ჩვენი ბილიკები ჩვენი მემკვიდრეობაა
ამერიკის უკანასკნელ ველურ ადგილებთან თვალწარმტაცი სალაშქრო ბილიკები მიგიყვანთ, თუმცა მათ საფრთხეს უქმნის უყურადღებობა, კლიმატის ცვლილება და ხალხმრავლობა. ამ ბილიკების დაცვა ჩვენი მოვალეობაა.


ჩვენი ბილიკები ჩვენი მემკვიდრეობაა
ამერიკის უკანასკნელ ველურ ადგილებთან თვალწარმტაცი სალაშქრო ბილიკები მიგიყვანთ, თუმცა მათ საფრთხეს უქმნის უყურადღებობა, კლიმატის ცვლილება და ხალხმრავლობა. ამ ბილიკების დაცვა ჩვენი მოვალეობაა.
ჩემი აგარაკი უძვირფასესია: დღეს მას თვით ჯეფ ბეზოსი და ბილ გეიტსიც კი ვერ იყიდიან.
ის შეფენილია მაუნტ-ჰუდის (ორეგონი) ფერდობებზე და წყნარი ოკეანის ქედის ბილიკთან გადის, სადაც ხე-მცენარეულობის გავრცელების საზღვარია – ტანმორჩილ ხეებს ანაცვლებს ყვავილებით აჭრელებული ალპური მდელოები, ღამით კი იავნანას მიმღერის მყინვარით მკვებავი ნაკადული.
ამ ადგილს 14 წლიდან ვსტუმრობ ზაფხულობით, იქაურ დიდთოვლიან ზამთარს კი წარმოსახვით ვაცოცხლებ და მის გარინდულობაში ვიძირები უძილობისას.
საბედნიეროდ, ეს ადგილი მეც მეკუთვნის, თქვენც და, იმედი მაქვს, რომ ჩემი ჯერ დაუბადებელი შვილიშვილებიც აქ ითამაშებენ ერთ დღეს. ეს მიწა საზოგადოებრივ მფლობელობაშია და პარადის-პარკის ველური ბუნების ნაკრძალის ფარგლებში შედის.
მასთან ახლოს გადის სალაშქრო ბილიკი, რომელიც მაუნტ-ჰუდთან გაიყვანეს 1930-იან წლებში – დიდი დეპრესიის პერიოდში.
მაშინ ბევრად ღარიბი ქვეყანა ვიყავით, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვნახეთ რესურსები ველური ბუნების შესანარჩუნებლად, თუმცა დღეს, როდესაც ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, ვეღარაფრით ვახერხებთ ამ სალაშქრო ბილიკების სათანადოდ მოვლას.
სალაშქრო ბილიკები საფრთხეშია ურთიერთდაკავშირებული მოვლენებისა თუ ფაქტორების გამო. მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, ტყის ხანძრები, ფინანსების სიმწირე. ჩვენ ვერ შევძელით ამ მემკვიდრეობის დაცვა. „ძალიან ბევრი მათგანი გაუჩინარდა“, – ამბობს ბარნი სკაუტ მანი, რომელიც საქვეყნოდაა ცნობილი გრძელ დისტანციებზე გაჭრილი ბილიკების დალაშქვრით. „ბილიკები არჩევანია, – ამბობს იგი, – თუ არ ვიყენებთ, ისინი უჩინარდებიან“.
ზურგჩანთით ლაშქრობა დავიწყე 6 წლის ასაკიდან, როდესაც მამამ პირველად წამიყვანა ტახზე სანადიროდ. სწორედ ამ პერიოდიდან მოვიხიბლე ველური ბუნებით.

