იდუმალებით მოცული რგოლები
როდესაც ზღვის ფსკერზე უცნაურად იდეალური ასობით წრე იპოვეს, ამ ფენომენის ასახსნელად მრავალი თეორია გაჩნდა. ოთხწლიანმა წყალქვეშა კვლევამ დაკარგული სამყარო გამოავლინა.
იდუმალებით მოცული რგოლები
როდესაც ზღვის ფსკერზე უცნაურად იდეალური ასობით წრე იპოვეს, ამ ფენომენის ასახსნელად მრავალი თეორია გაჩნდა. ოთხწლიანმა წყალქვეშა კვლევამ დაკარგული სამყარო გამოავლინა.
2011 წლის შუა სექტემბრის ნათელ, ცხელ დღეს საზღვაო ბიოლოგი კრისტინ პერჟან-მარტინი პატარა კვლევითი გემის კაიუტიდან დიდხანს არ გამოდიოდა. 30-მეტრიანი კატამარანი ხმელთაშუა ზღვაში, კორსიკის სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიცურავდა. გემის ფანჯრებში მზეზე მოლიცლიცე მუქი ლურჯი წყალი ჩანდა, მაგრამ პერჟან-მარტინი ტალღებს არ უყურებდა. მას ის უფრო აინტერესებდა, რაც წყალქვეშ ხდებოდა.
იგი მონიტორზე აკვირდებოდა გემის სონარული სისტემით მიღებულ გამოსახულებებს. სონარი მოკლე ბგერით იმპულსებს ზღვაში უშვებდა, რათა დაახლოებით 120 მეტრის სიღრმის წყალქვეშა ტოპოგრაფია დაედგინა. ოკეანის შემსწავლელი ამ მეცნიერისთვის ეს ერთთვიანი მისიის ბოლო დღე იყო პატარა გუნდთან ერთად, რომელშიც შედიოდა მისი ოკეანოგრაფი ქმარი ჟერარ პერჟანი და პასკუალე პაოლის სახელობის კორსიკის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. პერჟან-მარტინი ამ რეგიონის ზღვის ფსკერის რუკას ადგენდა. თითქოს მარტივი მიზნით, ის ოკეანოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე შეუსწავლელ ზონას იკვლევდა.
ხმელთაშუა ზღვა დაახლოებით 2,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. მისი სიღრმეები თანამედროვე მეცნიერებისთვის ჯერაც საიდუმლოებითაა მოცული. ზღვის ფსკერის უმეტესი ნაწილი ერთგვარ ზღურბლურ ზონაშია მოქცეული: არასაკმარისად ღრმა და სანაპიროსთან ზედმეტად ახლოა იმისთვის, რომ ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიები დაინტერესდნენ და ამავე დროს ზედმეტად ღრმაა იმისთვის, რომ აქ რიგითმა სტუმრებმა აკვალანგით ჩაყვინთონ. პერჟან-მარტინისა და მის კოლეგებს უნდოდათ, მეტი გაეგოთ იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ სიღრმეებში. როდესაც გემი წყალს მიუყვებოდა, მეცნიერები ეკრანზე ხედავდნენ მოსალოდნელ შავ-თეთრ გამოსახულებებს: ქვიშა. პატარა კენჭები. კიდევ ქვიშა. ეს ყველაფერი მათ ბევრჯერ ენახათ. მაგრამ უეცრად კადრში ძალიან უცნაური რამ გამოჩნდა.
იდეალური წრე, შემდეგ კიდევ ერთი, შემდეგ კიდევ ერთი. თითოეული მათგანი ერთი და იმავე ზომის იყო – დაახლოებით 20 მეტრის დიამეტრით – მკაფიო მოხაზულობითა და საოცარი სიმეტრიით. რაც კიდევ უფრო უცნაურია, თითქმის ყველა წრეს ზუსტად ცენტრში ჰქონდა შავი წერტილი. პერჟან-მარტინის შემწვარი კვერცხი მოაგონდა. როგორც ჩანდა, იქ რამდენიმე ათეული ასეთი წრიული წარმონაქმნი იყო.
