
ჩვენ ყველანი მიგრანტები ვართ
ჩვენ მომთაბარეები ვართ, თუმცა ვიღაც ორ ნაწილადაც დაგვყოფდა: მიგრანტები და მკვიდრი მოსახლეობა.
თითოეული ჩვენგანი მიგრანტთა შთამომავალია. ჩვენს სახეობას, Homo sapiens-ს ევოლუცია ერთ ადგილას არ განუცდია – მაგალითად, ლაჰორში, სადაც ამ სიტყვებს ვწერ. ჩვენ არც შანხაიში, თბილისში, ბუენოს-აირესში, კაიროსა თუ ოსლოში გაგვივლია ევოლუცია, სადაც შესაძლოა თქვენ კითხულობთ ამ სტატიას.
ამჟამად, შესაძლოა აფრიკის რიფტულ ხეობაში, ადამიანთა დედა-კონტინენტზე ცხოვრობდეთ, ჩვენი სახეობის უძველესი აღმოჩენილი ნაშთების ველზე, თუმცა, თქვენი წინაპრებიც გადაადგილებულან – ისინი გადანაცვლდნენ, შეიცვალნენ და შეერივნენ, სანამ იმ ადგილას დაბრუნდებოდნენ, სადაც ახლა ცხოვრობთ. მეც მსგავსადვე მივატოვე ლაჰორი, ათწლეულები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ვცხოვრობდი და იმ სახლში მოვბრუნდი, სადაც ოდესღაც ჩემი ბებია-ბაბუა და მშობლები სახლობდნენ, სახლში, რომელშიც ჩემი ბავშვობის უმეტესი ნაწილი გავატარე; დღეს ერთი შეხედვით მკვიდრი მოსახლე ვარ, თუმცა ჩემი მოგზაურობების შედეგად მეტისმეტად შეცვლილი და გადასხვაფერებული.
არც ერთი ჩვენგანი არის იმ ადგილის ძირძველი მკვიდრი, რომელსაც მშობლიურ სახლს ვუწოდებთ. იყო ადამიანი, ნიშნავს მუდმივად გადაადგილდებოდე დროსა და სივრცეში. ერთ წუთს კუნძულზე გამორიყულს, მეორე წუთს უკან მიგვაქანებს დინება, შეუჩერებელი ბრუნვა, მუდმივად ახალი წამია, ახალი კუნძული, აქამდე რომ არასდროს დაგვიდგამს ფეხი. წამებს შორის ეს მიგრაციები ცხოვრების განმავლობაში გროვდება და საათებში, თვეებსა და ათწლეულებში გადაიზრდება. ჩვენ ვშორდებით საკუთარ ბავშვობას, სკოლებს, მეგობრებს, სათამაშოებსა და მშობლებს, რომლებიც ჩვენს სამყაროს შეადგენდნენ და ახლა წარსულს ჩაბარებულან, ახალი შენობებით, სატელეფონო ზარებით, ფოტოალბომებითა და მოგონებებით ჩანაცვლებულან. ჩვენ ქუჩებზე გავდივართ და ზრდასრულთა მაღლა აზიდულ სხეულებს ავყურებთ, ცოტა მოგვიანებით კვლავ მივაბიჯებთ და ჩვენი ახალგაზრდობით სხვათა მზერას ვიპყრობთ, შემდეგ ისევ მივუყვებით ქუჩას ახლა უკვე ჩვენი ან ჩვენი მეგობრების შვილების თანხლებით, მერე კიდევ ერთხელ მივსეირნობთ, თითქოსდა შეუმჩნეველნი, უკვე სხვათა ინტერესს რომ აღარ ვიწვევთ, მიზიდულობის ძალით წელში მოხრილნი.
ჩვენ მუდამ გვაშფოთებს ახლის მიღება და მუდამ გვასევდიანებს უკან მოტოვებული დანაკარგებიც. საზოგადოება მოგვიწოდებს, რომ ვესწრაფვოდეთ მხოლოდ ახალს და არ შევჩერდეთ წარსულ დანაკარგთან, რომელიც მეორე ძაფია ჩვენი სახეობის გასაერთიანებლად.
ჩვენ წინ მივიწევთ დროში, წარმავალ წუთისოფელში, რადგან იძულებულნი ვხდებით. სივრცეში, ფიზიკურ სამყაროში გადავადგილდებით, რადგან ერთი შეხედვით ასე აგვირჩევია, თუმცა, ეს არჩევანიც გარკვეულწილად ნაძალადევია. ჩვენ ვინაცვლებთ, როდესაც გაუსაძლისია იქ დარჩენა, სადაც ვართ: როდესაც ჩვენს თბილ საძინებელში მეტხანს ვეღარ დავყოვნდებით მარტონი და გარეთ გასვლა და თამაში გვჭირდება; როდესაც ჩვენს გვალვიან ფერმაში მეტხანს ვეღარ დავყოვნდებით მშიერნი და სხვაგან საკვების საშოვრად წასვლა გვიწევს. ჩვენ გადავადგილდებით გარემოს ზეწოლისა თუ ფიზიკური საფრთხის გამო.
ჩვენი სახეობა მომთაბარეა. ადამიანები მუდამ გადაადგილდებოდნენ. ჩვენი წინაპრები ადგილს იცვლიდნენ, შიდა თუ გარე ძალთა ზეგავლენით. ჩვენი თანამედროვენიც გადაადგილდებიან – უმეტესად აზიისა და აფრიკის სასოფლო რაიონებიდან ქალაქში. ჩვენი შთამომავლებიც შეიცვლიან ადგილსამყოფელს. ისინი იმოძრავებენ კლიმატის ცვლილების, ზღვის დონის მატების, ომებისა და ერთი სახის ეკონომიკური საქმიანობის გაქრობისა და მეორეთი ჩანაცვლების კვალდაკვალ.
