კარგად მახსოვს ტიმ სევერინის პირველი ჩამოსვლა საქართველოში. ცხადია, თანამედროვე არგონავტებს ქართული პომპეზურობით დახვდნენ. ესეც კარგად მახსოვს. მაგრამ ახლა, არა ტიმ სევერინსა და მის მოგზაურობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა (ისედაც წაიკითხავთ ამ ნომრის რუბრიკაში “არქივი”), არამედ მისი ჩამოსვლით განპირობებულ ჩემს სხვა ინტერესზე – კოლხურ ოქროზე და ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნის ამ სავიზიტო ბარათს ქმნიდნენ 60-იანი წლებიდან მოყოლებული.
იღბლიანი კაცი ვარ, დარეჯან კაჭარავას ბავშვობიდან ვიცნობ. ხშირად მიყვებოდა ზოგადად არქეოლოგიაზე, კოლხურ ოქროზე და მის უდიდეს მნიშვნელობაზე მსოფლიოს კულტურულ საგანძურში… და მხოლოდ მოწიფულობაში გავაცნობიერე, რომ ადამიანი, რომელიც მიზიარებდა ამ ამბებს, არც მეტი, არც ნაკლები, დიდი მეცნიერის – ოთარ ლორთქიფანიძის მოსწავლე და საქმის გამგრძელებელი იყო. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენი გენიალური წინაპრების დანატოვარი გენიალური თანამედროვეების ხელში მოხვდა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კოლხური ოქრო ტრიუმფით მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და მნახველს აღაფრთოვანებს.
გასაოცარია, რომ დიდი დამსახურების მიუხედავად, დარეჯან კაჭარავას პროფესიონალთა წრეში უფრო იცნობენ. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, რომ ოთარ ლორთქიფანიძესთან ერთად, სწორედ მან და ეროვნული მუზეუმის მისმა გუნდმა ამოიტანა მიწიდან ვანი, მთელი თავისი დიდებულებით!
დაიწყო “ამოტანილის” შესწავლა და შესწავლილის სამყაროსთან დაკავშირება. ესაა ტიტანური შრომა, მიღებული შედეგი – პროფესიონალიზმის აპოთეოზი.
საქართველოს ბევრი გმირი ჰყავდა. ცოტა თუ გაგვიგია, რადგან ბუნებით ჩუმნი იყვნენ. ამით მათი მნიშვნელობა, ცხადია, არ კნინდება, მაგრამ რანი ვართ ჩვენ, თუ მათზე არ ვისაუბრებთ?
ამიტომ, სიამოვნებით მინდა შემოგთავაზოთ ტიმ სევერინისა და კოლხური ოქროს მოკლე სტატიების “პაკეტი”, სადაც დარეჯან კაჭარავაზეც ვწერთ. მასთან ინტერვიუ მაინც “მშრალია” და “ბრალი” ისევ მის მოკრძალებას მიუძღვის.
სიამოვნებით დავესწარი თამარ ბაბუაძის ინტერვიუს მასთან და გურამ წიბახაშვილის ფოტოსესიას. ჩუმად ვუსმენდი და სულ ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში: Ecce femina! აი, ქალი!