
ცხოველების გადარჩენა მათზე თხრობით
არაერთი მეცნიერის მტკიცებით, ჩვენ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში შევაბიჯეთ – ანთროპოცენში, ანუ ადამიანთა ხანაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჯერად ასტეროიდი ჩვენ ვართ.
შიშველი მიწისმთხრელი. ეს იყო ჯოელ სარტორეს პირველი მოდელი 2016 წელს, როდესაც ტყვეობაში მობინადრე ცხოველების სტუდიური ფოტოების გადაღება დაიწყო. მისი მიზანი მომავალი თაობებისთვის იმ სახეობების დაფიქსირება იყო, რომლებიც ერთ დღესაც შეიძლება გადაშენდნენ. სასიცოცხლო მისია ნათელი რომ ყოფილიყო, სარტორემ პროექტს Photo Ark – „ფოტოკიდობანი“ უწოდა.
დღეისთვის სარტორეს, დაახლოებით, 10 000 ცხოველის პორტრეტი ექნება გადაღებული და კიდევ 5000-ის გადაღებას გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, კიდევ 10-15 წლის საქმეა. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისადმი მიძღვნილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკული გამოცემის მთავარ რედაქტორს, სიუზან გოლდბერგს მან უთხრა: „სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ ამოდენა სიცოცხლე შეიძლება ქარს გავატანოთ და კაცობრიობაზე ამან საფუძვლიანი და უარყოფითი შედეგი არ იქონიოს. ჩვენი დროის მთავარი კითხვაა: გამოვიღვიძებთ და მოქმედებას დავიწყებთ, თუ სმარტფონებში ვიქნებით ჩამძვრალნი კატასტროფის დადგომამდე? ჩემი მიზანია, საზოგადოება გადაშენების კრიზისის მოგვარებაზე დავაფიქრო, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო პლანეტისა და მისი ბინადრების გადასარჩენად“.
ამ ნომრის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – მოგითხროთ ფლორისა და ფაუნის იმ წარმომადგენელთა შესახებ, რომელთა რიცხვიც კრიტიკულად მცირდება და თუკი დროზე არ გამოვფხიზლდებით, შესაძლოა, მალე მხოლოდ ჯოელ სარტორეს და სხვა ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილ კადრებშიღა შევძლოთ მათი ხილვა.
უკანასკნელი მასობრივი გადაშენება, დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ დინოზავრები რომ გააქრო, ასტეროიდის დარტყმას მოჰყვა; დღევანდელი გადაშენების მიზეზები კი უფრო მრავალგვარია, მათ შორისაა ტყის გაჩეხა, ბრაკონიერობა, ახალი პათოგენების გამოჩენა, კლიმატის ცვლილება, ჭარბი თევზჭერა და ოკეანის მჟავიანობის აწევა, თუმცა თითოეული მათგანის წყაროს რომ ჩავუღრმავდეთ, ერთსა და იმავე დამნაშავეს შევეჩეხებით – ადამიანს. არაერთი მეცნიერის მტკიცებით, ჩვენ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში შევაბიჯეთ – ანთროპოცენში, ანუ ადამიანთა ხანაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჯერად ასტეროიდი ჩვენ ვართ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.