მეცნიერებმა ერთმანეთს გახედეს. „წარმოდგენა არ გვქონდა, რა უნდა ყოფილიყო“, – იხსენებს პერჟან-მარტინი. მისმა გუნდმა ფრთხილად ჩაინიშნა ადგილმდებარეობა და დისტანციურად მართვადი აპარატით ფოტოების მოგროვება დაიწყო.
როდესაც მკვლევრებმა თავიანთი მიგნებები 2013 წელს სამეცნიერო შეხვედრაზე წარადგინეს, ისინი ჯერ კიდევ ეძებდნენ პასუხებს რგოლების ბუნებაზე. 2014 წელს წყალქვეშა ნავით ჩატარებულმა მომდევნო კვლევამაც ვერ დააკმაყოფილა მათი ცნობისმოყვარეობა. დროთა განმავლობაში 15 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე მკვლევრებმა 1300-ზე მეტი ასეთი რგოლი დაითვალეს.

პერჟანები წლების განმავლობაში ავსებდნენ საგრანტო განაცხადებს, რათა რგოლები უფრო კარგად შეესწავლათ, მაგრამ ბოლოს ჩიხში შევიდნენ. „თანხის მოძიება რთული იყო“, – თქვა პერჟან-მარტინიმ. ეს პროექტი სცდებოდა პერჟანების სპეციალიზაციას – ზღვის ბალახის მდელოების შესწავლას. „წინ ვეღარ მივდიოდით“. შემდეგ მათ ზუსტად ის ადამიანი დაუკავშირდა, ვინც სჭირდებოდათ.
წყალქვეშა მკვლევრებს შორის ლორან ბალესტა ცნობილია, როგორც უკიდურესი სიღრმეების მოყვარული. იგი ფოტოგრაფი, საზღვაო ბიოლოგი და ტექნიკური მყვინთავია; ბალესტა Andromède Océanologie-ს თანახელმძღვანელია, კომპანიის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულად მისასვლელი ადგილების აღსაბეჭდ სამეცნიერო მისიებს უძღვება. ასეთ პროექტებს ხშირად სჭირდება სპეციალური აღჭურვილობა და ჩაყვინთვის დახვეწილი გეგმები.
მაგალითად, ანტარქტიდაში მან ერთხელ ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული კაბელების სისტემა გამოიყენა აისბერგის ძირის გადასაღებად, სამხრეთ აფრიკაში ღრმა წყალქვეშა მღვიმეები გამოიკვლია, ფოტოებზე რომ აღებეჭდა იშვიათი ცელაკანთები (ფიქრობდნენ, რომ ისინი მილიონობით წლის წინ გადაშენდნენ, სანამ პატარა, მყიფე პოპულაცია კვლავ არ აღმოაჩინეს), საფრანგეთის პოლინეზიაში მაიზოლირებელი სასუნთქი აპარატის გადაკეთებული ვერსიით წყალქვეშ უწყვეტად 24 საათი ჩერდებოდა რუხ რიფის ზვიგენზე დასაკვირვებლად, როგორც ეს National Geographic-ის 2018 წლის სტატიაშია აღწერილი.
ბალესტა და მისი გუნდი ყოველთვის ეძებენ შემდეგ სამიზნეს. ბალესტა პერჟანებსაც იცნობდა – იგი მათი მოსწავლე იყო სამაგისტრო საფეხურზე. ამგვარად, როდესაც ძველი ლექტორების სამეცნიერო სტატიები წაიკითხა ამ იდუმალებით მოცულ „ნაყვავილარ“ სონარულ გამოსახულებებზე, მაშინვე მოინუსხა.
