ცხენთევზები
ისინი სხვა ცხოველების ნაზავს ჰგვანან, მამრები მშობიარობენ და მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაგები. ახლა ეს უნიკალური თევზი საფრთხეშია.


ცხენთევზები
ისინი სხვა ცხოველების ნაზავს ჰგვანან, მამრები მშობიარობენ და მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაგები. ახლა ეს უნიკალური თევზი საფრთხეშია.
მიგელ კორეიამ ზღვის ფსკერზე მიმანიშნა. მე შევხედე და თავი გავაქნიე. მან იმ ადგილისკენ ხელთათმანიანი თითი გაიშვირა. ახლოს მივცურდი და ყურადღებით დავაკვირდი. ქვიშა. წყალმცენარეები. ქვები. იმედგაცრუებულმა ბუშტების გროვა ამოვისუნთქე. და შემდეგ, უეცრად, აი ისიც, ზუსტად იქ, სადაც ვიყურებოდი: 76 მილიმეტრი სიმაღლის, გრძელდინგა ცხენთევზა, Hippocampus guttulatus, მღვრიე ყვითელი ფერის, კანზე ბოჭკოებით. მოგვიანებით, იმავე ჩაყვინთვის დროს, ვიხილე მისი მოკლედინგა ნათესავი, Hippocampus hippocampus, კიდევ ერთი ცხენთევზა, რომელიც პორტუგალიის ამ სანაპირო ლაგუნას, რია-ფორმოზას მკვიდრი სახეობაა. ამ საოცარი თევზის ნაირსახეობები ყველა კონტინენტის სანაპირო წყლებში გვხვდება ანტარქტიდის გარდა. მთელ მსოფლიოში გამოვლენილია 46 სახეობა. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება: მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულში ოთხი ახალი სახეობა გამოვლინდა.
არც ისე დიდი ხნის წინ, პორტუგალიის ალგარვის რეგიონში, რია-ფორმოზაში, ორ მილიონამდე ზღვის ცხენთევზა ბინადრობდა, ამბობს კორეია, ალგარვის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ცენტრის ბიოლოგი. თავის კოლეგებთან ერთად იგი პატარა სანაპირო კომპლექსში ამ ცხენთევზებს ამრავლებს და სწავლობს. მათი დაკვირვებით 20 წელიწადზე ნაკლებ დროში ზემოაღნიშნული ორივე სახეობის პოპულაციის 90%-მდე დავკარგეთ.
მსოფლიოში იდენტიფიცირებული ცხენთევზას 46 სახეობის ნიმუშები ავლენს მათი ზომის, ფერების, გვირგვინებისა და ფარფლების მრავალფეროვნებას.
წყნარი ოკეანის ცხენთევზა H. ingens
გრძელცხვირა ცხენთევზა H. reidi
ვეფხვისკუდა ცხენთევზა H. comes
გრძელდინგა ცხენთევზა H. guttulatus
ღიპიანი ცხენთევზა H. abdominalis
ბარბურის ცხენთევზა H. barbouri
მოკლედინგა ცხენთევზა H. hippocampus
უაიტის ცხენთევზა H. whitei
ჯუჯა ცხენთევზა H. zosterae
წყნარი ოკეანის ცხენთევზა H. ingens
გრძელცხვირა ცხენთევზა H. reidi
ვეფხვისკუდა ცხენთევზა H. comes
გრძელდინგა ცხენთევზა H. guttulatus
ღიპიანი ცხენთევზა H. abdominalis
ბარბურის ცხენთევზა H. barbouri
მოკლედინგა ცხენთევზა H. hippocampus
უაიტის ცხენთევზა H. whitei
ჯუჯა ცხენთევზა H. zosterae
ნაწილობრივ ამის მიზეზი ისაა, რომ ცხენთევზა მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზიანებულ საზღვაო ჰაბიტატებში ბინადრობს – მათ შორის, მდინარეების შესართავებში, მანგროს ტყეებში, ზღვის ბალახებსა და მარჯნის რიფებში.
გლობალურად მათ ყველაზე დიდ დარტყმას მაინც დაურეგულირებელი თევზჭერა აყენებს, რის შედეგადაც გამომშრალი ცხენთევზა ფართო მასშტაბით იყიდება. თევზსაჭერი აღჭურვილობით შემთხვევითი ნადავლის სახით ზღვის ფსკერიდან ამოკრეფილი ცხენთევზა მთელ მსოფლიოში იყიდება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოსაყენებლად და სამშვენისების დასამზადებლად. ბევრად მცირე რაოდენობა იყიდება ცოცხალი ფორმით აკვარიუმებისთვის.
ადვილია ცხენთევზათი მოხიბვლა იმ მახასიათებლების უცნაური ნაზავით, რომლებიც თითქოს სხვა ცხოველებისგან აქვს ნასესხები: ცხენის თავი, ქამელეონის თვალები და შენიღბვის უნარი, კენგურუს ჩანთა, მაიმუნის კუდი. უთვალავი ფერის Hippocampus-ები არსებობენ. ცხენთევზას ქერცლის ნაცვლად ძვლოვანი ფირფიტები აქვს. არ აქვს კუჭი საკვების დასაგროვებლად, ამიტომ თითქმის მუდმივად შეისრუტავს ნიჩაბფეხიანებს, კრევეტებს, ლიფსიტებს და სხვა წვრილ საკვებს.

