ციდან მოვლენილი ლითონი
სანამ ადამიანები რკინის გამოდნობას ისწავლიდნენ, ადრეული კულტურები მეტეორიტის რკინას იყენებდნენ სამკაულისა და იარაღის დასამზადებლად.
ციდან მოვლენილი ლითონი
სანამ ადამიანები რკინის გამოდნობას ისწავლიდნენ, ადრეული კულტურები მეტეორიტის რკინას იყენებდნენ სამკაულისა და იარაღის დასამზადებლად.
ეგვიპტეში, 4400 წლის სამეფო აკლდამაში, კედლებზე ერთ სიმბოლოს ვეძებდი.
კირქვაში აკურატულ სვეტებად იყო ამოკვეთილი ერთ-ერთი უძველესი დამწერლობით შესრულებული წარწერები – სვავები და ბუები, თვალები და ფეხები, გველები და ნახევარწრეები.
სიმბოლო, რომელსაც მე ვეძებდი, ჰგავს თასს, ჰორიზონტალური ხაზით მის პირზე, თითქოს წყლითაა გავსებული. იატაკის ფლუორესცენციური განათება ჩაბნელებულ წინა ოთახს ანათებდა და წარწერებს ჩრდილს ჰფენდა, როდესაც ტურისტები და გიდები აქეთ-იქით დადიოდნენ. კამაროვან ჭერზე ხუთქიმიანი ვარსკვლავების წყება იყო ამოტვიფრული.
ეგვიპტოლოგმა ვიქტორია ალმანსა-ვილიატორომ იეროგლიფები ორი თითით მოსინჯა. ის ძველი სამეფოს ტექსტების მკვლევარია, რომელსაც აქვს Harward Society of Fellows-ის სტიპენდია. იგი დამთანხმდა, ჩემთვის ეჩვენებინა საკარის აკლდამები კაიროს სამხრეთით.
ეს სამარხი უნასს ეკუთვნოდა, მე-5 დინასტიის უკანასკნელ მმართველს ძვ.წ. XXIV საუკუნეში. კედელზე ამოტვიფრული პასაჟები, რომელთაც ეგვიპტოლოგები შელოცვებს უწოდებდნენ, გარდაცვლილ მეფეს იმ საფრთხის გადალახვაში უნდა დახმარებოდა, რომლებიც მას საიქიოში ელოდა. ეს ამგვარი დამწერლობით შესრულებული ტექსტების უძველესი ნიმუშებია და მათ „პირამიდების ტექსტებად“ მოიხსენიებენ.
ალმანსა-ვილიატოროს თითები უნასის სარკოფაგისკენ მიმავალ დერეფანთან სიმბოლოების სვეტზე გაჩერდა. „აი ისიც“, – ჩაიჩურჩულა აღტკინებულმა და U-ს ფორმის ნიშანზე მიმითითა.
ალმანსა-ვილიატოროს კვლევები აჩვენებს, რომ ეს სიმბოლო რკინაზე მიანიშნებდა. საოცარია, რომ ეგვიპტელები ამ დროს უკვე წერენ რკინის შესახებ. ეს ათასი წლით უსწრებს იმ დროს, როდესაც ადამიანმა რკინის მადნიდან გამოდნობა ისწავლა, მაგრამ ამ ლითონის კიდევ ერთი წყარო არსებობს: მეტეორიტები.
უკანასკნელ ათწლეულში არტეფაქტების შესწავლით დადგინდა, რომ ზოგი ცივილიზაცია მეტეორიტების რკინას იყენებდა ნივთების შესაქმნელად, სანამ ადამიანები რკინის გამოდნობას დაიწყებდნენ. ნილოსის სანაპიროზე მდებარე 5200 წლით დათარიღებულ სასაფლაოზე, რომელსაც გერზეს უწოდებენ, არქეოლოგებმა მეტეორიტული ლითონისგან დამზადებული ცხრა მძივი იპოვეს. დაახლოებით 3300 წლის წინ ტუტანხამონის აკლდამაში დახვეწილი, გაპრიალებული ხანჯალი და მეტეორიტული რკინის სხვა ნივთებიც დალუქეს. ამ იშვიათი მასალისგან დამზადებული უძველესი სამკაული და იარაღი მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც იპოვეს: მძივები ჩრდილოეთ ამერიკაში, ცულები ჩინეთში და ხანჯალი თურქეთში.
