ცხოვრება გრძელდება
ეკონომიკური კოლაფსი. კატასტროფული აფეთქება. წარუმატებელი პოლიტიკა. ლტოლვილთა კრიზისი. ლიბანის ერთი შეხედვით გადაულახავი გამოწვევები მისი ხალხის შეუპოვარი სულის გამოცდაა.


ცხოვრება გრძელდება
ეკონომიკური კოლაფსი. კატასტროფული აფეთქება. წარუმატებელი პოლიტიკა. ლტოლვილთა კრიზისი. ლიბანის ერთი შეხედვით გადაულახავი გამოწვევები მისი ხალხის შეუპოვარი სულის გამოცდაა.
იანვრის ნიავი ჩემი დარდივით სუსხიანი იყო. ლიბანის ჩრდილოეთში, დედაჩემის მშობლიურ ქალაქს გარშემორტყმულ თოვლიან მთებზე ზამთრის ჩუმი მზე ირეკლებოდა. სასაფლაოს კარიბჭე ჭრიალით გაიღო. დედაჩემის სურათი მისი წინაპრების სურათების გვერდით მოვათავსე. ის სახლში იყო, ყოველ შემთხვევაში, სიმბოლურად მაინც. ნოემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა, ხუთშაბათის დილას, ავსტრალიაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
დედაჩემის საბოლოო განსასვენებელი რომ მისი სამშობლო იქნებოდა, თავიდანვე იყო განსაზღვრული. სინამდვილეში იგი არსად არ წასულა. ამ ქვეყნის ნაწილს მუდამ თან დავატარებთ, ისინიც კი, რომლებიც ჩემ მსგავსად აქ არ დაბადებულან – ჩვენი სახელებით, კერძებით, ისტორიით და ჩვენი ოჯახური კავშირებით, რომლებიც დროს, მანძილს თუ თაობებს უძლებს და უკან გვაბრუნებს.
არსებობს ფაირუზის, ჩვენი საყვარელი ეროვნული სიმბოლოს და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაბი მომღერლის სიმღერა, რომელიც ჩემი ბავშვობის საუნდტრეკის ნაწილი იყო ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ცხოვრებისას, ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც ქვეყანას 1975 წლიდან 1990 წლამდე ანადგურებდა. იმ სიტყვების ძალას, რომლებიც ჩემს მშობლებს ცრემლებს ჰგვრიდა, მანამდე ვგრძნობდი, სანამ მათ მნიშვნელობას გავიგებდი. ერთ სიმღერაში ფაირუზი ნიავს ევედრება, რომ სახლში წაიყვანოს მანამდე, სანამ იმდენად დაბერდება უცხოეთში, რომ სამშობლო ვეღარ იცნობს.

დედაჩემი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც 2019 წელს უკანასკნელად იმოგზაურა ლიბანში, თუმცა ახლა თავად მისი სამშობლო იყო ძნელად საცნობი – უფერული, დათრგუნვილი, სასოწარკვეთილი. მისი სახელგანთქმული დაუცხრომელი სული იმდენად დაზარალდა დამანგრეველი ეკონომიკური კოლაფსით, რომ მსოფლიო ბანკმა აღნიშნულ კრიზისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი უწოდა 1850-იანი წლების შემდეგ.
ლიბანი თავისი უხვი, აუჩქარებელი საკვირაო სადილებით და ზაფხულის საცობებით, როდესაც ხალხი ბეირუთის სიცხეს გრილი მწვანე მთებისკენ ან ხმელთაშუა ზღვისკენ გაურბოდა, გადაიქცა ქვეყნად, სადაც ბავშვთა კვება არასრულფასოვანია და სასურსათო უსაფრთხოება არ არსებობს. საწვავი ძალიან გაძვირდა, რამაც სამსახურში ან სკოლაში სიარული გაართულა, რომ არაფერი ვთქვათ შაბათ-კვირის დასვენებებზე. ცხოვრების წესი გაფერმკრთალდა და დაკარგა ის სიცოცხლე, რამაც დაახლოებით ორი ათეული წლის წინ ჟურნალისტის სტატუსით დამაბრუნა ჩემს სამშობლოში.
