ჩრდილოეთის ირმის შორეული მოგზაურობა
საინტერესო წარსულით ცნობილ ჯოგს ახლებური მომავალი ელის არქტიკის სიღრმეში.
ჩრდილოეთის ირმის შორეული მოგზაურობა
საინტერესო წარსულით ცნობილ ჯოგს ახლებური მომავალი ელის არქტიკის სიღრმეში.
დილის მოელვარე მზის ქვეშ ათასობით ჩრდილოეთის ირემი მძიმე ნაბიჯებით მიიწევს გაყინულ ჩრდილო-დასავლეთ კანადაში. ცივ ჰაერში ცხოველთა თბილი ამონასუნთქით წარმოქმნილ ორთქლის ღრუბელში მათი სილუეტები თითქმის უჩინარდება.
რქების ტყე თითქოს ბურუსში ცეკვავს. მომიგრირე ჯოგს შორიდან რომ შეავლოთ თვალი, გეგონებათ, არქტიკული ლანდშაფტის ქათქათა ტილოზე ყავისფერი კლაკნილი ზოლი გადაატარეს.
მოშორებით ოთხი ინუვიალუიტი მეჯოგეა თოვლმავლებით, რომლებიც შაშხანებით შეიარაღებულან და ირმებზე თვალი უჭირავთ. გაყინულ მიწაზე დაცემული ჩლიქების რიტმს ფხიზლად მიჰყვებიან და ჩრდილოეთის ირმებს სამშობიარო ადგილამდე აცილებენ.

„ძალიან საზრიანები არიან“, – ამბობს დაგლას ესაგოკი, რომელიც უკვე მეშვიდე ზამთარია ჩრდილოეთის ირმებს დაჰყვება და მკვიდრ ინუვიალუიტების ხალხში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილად მიიჩნევა. „მათ ყოველთვის ველაპარაკები გადარეკვისას. ჩემს ხმას ან ჩემი თოვლმავლის ბღუილს რომ ცნობენ, თითქოს, მშვიდდებიან“.
როდესაც კანადის უკანასკნელი თავისუფლად მოხეტიალე ჩრდილოეთის ირმის ჯოგი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მიიწევს, მას თან სდევს წინაპართა ლეგენდარული გამოცდილება. ეს ამბავი დაახლოებით 100 წლის წინ დაიწყო. მკვიდრი ხალხის, ინუვიალუიტების საარსებო წყარო, კარიბუს პოპულაცია, მცირდებოდა და საკვების სიმწირესთან გასამკლავებლად დაიბადა თამამი გეგმა – ჩრდილოეთის ირმის შემოყვანა (კარიბუ და ჩრდილოეთის ირემი ერთი სახეობაა, მაგრამ ეს უკანასკნელი მოშინაურებულია). მსგავსი რამ ადრეც უცდიათ მახლობელ ალასკაში, როდესაც XIX საუკუნის დასაწყისში ციმბირისა და ნორვეგიის ჩრდილოეთის ირმები გემებსა თუ მატარებლებში შერეკეს და დაუჯერებელ პირობებში ამგზავრეს ჩრდილოეთ ამერიკამდე. 1929 წლის მიწურულს ალასკის ჯოგის უკვე მზარდი პოპულაციის ნაწილი – 3500-მდე ინდივიდი – კანადისკენ გაეშურა საამი და ინუიტი მწყემსების მეთვალყურეობის ქვეშ. ეს 2400-კილომეტრიანი დამქანცველი მოგზაურობა 5 წელზე მეტხანს გაგრძელდა, რითაც დაიწყო „კანადის ჩრდილოეთის ირმის პროექტის“ სახელით ცნობილი პროცესი.