შემდეგ, 1970 წელს, თინეიჯერმა ერიკ რაიბეკმა სრულად გაიარა წყნაროკეანური ქედის მარშრუტი, რომელიც მექსიკიდან კანადამდეა გადაჭიმული. მე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე National Geographic-ის სტატია, რომელიც ამ ბილიკსა და რაიბეკის მოგზაურობაზე გვიამბობდა. იმ დროს ერთი ფერმერი ბიჭი ვიყავი ორეგონის სოფლიდან, აღნიშნულ სალაშქრო ბილიკთან ორი საათის სავალზე ვცხოვრობდი და რაიბეკობაზე ვოცნებობდი. მომდევნო წელს კენკრის კრეფით გამომუშავებული ფულით 19,99-დოლარიანი ზურგჩანთა ვიყიდე და ასე დავადექი წყნაროკეანური ქედის ბილიკს. იმ წუთიდან აღარ შევჩერებულვარ და ლაშქრობას განვაგრძობ.
რაიბეკის წარმატებით დაიწყო მოლაშქრეთა პირველი ტალღა, რომლებიც დაინტერესდნენ ამერიკის გრძელი ბილიკებით. შემდეგ გამოჩნდნენ ბილ ბრაისონი და შერილ სტრეიდი თავიანთი დაწერილი წიგნებით აპალაჩებისა და წყნაროკეანური ქედების შესახებ, რამაც მომდევნო ტალღები წარმოშვა. ახლა უკვე მთელი მსოფლიოდან მოდის ხალხი ამ ბილიკების დასალაშქრად.
მათ უძვირფასესი ადგილი ეჭირათ ჩემი ოჯახის ცხოვრებაში. ჩემმა მეუღლემ და მე აღმოვაჩინეთ, რომ თუ ჩვენი სამი შვილი გამუდმებით კინკლაობდა მანქანით მგზავრობისას, ამის მცირე ენერგიაც აღარ რჩებოდათ ლაშქრობისას. ყველაზე უმცროსი, კეროლაინი, სულ ერთი წლის იყო, თავის პირველ მოგზაურობაში რომ წავიყვანეთ ზურგჩანთით. მას ყოველწლიურად ეზრდებოდა ლაშქრობის ჟინი და ენთუზიაზმი. 2012 წელს, როდესაც მას უკვე 14 წელი შეუსრულდა, ერთად დავიწყეთ წყნაროკეანური ქედის სრული მარშრუტის გავლა, რომლის მონაკვეთებსაც – 300-დან 500 კმ-მდე ყოველ ჯერზე – ნაწილ-ნაწილ ვფარავდით სხვადასხვა პერიოდში და მთლიანი ბილიკის დალაშქვრას 6 წელი მოვანდომეთ.
სამხრეთ კალიფორნიის უდაბნოში (მექსიკის საზღვართან) ვებრძოდით ჩხრიალა გველებსა თუ დეჰიდრატაციას; სიერა-ნევადის ქედზე მოვყევით დიდთოვლობაში, რამაც სალაშქრო ბილიკიდან გადახვევა გვაიძულა; ჩრდილოეთ ვაშინგტონში თავსხმა წვიმებმა და ყინვამ მოგვისწრო. კეროლაინი მამაცი გოგონაა და არასოდეს ჩივის მძიმე პირობებზე, მაგრამ ყინულოვან თქორში გავლისას, შემეკითხა: „მამა, როგორ უნდა მიხვდე, რომ ჰიპოთერმია გეწყება?“ და მეც ზუსტად მივხვდი, რომ მას რეალური პრობლემა ჰქონდა.
სალაშქრო კულტურა წარმოიშვა თავისი ლექსიკონითა და ტერმინოლოგიით. ჩემი სალაშქრო სახელია „ჯღაბნია“, რადგან მწერალი ვარ; კეროლაინი „აკრობატია“ – იგი ტანვარჯიშზე დადიოდა და ახლაც ხელებზე დგება ხოლმე კლდის ფერდობთა კიდეებზე თავისი მშობლების გულის გასახეთქად; „ბილიკის ანგელოზებს“ ეძახიან ადამიანებს, რომლებიც გამაგრილებელ სასმელსა თუ ცხელ პიცას მოგაწვდიან სალაშქრო ბილიკებისა და გზატკეცილთა გადაკვეთაზე.