საცხოვრებლად იმ ქვეყანაში „დავბრუნდი“, რომელსაც ძირითადად დედაჩემის და მამაჩემის ვარდისფერი მოგონებებიდან და ბავშვობისდროინდელი მოგზაურობებიდან ვიცნობდი. ჩემი მშობლები ლიბანის სხვადასხვა კუთხიდან არიან. მათ ქვეყანა ერთად დატოვეს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის სამოქალაქო ომის დაწყებამდე. ლიბანი, რომელიც თან წაიღეს, ფაირუზის ლიბანი იყო: ნაწილობრივ რეალური და ნაწილობრივ წარმოსახვითი.


(მარცხნივ) 2021 წლის მარტი. დემონსტრანტები ლიბანის ეკონომიკური კოლაფსის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს. მათ უკან დამწვარი საბურავებით გადაკეტილია გზატკეცილი, რომელიც გაღატაკებული ტრიპოლისკენ მიემართება ქვეყნის ჩრდილოეთით. მსოფლიო ბანკმა ქვეყნის კრიზისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე უწოდა 1850-იანი წლების შუა ხანების შემდეგ.
(მარჯვნივ) ჰამზე ესკანდერის დებს უჭირავთ მისი სურათი და ატარებენ მედალიონებს მისი გამოსახულებით. ესკანდერი ჯარისკაცი იყო. იგი 2020 წელს ბეირუთის პორტში აფეთქებას ემსხვერპლა. „ჰამზე დედაჩემის ყველაზე დიდი სიხარული იყო“, – ამბობს მისი უფროსი და სალამი (ცენტრში). „მისმა სიკვდილმა ძალიან მოტეხა. ორი თვის შემდეგ თვითონაც გარდაიცვალა“.
ჩემს მშობლებს ისე სიგიჟემდე სურდათ სამშობლოში დაბრუნება, რომ გაპარტახებულ ლიბანშიც კი შეძლებისდაგვარად ხშირად ჩავდიოდით რამდენიმეთვიანი არდადეგების გასატარებლად. ამ ვიზიტების მოგონებები შეგრძნებათა ნაზავია: ბებიაჩემის რბილი მკლავები ჩახუტებისას; მუცლის ტკივილი პაპის ხეხილის ბაღებში ბიძაშვილებთან ერთად ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ, როდესაც ზედმეტად ბევრ ხილს ვჭამდი; მგეზავი ტყვიები, რომლებიც წითელ, ელეგანტურ თაღებს ხაზავდნენ ცაზე (ბიძა მეუბნებოდა, რომ ეს ფეიერვერკი იყო); იმის გაცნობიერება, რომ დედაჩემის მშობლების სამსართულიანი სახლი მესამე ინკარნაცია იყო. პირველი ორი დაბომბეს და გაანადგურეს ომის დროს, ამიტომ არ ჰქონდა დედას თავისი ბავშვობის ფოტოები, ჩემთვის რომ ეჩვენებინა.
ჩემი მშობლები ლიბანში 1990-იანი წლების შუა ხანებში, ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა ომისშემდგომ ახალ პირობებთან შეგუება ვერ მოახერხეს. ეს არ იყო ფაირუზის ლიბანი (თუკი ოდესმე მაინც არსებობდა). მათი იდეალიზმი შეეჯახა იმ ქვეყნის რეალობას, სადაც სამხედრო მეთაურები პარლამენტში იკავებენ ადგილებს და იმუნიტეტს იღებენ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად. ამ ლიდერებმა, მათმა შვილებმა ან პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა ომის დასრულების შემდეგ კონსენსუალური დემოკრატიის სახელით (რომელიც ძალაუფლებას რელიგიური კუთვნილების მიხედვით ანაწილებს) მიიღეს გადაწყვეტილებები ყველა საკითხთან დაკავშირებით, დანიშნეს მინისტრები თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამას კოჰაბიტაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, მაგრამ მსგავსმა ნაბიჯებმა პირიქით გაამძაფრა საზოგადოების დანაწევრება, ეროვნული იდენტობის ნაცვლად კი სექტანტური იდენტობა გააძლიერა. ასე რომ, ბეირუთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი არასექტანტი და აპოლიტიკური მშობლები ავსტრალიაში დაბრუნდნენ.


(მარცხნივ) 2020 წლის აგვისტოში 16 წლის ფატმე ღანდურმა და მისმა ოჯახმა გარისკეს ზღვის გადალახვა დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარე კვიპროსამდე მისაღწევად. ისინი მაშინვე უკან დააბრუნეს. „მე მომავალი არ მაქვს. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ნავით წავედით, ხოლო როდესაც დავბრუნდით, ჩვენი პრობლემებიც ჩვენთან ერთად დაბრუნდა“, – ამბობს იგი.
