
ჩრდილოეთ კორეის დიდი შოუ
რეჟიმი თვალწარმტაც შოუებს ატარებს, რომლებშიც ათასობით მონაწილეა ჩართული. ფოტოგრაფი ცდილობს დაინახოს, რა იმალება ამ შოუების მიღმა.
2018 წელს, ქვეყნის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღესასწაული ჩრდილოეთ კორეის სტანდარტითაც კი ენით აღუწერელი სანახაობა იყო. ფხენიანში, კიმ ირ სენის მოედანზე, ჩირაღდნებით ხელში, ათასობით მოსწავლე მარშირებდა. ჩუჩხეს კოშკის თავზე ანთებული ელექტრული ცეცხლი უზარმაზარ მოედანზე სტუდენტების შეძახილებისა და ფოიერვერკების გრუხუნის ფონზე კაშკაშებდა.
იმ 20 წლის განმავლობაში, როდესაც მე ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეპორტაჟებს ვამზადებდი, ამდაგვარი მასობრივი წარმოდგენები ხშირი იყო. მათ არა მარტო ვიზუალური მხარის გამო ვიღებ, არამედ ისინი კარგი საშუალებაა იმის გასაგებად, თუ როგორად სურს რეჟიმს, მსოფლიო მას ხედავდეს. ეს წარმოდგენები ქვეყნის იდეალიზებულ ვერსიას გვიჩვენებს – სუფთას, მართულს, გაერთიანებულს, ძლიერს.
ჩრდილოეთ კორეელები ფოტოგრაფებისგან ელიან, რომ ისინი პროპაგანდის მიზნით გადაიღებენ ფოტოებს და არა კრიტიკული ფოტოჟურნალისტიკისთვის. ეს ჩრდილოეთ კორეაში უცხოელ ფოტოჟურნალისტად მუშაობას ართულებს. იქ ყოფნისას ყოველთვის დამყვებოდა მთავრობის მიერ დანიშნული გიდი, რომლის საქმეც ჩემი ვიზიტის ხელშეწყობა და გადაადგილების მეთვალყურეობა იყო.
იმის გამო, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნიდან – აშშ-დან ვიყავი, ჩრდილოეთ კორეაში ჩემი პირველი მოგზაურობისას კორეელები თითქოს ელოდნენ, რომ მათ უარყოფითად წარმოსაჩენად ცუდ ფოტოებს სპეციალურად გადავიღებდი და დიდი ყურადღებით მაკვირდებოდნენ. ინტენსიურმა დაკვირვებამ ავთენტური მომენტების დასაფიქსირებლად კამერით უფრო შემოქმედებითად მუშაობა მაიძულა. ფოტოებს ხშირად გადაადგილებისას, შეხვედრებზე მიმავალი ვიღებდი – თეძოზე მიბჯენილი კამერით, ავტობუსის ან მანქანის ფანჯრიდან. ყველაზე საინტერესო სურათები, რომლებიც უფრო ავთენტური და ბუნებრივია, ჩვეულებრივი საქმეებით დაკავებულ ჩვეულებრივ ადამიანებს გვიჩვენებს. ამ ტიპის ფოტოგრაფიამ მომცა საშუალება, ჩრდილოეთ კორეელების ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ფანჯარა შემეღო.
ვფიქრობ, გიდები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი, დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ მსურდა, მათი ქვეყანა გაულამაზებლად მეჩვენებინა. უნივერსალურ თემებს ვეძებდი – ყოველდღიურ ცხოვრებას, ნამდვილ ადამიანებს ნამდვილი ცხოვრებით, რომელთა დანახვაც ღირს.
წინა წლებთან შედარებით, ფოტოგრაფის სტატუსით ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება ახლა კიდევ უფრო რთულია. 2017 წელს აშშ-მა ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის პასპორტის მფლობელებისთვის მგზავრობა აკრძალა. 2018 წელს დღესასწაულის გადაღების მიზნით კორეაში წასასვლელად სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სპეციალური ნებართვა და ერთჯერადი პასპორტი დამჭირდა. ქვეყანაში შესვლის შემდეგ, სხვა უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად, ფხენიანის მთავარ მოედანთან მიმიჩინეს ადგილი. ჩემ უკან რიგებად ისხდნენ უნიფორმიანი ოფიცრები, ჩემ წინ კი სტუდენტები მარშირებდნენ ჩირაღდნებით ხელში.
ამ ვიზიტისას გადაღებული ფოტოები ისეთია, როგორებსაც დასავლელები ელიან ჩრდილოეთ კორეისგან, მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნის ნამდვილი სახე დავინახოთ, მათ მიღმა უნდა შევიხედოთ.
ახლა, ამ ფოტოს შემხედვარე ის ადამიანები მახსენდება, რომლებიც წლების წინ მიყვებოდნენ, როგორი იყო სტუდენტობისას ამ გრანდიოზულ შოუებში მონაწილეობა. ისინი ამ გამოცდილებას ერთგვარ, საინიციაციო რიტუალად აღწერდნენ და მახსენდება, რომ ყველაზე ექსტრავაგანტური წარმოდგენების უკანაც კი ჩვეულებრივი ადამიანები დგანან.
დევიდ გუტენფელდერმა ფხენიანში Associated Press-ის ბიუროს – ჩრდილოეთ კორეაში დასავლური მედიის პირველი ოფისის – გახსნას შეუწყო ხელი. აპრილის გამოცემისათვის მან აშშ-ში ელექტრომანქანებით მოწყობილი მოგზაურობა გადაიღო.