უმეტეს შემთხვევაში არ ვიცით, ესმოდათ თუ არა ამ კულტურების წარმომადგენლებს, საიდან მოდიოდა მეტეორიტები. სამაგიეროდ, უნასის აკლდამის სამგლოვიარო ტექსტებში მოთხრობილია ციურ ლითონზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეგვიპტელები არა მხოლოდ იაზრებდნენ ციდან რკინის ჩამოვარდნის მოვლენას, არამედ ეს მათი მისტიკური რწმენების ნაწილიც იყო.
ალმანსა-ვილიატორომ წინადადება სემანტიკურად დამიმარცვლა. მიმითითა თაღოვან სიმბოლოზე, რომელიც ნიშნავს „ცას“ და ცრემლის ფორმის სიმბოლოზე, რომელიც „ლითონზე“ მიუთითებს. მისი თქმით, თასის სიმბოლოსთან ერთად, ეს იეროგლიფები ციურ ლითონზე გვიამბობენ.

1751 წელს ხრაშჩინაში (ხორვატია) მეტეორიტი ჩამოვარდა. თვითმხილველები ყვებოდნენ აფეთქებასა და ცაში ცეცხლოვან ბურთზე – მოგვიანებით ეს ცნობები ზღაპრებად შერაცხეს. ამ მეტეორიტის ყველაზე დიდი ნატეხი, რომელიც 40 კილოგრამს იწონის, ვენის ბუნებისმეტყველების მუზეუმშია გამოფენილი.
ეს ფრაზა აღწერს უნასის მოგზაურობას ზეციურ საუფლოში. ზუსტი მნიშვნელობა ბუნდოვანია, მაგრამ, ალმანსა-ვილიატოროს აზრით, ფრაზა აღწერს რწმენას, რომ ცა წყლით სავსე რკინის თასია, რომლიდანაც ხანდახან წვიმა და ლითონი მოდის. პირამიდის ტექსტების მიხედვით, საიქიოში მოსახვედრად მეფემ ეს ზეციური სამეფო უნდა გადაცუროს.
მეტეორიტები: მითიდან ფაქტამდე
ედამიწის დასაბამიდან ჩვენს პლანეტაზე ეხეთქება ქვა და ლითონი, ძირითადად, შეჯახებისას გაცამტვერებულ ციურ სხეულთა ფრაგმენტები. ყოველ წელს დედამიწამდე 50 გრამზე დიდი წონის მქონე დაახლოებით 17 600 მეტეორიტი აღწევს. მათი უმეტესობა ძირითადად ქვაა, მაგრამ დაახლოებით 4% რკინისა და ნიკელის შენადნობია, რომელიც დედამიწის რკინისგან განსხვავდება. როგორც წესი, ადამიანები წელიწადში მხოლოდ ხუთ ჩამოვარდნას თუ აფიქსირებენ.
მეტეორიტის ჩამოვარდნის პირველი დათარიღებული ცნობები ძველი ბერძნებისა და რომაელების ჩანაწერებში გვხვდება. არისტოტელემ, პლუტარქემ, პლინიუს უფროსმა და სხვებმა ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქვის ჩამოვარდნის შესახებ ძვ.წ. 467 ან 466 წელს დაწერეს. „ეჭვგარეშეა, რომ ქვები ხშირად ეცემა“, – დასძინა პლინიუსმა.
861 წელს ნოგატაში, იაპონიაში, ერთ სალოცავთან ახლოს, 1927 წელს შეკრებილი ზეპირსიტყვიერი გადმოცემების მიხედვით, „დიდი აფეთქება მოხდა“, „საოცარი გაელვება დაინახეს“ და „მიწაში ახლად გაჩენილ ორმოში შავი ქვა იპოვეს“. 1983 წელს იაპონელმა მეცნიერებმა ეს მეტეორიტი გამოიკვლიეს. ქვას ძველ ხის ყუთში ინახავდნენ, რომლისთვისაც მისი ჩამოვარდნის წელი მიეწერათ. ყუთის რადიონახშირბადული დათარიღების შემდეგ დაასკვნეს, რომ ქვა ისე ჩამოვარდებოდა, როგორც აღწერილია.