(მარჯვნივ) ბეირუთის პორტში სასილოსე კოშკებმა შთანთქა აფეთქების ტალღა და დაიცვა დედაქალაქის დასავლეთი ნაწილი ძლიერი დაზიანებისგან. ლიბანელებს დიდი იმედი არ აქვთ, რომ გამოძიება დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემს. ბევრს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება სურს.
როდესაც ლიბანში პირველად ჩავედი, ქვეყანა აღმავლობის გზაზე იდგა მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით მისი ბევრად უფრო დიდი მეზობლის, სირიის გავლენის ქვეშ რჩებოდა 2005 წლამდე. ბეირუთი გააფთრებულ მოდერნიზაციას განიცდიდა – ხალხმრავლობა რესტორნებში, ლეგენდარული ექსტრავაგანტური ღამის ცხოვრება. ის კიდევ ერთხელ გახდა ახლო აღმოსავლეთის საასპარეზო მოედანი, მისი ინტელექტუალური და ლიტერატურული ძრავა (მაგრამ ადგილობრივებისთვის წითელი ხაზები გასაგები იყო: ნუ განსჯით უმაღლეს რელიგიურ ან სექტანტ პოლიტიკურ ლიდერებს ან ლიბანის სირიელ „ბატონებს“). ქვეყანას პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მისი ხალხი გადამდებ, სიცოცხლის სიყვარულს ასხივებდა.
იყო ძალადობრივი არასტაბილურობის აფეთქებები: მკვლელობების სერია, გამანადგურებელი ომი მეზობელ ისრაელთან, სროლები ქუჩებში პოლიტიკური დავის გამო. ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადი იყო, ისე როგორც ვულკანის ახლოს ცხოვრება, მაგრამ ამ არასტაბილურობაშიც იგრძნობოდა დინამიზმი. ეს იყო აღმაშფოთებელი და სრულად ქაოტური ადგილი, სადაც არ არსებობდა წესები. შუქნიშანი მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებდა. საჯარო მოხელეების მოსყიდვა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ამ საგიჟეთში დაუმორჩილებელი და არაჯანსაღი თავისუფლება ბატონობდა. უამრავი ნაკლის მიუხედავად, შეუძლებელი იყო, ეს ქვეყანა არ შემყვარებოდა. მისი მიმზიდველობა სიცოცხლის სიყვარულში იყო ფესვგადგმული, რომელიც ამ ხალხს ჰქონდა. ისინი შეუპოვრად ებღაუჭებოდნენ იმედს იმ ადგილას, რომელიც მათ მუდმივად გულს უტეხდა.

დღეს ბევრ ლიბანელს ენატრება ის, რასაც ისინი ძველ კარგ დროს ეძახიან, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ბევრისთვის ის არც თუ ისე კარგი იყო. შერჩევითი მეხსიერება და ნოსტალგია მალამოა ქვეყანაში, სადაც გუშინდელი დღე, როგორც წესი, უკეთესია, ვიდრე დღევანდელი, ხვალინდელი დღე კი ისევე შიშის მომგვრელია, როგორც იმედის მომტანი. საქმე იმაშია, რომ ლპობას ყოველთვის იმ საზოგადოების ზედა მბრწყინავი შრის ქვეშ ჰქონდა ადგილი, რომელიც ზოგიერთ წრეში თავს იწონებდა, რომ ბომბების ქვეშ წვეულების გამართვა შეეძლო. ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად გასავლელი გზები ხშირად ინგრეოდა, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლები დაბინძურებული იყო და უამრავი ლიბანელი სიდუხჭირეში ცხოვრობდა. კლეპტოკრატები, რომლებმაც სახელმწიფო გააკოტრეს, ათწლეულების განმავლობაში არ აწვდიდნენ მოქალაქეებს 24-საათიან ელექტროენერგიას, რაც გვაიძულებდა ძვირადღირებული გენერატორების იმედზე ვყოფილიყავით, ან უშუქოდ დავრჩენილიყავით, თუ ამის საშუალება არ გვქონდა. ლიბანელების უმეტესობას წყლის ყიდვა კერძო კომპანიებისგან უწევს, რადგან ამ უხვი ბუნებრივი წყაროებისა და მდინარეების ქვეყანაში არასწორმა მართვამ ონკანები დააშრო. ლიბანში ცხოვრება დიდი ხანია გულისხმობს ორი გადასახადის გადახდას ერთი და იმავე საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, ეგუებიან სიძნელეებს.