სალაშქრო ბილიკები ანტიდოტია ჩვენი თვითკმაყოფილებისა და მატერიალიზმისა, რომელიც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ჩამოყალიბდა. XVII საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსი სპინოზა ბუნებასა და მის კანონებს აიგივებდა ღმერთთან და თქვენ მართლაც ზუსტად შეიგრძნობთ მის სიტყვებს, როდესაც უღელტეხილიდან გახედავთ მზის ჩასვლას. სალაშქრო ბილიკები ველური ბუნების საკათედრო ტაძრებია, ერთდროულად განცვიფრებისა და რიდის მომგვრელი, რადგან წინ რაღაც ჩვენზე უფრო დიდი დგას.
ბილიკების დალაშქვრის წყურვილი კიდევ მეტად გამძაფრდა პანდემიის პერიოდში. კორონავირუსის მიზეზით სახლში შეკეტილ ამერიკელებს, შეშინებულებს სამსახურისა თუ სიცოცხლის დაკარგვით, ეს გაშლილი სივრცეები ერთგვარ სულის საზრდოდ ეჩვენებოდათ. როგორც ჩანს, ვირუსის საფრთხე გვიძლიერებს წყურვილს, ვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და გავიაზროთ ჩვენი ადგილი ამ ქაოტურ მსოფლიოში.
როდესაც აკრობატი და მე ჰიპოთერმიას განვიხილავდით ვაშინგტონში, ამ დროს ჰეზერ ანდერსონი რეკორდს ამყარებდა: მან 60 დღეში დაფარა წყნაროკეანური ქედის მთლიანი მარშრუტი, ეს კი ნიშნავს საშუალოდ 70 კილომეტრის გავლას დღეში, თანაც გამორჩეულად უსწორმასწორო ლანდშაფტზე.
ბავშვობაში ანდერსონს საშინლად არ უყვარდა ვარჯიში, მაგრამ შეიტყო თუ არა აპალაჩების ბილიკის შესახებ, მაშინვე მოინუსხა მისი დალაშქვრის იდეით.
„თვითონ იდეა რეალური ბილიკისა, რომლის გასავლელადაც ათასობით კილომეტრი უნდა დაგეფარა, მართლაც ძლიერ ემოციას იწვევდა, – ამბობს იგი, – მე არაფერი გამეგებოდა ლაშქრობის“.
საბოლოოდ ანდერსონი პირველი ქალი გახდა, რომელმაც გრძელი დისტანციის სამივე ბილიკი დალაშქრა ერთი წლის განმავლობაში: აპალაჩების ბილიკი (3525 კმ), რომელიც ჯორჯიიდან მენისკენ მიემართება, წყნაროკეანური ქედის ბილიკი (4265 კმ) და კონტინენტური წყალგამყოფის ბილიკი (4990 კმ), რომელიც კლდოვანი მთების ხერხემალს მიუყვება და ბილიკების მეფედ მოიხსენიებენ.

თუ ჩრდილოეთის მიმართულებით ლაშქრავთ კონტინენტური წყალგამყოფის ბილიკს და მარშრუტის ბოლოს მარცხნივ გადააფურთხებთ, თქვენი ნერწყვის მოლეკულები შეიძლება წყნარ ოკეანეში მოხვდეს, ხოლო მარჯვნივ გადაფურთხებით ისინი ატლანტის ოკეანეში ჩავარდებიან, მაგრამ, თუ ზედმეტად ბევრს იფიქრებთ ამაზე, კლდიდანაც შეიძლება გადაიჩეხოთ.
