
ჩვენი ვალდებულება დაბალანსებული პლანეტის მიმართ
130 წლის განმავლობაში National Geographic Society თაობებს შთააგონებდა, უკეთესად შეეცნოთ და ეზრუნათ ჩვენს პლანეტაზე.
ბუნების ლეგენდარული დამცველი ჯეინ გუდოლი ხშირად ამბობს: „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვესმის – გვადარდებს და თუ გვადარდებს – ვუშველით კიდევაც“. 130 წლის განმავლობაში National Geographic Society თაობებს შთააგონებდა, უკეთესად შეეცნოთ და ეზრუნათ ჩვენს პლანეტაზე.
ეს მემკვიდრეობა ხაზს უსვამს ჩვენს როლს როგორც ცვლილებების მომტანებისას, რომლებიც ჩვენი სამყაროს საოცრებებს ხდიან ფარდას, ავლენენ საფრთხეებს და პოულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს. დღეს ჩვენი უმთავრესი მიზანი მოქმედების გამოწვევაა იმისათვის, რომ დაბალანსებულ პლანეტას მივაღწიოთ.
მსოფლიოს ამჟამინდელ ცვლილებას ჩვენი დამფუძნებლები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. 1888 წელს ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების დაარსებისას დედამიწაზე, დაახლოებით, 1,5 მილიარდი ადამიანი იყო, ახლა – 7,6 მილიარდზე მეტი. ჩვენ წინაშე სერიოზული პრობლემები დგას: რესურსებისთვის ბრძოლა, რათა მზარდ გლობალურ მოსახლეობას საკმარისი საკვები ჰქონდეს, პლანეტის დათბობა და ბიომრავალფეროვნების უპრეცედენტო კარგვა.
ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა დაბალანსებული პლანეტისკენ სწრაფვა იქნება, პლანეტისკენ, რომელიც შეძლებს ადამიანებისა და მილიარდობით სხვა სახეობის შენარჩუნებას, რომელთან ერთადაც ჩვენ ვცხოვრობთ. როგორც შედეგზე ორიენტირებული გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, National Geographic Society ამ გამოწვევის გადაჭრაზე ზრუნავს.
ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ინფორმირებული გლობალური საზოგადოების – ცალკეული პირების, პოლიტიკოსების, კორპორაციების, ფონდების და სხვა ჩვენგვარად მოაზროვნე ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე, რომელსაც სჯერა ჩვენი მისიის, აფასებს ბუნებას და გადაწყვეტილი აქვს მისი დაცვა მომავალი თაობებისათვის.
როგორც National Geographic Society-ის ახალი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, შთაგონებული ვარ ჩვენი მისიით. მჯერა, რომ ერთად მუშაობით ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევისკენ – დაბალანსებული პლანეტისკენ გადავდგამთ ნაბიჯებს. იმედი გვაქვს, შემოგვიერთდებით.