ჭრელი მიკრობიოტა
ადამიანის ორგანიზმი ტრილიონობით მიკრობის სახლია, ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიგებთ,
თუ რამდენად საკვანძო როლს თამაშობენ ისინი ჯანმრთელობისთვის


ჭრელი მიკრობიოტა
ადამიანის ორგანიზმი ტრილიონობით მიკრობის სახლია, ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიგებთ, თუ რამდენად საკვანძო როლს თამაშობენ ისინი ჯანმრთელობისთვის
ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები მიკრობები, ეს პაწაწინა ორგანიზმები, გასაოცარი ძალით მოქმედებენ ჩვენს გარეგნობაზე, ქმედებებზე, ფიქრსა თუ შეგრძნებებზე. კვლევის გაღრმავების კვალდაკვალ მეცნიერებს სულ უფრო მეტი სიურპრიზი ხვდებათ. მართლაც განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები, რომლებიც ცხოვრობენ ნაწლავებში, ფილტვებში, კანსა თუ თვალის კაკლებში? რა უცნაურია – თურმე ჩვენი ორგანიზმის ჩამოყალიბებაში არსებით როლს ასრულებენ მიკრობები, სხეულით რომ მუდამ თან დავატარებთ.
როგორც აღმოჩნდა, მიკრობიოტა, მიკროორგანიზმების ეს „ზოოპარკი“, ძირეულად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე და ეს პროცესები წარმოუდგენლად ადრეულ ასაკშივე ვლინდება. გასულ წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა უჩვენეს, რომ ბავშვის თითქოსდა თანდაყოლილ ტემპერამენტსაც კი მის მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების ერთი კონკრეტული გვარის (Bifidobacterium) სიჭარბე განსაზღვრავს: ბევრი ბიფიდობაქტერია ნიშნავს უფრო „გაბრწყინებულ“ ბავშვს.

ჯერ მხოლოდ 15 წელია გასული, რაც მიკრობიოტის სიღრმისეული შესწავლა დავიწყეთ, შესაბამისად, კვლევათა უმეტესობა მცირე მასშტაბის ექსპერიმენტებით შემოიფარგლებოდა. მეცნიერებმა მიაკვლიეს მიკრობიოტასა და დაავადებას შორის არსებულ კავშირებს, თუმცა კონკრეტულ მიზეზშედეგობრივ კავშირს ცოცხალი მიკროარსებების ვრცელ ჩამონათვალსა და მასპინძელ ორგანიზმს შორის, ხშირად, ვერ ასახელებენ. და მაინც, ამ ორგანიზმების „მარაგი“ წარმოუდგენლად დიდია – დღეს ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 38 ტრილიონია ტიპურ ახალგაზრდა მამაკაცში, ეს რიცხვი კი ოდნავ აჭარბებს კიდეც ადამიანის შემადგენელ უჯრედებს. ამ რესურსის გამოყენების პოტენციალი კი ძალიან მაცდურად გამოიყურება.

არც ისე შორეულ მომავალში, გვიცხადებენ ყველაზე ენთუზიასტი მკვლევრები, კონკრეტულ ორგანიზმზე მორგებულ მიკრობთა საჭირო დოზის მიღება შესაძლოა ჩვეულ მოვლენად იქცეს პრებიოტიკებისა (სუბსტრატის ფუნქციით დატვირთული ნივთიერებები, რომლებზეც სასარგებლო მიკრობები იზრდება) და პრობიოტიკების (თავად სასარგებლო მიკრობები) ფორმით ან ფეკალური მიკრობიოტის (მიკრობებით მდიდარი განავალი ჯანმრთელი დონორისგან) ტრანსპლანტაციით, რაც დაგვეხმარება სანიმუშო ფორმაში მოვიყვანოთ ჩვენი ჯანმრთელობა.
ნიუ-იორკში მცხოვრები რობინ მარანც ჰენიგი არის ჟურნალისტი და 9 წიგნის ავტორი. შვეიცარიელი მოლეკულური ბიოლოგი მარტინ ოგერლი სპეციალიზებულია მიკროსკოპული სამყაროს სილამაზის აღბეჭდვაზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.