ლიბანი უძველესი მიწაა, რომელიც მოქცეულია ისრაელს, სირიასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. აქ 18 ოფიციალურად აღიარებული სექტაა, რომლებიც მრავალი „იზმით“ არიან ერთმანეთისგან გამიჯნულნი: სექტანტიზმი, კლასიზმი, ფრაქციონიზმი, ნეპოტიზმი, რასიზმი. ამბობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის. 1932 წლის შემდეგ აღწერა საერთოდ არ ჩატარებულა, რომ კონფესიური დემოგრაფიის მიხედვით გადანაწილებული პოლიტიკური როლების მწვავე საკითხს არ შეხებოდნენ. ლიბანი 2 მილიონზე მეტ სირიელ და პალესტინელ ლტოლვილსაც მასპინძლობს, რაც ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ლიბანი არის არარეალიზებული პოტენციალისა და გამოუყენებელი სიმდიდრის მქონე ქვეყანა განათლებული სამენოვანი მოსახლეობით, დიდებული არქეოლოგიური ნაშთებით, ნაყოფიერი დაბლობებით (რომელიც რომაული არმიისთვის ბეღლის ფუნქციას ასრულებდა), დახვეწილი სამზარეულოთი (რომელიც არც ერთ სხვას არ დაუდებს ტოლს) და ბუნებრივ სილამაზესთან შერწყმული ხმელთაშუა ზღვით, რომელიც ერთგული თანამგზავრივით მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული შთამბეჭდავი მწვანე მთების გასწვრივ.
დღეს ლიბანში ყოველდღიური ცხოვრება მძიმე, დამღლელი და დამამცირებელია. უკანასკნელ წლებში ლიბანელებმა ორი კატასტროფა განიცადეს, რომლებიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეყნის ცხოვრება კატასტროფამდე და მის შემდგომ პერიოდებად დაიყო. ბედის ირონიით, პირველ კატასტროფამდე პერიოდი – ეკონომიკურ კოლაფსამდე – რეალური ცვლილებების დიდ იმედს ტოვებდა. 2019 წლის ოქტომბერში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მმართველი პოლიტიკური კლასის არაკომპეტენტურობისა და კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მართავს ქვეყანას.

ხალხმა ამ მოძრაობას რევოლუცია უწოდა. მთავრობა გადადგა. ბანკები დაიხურა და როდესაც ხელახლა გაიხსნა, მეანაბრეებს ანგარიშები დაუბლოკეს და მკაცრად შეუზღუდეს თანხის გატანა ყველას, გარდა პოლიტიკური კავშირების მქონე ელიტისა. ლიბანური ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. ლიბანურ ბანკში ანაბარზე თანხის მქონე ადამიანთა უმეტესობის მსგავსად მეც დავკარგე ჩემი დანაზოგი. მოსახლეობის 80%-ზე მეტი მოულოდნელად სასტიკ სიღატაკეში ჩავარდა. ქვეყანაში, რომელიც თითქმის ყველაფერს იმპორტირებულს მოიხმარს, ყველაფერი დეფიციტური გახდა, დაწყებული ფქვილიდან, დამთავრებული მედიკამენტებით. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ძალის გამოყენებით უპასუხა, ულიდერო რევოლუცია ჩაიშალა. ფინანსურმა არასტაბილურობამ, რომელიც სამციფრიანი ჰიპერინფლაციის გამო გამწვავდა, ხალხი აიძულა, მხოლოდ საარსებო წყაროზე ეფიქრა.
დედაქალაქის ქუჩები, რომლებსაც არასოდეს ეძინა, ახლა ჩაბნელებულია. ელექტროენერგია შეიძლება დღეში დაახლოებით ერთი საათით ჩაირთოს. კერძო გენერატორები ვერ უძლებს დატვირთვას. ჩემს რაიონში, ბეირუთში, ლოკალური გენერატორები დროგამოშვებით მუშაობს, დღეში 13 საათის განმავლობაში. ხალხი ცდილობს დილას დენის გათიშვამდე მოემზადოს გასასვლელად და სახლში დაბნელებამდე დაბრუნდეს. უმუშევრობა მატულობს, წვრილმანი დანაშაული იზრდება და ასობით ათასი ადამიანი ქვეყნიდან გარბის ან გაქცევას ცდილობს.