თუმცა ევროპაში XIX საუკუნის დასაწყისამდე მეცნიერების უმეტესობა სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ მოვლენისადმი. 1794 წლის აპრილში მეცნიერმა ერნსტ ხლადნიმ გამოსცა წიგნი, რომელშიც თავი მოუყარა ციდან ქვებისა და რკინის ჩამოვარდნის მონათხრობებს, რამაც დაცინვა გამოიწვია.
შემდეგ კოსმოსმა თავისი სიტყვა თქვა. 1794 წელს იტალიაში, სიენის მახლობლად, ადამიანებმა ქვების სეტყვა დაინახეს. მომავალ წელს ინგლისში, უოლდ-კოტეჯში, 25-კილოგრამიანი ქვა ჩამოვარდა.
ამან ინგლისელ ქიმიკოსს ედვარდ ჩ. ჰაუარდსა და ფრანგ მინერალოგ ჟაკ-ლუი დე ბურნონს უბიძგა, „ჩამოცვენილი ციური სხეულების“ ნიმუშები შეეგროვებინათ. 1802 წელს გამოქვეყნებულ ანალიზში მათ დაწერეს, რომ ოთხი მეტეორიტული ქვის შემადგენლობა და სტრუქტურა განსხვავდებოდა დედამიწის ქანებისგან. ჰაუარდმა რკინის სამ მეტეორიტსა და ერთ ქვა-რკინის ნიმუშში ნიკელის მაღალი კონცენტრაციაც გამოავლინა და დაადგინა, რომ ეს ლითონი განსხვავდებოდა მადნიდან გამოდნობილი რკინისგან.
მაგრამ ევროპის სამეცნიერო საზოგადოება მხოლოდ 1803 წელს დარწმუნდა იმაში, რაშიც პლინიუსს ეჭვიც არ ეპარებოდა. იმავე წელს მეტეორიტული წვიმა აღინიშნა ლეგლში (საფრანგეთი), სადაც 3000-მდე ქვა ჩამოვარდა.

ილინოისის ყორღანში ნაპოვნი რკინის მძივები სმითსონის ბუნებისმეტყველების ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი მეტეორიტთან ერთად. ჰოუპველის ხალხები მეტეორიტებისგან სამკაულს ქმნიდნენ. რკინისა და ნიკელის ერთმანეთში გადახლართული კრისტალები ქმნიან მეტეორიტული ლითონისთვის დამახასიათებელ ვიდმანშტეტენის უნიკალურ სტრუქტურას, რომელიც ბირთვში კრისტალების ნელი გაციების შედეგია.
იშვიათი ლითონი, ძვირფასი ნივთები
დრეული ცივილიზაციები მეტეორიტულ რკინას ნამდვილად აფასებდნენ მიუხედავად იმისა, იცოდნენ თუ არა, საიდან მოვიდა ის. სპილენძი, ვერცხლი თუ ოქრო ლითონის ფორმით არსებობს და მათი მოპოვება და დამუშავება შეგვიძლია, მაგრამ რკინა დედამიწაზე თითქმის ყოველთვის სხვა ელემენტებთან არის შერეული და მადნეული მინერალის სახით მოიპოვება.
კოსმოსური ლითონისგან შექმნილი ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნივთები იყო სამკაული, მაგალითად, გერზეს მძივები. ზოგიერთ მათგანს ოქროსთან და ძვირფას ქვებთან, მათ შორის ლაზურიტთან, სარდიონთან და აქატთან ერთად აცვამდნენ.
„თავიდან მას ძვირფასი ნივთებისთვის იყენებდნენ, მძივებისთვის და რიტუალური აქსესუარებისთვის, რადგან ის ასეთი ეგზოტიკური იყო“, – ამბობს კატია ბროშატი, ლაიბნიცის არქეოლოგიური ცენტრის რესტავრატორი მაინცში (გერმანია). „დიდი დრო დაგვჭირდა, სანამ კოსმოსური ლითონის დამუშავების ტექნიკა იქამდე დაიხვეწა, რომ იარაღი ან ხელსაწყო შეგვექმნა“.
იმ დროისთვის, როდესაც ტუტანხამონის ხანჯალი დამზადდა (გვიანბრინჯაოს ხანაში), ადამიანებმა მეტეორიტული ლითონის წამახვა და გაპრიალებაც ისწავლეს დანის პირის შესაქმნელად.