ახლა, ათწლეულების შემდეგ, ინუვიალუიტების დაინტერესებული ჯგუფი აღნიშნულ პროექტს ახალ ტერიტორიაზეც აფართოებს. ზემოაღნიშნულ ჯოგზე მუდამ ინუვიალუიტის ხალხი ზრუნავდა, მაგრამ ის ოჯახურ საკუთრებად რჩებოდა 2021 წლამდე, სანამ მას ოფიციალურად შეიძენდა „ინუვიალუიტების რეგიონული კორპორაცია“ (IRC). ესაგოკისა და მისი კოლეგების მეთვალყურეობით ჯოგის რიცხოვნობა ორჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, 6000-მდე ინდივიდს მიაღწია და რეალური კონტურები შესძინა ამბიციურ გეგმას, მდგრადი და დამოუკიდებელი საარსებო წყარო გასჩენოდათ თავიანთ წინაპართა მიწებზე მცხოვრებ ინუვიალუიტებს.
„საბოლოო და უმთავრესი მიზანია, ინუვიალუიტებს უხვად ჰყავდეთ ჩრდილოეთის ირმები“, – ამბობს ბრაიან უეიდი, „ინუვიალუიტების ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის“ დირექტორი. „ეს ჯოგი უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას, თუმცა მას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური დატვირთვაც ახლავს“.
აღნიშნული ჯოგის მესაკუთრეებად ინუვიალუიტების გამოცხადება სცდება მხოლოდ სტაბილური მომავლის შექმნის მცდელობას. აქ ჩნდება ასევე შანსი, ინუვიალუიტებმა თავად მართონ ჯოგი, რომელიც მათ მშობლიურ მიწებზე კოლონიურმა მთავრობებმა შემოიყვანეს. 1930-იან წლებში ეს ცხოველი კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე გამოჩნდა და ფიქრობდნენ, რომ მკვიდრი ხალხი დაივიწყებდა საკვების მოპოვების მამაპაპისეულ ჩვეულებას. კანადის მთავრობა მთელ რეგიონში აარსებდა ადმინისტრაციულ სადგურებს და ხელს უწყობდა სავაჭრო პუნქტების გახსნას, რაც ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების შეძენით დასრულდა გვიან 1800-იან წლებში. საუკუნეთა განმავლობაში მკვიდრი მოსახლეობა სარჩოს ძირითადად ნადირობითა და თევზაობით მოიპოვებდა, მაგრამ კარიბუს პოპულაციის შემცირების ფონზე კანადის მთავრობამ ჩრდილოეთის ირემი შემოიყვანა საკვების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ამ პროცესმა ასევე შეცვალა ინუვიალუიტების ურთიერთობა თავიანთ მიწასთან, რადგან ჩრდილოეთის ირემი შინაური საქონელივით შეეძლოთ მოეშენებინათ.

წყარო: აშშ-ის სენატი, „ალასკაში შინაური ჩრდილოეთის ირმის შემოყვანის ანგარიში“, 1898; დიკ ნორთი, ARCTIC EXODUS; სტივენ ბოუნი, „ჩრდილოეთის ირმის დიდი პროექტი“, კანადის ისტორია; ეროვნული პარკების სამსახური
„ჩრდილოეთის ირემი კლასიფიცირებულია, როგორც მოშინაურებული ცხოველი – ძროხის, ქათმისა თუ ღორის მსგავსად“, – ამბობს უეიდი. „მთელ დღეს ძოვაში გაატარებენ და ახალ-ახალი იალაღების ძიებაში უსასრულოდ იხეტიალებენ ნელი ნაბიჯებით“.

PICTURE ART COLLECTION/ALAMY STOCK PHOTO
უამრავი ინუვიალუიტი კვლავ განაგრძობს ნადირობას, მაგრამ ეს შესაძლოა საკმაო ხარჯებსა და დიდ დროსაც მოითხოვდეს; თანაც, ნადავლის სიუხვე სეზონურადაც განსხვავდება. გასულ ათწლეულებში არაერთი ოჯახი დაშორდა საზრდოს მოპოვების ტრადიციულ მეთოდს და მის ნაცვლად ბაზრებსა თუ სასურსათო მაღაზიებს მიაშურა, რომელთაც პროდუქტებით სამხრეთული ქსელები ამარაგებდა, მაგრამ 2020 წელს, პანდემიის საწყის ეტაპზე, მომარაგების სისტემის დიდი ნაწილი მოიშალა. IRC მკაფიოდ ხედავდა, რომ საფრთხე ჰიპოთეზური კი არა, რეალური და პირდაპირი იყო. მათ დაიწყეს ფიქრი ჩრდილოეთის ირმის როლზე საკვების დეფიციტთან საბრძოლველად.
„ჩვენ შევძელით იმ ადგილობრივ საკვებზე გადართვა, რომელიც უხვად გვხვდებოდა მშობლიურ რეგიონში და, ამასთანავე, ჩრდილოეთის ირმების მწყემსვა დავიწყეთ, რათა კარიბუს ამოესუნთქა და მდგრადი ცილის წყაროც მიგვეღო“, – აცხადებს უეიდი. ამ ჯოგის შეძენა, ამატებს იგი, კიდევ ერთ სტრატეგიასაც ემსახურებოდა სასურსათო დამოუკიდებლობის გზაზე. ეს მეორე სტრატეგიული წამოწყება გახლდათ საკვების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა ქალაქ ინუვიკში, სადაც ჩრდილოეთის ირმის ხორცი მზადდება, სხვა საკვებ წყაროებთან ერთად, და ხელმოკლე ოჯახებში იგზავნება.