ეს ჩასაფრებული მტაცებლები ერთგვარი მოცეკვავეებიც არიან. არშიყობის პერიოდში წყვილი სახეებით ერთმანეთისკენ წყალში ადი-ჩამოდის. კომუნიკაციისთვის ფერებს იცვლიან და კუდით ეალერსებიან ერთმანეთს. შეუძლიათ მთელი სეზონის განმავლობაში ერთად იყვნენ.
და აი სიურპრიზიც: მდედრი ანაყოფიერებს მამრს და არა პირიქით. ეს ევოლუციური უცნაურობა უნიკალურია ცხენთევზასა და მისი ახლო ნათესავებისთვის. ის ყვითრით მდიდარ კვერცხებს დებს მამრის მუცლის ღრუში ტანზე არსებული ღიობის მეშვეობით, რომელსაც კვერცხსადები ეწოდება. რამდენიმე კვირის შემდეგ გაბერილი მამრი ნაკადად გამოდევნის ათობით თუ ათასობით პატარას. მათი რაოდენობა დამოკიდებულია სახეობის ზომაზე. ფსკერზე დაშვებამდე ახალშობილი შთამომავლობა მცირე ხნით წყალში დრეიფობს. ამ ადრეულ პერიოდში მხოლოდ მცირე რაოდენობა გადაურჩება მტაცებლებს.
მდედრი ანაყოფიერებს მამრს და არა პირიქით. ეს ევოლუციური უცნაურობა უნიკალურია ცხენთევზებისთვის.
როდესაც ცხენთევზას გადაადგილება ესაჭიროება, ის ვერტიკალურად გამართული, ზურგის ფარფლის გაშმაგებული ქნევით მიცურავს, ხოლო საჭის როლს გულმკერდის წყვილი ფარფლი ასრულებს. ადგილზე გასაჩერებლად თავის მოქნილ კუდს იყენებს, რომლითაც ეჭიდება წყალმცენარეებს. ცხენთევზას შესაშური შენიღბვა მას თითქმის უხილავს ხდის.

მამრი H. abdominalis კანის ბოჭკოების გვირგვინით, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. ბირჩის აკვარიუმი
ცხენთევზას შესახებ სინამდვილეში ცოტა რამ ვიცით, მათ შორის, სად ბინადრობენ ისინი და როგორ ცხოვრობენ მათი პოპულაციები. IUCN-ის წითელ ნუსხაში შეტანილი საფრთხეში მყოფი სახეობების ჩამონათვალი ცხენთევზას ყველა სახეობას მოიცავს, თუმცა ბევრი მათგანის შესახებ მონაცემები არასაკმარისია.
„ტაქსონომიური კუთვნილებისა და ძირითადი აღწერილობის გარდა, სახეობათა უმრავლესობის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით“, – ამბობს საზღვაო ბიოლოგი ამანდა ვინსენტი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (UBC). ვინსენტი ცხენთევზას პროექტის დირექტორია. ეს პროექტი წარმოადგენს ამ უნივერსიტეტის და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების კონსერვაციულ ალიანსს.