ხანჯალს ამშვენებს ოქროს ვადა, მინის ინკრუსტაცია, მთის ბროლის ბუნიკი და ოქროს ქარქაში დახვეწილი ორნამენტებით. ის მუმიის მარჯვენა ბარძაყის სახვევებთან იპოვეს. ხანჯალი ტუტანხამონს „საიქიოში დემონების ან სხვა საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად დასჭირებოდა“, – ამბობს ალმანსა-ვილიატორო. „ეს ნივთი, ასევე, სტატუსის მანიშნებელია“.
ტუტანხამონის ხანჯალი ამ ტიპის ნივთებში ერთ-ერთი ყველაზე პროფესიულად დამუშავებული იარაღია, მაგრამ ადრეული კულტურების მიერ მეტეორიტული რკინის გამოყენების კვალი აღნიშნული რეგიონისა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც აღმოაჩინეს. ალაჯა-ჰიოიუქში, თურქეთში, სამეფო სამარხში იპოვეს ხანჯალი, რომელიც, სავარაუდოდ, მეტეორიტული რკინისგანაა დამზადებული და ტუტანხამონისაზე ათასი წლით უფრო ადრეული პერიოდით თარიღდება.
ჩინეთში, ორ აკლდამაში (სავარაუდოდ, ძმებისა, რომლებიც კუოს ქალაქ-სახელმწიფოს ძვ.წ. VIII ან IX საუკუნეში მართავდნენ), იპოვეს მეტეორიტული რკინისპირიანი დანა და ბუნიანი იარაღი ცულ-ხანჯლით, სახელად „კე“. კუნლონგ ჩენის, პეკინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, ეს იარაღები, ალბათ, ცერემონიებში გამოიყენებოდა, როგორც ამ პერიოდის ნეფრიტის დანები.
მეტეორიტული წვიმა „იმ მასშტაბის იყო, რომ აქ მცხოვრებ კულტურებზე დიდი გავლენა უნდა მოეხდინა“.
მსგავსი ნივთები (კე და ხუროს ცული მეტეორიტული რკინისგან დამზადებული პირებით) სმითსონის ინსტიტუტმა 1934 წელს შეიძინა – როგორც ცნობილია, ხენანის პროვინციიდან, სადაც ჭოუს დინასტიის ძეგლებია. ხუროს ცული, სავარაუდოდ, უფრო ადრე, შანგის დინასტიის დროს შეიქმნა და, ალბათ, თაობიდან თაობას გადაეცა, როგორც ძვირფასი ნივთი. ასეთ იარაღებს იყენებდნენ იმ პერიოდში, როდესაც ჭოუს დინასტიამ შანგის მმართველობა ჩამოაგდო და დაამყარა „ზეციური მანდატი“, ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც მეფე ღვთიური განგებით მართავდა სამეფოს.
იცოდნენ თუ არა ამ მმართველებმა, რომ იარაღები ციური ლითონისგან იყო დამზადებული? ჯერჯერობით ნაპოვნი არაა ამ პერიოდის ტექსტები, რომლებშიც მეტეორიტებია ნახსენები, მაგრამ ჩინური ტექსტები მიუთითებს მზის დაბნელებასა და კომეტებზე. „იმ დროისთვის ასტრონომია უკვე საკმაოდ იყო განვითარებული“, – ამბობს კით უილსონი, კურატორი სმითსონის აზიური ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში. „ვიცით, რომ დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყვნენ სამეფო კარის ასტრონომები“.
ჩრდილოეთ ამერიკაში მეტეორიტული რკინით დამზადებული ათობით მძივი, მცირე ზომის დანა და სხვა ნივთი იპოვეს ჰოუპველის (ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული კულტურათა ქსელი, რომლის ფარგლებში მკვიდრი ხალხები ვაჭრობდნენ ეგზოტიკური მასალებით) ყორღანებში. ამ ნივთების დიდი ნაწილი ოჰაიოს სხვადასხვა არქეოლოგიურ ველზეც აღმოაჩინეს, მაგრამ დღევანდელი ჰავანის (ილინოისი) ტერიტორიაზე ძვ.წ. 300 წლით დათარიღებულ სამარხში აღმოჩნდა 22 ლულოვანი მძივი, რომლებიც ოდესღაც ნიჟარებთან ერთად იყო ყელსაბამად აცმული.
მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჰავანის მძივები 650 კილომეტრით ჩრდილოეთით, დღევანდელი ანოკას (მინესოტა) ტერიტორიასთან ახლოს მოსული მეტეორიტული წვიმის რკინისგან იყო დამზადებული. სავარაუდოდ, ანოკას მეტეორიტების დაუმუშავებელი ლითონით ვაჭრობდნენ ჰავანაში, სადაც აღნიშნული მასალისგან მძივები დაამზადეს.
ჩანაწერების გარეშე შეუძლებელია ვივარაუდოთ, ხვდებოდნენ თუ არა ეს ადამიანები, რომ ლითონი ციდან ჩამოდიოდა.
თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავად მეტეორიტები გვაძლევენ მინიშნებებს, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანებს კოსმოსურ ლითონთან. არგენტინაში, ბუენოს-აირესიდან 800 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 4500 წლის წინ რკინის მეტეორიტულმა წვიმამ კრატერების ველი წარმოქმნა. XVI საუკუნეში ტუკუმანის პროვინციის ესპანელმა მმართველმა ინდიელებისგან შეიტყო, რომ ციდან ლითონის ნაკუწები ჩამოვარდნილიყო.
ესპანელმა ჯარისკაცებმა მეგზურების მეშვეობით მიაგნეს ამ რეგიონს, რომელსაც, ცნობების მიხედვით, ინდიელებმა შეარქვეს, „ცის მინდორი“. ჯარისკაცებმა იპოვეს რკინის დიდი ნატეხი, მაგრამ არაფრით ირწმუნეს მისი ციდან ჩამოვარდნის ამბავი. ესპანური ცნობებით ინდიელებმა რკინის იარაღებიც დაამზადეს, თუმცა ისინი შემორჩენილი არ არის.
„ცის მინდორი“ შეიცავს მინიმუმ 26 მეტეორიტულ კრატერს. ამ ზონიდან 100 ტონაზე მეტი რკინა მაინც ამოიღეს, მათ შორის მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი მეტეორიტული ნატეხი. ერთ-ერთი 30 ტონაზე მეტს იწონის და მახლობელი ქალაქის საპატივცემულოდ განსედო ჰქვია. ის სულ ახლახან, 2016 წელს იპოვეს.
არგენტინაში, ლა-პლატას ეროვნულ უნივერსიტეტში, მეცნიერები უკანასკნელ ხანებში სწორედ იმას იკვლევდნენ, შეიძლებოდა თუ არა, რომ ინდიელების ამბები დიდი კატაკლიზმების შესახებ ამ დაჯახების აღწერა ყოფილიყო. ზუსტი კავშირი ვერ დაადგინეს, მაგრამ დასძინეს, რომ ზოგ ისტორიაში ნამდვილად გვხვდება ციდან ცეცხლის ან ქვის ჩამოვარდნის ამბავი. ისიც დაასკვნეს, რომ მეტეორიტული წვიმა „ისეთი მასშტაბის იყო, რომ აქ მცხოვრებ კულტურებზე დიდი გავლენა უნდა მოეხდინა“.
მეტეორიტული ლითონის პოვნა
თულია დავადგინოთ, რამდენად ხშირად იყენებდნენ ადამიანები ციურ ლითონს. არქეოლოგიურ ჩანაწერებში ბრინჯაოს ხანის ასობით რკინის ნივთი გვხვდება, თუმცა მათი უმეტესობა არ შესწავლილა და ბევრი პატარა ნივთისგან, როგორიცაა ბეჭედი ან ქინძისთავი, მხოლოდ დაჟანგული ლითონის ნაკუწებიღაა დარჩენილი.
„არქეოლოგიური ველების იმდენად მცირე ნაწილია გათხრილი და შესწავლილი, რომ ეს უბრალოდ სირცხვილია“, – ამბობს თილო რერენი, კვიპროსის ინსტიტუტის არქეოლოგი. ბევრი არქეოლოგის მსგავსად, რერენსაც სურს, გაარჩიოს მეტეორიტული და მადნიდან გამოდნობილი რკინა არა მაინცდამაინც იმისთვის, რომ აღმოაჩინოს ციური ლითონი, არამედ გაარკვიოს, როგორ და სად დაიწყო რკინის ხანა.