„ეს როგორ უნდა გაჩენილიყო?“ – ფიქრობდა იგი. ეს შეიძლება ყოფილიყო ჰიდროთერმული წყაროების ამოხეთქისას გაჩენილი კრატერები ან უცნაური გეოლოგიური წარმონაქმნი. პერჟან-მარტინისა და მის ქმარს სხვა ვერსია ჰქონდათ. თავიანთი წყალქვეშა აპარატის კვლევებზე დაყრდნობით ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს რგოლები იყო მარჯნისებრი წყალმცენარეები, რომლებიც ზრდისას აქამდე უხილავ ფორმას იღებდნენ. პერჟანების თანხმობით ბალესტამ მათი სამუშაო გააგრძელა და საიდუმლოების ამოხსნა გადაწყვიტა. მათივე მონაცემებზე დაყრდნობით რგოლებს მიაშურა.
2020 წლის ივლისში ბალესტა და Andromède Océanologie-ის ორი მყვინთავი საკუთარი კვლევითი გემით მოექცნენ რგოლების თავზე და საყვინთავი აღჭურვილობის მორგება დაიწყეს უფსკრულში ჩასაშვებად. ფსკერამდე სწრაფად დაეშვნენ, მაგრამ იქ მხოლოდ 30 წუთი გაჩერდნენ, რადგან წნევის თანდათანობით დასაწევად ზემოთ ამოსვლა ნელა, რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწევდათ.
ხელუხლებელი ჰაბიტატები, რომლებიც მყვინთავებმა რგოლების მახლობლად იპოვეს, შეიძლება კომერციული გემების ღუზებით განადგურდეს. აქ ჩანს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები: განტოტვილი გორგონარია (წარმოდგენილია ეკლიან გველკუდასთან ერთად).
ხელუხლებელი ჰაბიტატები, რომლებიც მყვინთავებმა რგოლების მახლობლად იპოვეს, შეიძლება კომერციული გემების ღუზებით განადგურდეს. გამჭვირვალე ასციდიების კოლონია და ვარდისფერი მილისებრი ღრუბელა.
ხელუხლებელი ჰაბიტატები, რომლებიც მყვინთავებმა რგოლების მახლობლად იპოვეს, შეიძლება კომერციული გემების ღუზებით განადგურდეს. ბალესტა და მისი გუნდი თავიანთ მიგნებებს უზიარებენ სამთავრობო საკონსერვაციო ორგანიზაციებს, რათა რგოლები და მათი გარემო დაიცვან.
ხელუხლებელი ჰაბიტატები, რომლებიც მყვინთავებმა რგოლების მახლობლად იპოვეს, შეიძლება კომერციული გემების ღუზებით განადგურდეს. აქ ჩანს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები: განტოტვილი გორგონარია (წარმოდგენილია ეკლიან გველკუდასთან ერთად).
ხელუხლებელი ჰაბიტატები, რომლებიც მყვინთავებმა რგოლების მახლობლად იპოვეს, შეიძლება კომერციული გემების ღუზებით განადგურდეს. გამჭვირვალე ასციდიების კოლონია და ვარდისფერი მილისებრი ღრუბელა.
ხელუხლებელი ჰაბიტატები, რომლებიც მყვინთავებმა რგოლების მახლობლად იპოვეს, შეიძლება კომერციული გემების ღუზებით განადგურდეს. ბალესტა და მისი გუნდი თავიანთ მიგნებებს უზიარებენ სამთავრობო საკონსერვაციო ორგანიზაციებს, რათა რგოლები და მათი გარემო დაიცვან.