(H. abdominalis) შეიძლება ასობით ნაშიერი შვას, რომელთა უმეტესობას მტაცებლები შთანთქავენ. ცხენთევზას სამყარო
ცოდნის ეს ხარვეზი, განსაკუთრებით პრობლემურია იმ თევზებისთვის, რომელთა ექსპლუატაციასაც ასე ინტენსიურად ეწევიან. ცხენთევზას პროექტის შეფასებით, კომერციული თევზჭერით წელიწადში, სულ მცირე, 76 მილიონ ცხენთევზას მოიპოვებენ; ცხენთევზით ვაჭრობაში 80-მდე ქვეყანაა ჩართული. „მეთევზეები ადრე მათ უკან, წყალში აბრუნებდნენ, მაგრამ ახლა ნავსადგურზე მრავალ ადგილას შეიძლება ნახოთ ცხენთევზას მომლოდინე მყიდველი“, – აღნიშნავს ჰილი ჰამილტონი, ვირჯინიის კონსერვაციული ჯგუფის – NatureServe-ი – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
მიუხედავად იმისა, რომ ცხენთევზა ზოგიერთი მეთევზის ძირითადი სამიზნეა, მის პოპულაციებს ძირითადად მაინც შემთხვევითი ნადავლის სახით მოპოვება ანადგურებს, ამბობს პროექტ „ცხენთევზას“ პროგრამის ხელმძღვანელი სარა ფოსტერი. გლობალური ექსპორტი წესით 2004 წლიდან უნდა დარეგულირებულიყო, რადგან მაშინ, ახალი რეგულაციები შემოიღეს გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) ფარგლებში. „სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გამხმარი ცხენთევზებით ვაჭრობის დიდი ნაწილი ახლახან იატაკქვეშ გადავიდა“, – ამბობს ვინსენტი. კარგი ამბავი ისაა, რომ ცოცხალი თევზებით ვაჭრობა სულ უფრო მეტად ეფუძნება ფერმებში მოშენებას, რაც ამცირებს წნეხს ველურ პოპულაციებზე, აღნიშნავს იგი.
კომერციული თევზჭერის მსხვერპლი წელიწადში, სულ მცირე, 76 მილიონი ცხენთევზაა. დღეს ცხენთევზათი ვაჭრობაში 80-მდე ქვეყანაა ჩართული.
საველე კვლევებმა და CITES-ის ანგარიშებმა გამოავლინა, რომ ცხენთევზას მთავარი მიმწოდებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, განსაკუთრებით კი ტაილანდი; იქვე აღნიშნულია დასავლეთ აფრიკის ორი ქვეყანა, გვინეა და სენეგალი, რომლებმაც გაზარდეს ცხენთევზას ექსპორტი. ჰონკონგი უპირობოდ უმსხვილესი იმპორტიორია, დიდი გადაზიდვებით ტაივანსა და კონტინენტურ ჩინეთში. ცხენთევზაზე მოთხოვნის დიდი ნაწილი მოდის ტრადიციულ მედიცინაში მის გამოყენებაზე. მაგალითად, გამყიდველები ამბობენ, რომ გამხმარი ცხენთევზა ზრდის პოტენციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და შეუძლია ყველაფრის მკურნალობა, ასთმიდან შარდის შეუკავებლობამდე.