დასავლეთ აზიისა და კავკასიონის ცივილიზაციებში ბრინჯაოს მიღება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულში დაიწყეს, მაგრამ ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ ადამიანი მადნიდან რკინის პროფესიონალურად მოპოვებას მხოლოდ ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოდან ისწავლიდა. რკინის გამოდნობას დაახლოებით 1200 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება.
„რკინის გამოდნობას რომ იწყებ, ეს დიდი ბიზნესია. შეგიძლია, ნაკლები დანახარჯით შექმნა იარაღი“, – ამბობს გეოქიმიკოსი და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი ალბერ ჟამბონი. „ამ დროს ერთი ეკონომიკიდან მეორეზე გადადიხარ“.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჟამბონი ბრინჯაოს ხანის არტეფაქტებს ეძებს და აანალიზებს. კვლევებმა ალეპომდე, სირიამდე, მიიყვანა, სადაც ძვ.წ. 2300 წლით დათარიღებულ აკლდამაში, უმ-ელ-მარას ძველ ქალაქში ნაპოვნი რკინის სფერული კულონი შეისწავლა. ალეპოს მუზეუმში ინახებოდა ასევე სპილენძისთავიანი ცული რკინის პირით. ის ძვ.წ. 1400 წლითაა დათარიღებული და უგარითის, საპორტო ქალაქის, ნანგრევებშია აღმოჩენილი.
ჟამბონმა ამ არტეფაქტების ქიმიური შემადგენლობა დაადგინა პისტოლეტის ფორმის სპექტრომეტრით და დაასკვნა, რომ ორივე არტეფაქტი მეტეორიტული წარმოშობისაა.
ჟამბონს ნიქოზიაში (კვიპროსი) შევხვდი. ამ კუნძულზე რკინის არტეფაქტების (დაახლოებით ძვ.წ. 1200 წ.) მდიდარ კოლექციას შეისწავლიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კუნძულზე არ გვხვდება ტიპური რკინის მადნები, როგორიცაა მაგნეტიტი და ჰემატიტი, აქ ასეთი ნივთების სიუხვე გასაკვირია.
კვიპროსის მუზეუმის დამტვერილ სათავსოში ჟამბონი თავისი სპექტრომეტრით და პატარა ლუპით რკინის ათობით არტეფაქტს ამოწმებს. „ო, ლა-ლა“, – ჩაიჩურჩულა, როცა პირველი ნიმუში დაინახა – ნამგლის წვერი. „საოცარია“!
მისი აღფრთოვანების მიუხედავად, ამ არტეფაქტებს, სავარაუდოდ, არ გამოფენენ. როდესაც რკინა ჟანგბადთან შედის კონტაქტში, ის იჟანგება – განსხვავებით ბრინჯაოსგან, რომელიც მწვანე პატინას იკრავს, ოქრო კი საერთოდ არ იჟანგება. კარგად შემონახული საგანძურის გვერდით ჟანგიანი ლითონი ისეთი შთამბეჭდავი აღარ არის. და, როგორც აღმოჩნდა, არცერთი არ იყო მეტეორიტული ლითონისგან შექმნილი. ნივთებს შორის უმეტესობა დანა იყო, მაგრამ სპირალური ბეჭდითა და ბროშით თუ ვიმსჯელებთ, რკინა მას შემდეგაც ძვირფას ლითონად ითვლებოდა, რაც ადამიანმა მისი გამოდნობა დაიწყო.
ძველი ტექსტების წაკითხვა
რტეფაქტები, რომლებიც რკინის ხანის სათავეების თავსატეხის ამოხსნაში დაგვეხმარებოდნენ, ნელ-ნელა კოროზიას განიცდიან. სამაგიეროდ, რკინის შესახებ დამატებით მინიშნებებს ადრეულ ტექსტებში დღემდე ვპოულობთ.
ძვ.წ. XX-XVIII საუკუნეებში ანტიკური ასურეთის (თანამედროვე ერაყი) ქალაქ-სახელმწიფო აშურმა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე სავაჭრო კოლონიები დააარსა. ქანესში, მთავარ სავაჭრო პუნქტში, დაახლოებით 20 000 ლურსმული ფირფიტა იპოვეს, რომლებიც ამ ვაჭრობის დეტალებს გვაცნობს. ჩანაწერებში გვხვდება რკინასთან დაკავშირებული არაერთი ტერმინი, მაგალითად, აქადური სიტყვა parzillum, რომელსაც უფრო მოგვიანო ხანაშიც იყენებენ. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიტყვაა amūtum, რომელიც ლურსმული დამწერლობის ნიშნებით გვხვდება და „ლითონს“ და „ცას“ შეიძლება ნიშნავდეს.