მათ თან ჰქონდათ წყალგაუმტარი კამერა და ფარნები. ისინი მზის შუქით განათებულ ზედა ფენებს ჩასცდნენ და ზღვაც ნელ-ნელა ბინდში ჩაიძირა. ორ წუთზე ნაკლებ დროში ისინი მიუახლოვდნენ დანიშნულების ადგილს თითქმის 120 მეტრ სიღრმეზე. „სანამ ფსკერს მივუახლოვდებოდი, გავჩერდი – დაახლოებით 20 ან 30 მეტრით ზემოთ“, – იხსენებს ბალესტა, – „რადგან რგოლები დავინახე“.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფოტო გადაიღო, ბალესტა ფსკერამდე ჩავიდა და ერთ რგოლს მიუახლოვდა. მის ცენტრში კალციუმის კარბონატის შემცველი ძოწეული წყალმცენარეებისგან ფორმირებული დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლისა და მეტრზე მეტი დიამეტრის ბორცვი იყო, რომლის თავზე მარაოსებრი წამონაზარდები ლივლივებდა. ამობურცული ცენტრის გარშემო ზედაპირი ფერმკრთალ, ხრეშისებრ ნატეხებს დაეფარა. ცენტრიდან დაახლოებით 10 მეტრში მოჩანდა მუქი რკალი, მრგვალი პერიმეტრი, რომელიც, თითქოს, როდოლითისგან შედგებოდა – კენჭის ზომის მყარი, ხორკლიანი წყალმცენარისგან. ეს სტრუქტურა რომ დაინახა, ბალესტა მიხვდა, პერჟანები სწორს ამბობდნენ. „რგოლი ცოცხალი იყო“, – თქვა მან.
ბალესტამ და მისმა გუნდმა ფსკერზე 27 წუთი გაატარეს, შემდეგ კი ისინი თითქმის ხუთი საათი ამოდიოდნენ წყლის ზედაპირზე, რათა სხეული ნელა, უსაფრთხოდ შეჰგუებოდა წნევის ახალ დონეებს. სანამ გემზე დაბრუნდებოდა, ბალესტამ უკვე იცოდა, რომ ხელახლა უნდა ჩაეყვინთა. „27 წუთი არ დამჭირვებია, – ამბობს იგი, – პირველივე წუთში ვიცოდი ყველაფერი“.
ჟული დეტერმა, საზღვაო ეკოლოგმა, რომელიც გუნდს გემბანზე ელოდებოდა, მაშინვე შეამჩნია კოლეგების აღტაცება. როგორც წესი, სანამ მყვინთავები ზედაპირზე ამოსვლის ხანგრძლივ, მონოტონურ გზას გაივლიან, მათი მღელვარება ქრება ხოლმე, „მაგრამ ისინი ჯერაც ნანახის შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ“, – იხსენებს იგი.

თუმცა მაინც ვერ ხსნიდნენ, რატომ შექმნიდა როდოლითი ასეთ იდეალურ წრეებს, თანაც ამდენჯერ. ბალესტამ გადაწყვიტა, რომ რგოლებთან მეტი დრო უნდა გაეტარებინა. ამისთვის კი წყლის სიღრმეებში უფრო დიდი ხანი გაჩერება უნდა შესძლებოდა.
2021 წლის ივლისში ბალესტა კორსიკის ჩრდილოეთით სამ მყვინთავთან ერთად ჩამოვიდა – რობერტო რინალდისთან, ტიბო რობისა და ანტონინ გილბერთან ერთად. მათ თან ჰქონდათ გაბედული გეგმა, რომელიც ზღვის ფსკერის გამოსაკვლევად მეტ დროს მისცემდა. მათი შთაგონების წყარო იყო ნავთობის პლატფორმის მყვინთავები, რომლებიც ოკეანის ფსკერზე წარამარა მიდი-მოდიან. ეს მყვინთავები ზედაპირზე განთავსებულ დახურულ, ჰერმეტიზებულ კამერებში ცხოვრობენ, რომელიც წყალქვეშა პირობების სიმულაციას ახდენს (ზღვაში წნევა 10-ჯერ ან მეტჯერ შეიძლება გაიზარდოს). შედეგად, მათ შეუძლიათ, საყვინთი ზარხუფით სწრაფად ავიდნენ და დაეშვან – აღარ სჭირდებათ წნევის ცვლილებასთან ნელი შეგუება.