მოლაშქრეები, რომლებიც უწყვეტად გადიან სრულ მარშრუტს, იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ ისინი შეადგენენ ბილიკებით მოსარგებლეთა ერთ პროცენტზე ბევრად ნაკლებს. უმეტესობა „ერთდღიანი მოლაშქრე“, „შაბათ-კვირის მეომარი“, ან მთლიანი მარშრუტის მხოლოდ კონკრეტული მონაკვეთების დამლაშქრავია და მათი შემადგენლობა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. როდესაც თინეიჯერი ვიყავი, გრძელ დისტანციებზე ლაშქრობა დავიწყე; მაშინ ამ ბილიკებზე მეტწილად თეთრკანიან მამაკაცებს შეხვდებოდით, დღეს კი იქ უკვე ყველგან ნახავთ ანდერსონის მსგავს ქალებს. სტრეიდის წიგნმა, სახელად „ველური“, ახალგაზრდა ქალების მთელი არმია მოიზიდა – ზოგიერთი მათგანი, როგორც სტრეიდი, საკუთარი თავის პოვნას ველურ ბუნებაში ჩაკარგვით ცდილობდა.
სტრეიდმა მითხრა: „ფეხის ექვს თითზე მომძვრა ფრჩხილი, როდესაც 94 დღის განმავლობაში ვლაშქრავდი წყნაროკეანური ქედის ბილიკს, მაგრამ მე შევიძინე ყველაფერი, რაც არსებითია“.
უთანასწორობის ეპოქაში ეს ბილიკები ყველას გვაერთიანებს. ცხადია, ფული ღირს სალაშქრო აღჭურვილობაც და საკვებიც, მაგრამ ამ ბილიკებზე შესვლის გადასახადს ზურგჩანთით მოლაშქრეები უმრავლეს შემთხვევაში არსად იხდიან. კემპინგზე მანქანით დაბანაკებულ ადამიანებს შეიძლება უწევდეთ გარკვეული თანხის გაღება, მაგრამ მოლაშქრეები მარტივად გაშლიან ხოლმე კარვის ძირსაფარს თუ საძილე ტომარას და მორჩა, ადგილი მათია, მხოლოდ დათვი თუ შეეცილებათ.
მოლაშქრეები განსხვავდებიან ეკონომიკური ნიშნითაც: მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ირევიან ქირურგებში. ამ ბილიკებზე ვერ ნახავთ კლასობრივი დაყოფის ნიშნებს, არც სიმდიდრე და არც სიღარიბე – მხოლოდ დაუსრულებელი აღმა-დაღმა სიარულია, რაც მათ ყველას აერთიანებს.
თუმცა, ამასთან, აქ იკვეთება რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნების სიმწირე. როგორც წესი, ბილიკებზე მცირე რაოდენობით შეხვდებოდით შავკანიან და ყავისფერკანიან მოლაშქრეებს.
ელსი უოკერი პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელმაც სამივე უგრძესი ბილიკი დალაშქრა. მისი თქმით, ის გააფრთხილეს, რომ აიდაჰოში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებს გადაეყრებოდა, მაგრამ იგი კმაყოფილი იყო განვლილი გზით კონტინენტური წყალგამყოფის ბილიკზე.
„იქ ხალხი საოცრად მეგობრული იყო“, – იხსენებს უოკერი. ბილიკებზე სიარულისას მიღებული გამოცდილება აფიქრებინებს, რომ მენტალური გეოგრაფიით ამერიკის წითელ და ლურჯ შტატებად დაყოფისას გვავიწყდება ადამიანთა კეთილმოსურნეობა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკაზე აღმატებულია.
„იქ იმდენი ადამიანი იყო, რომლებიც კეთილად მიგიღებდნენ, თავიანთ სახლში წაგიყვანდნენ და საკვებით გაგიმასპინძლდებოდნენ, – ამბობს ის, – ამერიკის მიმართ ჩემი სიყვარული გაიზარდა“.
