
ჩვენი ფრთოსანი მეგობრები
2018 წელი რომ National Geographic-მა ფრინველის წლად გამოაცხადა, ჩვენს ერთგულ მკითხველს უკვე მოეხსენება. National Geographic საქართველოც აქტიურად ჩაერთო ჩვენი ფრთოსანი მეგობრების კვლევისა და მათი შესწავლის საქმეში და პირველი შედეგიც სახეზეა – ამ ნომერში წარმოგიდგენთ ვრცელ სტატიას ჯავახეთში მობუდარი და გადამფრენი ფრინველების შესახებ, რადგან საქართველოს ეს მხარე ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დერეფანს წარმოადგენს.
სტატიის დაწერა ჟურნალისტ სოფო აფციაურს ვანდეთ – მასთან მცირე პროექტებზე ადრეც გვითანამშრომლია და ვიცოდით, იმედს არ გაგვიცრუებდა. ფრინველთა გადაღებაზე კი ფოტოგრაფი ნიკა წიკლაური დაგვთანხმდა. „მთელი დილა სამალავში გავატარე, ვიზირს ჩაშტერებული არ ვინძრეოდი, მინდოდა წერო გადამეღო. ბოლოს ვიფიქრე, რომ არ მიმართლებდა და გვერდზე გავიხედე. წარმოგიდგენია? წერო პირდაპირ ჩემი სამალავის სარკმელში იყურებოდა”, – მიყვება ნიკა და ამ ფოტოს მიჩვენებს. ზოგჯერ ასეც უმართლებთ ფოტოგრაფებს – „მოდელები” თავად ეახლებიან და არც პოზირებაზე ამბობენ უარს. თუმცა, ველური ბუნების გადაღება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და ჩვენც რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა დაგვჭირდა, რომ ჯავახეთის ფრინველების გადაღება მოგვეხერხებინა.
მეტი სრულყოფილებისთვის მხატვარ ლუკა ტყემალაძეს ილუსტრაციების შექმნა ვთხოვეთ, ხოლო ორნითოლოგმა ნიკა პაპოშვილმა და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების სპეციალისტმა გიორგი ფარცხალაძემ საქართველოს ფრინველთა მიგრაციის პირველი რუკა შექმნეს.
ასეთი მასშტაბის სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის, ზურაბ ჯავახიშვილის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების, GIZ-ისა და CNF-ის მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic-ს.