ჩვენ უკან წყალია
დასავლეთ აფრიკის აღელვებულ ზღვებში თევზაობა მხოლოდ გაბედულთა საქმე არ არის – ეს ტრადიციაა, რომელიც სანაპიროზე მცხოვრები ხალხის ურთიერთობებს და ბუნებისადმი პატივისცემას ასაზრდოებს.

ჩვენ უკან წყალია
დასავლეთ აფრიკის აღელვებულ ზღვებში თევზაობა მხოლოდ გაბედულთა საქმე არ არის – ეს ტრადიციაა, რომელიც სანაპიროზე მცხოვრები ხალხის ურთიერთობებს და ბუნებისადმი პატივისცემას ასაზრდოებს.
ამ სანაპიროზე ჩვენთვის უცხო არაფერია.
გარიჟრაჟზე თუ გაგეღვიძებათ და მოასწრებთ დაინახოთ, როგორ მოცურავენ კანოეები სხვადასხვა პორტში, მათ შორის პორტ-ბუეში, კოტ-დ’ივუარში, ნგლეშიში (განა), გამბიის ოლდ-ჯესვანგში, ბენინის გრანდ-პოპოში თუ აპამში (განა) – აქ ყველგან გაიგონებთ განის რამდენიმე ენაზე ამეტყველებული მეთევზეების ლაპარაკს; მათი ენებია: ფანტე, გა და ევე.
ამომავალი მზის ფონზე უფრო და უფრო მკვეთრად მოჩანს მეთევზეთა სილუეტები, რომლებიც გადმოდიან კანოეებიდან და იწყებენ ბადეების ამოღებას. მალე მათი ღიღინიც უფრო ახლოდან ისმის: „Ee ba ei, ee ba ke loo – დროა ამოვიღოთ თევზით სავსე ბადეები“. ბადეები დახუნძლულია ზღვისგან ნაბოძები ათასნაირი თევზით, რომლებიც ქვიშაზე ნაირფერად ხტიან, მეთევზეები კი ხელის სწრაფი მოძრაობით მეტალის თასებში ახარისხებენ მზეზე აბრწყინებულ თევზებს.

ნადავლი ყოველ ჯერზე სხვანაირია. დიახ, აქ ადვილად შეამჩნევთ თევზის პოპულარულ სახეობებსაც: ქორჭილას, თინუსს, სკუმბრიას და ხეკის ნაირსახეობებს, კოლექტიური სახელით „კპანლა“. ასევე ყოველ ჯერზე ამოდის კიბორჩხალის, გველთევზისა და სკაროსის იშვიათი სახეობები, რომლებიც დელიკატესად ითვლება.
მათ შორის არიან უცნაური ფორმის არსებები, ძვლიანი და უძვლო.
მე მივეკუთვნები გას ეთნიკურ ჯგუფს, რომელსაც არაფერი უცხო არ აშინებს. გამოთქმა „Ablekuma aba kuma wo – დაე ჩვენთან მოსულმა უცხოებმა აქ იპოვონ თავიანთი სახლი“ – არის ჩვენი კულტურის ფუნდამენტური ფილოსოფია და სწორედ ამიტომ გახდა ჩემი ევროპული გვარიც – პარქსი – გას ჯგუფის ერთ-ერთი გვარი, რომელიც ჩემმა იამაიკური წარმოშობის პაპამ სიერა-ლეონეს რესპუბლიკიდან აქ ჩამოიტანა. ეს კარგად ასახავს დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე მცხოვრებ ადამიანთა დამოკიდებულებებს. ისინი თავისუფლად მოგზაურობენ და სხვა მოგზაურებსაც სიხარულით იღებენ თავისთან, ისევე როგორც ზღვის ტალღებს, რომლებიც მათთან მოდიან და ისევ უკან გაედინებიან.
ბავშვებმა ფოტოს გადასაღებად სხეული ტალკით დაიფარეს. სანამ მამაკაცები თევზაობენ და ქალები დაჭერილ თევზს ყიდიან, ბავშვები აპამში, მეთევზეთა პორტში მშენებარე სახლში თამაშობენ.
ჯინა ასანტეს, მოვაჭრეს განის მეთევზეთა ერთ-ერთი ისტორიული პორტიდან – ვინებიდან, ქათმები გასაყიდად მიჰყავს. ადგილობრივი სამუშაო ძალის ალბათ 50% სოფლის მეურნეობაშია ჩართული.
მეგობრები კოჯო ესსელი და კოფი აიკპაჰი ვინების პოპულარულ ფესტივალ „აბოიაკიერეს“ ესწრებიან. ყოველწლიური ფესტივალი მაისის პირველ შაბათს აღინიშნება და ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებით ზეიმობენ; მათ შორის არის ანტილოპებზე ნადირობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მსხვერპლშეწირვის ძველი რიტუალი, როდესაც ტომის წევრები თავიანთ ღმერთ ოტუს სწირავდნენ მსხვერპლს. სახეზე ტალკი უსვიათ, რაც მათი ტრადიციული მორთულობაა და ბოროტზე გამარჯვებას აღნიშნავს.
ახალგაზრდა მეთევზე ნიამო ადომაკო ჯეიმსტაუნში ცხოვრობს. როდესაც ზღვაში არ არის, მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს.