შემდეგ, 2020 წლის 4 აგვისტოს, აფეთქება მოხდა ბეირუთის პორტში. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება იყო. დაიღუპა სულ მცირე 218 ადამიანი და ათასობით დაშავდა. დედაქალაქში და მის შემოგარენში 85 000-ზე მეტი უძრავი ქონების ობიექტი დაზიანდა, მათ შორის ჩემი ბინაც. ეს იმიტომ მოხდა, რომ ათასობით ტონა ამონიუმის ნიტრატი წლების განმავლობაში დაუდევრად ინახებოდა პორტის საწყობში, საცხოვრებელ უბნებამდე ფეხით სავალ მანძილზე. რამდენიმე პოლიტიკურმა, სასამართლო, სამხედრო და უშიშროების მაღალჩინოსანმა იცოდა საშიში მასალის შესახებ, მაგრამ არაფერი გაუკეთებია მის მოსაშორებლად.
სახელმწიფოს არ ჩაუტარებია არანაირი აღდგენითი ოპერაცია და არც ორგანიზებული საგანგებო რეაგირება მომხდარა. ამიტომ, მთელი ქვეყნის მოქალაქეები ბეირუთში შეიკრიბნენ, ნიჩბებითა და ცოცხებით შეიარაღებულნი. მოხალისეებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყეს უფასო საკვებისა და წყლის ფარდულები.
ოთხი შვილის დედას, ჟულიანა აბუ ნადერს მაშინ შევხვდი, როდესაც ეტლს მაღაზიების ნანგრევებთან მიაგორებდა. მან თავისი მშობლების ბინაში დამპატიჟა. იქ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად ოთხ შვილთან და მეუღლესთან ერთად მას შემდეგ, რაც ბუღალტრის თანამდებობა დაკარგა. მომცრო ბინაში მისი ორი დაც ცხოვრობდა. დღეს მისი ქმრის ყოველთვიური ხელფასი (ის ელექტრიკოსია კომუნალურ სამსახურში) საშუალო დონის რესტორანში სადილის შესაძენადაც არ არის საკმარისი.
„როდის დასრულდება კრიზისების ეს წყება?“ – მკითხა აბუ ნადერმა. მას აღელვებდა ის, რომ აფეთქებას შეიძლება ფსიქოლოგიური გავლენა მოეხდინა მის შვილებზე, აფიქრებდა, თუ როგორ შეძლებდა მათ აღზრდას ისეთ სახელმწიფოში, რომელიც არ იცავს საკუთარ ხალხს; როგორ მომავალზე შეიძლება იოცნებონ, როდესაც განათლებული პროფესიონალები ვერ პოულობენ სამსახურს და ვერ იღებენ საარსებო მინიმუმს. „ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩემთვის ყველაზე რთულია ქვეყნის დატოვებაზე ფიქრი, თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ ამაზე. წასვლა რომ შემეძლოს, წავიდოდი“, – მითხრა აბუ ნადერმა.
„ყოველთვის, როდესაც თვალს ვხუჭავ, ის მომენტი მახსენდება“, – მითხრა აბუ ნადერის უმცროსმა დამ, ჯოვანა ჰელუმ. რომელი მომენტი? – ვკითხე. „ხმა. ოთახში მინარცხება. მტვერი. ერთმანეთს ვერ ვხედავდით. წამებში ყველაფერი შეიცვალა“. შემდეგ განაგრძო: „მე საპროტესტო გამოსვლებში ვმონაწილეობდი. გვამცირებდნენ. გვცემდნენ. აფეთქების დღეს, სანამ ეს მოხდებოდა, მამაჩემი და მე ენერგომომარაგების კომპანიაში ვიყავით და ვცდილობდით გაგვერკვია, რატომ არ გვქონდა დენი ორი კვირის განმავლობაში. ეს ცხოვრებაა?“

ეს ოჯახი ჩემი ბინიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე ცხოვრობდა. ჩემი სახლი, ისევე როგორც ყველაფერი სხვა ჩემ ირგვლივ, ძლიერ დაზიანდა. ჩემი და მთავარ ქუჩაზე გავიდა, რათა ვინმესთვის უანგარო დახმარება ეთხოვა მძიმე ნაგვისა და დამტვრეული მინების გასატანად. მას ოცდასამი ახალგაზრდა შეჰყვა.