უცნობია, რას მიემართება ეს სიტყვა – მეტეორიტულ რკინას, თუ, უბრალოდ, ლითონის ტიპს. „რაც არ უნდა იყოს, ძალიან ძვირია“, – ამბობს გოიკო ბარიამოვიჩი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასირიოლოგი. ქანესის ჩანაწერების მიხედვით, ციურ ლითონს ყიდდნენ ვერცხლზე 40-ჯერ უფრო ძვირად.
Parzillum-ი ისევ გხვდება ძვ.წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში გაგზავნილ ორ ლურსმულ ფირფიტაზე. ისინი ეგვიპტის ძველ დედაქალაქ ამარნაში ნაპოვნ 382 ფირფიტასთან ერთად იპოვეს. ფირფიტებზე აღწერილია სამი ხანჯალი რკინის პირებით, რკინის სამაჯურები და მოოქრული რკინის კვერთხი.

ჰობას მეტეორიტი ნამიბიაში, გრუტფონტეინის მახლობლად ჩამოვარდა. სახელი იმ ფერმის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელშიც იპოვეს. ეს ჩვენთვის ნაცნობი ყველაზე დიდი მეტეორიტია. ვარაუდობენ, რომ ის 60 ტონაზე მეტს იწონის და დღესაც იქვეა, სადაც 80 000 წლის წინ დაეცა (რადიოიზოტოპური დათარიღების თანახმად). დღეს მეტეორიტს იარუსებიანი პლატფორმა არტყია დამთვალიერებლებისთვის.
ეს ნივთები თუშრათას, მითანის სამეფოს (ახლანდელი სირია და თურქეთი) მეფის მიერ ეგვიპტის ფარაონ ამენჰოტეპ III-ისთვის გამოგზავნილი საჩუქრების სიაში მოიხსენიება. ფიქრობენ, რომ ტუტანხამონი ამენჰოტეპ III-ის შვილიშვილი იყო. ამის გამო ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ტუტანხამონის რკინის ხანჯალი შეიძლება სიაში ნახსენები იარაღებიდან ერთ-ერთი იყოს და ის მას შთამომავლობით გადაეცა.
რკინის აღმნიშვნელი ტერმინები გვხვდება ხეთების იმპერიის ჩანაწერებშიც. ხეთები ძვ.წ. XIV საუკუნეში დღევანდელი თურქეთისა და სირიის უმეტეს ტერიტორიაზე დომინანტ ძალას წარმოადგენდნენ. ჩანაწერებში გვხვდება „კარგი რკინა“, „შავი რკინა“ და, შესაძლებელია, „თეთრი რკინა“, სავარაუდოდ, ლითონის ტიპების განსასხვავებლად. რამდენიმე ტექსტში შემონახული რიტუალი აღწერს, როგორ აშენებენ ღმერთები ტაძარს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „მათ მოიტანეს ცის შავი რკინა“, რაც, შეიძლება, შავ ქერქს აღწერდეს, რომელიც მეტეორიტებს ეკვრის მას შემდეგ, რაც ატმოსფეროში შემოჭრისას ცეცხლის ალში გაეხვევიან.
„ასეთი ტექსტი გვაფიქრებინებს, რომ მათ იციან, რომ ლითონი ციდან მოდის“, – ამბობს მარკ უიდენი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ხეთების ტექსტების მკვლევარი.
ხეთურ ჩანაწერებში ნახსენებია რკინის ასობით ნივთი, მათ შორის დანები, სამკაული, პატარა ქანდაკებები და პირსაბანი. ტექსტებში არსებული რკინის რაოდენობა და რკინაზე მომუშავე ადამიანების აღწერა ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ხეთებს ამ დროისთვის უკვე განვითარებული ჰქონდათ რკინის გამოდნობის ტექნიკა. მაგრამ ხეთების არქეოლოგიურ ველზე დაჟანგული რკინის მხოლოდ რამდენიმე ათეული არტეფაქტია ნაპოვნი და ჯერაც არაა შესწავლილი, მეტეორიტული წარმოშობისაა თუ არა ისინი, რის გამოც ამ პერიოდის ზეინკლობა კვლავაც იდუმალებითაა მოცული.