ამ კამერაში ბალესტა და სხვები ასტრონავტებივით იცხოვრებდნენ. საჭმელს საჰაერო კამერით მიაწვდიდნენ. ჩასვლის დრო რომ მოვიდოდა, კოსტიუმებს ჩაიცვამდნენ და საყვინთ ზარხუფში შეძვრებოდნენ, რომელიც მათ ზღვის ფსკერამდე ჩაიყვანდა.
გუნდს ამინდმა უმტყუნა. ძლიერი ქარი და ტალღები სახიფათოს ხდიდა კამერის დატოვებას. ოთხი კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩარჩა კამერაში. აქ იყო მხოლოდ პატარა საწოლები და სასადილო მაგიდა. საკვლევი დრო ძვირფასი იყო, ისინი კი მას რომანების კითხვაში ატარებდნენ.
ბოლოს ამინდი გამოკეთდა და მათ შეძლეს ფსკერისკენ დაშვება. „თავი სულ სხვა სამყაროში ამოვყავით“, – ამბობს გილბერი.
ამჯერად გუნდი შეძლებდა, ფსკერზე საათობით გაჩერებულიყო. მყვინთავები გაოცებას ვერ მალავდნენ ცოცხალ ორგანიზმთა სიუხვით. რაც უფრო მეტს ყვინთავდნენ, უფრო ხშირად ხვდებოდნენ ღრმა კანიონების იშვიათად დაფიქსირებულ ყვითელ მარჯნებს. მკრთალ ვარდისფერ გორგონარიებს, ანუ ხმელთაშუა ზღვის ღრმა კანიონების რბილ, მარაოსებრ მარჯნებს შორის კიბოსნაირები და ფერად-ფერადი პატარა თევზებიც იმალებოდნენ. რაღაც დროს ბალესტამ ლურჯი ლოქორა (Glaucus atlanticus) შეამჩნია და ფოტოზე აღბეჭდა. ეს იყო პირველი ფოტო, რომელიც მყვინთავმა ამ სახეობას გადაუღო.
ბალესტამ დამხმარე გემზე პერჟანებიც დაპატიჟა, რომ საქმის მიმდინარეობისთვის თვალი ედევნებინათ. „ძალიან ბედნიერი და აღელვებული ჩანდნენ, რომ მათმა აღმოჩენამ ამ პროექტს დაუდო საფუძველი“, – ამბობს იგი. პერჟანების შრომის წყალობით ბალესტა და მისი კოლეგები ამ ხელუხლებელ და უჩვეულო ეკოსისტემას იკვლევდნენ. მაგრამ ბალესტამ იცოდა, რომ ეს პატარა სამყარო არასაიმედო მდგომარეობაში იყო: მის თავზე სავაჭრო მარშრუტები გადიოდა. კომერციული გემების მიერ ჩამოგდებულ ღუზას შეეძლო ყველაფერი დაეშალა. „ღუზებს შეუძლიათ, ყველა რგოლი მარტივად გაანადგურონ“, – ამბობს ბალესტა. ამ საფრთხემ გადაუდებლობის განცდა გააჩინა: რაც უფრო მეტს შეიტყობდნენ რგოლებზე, მით მეტი შანსი ექნებოდა ბალესტას, რომ საფრანგეთის მთავრობა რგოლების დაცვაზე დაეთანხმებინა.
ბალესტა და მისი გუნდი ჰერმეტიზებული კამერიდან ჯამში ექვსჯერ ჩავიდნენ რგოლებამდე. ისინი ძირითადად რგოლების ცენტრში ამობურცულ ნაწილს ბურღავდნენ და ნიმუშებს ნახშირბადული დათარიღებისთვის ლაბორატორიაში აგზავნიდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ რგოლების ასაკის დადგენის შემთხვევაში უფრო ნათელი გახდებოდა, რამ და როგორ ჩამოაყალიბა ისინი.