მრავალჯერ ვყოფილვარ ამ საზოგადოების სულისკვეთების და გამბედაობის მოწმე, რომელიც არ ნებდება და არ უშინდება სირთულეებს. 2006 წელს სამხრეთ ლიბანში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდი, როდესაც ეს რეგიონი სასტიკად დაბომბა ისრაელმა. ტერიტორია სავსე იყო სახლებისა და ინფრასტრუქტურის ნაცრისფერი ნანგრევებით. ცოტა თუ ბედავდა სიარულს გადათხრილ გზებზე, სადაც პოტენციური სამიზნე იყო ყველაფერი, რაც მოძრაობდა. ერთ დღეს, არსაიდან, ახალი მოდელის თეთრი ფერის მერსედესის კაბრიოლეტმა ჩამიარა, წარწერით „ახალდაქორწინებულები“ – ტიპური ჯიუტი ჟესტი, შეხსენება იმისა, რომ ცხოვრება გრძელდება. სხვა ალტერნატივა უბრალოდ ლიბანური არ არის.
ლიბანი იმდენად მცირე ელემენტარულ პირობებს სთავაზობს თავის მოქალაქეებს, რომ ბეირუთის მრავალი რაიონის მსგავსად, ქალაქებმა და სოფლებმა თვითონ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და იქცნენ ერთგვარ მინირესპუბლიკებად. ბეირუთის გაჭირვება ფართოდ არის ცნობილი. მაგრამ მინდოდა მენახა, თუ როგორ ცხოვრობდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული კუთხე. ამიტომ აკარში, ჩრდილოეთ ლიბანის ღარიბ მუჰაფაზაში გავემგზავრე. იქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქალაქების მართვაში მონაწილეობდნენ, მათ შორის აბდულ რაჰმან ზაქარია.
ერთი თვით ადრე, სანამ ზაქარიას ბანკის გაძარცვაში მონაწილეობისთვის დააპატიმრებდნენ, იგი თავის მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღე ნაგავს აგროვებდა მშობლიურ ქალაქ თიქრითში, მას შემდეგ, რაც ამ ტიპის მომსახურებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური საბჭო გადადგა. ნარჩენების გატანის საფასურზე მოლაპარაკებას სწორედ ზაქარია აწარმოებდა (ნაგავსაყრელის ხელმძღვანელებმა მას ფასდაკლება შესთავაზეს, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს სამოქალაქო ძალისხმევა იყო). სწორედ ზაქარიამ შემოიარა 11 000 ადამიანით დასახლებული ქალაქი, როდესაც შეწირულობას აგროვებდა 700-დოლარიანი ყოველთვიური გადასახადის დასაფარად.
ეს 30 წლის მამაკაცი ბანკის მძარცველი არ არის, ის უფრო თანამედროვე რობინ ჰუდს ჰგავს. 2022 წლის 14 სექტემბერს უმუშევარმა ზაქარიამ და მისმა თიქრითელმა მეგობარმა საწვავის ფული ისესხეს ბეირუთში წასასვლელად. იქ ახლდნენ კიდევ ერთ მეგობარს, სალი ჰაფიზს, როდესაც იგი ძმისშვილის სათამაშო პისტოლეტით ბანკში შეიჭრა, მოითხოვა და მიიღო საკუთარი ფული – დაახლოებით 13 000 ამერიკული დოლარი. ჰაფიზს ეს უმცროსი დის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული. ის დაჭერას გადაურჩა (თუმცა მოგვიანებით თვითონ ჩაბარდა), მაგრამ ზაქარია და მისი მეგობარი დააკავეს და ცხრა დღეში გამოუშვეს. „კიდევ გავაკეთებდი ამას“, – მითხრა ზაქარიამ გათავისუფლებიდან მეორე დღეს და დასძინა, რომ ყოველთვის მზად იყო ნებისმიერის დასახმარებლად.
