა მოულოდნელად გუდას პირი მოხსნა. მისი თქმით, ქალი კეთილი, ღია და გულწრფელი ჩანდა. დიდი ხანი არ დასჭირდა, რომ ხელი ეთხოვა. „გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ჩემი უკანასკნელი ბრმა პაემანი“, – ამბობს იგი. „თუ არ გამოვიდოდა, ხელსაც ჩავიქნევდი“. ქალის აზრით, მას ზედმეტად აჩქარებდნენ, მაგრამ მისი ოჯახი მიიჩნევდა, რომ განქორწინებული დედისთვის სანდო კაცის პოვნა გართულდებოდა.
წყვილი შარშან დაქორწინდა. ინტროვერტი ტინგი ქორწილში გრძელი სიტყვითაც გამოვიდა. მისი თქმით, მშობლები „ცრემლად დაიღვარნენ“. მას შემდეგ ტინგის ცხოვრებამ ფერი იცვალა. წონაში მოიმატა და ოჯახურ შეხვედრებზე ისევ დაიწყო სიარული, ამჯერად ცოლთან და გერთან ერთად. ამაყობს, რომ ის აღარ იქნება ჭორებისა და დაცინვის მთავარი საგანი: ტინგი და მისი მეუღლე საერთო შვილის გასაჩენად ემზადებიან – იმედის პაწაწინა ნაპერწკალი უშვილობის მხარეში.
ბრუკ ლარმერი 12 წელი ცხოვრობდა ჩინეთში და 20 წელია ჩინეთზე წერს. შტატგარეშე მწერალი ჯეინ ჭანგი შანხაიში ცხოვრობს. ჯასტინ ძინი ჰონკონგში დაიბადა და 25 წელია აშუქებს მკვეთრ ცვლილებებს ჩინეთში.