მოლაშქრეებში განსაკუთრებული სიმცირით გამოირჩევიან მკვიდრი ამერიკელები – და ეს მაშინ, როდესაც ბილიკები სწორედ მათ მემკვიდრეობით მიღებულ მიწებზე გადის.
ლასენის ეროვნულ ტყეში (ჩრდილოეთი კალიფორნია) კაიფერ ედელმაიერი სადილობს ჩიპს-კრიკის გასწვრივ.
მოლაშქრე მეგობრებმა მარაგები შეივსეს ქალაქ ბიშოპში (კალიფორნია) და ახლა ავტოსტოპით მგზავრობენ. ქალაქში ჩასვლისას ბილიკის უწყვეტად დამლაშქრავები ტენიან ელემენტებს, მიდიან ფოსტასა თუ სამრეცხაოებში.
სეკვოიის ეროვნულ პარკში სხვადასხვა ეროვნების წევრებისგან შემდგარი „ბილიკის ოჯახი“ საუზმეს ინაწილებს. ერთი დღით ადრე ზოგიერთმა უიტნის მთა დალაშქრა.
დები ელის და მარგერიტ ბანდეიანები წვეულებას აწყობენ წყნაროკეანური ქედის ბილიკის ჩრდილოეთ ბოლოში, სადაც პასაიტენის ველური ბუნების ზონაა.
ლასენის ეროვნულ ტყეში (ჩრდილოეთი კალიფორნია) კაიფერ ედელმაიერი სადილობს ჩიპს-კრიკის გასწვრივ.
მოლაშქრე მეგობრებმა მარაგები შეივსეს ქალაქ ბიშოპში (კალიფორნია) და ახლა ავტოსტოპით მგზავრობენ. ქალაქში ჩასვლისას ბილიკის უწყვეტად დამლაშქრავები ტენიან ელემენტებს, მიდიან ფოსტასა თუ სამრეცხაოებში.
სეკვოიის ეროვნულ პარკში სხვადასხვა ეროვნების წევრებისგან შემდგარი „ბილიკის ოჯახი“ საუზმეს ინაწილებს. ერთი დღით ადრე ზოგიერთმა უიტნის მთა დალაშქრა.
დები ელის და მარგერიტ ბანდეიანები წვეულებას აწყობენ წყნაროკეანური ქედის ბილიკის ჩრდილოეთ ბოლოში, სადაც პასაიტენის ველური ბუნების ზონაა.
„ეს მიწები მოპარეს მკვიდრ ამერიკელთა წინაპრებს“, – ამბობს ამანდა უილოკი, კონტინენტური წყალგამყოფის კოალიციის წარმომადგენელი. „თითოეული ეს კილომეტრი, სულ ცოტა, ერთი ტომისთვის მაინც მემკვიდრეობით მიღებული მიწაა. ამ საკითხს ჯერჯერობით ვერ უმკლავდება ჩვენი კოალიცია, მაგრამ ვცდილობთ, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ“.
გარემოს დამცველებიც უნდა გააქტიურდნენ და არა მხოლოდ ველური ბუნების დაცვის თვალსაზრისით, არამედ მისი პოპულარიზაციითა და ხალხის მოზიდვით. ასეთი ღონისძიებების გატარებით მოლაშქრეთა საზოგადოება უფრო მრავალფეროვან სახეს შეიძენდა, ამასთან, ეკრანებთან გაზრდილი ახალგაზრდები იგრძნობდნენ, თუ როგორია ფუტკრის ნაკბენი და, ბოლოს, ბუნებას დავიცავდით გრძელვადიან პერსპექტივაში.
მიუხედავად დაკარგული მონაკვეთებისა, ბილიკების საერთო სიგრძე მაინც იზრდებოდა, მაგრამ არაერთი ბილიკია უმძიმეს მდგომარეობაში; გრძელ ბილიკებს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებენ, ნაწილობრივ, მოხალისეები, რომლებსაც ყოველწლიურად გააქვთ დაცემული ხეები თუ კაფავენ ბუჩქნარს.