განის ხალხი განსაკუთრებული მეთევზეა. 1963 წელს ჟურნალმა „West Africa“, რომელიც აღარ გამოიცემა, მათ „პანაფრიკელი მეთევზეები“ დაარქვა, რადგან ფანტეს, ევესა და გას ეთნიკური ჯგუფის განელმა მეთევზეებმა არაერთ ქვეყანაში – ნიგერიიდან სენეგალამდე – წარმოაჩინეს თავიანთი ოსტატობა.
განელ მეთევზეებს, რომლებიც დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში – ყველაზე ბობოქარ ზღვებში გაიზარდნენ, იცნობენ როგორც ყველაზე ძლიერ მოცურავეებს და პროფესიონალ ნიჩბოსნებს კანოეთი. (XVI-XVII საუკუნეების ევროპელი მოგზაურები ჟან ბარბო და პიტერ ვან დენ ბრუკეც მოიხიბლნენ მათი ცურვით).

გას ხალხს უცხოსი არ ეშინია, მეც ამ ჯგუფს მივეკუთვნები და ჩვენი კულტურის ძირითადი ფილოსოფიაა: „დაე უცხოებმაც აქ იპოვონ თავიანთი სახლი“.
გას საზოგადოებაში, ხშირად, ყველაზე გამოჩენილი მეთევზეებიც, woleiatse, სხვა შტოს წარმომადგენლები არიან, რომლებიც ფანტეს ჯგუფმა თავისიანად მიიღო. იდენტობის ასე უმტკივნეულოდ შეცვლაც იმიტომ ხდება, რომ მათ საერთო ფასეულობები აქვთ – დაიცვან თავიანთი საარსებო რესურსები. არცერთი ჯგუფის წარმომადგენელი არ თევზაობს ზღვაში სამშაბათობით, ხოლო მტკნარ წყალში – ხუთშაბათობით. ეს დაუწერელი კანონია. ყოველკვირეული შესვენების დროს წყლებში თევზი კვლავ იმატებს. კონსერვაცია კულტურასა და ტრადიციაშია გამჯდარი.
მეტიც, განელ მეთევზეთა თემები ბუნების დასაცავად სხვა უნარებსაც იძენენ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, მაშინ როდესაც თევზის რაოდენობა წყალში იკლებს, მათი უმეტესობა ხმელეთზე ბრუნდება და ფერმერობას ეწევა.
დანარჩენები კი ყველაზე მეტად მოთხოვნადი თევზების სახეობათა მიგრაციის მიმართულებებს მიჰყვებიან ან ისეთ ადგილებში მიდიან, სადაც თევზის ალტერნატიული სახეობები შეიძლება მოიძებნოს. მაგალითად, ალბულები (Albula vulpes) – დელიკატესად მიჩნეული თევზი, რომელიც განის რეგიონის ცენტრალურ წყლებში გვხვდება, შესაძლებელია შეიცვალოს Elops-ის გვარის თევზით, რომელსაც სენეგალსა და გამბიაში იჭერენ.

(მარცხნივ) პრინს კაფუტა მამფორდის სანაპიროზე. მას ხელში განის იდენტობის მთავარი სიმბოლო – სათევზაო ნავის მოდელი უჭირავს.
(მარჯვნივ) ბავშვებმა თამაშის დროს შეისვენეს, თან გარემოს და თევზის ქანდაკებას ათვალიერებენ სეკონდი-ტაკორადის ბულვარზე. ქანდაკებას განას დროშის ფერები – წითელი, ყვითელი და მწვანე ამშვენებს და შავი ვარსკვლავი ახატია.
თევზის ჭარბმა ნაკადმა ისიც განაპირობა, რომ ეს ხალხი თევზის დამარილებასა და შებოლვაში დახელოვნდა, შებოლილი თევზის დიდი მარაგი კი წელიწადის ყველა დროს უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას მათი კვების ძირითადი პროდუქტით.
ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც ჩემსავით აიკვეი ერქვა, ზღვიდან უკან აღარ მობრუნებულა. როდესაც 1992 წელს დედაქალაქ აკრიდან პირველად გადავწყვიტე საცხოვრებლად სხვა ქალაქში – ტოლონში წავსულიყავი, მაშინ ერთი ფრაზა მითხრა, რომელიც სულ თან დამაქვს: „ჩვენ გას ხალხი ვართ; ნურაფრის შეგეშინდება, რადგან ჩვენ უკან წყალია“. მას შემდეგ, რაც არ უნდა უცხო ადგილას აღმოვჩნდე მოგზაურობისას, თვალებს ვხუჭავ და წყლის ხმას ვუსმენ.
მწერალი, პოეტი და ხელოვანი ნიი აიკვეი პარქსის მიერ დაწერილი ერთ-ერთი წიგნია „ლურჯი ფრინველის კუდი“. ეს მისი სადებიუტო სტატიაა National Geographic-ში. ფრანგი ფოტოგრაფი დენი დაიო Agence VU-ს წარმოადგენს; იგი პარიზსა და კაიროში ცხოვრობს. მის ნამუშევრებში ასახულია განელების განსაკუთრებული დამოკიდებულება ზღვის მიმართ.