რგოლების საიდუმლოებას ემატება ისიც, რომ ბევრ მათგანს ცენტრში პატარა მარჯნები აქვს. მაგალითად, ეს რგოლი მორთულია დიდი მარაოსებრი გორგონარიებით, ერთგვარი რბილი მარჯნით.
ხმელთაშუა ზღვაში, დაახლოებით 120 მეტრის სიღრმეზე, ზღვის ფსკერზე 1300-ზე მეტი იდუმალებით მოცული რგოლი იპოვეს.
მკვლევართა გუნდი მუშაობდა ბარჟიდან, რომელზეც განთავსებული იყო სპეციალური ჰერმეტიზებული კამერა. ის მათ საშუალებას აძლევდა, უფრო სწრაფად დაშვებულიყვნენ ფსკერზე.
ყვინთვის ინსტრუქტორი ჟუსტინ რობი ემზადება და ამოწმებს ქმრის, ტიბო რობის, მაიზოლირებელ სასუნთქ აპარატს. მან რგოლებთან უნდა ჩაყვინთოს.
რგოლების საიდუმლოებას ემატება ისიც, რომ ბევრ მათგანს ცენტრში პატარა მარჯნები აქვს. მაგალითად, ეს რგოლი მორთულია დიდი მარაოსებრი გორგონარიებით, ერთგვარი რბილი მარჯნით.
ხმელთაშუა ზღვაში, დაახლოებით 120 მეტრის სიღრმეზე, ზღვის ფსკერზე 1300-ზე მეტი იდუმალებით მოცული რგოლი იპოვეს.
მკვლევართა გუნდი მუშაობდა ბარჟიდან, რომელზეც განთავსებული იყო სპეციალური ჰერმეტიზებული კამერა. ის მათ საშუალებას აძლევდა, უფრო სწრაფად დაშვებულიყვნენ ფსკერზე.
ყვინთვის ინსტრუქტორი ჟუსტინ რობი ემზადება და ამოწმებს ქმრის, ტიბო რობის, მაიზოლირებელ სასუნთქ აპარატს. მან რგოლებთან უნდა ჩაყვინთოს.
როდესაც ანალიზის პასუხები მოვიდა, ჯგუფი გაოგნდა. ყველაზე ძველი მასალა ღრმად, ბორცვების ცენტრში, დაახლოებით 21 000 წლის იყო. მათთვის, ვინც კლიმატის ისტორიას შეისწავლის, ეს პერიოდი პლანეტის ცვლილების გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. „ესაა ბოლო გლაციალური მაქსიმუმი“, – ამბობს პალეოკლიმატოლოგი ედუარ ბარი კოლეჟ დე ფრანსიდან, რომელმაც ნახშირბადული დათარიღება უზრუნველყო. სხვა სიტყვებით, ეს პერიოდი იყო უკანასკნელი გამყინვარების პიკი.
იმ დროს ხმელთაშუა ზღვა უფრო ცივი და არაღრმა იყო. ადგილი, სადაც დღეს რგოლები გვხვდება, ზედაპირიდან 20 მეტრზე უფრო ნაკლებ მანძილზე იქნებოდა, მზის უხვ შუქზე.
2023 წლის ზაფხულში ბალესტა რგოლებს დაუბრუნდა, ამჯერად დამხმარე გემით, რომლიდანაც ორი წყალქვეშა აპარატი დაეშვებოდა და ოკეანოლოგებსა და კლიმატოლოგებს, მათ შორის ბარს, საშუალებას მისცემდა, ამ ეკოსისტემაში თავადაც ემოგზაურათ. ეს პროექტი National Geographic Society-მ დააფინანსა. მიზანი იყო მეცნიერულად გამყარებული ჰიპოთეზის ჩამოყალიბება იმაზე, თუ ზუსტად როგორ გაჩნდა ეს რგოლები.