გაიცანით ნათესავები
ზღვის ცხენთევზა, ზღვის ნემსთევზა და ზღვის დრაკონი მიეკუთვნებიან თევზების ოჯახს, სახელწოდებით Syngnathidae – ზღვის ნემსთევზასებრნი. ეს ტაქსონომიური ჯგუფი მოიცავს 295 სახეობას. ოჯახის ნიშან-თვისებებში შედის გრძელი დინგი, შეერთებული ყბები, და ძვლოვანი ჯავშანი. კვერცხების განაყოფიერების შემდეგ, ინკუბაციის პერიოდში, მათ მამრები ატარებენ. მრავალი სახეობა შენიღბვის ოსტატია.
HALIICHTHYS TAENIOPHORUS (მარჯვნივ) ბირჩის აკვარიუმი
PHYLLOPTERYX TAENIOLATUS (მარცხნივ), წყნარი ოკეანის აკვარიუმი, ლონგ-ბიჩი, კალიფორნია
იმისათვის, რომ გამეაზრებინა, თუ რას ნიშნავს ცხენთევზაზე ზეწოლა, კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის საწყობს ვესტუმრე, სადაც ჰამილტონმა მყიფე ჩონჩხებით სავსე პოლიეთილენის პარკებიდან ერთ-ერთი ამოქექა, რომელიც სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში იყო ჩამორთმეული. იქ ასობით, შესაძლოა ათასობით თევზი იყო, რაც „მხოლოდ ერთ პორტში შეჩერებულ წლიურ მოცულობას ასახავს“, – მითხრა მან.
ზოგჯერ ოფიციალური პირები უმსხვილეს პარტიასაც უკეთებენ კონფისკაციას. 2019 წელს ლიმაში (პერუ) მხოლოდ ერთი გემიდან 12 მილიონზე მეტი გამხმარი ცხენთევზა ამოიღეს – შავ ბაზარზე დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი. თუმცა, ხშირად ცხენთევზას გადაზიდვების გამოვლენა არ ხერხდება, რაც უზარმაზარი დანაკარგია თითოეული ექსპლუატირებული სახეობისთვის, მითხრა ჰამილტონმა.

რამალიეტის საზღვაო სადგური
დადებითი მომენტია ის, რომ პორტუგალიის მთავრობამ 2020 წელს ორი მცირე ზომის საზღვაო დაცული ტერიტორია დააარსა რია-ფორმოზაში, რომლებიც თავშესაფრებია ცხენთევზებისთვის. ეს კარგი ამბავია, თუმცა, ექსპერტების თქმით, ცხენთევზას რიცხოვნობის შესანარჩუნებლად მთავარია თევზჭერის უფრო ეფექტური მართვა მკაცრი შეზღუდვებით და ტრალით თევზაობის აკრძალვითაც კი.
ამავდროულად, აზიაში ცხენთევზას პროდუქტების მოხმარება შეიძლება თავისთავად შემცირდეს, „რადგან ახალგაზრდა და უფრო პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები უარს ამბობენ ველური ცხოველების ტრადიციული გზებით გამოყენებაზე“, – ამბობს ფოსტერი. მისი თქმით, ტრადიციული მედიცინის საზოგადოება საბოლოოდ იზიარებს კონსერვაციონისტების მიზანს. მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ხშირად აძაგებენ, „მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ყველას გვაქვს სტიმული, რომ ცხენთევზა არ გადაშენდეს“.
მნიშვნელოვანია ამ სტიმულის შესაბამისად მოქმედება, რადგან „ცხენთევზა ვერანაირად ვერ გაუძლებს ექსპლუატაციის დღევანდელ დონეს“, – მითხრა ჰამილტონმა, როდესაც ზემოდან დაჰყურებდა საწყობის თაროებს. „ადამიანებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მივექანებით იმ სამყაროსკენ, სადაც ბევრი ასეთი არაჩვეულებრივი თევზი აღარ იქნება“.

დევიდ ლიტშვაგერი კვლევით ლაბორატორიებსა და საჯარო აკვარიუმებში, იდუმალი ზღვის არსებების სამი ჯგუფის განსაკუთრებულ სილამაზეს აღბეჭდავს National Geographic Society-ს ახალ წიგნში „რვაფეხა, ცხენთევზა, მედუზა“.
ჟურნალის სტაჟიანი თანამშრომელი ჯენიფერ ს. ჰოლანდი წერს წიგნს ძაღლების ინტელექტის შესახებ, რომელიც 2023 წელს გამოიცემა. დევიდ ლიტშვაგერმა გამოსცა შვიდი წიგნი, მათ შორისაა „მსოფლიო ერთ კუბურ ფუტში“.