ჩვენი დელფინები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, ნათია კოპალიანის ჯგუფიც მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამიდან ზღვაში გასასვლელად ემზადება


ჩვენი დელფინები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, ნათია კოპალიანის ჯგუფიც მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამიდან ზღვაში გასასვლელად ემზადება
ფოთის სამხედრო ბაზაზე სანაპირო დაცვის გემები დგას – ზოგი ახალი დაბრუნებულია, ზოგს ზღვაში გასასვლელად ამზადებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, ნათია კოპალიანის ჯგუფიც მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამიდან ზღვაში გასასვლელად ემზადება.
ზღვაში მკვლევრებს სხვადასხვა სახეობის ვეშაპისნაირები ხვდებათ: აფალინები, თეთრგვერდა დელფინები და ზღვის ღორები. გემი 14-15 კილომეტრის მანძილზე შედის ზღვაში, სადაც მეცნიერები 8-10 საათს ატარებენ, ნაპირზე ბრუნდებიან და შემდეგ ისევ ზღვაში გადიან. ზოგჯერ ზღვაში სარფთან უშვებენ ღუზას და იქვე რჩებიან. 2 დღეში ისინი საქართველოს სანაპირო ზოლს მთლიანად ფარავენ და მრავალ სხვადასხვა მონაცემს აგროვებენ დელფინების რაოდენობაზე, ქცევაზე, ჯგუფების სიდიდეზე, პატარა დელფინების რაოდენობაზე… იწერენ მათ მიერ გამოცემულ ბგერებს.

დღის განმავლობაში კვლევითმა გემმა უნდა დაითვალოს დელფინები ფოთიდან ანაკლიამდე, ხოლო მეორე დღეს კი ფოთიდან სარფამდე. „სამწუხაროდ, აფხაზეთის სანაპიროს გასწვრივ მუშაობა არ შეგვიძლია, – სინანულით აღნიშნავს პროფესორი, – თუმცა ძალიან საინტერესო უნდა იყოს, განსაკუთრებით აფალინების ჯგუფების შესწავლის თვალსაზრისით“.
შავ ზღვაში ძუძუმწოვრების სამი სახეობა ბინადრობს: ზღვის, თეთრგვერდა დელფინი, აფალინა. სამივე სახეობის შავ ზღვაში მობინადრე პოპულაციები განსხვავებულია სხვაგან მობინადრე იმავე სახეობების პოპულაციებისგან, ამიტომ ისინი ცალკე ქვესახეობებად არიან გამოყოფილნი. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ისინი წითელ ნუსხაში შეიტანა როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფები.
ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ ცოტა ხნის წინ შავი ზღვის ვეშაპისნაირებზე კომერციული ნადირობა წარმოებდა და ნადავლი წელიწადში 10 000 ტონას აჭარბებდა. შავ ზღვაში ჯამში 6 მილიონი ზღვის ძუძუმწოვარი დაიჭირეს XX საუკუნეში.

შავი ზღვის ქვეყნებმა 1966 წელს კონვენციაზე ხელის მოწერით აკრძალეს ზღვის ძუძუმწოვრების ჭერა და მხოლოდ თურქეთი განაგრძობდა ამ საქმიანობას 1983 წლამდე, თუმცა ვეშაპისნაირთა სიკვდილის მიზეზი მაინც ხშირად არის ადამიანი. მკვლევართა ჯგუფი ცდილობს გამოცადოს პინგერები – სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ბადეზე მაგრდება და ულტრაბგერების საშუალებით აფრთხობს ზღვის ღორებს, რომ თევზის მოსაპოვებლად ბადეში არ შევიდნენ. მეცნიერები მზად არიან, მეთევზეებს პინგერები უსასყიდლოდ გადასცენ.
„ყველაფერი ცუდად ნამდვილად არ არის. წყლის სინჯები ავიღეთ ფსკერიდან და სანაპიროს სიახლოვესაც – დელფინებისთვის მნიშვნელოვან მონაკვეთში, სადაც ისინი იკვებებიან და ერთ-ერთ ლაბორატორიას შევამოწმებინეთ. მათი დასკვნის მიხედვით, მძიმე მეტალებით დაბინძურება ამ ადგილებში არ დაფიქსირებულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი სანაპიროს გაყოლებაზე ყველაფერი კარგად არის. ახალი პორტის მშენებლობა ძალიან მაფიქრებს, რადგან გემების რაოდენობა გაიზრდება და მდგომარეობაც შეიცვლება, თუმცა კარგად მესმის აღნიშნული პორტის მნიშვნელობა ქვეყნისთვის.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.
რეჟისორი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი
მონტაჟი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
მუსიკა – Newittmusic