თუმცა, არც ეს არის საკმარისი. კონტინენტური წყალგამყოფის ბილიკი კვლავაც დაუმთავრებელია და მარშრუტის არაერთი გრძელი მონაკვეთი გზისპირებზე გადის; იგივე შეგვიძლია ვთქვათ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ბილიკზე, რომელიც მონტანიდან აიდაჰოსკენ, ვაშინგტონის შტატსა და წყნარი ოკეანისკენ მიემართება. მოხალისეებს შეუძლიათ დაცემული ხეების გატანა, მაგრამ ისინი ვერ აზომავენ მარშრუტს და ვერც ბილიკს გაიყვანენ.
დიდი ზიანის მომტანია ასევე მწყობრიდან გამოსული სადრენაჟო არხები. თუ ისინი ვერ ფუნქციონირებენ მონაკვეთებზე გარკვეული ინტერვალების დაცვით, წვიმის დროს ბილიკი ნაკადულად იქცევა.
ერთხელ აკრობატი და მე ნაკადულის გვერდით მდებარე ციცაბო ბილიკს ვლაშქრავდით თავსხმა წვიმისას და ვერაფერი გაგვეგო, ნაკადულში მივაბიჯებდით, თუ ბილიკზე: ჩვენ წინ ფაქტობრივად გვერდი-გვერდ მოჩქეფდა ორი ნაკადული. ეროზიის შედეგად ბილიკი ქვა-ღორღიანი ხდება და ზურგჩანთით მოლაშქრეებსაც მის კიდეებზე სიარული უწევთ.
რატომ ვერ ხერხდება ბილიკების უკეთ მოვლა? როგორ შეძლო ფრანკლინ რუზველტის დროინდელმა დაუძლურებულმა ამერიკამ ასეთი დიდებული ბილიკების გაჭრა ველურ ბუნებაში, მაშინ როდესაც დღევანდელი მდიდარი ამერიკა საბაზისო ტექნიკურ მომსახურებასაც კი ვერ უზრუნველყოფს?
„სატყეო სამსახურის ბიუჯეტი მთლიანად ხანძართან ბრძოლამ შთანთქა“, – ამბობს ტომ ვილსაკი, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს ზედამხედველობდა სატყეო სააგენტოს საქმიანობას.
ხანძრების გახშირება ნაწილობრივ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, რამაც უფრო მშრალი ჰავის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომელიც ტყეებს ახმობს. ამასთან ერთად, დათბობის პირობებში მომრავლდნენ მერქნისმჭამელი ხოჭოები, რომლებმაც გაანადგურეს წიწვოვანი ტყეები ალასკიდან კოლორადომდე. წყნაროკეანურ ქედსა თუ კონტინენტური წყალგამყოფის ბილიკზე ლაშქრობისას დაინახავთ ერთი შეხედვით ადამიანისგან ხელუხლებელი ტყის უზარმაზარ მასივებს, მაგრამ ისინი ყავისფერია და მკვდარი – კიდევ ერთი დანაკარგი, რომელსაც ამ შემთხვევაში უკვე არაპირდაპირ იწვევს კლიმატის ცვლილება. ეს დაღუპული ტყე კი ხანძრის გამჩენ „ფითილად“ იქცევა.


(მარცხნივ) ელის უოკერი პირველი აფროამერიკელია, რომელმაც სამივე უგრძესი ბილიკი დალაშქრა. აქ იგი წყნაროკეანურ ქედზეა. (მარჯვნივ) ავტორი, მეტსახელად „ჯღაბნია“ და მისი ქალიშვილი „აკრობატი“ პოზირებენ PCT-ის ბილიკთან ორეგონში.
ამ ყველაფრის შედეგად, ხანძრები ბილიკების ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრება. ახალგაზრდობისას არასოდეს მიფიქრია ტყის ხანძრებზე, მაგრამ გასულ ათწლეულში ჩემი თვალით შევესწარი ორ ხანძარს, კიდევ ერთ შემთხვევაში კი კვამლი ისე გავრცელდა, რომ ნიღაბი გავიკეთე ლაშქრობისას.