გვეუბნებიან, რომ ასეთი გადაადგილება არნახულია, რომ კრიზისს, წყალდიდობასა და სტიქიურ უბედურებას ასახავს. გვეუბნებიან, რომ ადამიანთა ორი ტიპი არსებობს, მკვიდრნი და მიგრანტები და რომ ისინი დომინანტობისთვის უნდა იბრძოდნენ.
გვეუბნებიან, რომ არა მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილების შეჩერება შეიძლება, არამედ დროში მოძრაობისაც, რომ წარსულში დაბრუნება შეგვიძლია, უკეთეს წარსულში, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოდგმა, ჩვენი რელიგია მართლაც დიადი იყო – რომ კაცობრიობის გამიჯვნა მკვიდრებად და მიგრანტებად ნორმად უნდა მივიღოთ.
მაგრამ, იქნებ ყველა ჩვენგანის მიგრანტებად მიჩნევა ამ შიშისმომგვრელი დისტოპიიდან გამოსავალს წარმოადგენდეს. თუკი ყველანი მიგრანტები ვართ, მაშინ შესაძლოა ერთმანეთს ენათესავებოდეს იმ ქალის ტანჯვა, რომელსაც სხვა ქალაქში არასოდეს უცხოვრია და მიუხედავად ამისა, საკუთარ ქუჩაზე უცხოდ გრძნობს თავს და იმ მამაკაცის დარდი, რომელსაც მშობლიური ქალაქი მიუტოვებია და მას ვეღარასოდეს იხილავს. იქნებ წარმავლობა ჩვენი საერთო მტერია, არა იმ გაგებით, რომ დროის დინების დაძლევაა შესაძლებელი, არამედ უფრო იმ თვალსაზრისით, რომ დროით გამოწვეულ დანაკარგებს ყველანი განვიცდით.
ასეთ შემთხვევაში მეტ თანაგრძნობას გამოვიჩენდით საკუთარი თავის მიმართ, აქედან გამომდინარე კი, უცხო ადამიანებსაც მეტად თანავუგრძნობდით. ერთობლივად შეიძლება მოვახერხოთ, გავხდეთ საკმარისად გაბედულნი იმის საღიარებლად, რომ ჩვენი ცალკეული, პიროვნული დასასრული არ არის ყველაფრის ბოლო და რომ მშვენიერება და იმედი ჩვენს შემდგომაც რჩება.
ადვილი არ იქნება ჩვენი, როგორც მომთაბარე სახეობის, მიღება. საჭირო გახდება ახლებური ხელოვნება, ახლებური ამბები და ახლებური ცხოვრების წესი. მაგრამ პოტენციალი დიდია. უკეთესი მსოფლიოს არსებობა შესაძლებელია – მეტად სამართლიანი და ყოვლისმომცველი, ინკლუზიური მსოფლიოსი, რომელიც უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ჩვენი შვილიშვილებისთვისაც, უკეთესი საკვებით, უკეთესი მუსიკითა და ასევე ნაკლები ძალადობით.
თქვენგან უახლოესი ქალაქი ორი საუკუნის წინ თითქმის წარმოუდგენლად განსხვავდებოდა ამავე ქალაქისგან დღეს. ორი საუკუნის შემდეგ, ის, სავარაუდოდ, ამდენადვე განსხვავებული იქნება. დღეს თითქმის ნებისმიერი ქალაქის რამდენიმე მცხოვრები თუ ისურვებდა თავის ორი საუკუნის წინანდელ ქალაქში ცხოვრებას. იმის გამბედაობა უნდა გვეყოს, რომ წარმოვიდგინოთ – ორი საუკუნის შემდგომი მოქალაქეებიც მსგავსადვე იფიქრებენ.
მიგრანტთა სახეობა, რომელიც ბოლოს და ბოლოს მშვიდად აღიქვამს მიგრანტთა სახეობად ყოფნას – ჩემთვის ის დანიშნულების ადგილია, რომლის მისაღწევადაც ღირს ხეტიალი. ეს ის უმთავრესი გამოწვევა და შესაძლებლობაა, რომელსაც ყოველი მიგრანტი გვთავაზობს: საკუთარი სინამდვილე დავინახოთ.

ტომ კიფერის ფოტოპროექტი, სადაც მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარზე მიგრანტების მიერ დატოვებული ნივთებია ასახული. უკეთესი ცხოვრების იმედი რომ წარმოეჩინა, კიფერმა ამ ფოტოპროექტს „El Sueño Americano“ – „ამერიკული ოცნება“ – უწოდა.
ფოტო: ტომ კიფერი, REDUX
მოჰსინ ჰამიდი ავტორია ოთხი რომანისა – „ჩრჩილის კვამლი“, „უხალისო ფუნდამენტალისტი“, „როგორ გახდეთ ურცხვად მდიდარი მზარდ აზიაში“ და „გასასვლელი დასავლეთითაა“ – და ესეების კრებულისა „უკმაყოფილება და მისი ცივილიზაციები“. მისი ნაწარმოებები 40 ენაზეა ნათარგმნი, ბესტსელერთა სიებშია შესული და ეკრანიზებულია.