ერთ-ერთი ჩაყვინთვის დროს ბალესტა ზღვის ფსკერზე მოძრავ წყალქვეშა აპარატს გვერდიდან ცურვა-ცურვით დაჰყვებოდა. აპარატში მყოფ მეცნიერებს იგი აჩვენებდა რგოლებისა და გარემოს სხვადასხვა ასპექტს. იქვე იყო პატარა კლდეში გაჩენილი წყალქვეშა მღვიმეები. მყვინთავებმა იპოვეს რამდენიმე მღვიმე დანალექის ფენებით, რომლებიც ადასტურებდა – ერთ დროს ეს ტერიტორია სანაპიროს ხაზის თავზე მდებარეობდა – შესაძლოა, წყალქვეშა მღვიმეები დაახლოებით 21 000 წლის წინ კლდეებს შენარცხებულმა ტალღებმა ეროზიით გააჩინა.
მომდევნო რამდენიმე თვეში მეცნიერებმა ერთი ჰიპოთეზა წამოაყენეს.
მიუხედავად იმისა, რომ არაექსპერტს შეიძლება ეგონოს, თითქოს რგოლების ამობურცულ ცენტრში მარჯნებია, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ესაა დანალექი, რომელსაც ტოვებენ მარჯნისებრი წყალმცენარეები – ფოტოსინთეზის უნარის მქონე ორგანიზმები, რომლებიც კალციუმის კარბონატისგან შემდგარ ჩონჩხებს ქმნიან. როგორც ჩანს, ბოლო მყინვარული პერიოდის დროს ამ წყალმცენარეების ათასობით კოლონიამ ფესვი გაიდგა მაშინდელ მზიან ფსკერზე.
დაახლოებით 3000 წლის განმავლობაში ეს წყალმცენარეები ხარობდნენ და გუმბათისებრი ფორმა დიამეტრში იზრდებოდა. შემდეგ, დაახლოებით 20 000 წლის წინ, მსოფლიომ დათბობა დაიწყო და კონტინენტური მყინვარული ფარებიც დნებოდა. ნადნობი წყალი ხმელთაშუა ზღვას შეუერთდა, ზღვის დონე აიწია, ეს მზისმოყვარული წყალმცენარეები კი წყვდიადში ჩაიძირა. გუმბათები ჩამოიშალა და ცენტრში დარჩა მხოლოდ პატარა ბურცები, გარშემო კი – კალციუმის კარბონატის ნაკუწები, დალეწილი ჩონჩხის ძვლებივით მიმობნეული. ათასობით წლის განმავლობაში აქ არ ცოცხლობდა არაფერი ისეთი, რასაც სამუდამო კვალის დატოვება შეეძლო.
მაგრამ დაახლოებით 8000 წლის წინ ზღვის დონე დასტაბილურდა. ღრმა წყლის წყალმცენარეებმა ცენტრალურ ბურცებზე ცოცხალი ქსოვილების ახალი ფენები დატოვა. ამასობაში კალციუმის დამსხვრეულ ნაკუწებს როდოლითი შემოეხვია. ამ წყალმცენარის ფრაგმენტები ბურცებიდან ქვემოთ ჩამოგორდა, კონუსების ძირში დაიდო ბინა და მის გარშემო იდეალურ წრედ შეიკრა. ესაა მეცნიერების ყველაზე გონივრული ვარაუდი: რგოლები შექმნა მიზიდულობის ძალამ.
რგოლების რიფებში პატარა ფერად-ფერადი არსებები იმალებიან. ცხვირწვეტა ტუჩა გორგონარიებს შორის წამომჯდარა. ის მხოლოდ ბნელ წყალში გვხვდება და მტაცებლებს მარჯნის ფოთლებში ცურვით ემალება.
Trochidae-ს ოჯახის წარმომადგენელი ზღვის ლოკოკინა გორგონარიებზე მიცოცავს. როგორც ჩანს, ის წყალმცენარე შესანსლა, რომელიც მარჯნის ტოტებს ფარავს და აქაურობა მოაშიშვლა.