KEYSTONE VIEW COMPANY, კონგრესის ბიბლიოთეკის პრესისა და ფოტოგრაფიის განყოფილება
მაგრამ ჯოგს ჯერ სრული სიჯანსაღე უნდა აღედგინა. IRC-მა პროცესში ჩართო ესაგოკი და კიდევ ერთი ინუვიალუიტი მწყემსი, სტივ კოკნი უმცროსი, რომელმაც თვეები დაუთმო ჩრდილოეთის ირმის გაფანტული ჯოგის გაერთიანებას.
„ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ქმნიდა მოხეტიალე ცხოველთა თავმოყრა, ისინი ხომ უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილიყვნენ“, – ამბობს ესაგოკი. ზოგიერთი ჯგუფი 140 კილომეტრითაც კი იყო დაშორებული და მწყემსები დღეებს ატარებდნენ მათ დევნაში. ეს მომცრო ჯოგები მგლისა თუ სხვა მტაცებელთა მარტივ საკბილოდაც იქცეოდნენ. „ვისაც კი მივაგენით, ყველას თავი მოვუყარეთ“, – ამბობს ესაგოკი.
მას შემდეგ, IRC-მა ოთხი დამატებითი მწყემსი დაიქირავა, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მათი ძალისხმევით ჯოგის რიცხოვნობა 6000-მდე გაიზარდა – საკმარისი რაოდენობა, რომ სურსათის გადამამუშავებელ ქარხანას ჩრდილოეთის ირმის ხორცზე მუშაობაც დაეწყო.
გასულ გაზაფხულს აღნიშნულმა ქარხანამ ხუთკაციანი პერსონალით თავისი პირველი ოფიციალური „მოსავალი“ აიღო – მოამზადა 176 ჩრდილოეთის ირმის შემწვარი ხორცი, ფარში თუ ნეკნები, რომლებიც ინუვიალუიტების თემის წევრებს გაუნაწილეს. ამგვარად შეიქმნა ადგილობრივი საკვების უმნიშვნელოვანესი წყარო; ამასთან, ინუვიალუიტ ოჯახებს, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი სარჩოს მოსაპოვებლად ნადირობა, გაუჩნდათ შანსი, მშობლიურ მიწასაც დაჰკავშირებოდნენ და თავიანთი ხალხის ისტორიის ახალ თავშიც მოხვედრილიყვნენ.
მარცხნივ: ტაკტოიაკტუკი, რომელიც მონადირეთა ქოხის უკან მოჩანს, ინუვიალუიტების უახლოესი დასახლებაა ჩრდილოეთის ირმის მთავარ საძოვარ მიწებამდე. ტაკტოიაკტუკში (სალაპარაკო ენაზე მოიხსენიებენ, როგორც „ტაკი“) მწყემსები რეგულარულად ჩერდებიან, სანამ ჯოგს არქტიკის სიღრმეში გაუძღვებიან.
მარჯვნივ: ინუვიალუიტების ჩრდილოეთის ირმები მარშირებენ საღამოს ძალადაკარგული მზის ქვეშ. მათი ამონასუნთქი ბურუსად გადაიქცევა აპრილის -30°C ტემპერატურის ჰაერთან შეხებისას. რამდენიმე კვირაში ისინი მიაღწევენ სამშობიარო ადგილს, სადაც გაზაფხულზე მდედრები ნაშიერებს შობენ და გამოკვებავენ, ხოლო ზაფხულში საძოვრებისკენ გაემართებიან.
ასეთი საკვანძო როლის შესრულება სასურსათო უსაფრთხოების ახალ მოდელსა და კულტურულ აღორძინებაში ესაგოკისგან მოითხოვდა დაჩქარებულ სწავლას, როდესაც გზადაგზა, მუშაობის პროცესშივე გიწევს ცოდნის შეძენა. მხოლოდ 7 წელიწადში ესაგოკი, კოკნი და მათი გუნდი იმ მკვიდრი ტრადიციის მემკვიდრეებად იქცნენ, რომელიც არქტიკის მეორე მხრიდან შემოვიდა, სადაც საამები უკვე დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ აღნიშნულ პრაქტიკას. მისი პასუხისმგებლობა, რომ მიღებული ცოდნა ახალგაზრდა მწყემსებისთვის გადაეცა, ნაკლებად მძიმე აღმოჩნდა, ამბობს იგი, რადგან რეგიონის მკვიდრი მონადირეები ისედაც უკვე ფლობდნენ საჭირო უნარების დიდ ნაწილს, ისინი ხომ ჩინებულად იცნობდნენ მშობლიურ ლანდშაფტს. „არც ისეთი რთული სამუშაოა, თუ მონადირედ იზრდები, – ამბობს იგი, – ვცდილობთ, ახალგაზრდებს ველაპარაკოთ და დეტალურად ავუხსნათ სამუშაო, მაგრამ ბევრი რამის სწავლა მხოლოდ პრაქტიკით შეიძლება. პროცესშივე სწავლობ – საქმის კეთებისას და ცხოველებზე დაკვირვებით“. მანვე მითხრა, რომ ჩრდილოეთის ირმები თავადაც ასწავლიან. ხშირად ისეთი შეგრძნებაც ჩნდება, თითქოს თავად ჩრდილოეთის ირმები მიგვიძღვიან.
არაკომერციული ორგანიზაცია National Geographic Society, რომლის მიზანია დედამიწის საოცრებათა გაშუქება და დაცვა, აფინანსებს მკვლევარ ქეითი ორლინსკის პროექტს.