დღეს არაერთი მოქმედი ფაქტორია, რომელიც ბილიკებს აზიანებს. სამთო-მოპოვებითი საქმიანობა, ტყის ჭრა თუ საზოგადოებრივი მიწების კომერციალიზაციით დაინტერესებული ფერმერები; ხშირ შემთხვევაში არც პოლიტიკოსები ცდილობენ მაინცდამაინც ამ მიწების დაცვას. ყველაფერს კი თან ერთვის კლიმატის ცვლილება, რომელსაც ვერაფრით ვაჩერებთ.
თუმცა მოლაშქრეებმაც უნდა ჩავიხედოთ სარკეში და პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ თავზე გარკვეულ საკითხებში. უმრავლესობა ჩვენგანი იმდენად დიდ დროს უთმობდა ბილიკებზე ლაშქრობას, რომ მათ დასაცავად სათანადოდ ვეღარ ვირჯებოდით. ხშირად არც კლიმატის ცვლილებას აღვიქვამდით რეალურ საფრთხედ. ზურგჩანთით მოლაშქრეები და მთის „ბაიკერები“ ძირითად დროს ვატარებდით დაპირისპირებაში იმის ნაცვლად, რომ ერთად გვემუშავა ველური ბუნების შესანარჩუნებლად.
ჩვენ ასევე ვერავის გადავაბრალებთ ბილიკებსა და, განსაკუთრებით, კემპინგებზე დაყრილ ტუალეტის ქაღალდებს.
შეგვიძლია ასეც ვთქვათ: რაც რეალურად გამოარჩევს ამერიკას, ეს სწორედ ჩვენი დაცული ველური ბუნებაა. მსოფლიოში არაერთი დემოკრატიული ქვეყანაა, განვითარებული ტექნოლოგიებიც ასევე ბევრგან გვხვდება, ზოგიერთი სახელმწიფო გვისწრებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლითაც და ერთ სულზე შემოსავლის გაანგარიშებითაც, მაგრამ ვერც ერთი მსხვილი ქვეყანა ვერ გაგვიწევს მეტოქეობას ასეთი გრძელი ბილიკების ქსელით.
რუსეთის შესაცნობად ალბათ ტრანსციმბირული სარკინიგზო ხაზით უნდა იმგზავროთ და თვალუწვდენელ სტეპს გაუყვეთ. ავსტრალიის დასანახად – გაფრინდეთ, ვენეციაში – გონდოლით გაისეირნოთ, ამერიკის შესაცნობად კი საუკეთესო გზა – ლაშქრობაში წასვლაა. თუ როგორ ლოიალურობას იწვევს ეს ბილიკები მოლაშქრეებში, ნათლად აჩვენებს მოხალისეთა ჯგუფების ჩატარებული სამუშაოები.
ჩვენი ველური ადგილები გვახსენებს, თუ რას წარმოვადგენთ. როგორც ამბობენ, ისინი „ამერიკის საუკეთესო იდეაა“. მეტი სიფხიზლე გვმართებს, რომ ჩვენი შვილების შვილების შვილებმაც თავად გამოცადონ კოღოების კბენა, შეშინდნენ ჩხრიალა გველებით და განცვიფრდნენ ჩვენი ბუნებრივი სამყაროს ასეთი ხელუხლებელი დიდებულებით.
ნიკოლას კრისტოფი პულიტცერის პრემიის მფლობელი ავტორი და New York Times-ის მიმომხილველია. ზაქარი კრამერი ორეგონში გაიზარდა. ეს მისი პირველი სტატიაა National Geographic-ში. ამ სტატიისთვის დამატებითი ინფორმაცია მოამზადა სტეფანი პირსონმა.