ზვონიმირის ზღვის ფინია სხვადასხვა შეფერილობით გვხვდება.
ვირთევზასნაირთა რიგის ერთ-ერთი სახეობის (Phycis phycis) წარმომადგენელი რგოლების მახლობლად რიფის ნაპრალებში მიცურავს. მას ორი გრძელი ულვაში აქვს. ეს ტაქტილური ორგანო მას ეხმარება, სიბნელეში გაიკვლიოს გზა.
რგოლების რიფებში პატარა ფერად-ფერადი არსებები იმალებიან. ცხვირწვეტა ტუჩა გორგონარიებს შორის წამომჯდარა. ის მხოლოდ ბნელ წყალში გვხვდება და მტაცებლებს მარჯნის ფოთლებში ცურვით ემალება.
Trochidae-ს ოჯახის წარმომადგენელი ზღვის ლოკოკინა გორგონარიებზე მიცოცავს. როგორც ჩანს, ის წყალმცენარე შესანსლა, რომელიც მარჯნის ტოტებს ფარავს და აქაურობა მოაშიშვლა.
ზვონიმირის ზღვის ფინია სხვადასხვა შეფერილობით გვხვდება.
ვირთევზასნაირთა რიგის ერთ-ერთი სახეობის (Phycis phycis) წარმომადგენელი რგოლების მახლობლად რიფის ნაპრალებში მიცურავს. მას ორი გრძელი ულვაში აქვს. ეს ტაქტილური ორგანო მას ეხმარება, სიბნელეში გაიკვლიოს გზა.
„ყველა შესაძლო მტკიცებულება არ გვაქვს, – აღიარებს ბალესტა, – მაგრამ არც ჩვენი თეორიის საწინააღმდეგო გვიპოვია რამე“.
რგოლების მთელი ტერიტორიის დაცვა, სავარაუდოდ, რთული იქნება. მათი მხოლოდ ერთ მესამედამდე ნაწილია კორსიკის კონცხის და აგრიატის საზღვაო ეროვნული პარკის – საფრანგეთის საზღვაო დაცული ტერიტორიის – ფარგლებში. მაგრამ ბალესტას Andromède Océanologie-ის დახმარებით პარკი ამ გამოწვევას უმკლავდება. ბალესტას წყალქვეშა ექსპედიციების დროს მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული პარკი ყველა რგოლის დაცვას აპირებს, მათ შორის მის საზღვრებს მიღმა – საფრანგეთისა და იტალიის წყლებში – არსებულებისაც. პარკის მმართველი საბჭო მთავრობას შესთავაზებს, აკრძალონ კომერციული გემების მიერ ამ ზონაში ღუზების ჩაშვება.
„როგორც წესი, ასეთი ტიპის რეგულაციის შემოღებას წლები სჭირდება“, – ამბობს ბალესტა. მაგრამ რადგან ბევრი რგოლი ისედაც დაცულ ტერიტორიაზეა, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ბალესტა, ასევე, უკვე ფიქრობს არა მხოლოდ რგოლებზე, არამედ იმაზე, თუ რას გვიჩვენებენ ისინი. მსგავსი ნაკვალევები შესაძლოა ზღვის მთელ ფსკერზე იყოს დატოვებული, რომლებიც ძველ სანაპირო ხაზზე, ჩაძირულ მღვიმეებსა თუ სხვა მისტიკურ სტრუქტურებზე მიგვანიშნებენ. სწორედ ასეთი ადგილების მეშვეობით შევიტყობთ, როგორ აშენებს ჩვენი სამყარო რაღაც ახალს წინა ეპოქის ჩონჩხზე.
არაკომერციულმა ორგანიზაცია National Geographic Society-მ, რომლის მიზანია ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქება და დაცვა, დააფინანსა მკვლევარ ლორან ბალესტას ექსპედიციები. გაიგეთ მეტი ამ საზოგადოების მიერ მკვლევართა მხარდაჭერაზე: natgeo.com/impact.