წესრიგის დაბრუნება
აიროში ეგვიპტის მუზეუმში ვტკბებოდი რკინის ორი ნივთით, რომელიც ტუტანხამონის მუმიასთან ერთად იპოვეს და რომლის მეტეორიტული წარმომავლობაც დაამტკიცეს უკანასკნელ ხანებში. ერთ-ერთია ჰორუსის თვალის კულონი ოქროს შენადნობის სამაჯურზე, რომელიც ტუტანხამონის გულმკერდთან იპოვეს სახვევებში. უჯატი, ანუ ჰორუსის თვალი, ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოა და მას 2000 წლის განმავლობაში უწყვეტად იყენებდნენ. ის ეგვიპტური მითოლოგიიდან მოდის: ჰორუსის, წესრიგის ღმერთის და სეთის, ქაოსის ღმერთის, ბრძოლიდან. სეთი ჰორუსს თხრის თვალს, რომელსაც მოგვიანებით აღადგენენ. ეს სიმბოლო გამოსახავს წესრიგის აღდგენას.
მეორე ნივთია მომცრო თილისმა, რომელსაც ხის თავმისადების ფორმა აქვს, ისეთის, როგორსაც ეგვიპტელები ძილისას იყენებდნენ. ის ტუტანხამონის დასაკრძალი ნიღბის უკან იპოვეს. თავმისადების ფორმის თილისმები ხელახლა დაბადების სიმბოლო იყო. ჩაღუნულ თავმისადებზე მრგვალი თავის გამოსახულება ამომავალ მზეს, ღვთაება რას, ასახავდა, რომელსაც ქალღმერთი ნუტი ყოველ დილით შობდა და ყოველ ღამე ყლაპავდა.
თავიდან ვერ ამოვიგდე შეკითხვა: იცოდნენ თუ არა ამ თილისმების შემქმნელებმა, საიდან მოვიდა ეს არაამქვეყნიური მასალა? როდესაც ოსტატი ჰორუსის თვალს ხაზავდა, ფიქრობდა თუ არა იმაზე, რომ ეს ლითონი მის ხელში ღვთიური სამყაროდან მოხვდა? როდესაც რკინის პატარა ნაკუწმა თავმისადების ფორმა მიიღო, გაახსენდა თუ არა მას დიდი თასი ცაში?
ამას ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ეგვიპტურ ტექსტებში ციურ ლითონს კიდევ მომდევნო ათასი წელი ახსენებენ. პირამიდის ტექსტების დასაკრძალი შელოცვები კუბოს ტექსტებად გადაიქცა, რომელსაც კუბოს შიგნიდან და გარედან ახატავდნენ. „მე ვიცი რას ლერწმის მდელო“, – წერია რამდენიმე კუბოზე და მიემართება ზეციურ ადგილს. „მის გარშემო გალავანი რკინისაა“.
ძვ.წ. XIII საუკუნეში კიდევ უფრო პირდაპირი გზა გამოჩნდა „ციური ლითონის“ დასაწერად. აღნიშნული პერიოდიდან დასაკრძალი შელოცვების წერა უკვე პაპირუსზე დაიწყეს და დღეს მას „მიცვალებულთა წიგნის“ სახელით ვიცნობთ.
ერთ-ერთ შელოცვაში აღწერილია დიდი სათევზაო ბადე – ბარიერი, რომელიც მიცვალებულებმა უნდა გადალახონ საიქიოსკენ მიმავალ გზაზე. „იცი, რომ ჩემთვის ცნობილია მისი საძირავების სახელი?“ წერია მიცვალებულთა წიგნში. „ესაა რკინა ცის შუაგულში“.
ჯეი ბენეტი National Geographic-ის უფროსი სამეცნიერო რედაქტორია. ოუენ ფრიმენი ილუსტრატორი, კონცეპტუალური ხელოვანი და მასწავლებელია. ეს ფოტოგრაფ პაოლო ვერძონეს მეხუთე სტატიაა ჩვენი ჟურნალისთვის.