უძველესი ჩინური ცივილიზაციის დიდებულ საჩუქრებს, როგორებიცაა კომპასი, ქაღალდი, ბეჭდვის ტექნოლოგია, National Geographic-ის რედაქციაში განსაკუთრებით ვაფასებთ, თუმცა ამ ნომრის მთავარი ვრცელი სტატიით პატივს მივაგებთ ჩინეთის სულ სხვა საჩუქარს – ჩაის. აღმოჩნდა, რომ ჩინური კამელიის ფოთლების არომატული, მაცოცხლებელი ნაყენი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელი ყოფილა, წყლის შემდეგ, ცხადია. ამ სტატისტიკაში ერთ წვეთს მეც წარმოვადგენ – ჩემი ელექტროჩაიდანი და ყველაზე დიდი ფინჯანი (ორივე Made in China) ზამთრის თვეებში განსაკუთრებით დიდი დატვირთვით მუშაობს. ამასობაში, შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა 29 იანვრიდან მოყოლებული, ორი კვირის განმავლობაში, უკვე გაზაფხულის ფესტივალს, იმავე ჩინურ ახალ წელს, ზეიმობს; 2025 წლის სიმბოლო გველია.
ზემოთ გამოსახულ ამერიკის მკვიდრ ჩხრიალა გველს ეს საპატიო ადგილი სულ სხვა მიზეზით ერგო (სხვათა შორის, ჩინური ტრადიციები მის მოდგმასაც ეხება, თუმცა ძალიან არასაზეიმო კონტექსტში). სტატია სახელწოდებით „სიყვარული, სიძულვილი და ჩხრიალა გველები“ ამ არც თუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე ცხოველს განსხვავებული კუთხით გაგაცნობთ; თავად გამოიტანეთ დასკვნა, ადამიანსა და გველს შორის რომელია უფრო ცივსისხლიანი.
ბოლო დროს გრენლანდიისადმი გაზრდილი ინტერესის ფონზე ერთ საინტერესო სტატიას გთავაზობთ, რომელიც ცივი ომისდროინდელი საიდუმლო სამხედრო ბაზის სამეცნიერო მონაპოვარზე მოგითხრობთ, წყალქვეშა სამყაროს მოყვარულებს კი ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე გამოსახული ამოუცნობი რგოლების ამბავს გაგიზიარებთ.