აი, რად გადაიქცა ლიბანი: ადგილად, სადაც ათზე მეტმა ადამიანმა ბანკები გაძარცვა საკუთარი დანაზოგის გამოსატანად, მოქალაქეებს კი თვითონ უწევთ ძირითადი სოციალური სერვისების ორგანიზება. ხშირად მსმენია, თუ როგორ აკრიტიკებენ ლიბანელები, განსაკუთრებით დიასპორის წარმომადგენლები, სამშობლოში მცხოვრებთა აპათიას. რატომ არ აპროტესტებენ? როგორ იტანენ ასეთ დამცირებას? ზაქარიამ სცადა პროტესტი. იგი ცნობილი აქტივისტი გახდა. საფანტის ბურთულები ჯერ ისევ მის სხეულშია. „არავინ მოგვისმინა. არაფერი შეცვლილა“, – მითხრა მან. ამასთან, იგი ახლა ძალიან დაკავებულია, რადგან ადამიანებს ეხმარება.
მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი, თუნდაც მეგობრებთან ერთად, რამდენს მოახერხებს. ნაგავი თიქრითში ისევ გროვდებოდა. „დავიღალე, ძალიან გამომფიტველია, დაფინანსებაც არ არის“, – მითხრა ზაქარიამ. მას აღარ სურდა კიდევ ეთხოვა შეწირულობა ქალაქის მოსახლეობისთვის, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს. ზაქარიამ აკარის გუბერნატორს მიმართა, რომელმაც თავიდან მოიშორა იგი და ურჩია „თავისი პრობლემები თავად მოეგვარებინა“. მაგრამ ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ სასოწარკვეთას არ დანებდებოდა. „არ ვარ დაქორწინებული და სამუშაოც არ მაქვს. რა მაქვს დასაკარგი? ყველაფერი რაც გამაჩნია, სოფელია და ყველაფერს გავწირავ მისთვის“.


(მარცხნივ) ბაალბექში, ბექაას ხეობაში, რომაულ ნანგრევებს შორის, ბახუსის ტაძარია აღმართული. ბაალბექი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ქვეყანა მდიდარია ნანგრევებით, რომლებშიც ასახულია ყველა ის ცივილიზაცია, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე. მათ შორის იყვნენ სპარსელები, ბიზანტიელები, ომაიანები, ასევე ჯვაროსნები.
(მარჯვნივ) ბატრუნში თანამედროვე რესტორნები და კლუბები უძველეს ნანგრევებთან და ისტორიულ ეკლესიებთან თანაარსებობს. ჩრდილოეთ ლიბანის ეს ქალაქი მსხვილი ტურისტული ცენტრია. ის ცნობილია აქტიური ღამის ცხოვრებით და ძვ. წ. I საუკუნის ტალღამრიდი კედლით, რომელიც მძვინვარე წყლებისა და დამპყრობლებისგან დასაცავად იყო აღმართული.
მიმდებარე ქალაქ ბეიტ-მელატში და უფრო მოშორებით – მემნააში, პირობები უკეთესია მხოლოდ იმიტომ, რომ თიქრითისგან განსხვავებით ორივეს დიდი დიასპორა ჰყავს, რომელსაც დახმარებისთვის მიმართავენ. ქვეყანაში დარჩენილი ოჯახის წევრების დახმარება ტრადიციული მოვლენაა ლიბანისათვის, მაგრამ 2019 წლიდან ქვეყნის საზღვრებს მიღმა მყოფმა ლიბანელებმა ორგანიზება გაუკეთეს უამრავ ინიციატივას, რათა დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს, მეგობრებსა და უცნობებსაც კი სამედიცინო და სასურსათო პრობლემების მოგვარებაში, ზოგჯერ „ქრაუდსორსინგითაც“ სოციალურ მედიაში.
მემნააში 66 წლის სოფლის მუხტარს (ეს თანამდებობა დაახლოებით მერის ეკვივალენტურია), ჰანა იბრაჰიმს ვესტუმრე სახლში. მისი ოთხი შვილიდან სამი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის უფროსი ვაჟი შარბელი. 2019 წელს ავსტრალიაში შარბელმა დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Steps of Hope (იმედის ნაბიჯები), რომელიც მთელს ლიბანში ოპერირებს პარტნიორობის, საქველმოქმედო სასადილოების გახსნის, სურსათის მიწოდების, მედიკამენტების და მცირე ზომის მზის პანელების განაწილების (სტუდენტების დასახმარებლად, რათა მათ ღამითაც შეძლონ მეცადინეობა) მიმართულებით. მისი პირველი დიდი პროექტი იყო 580 სახლის შეკეთება ბეირუთში აფეთქების შემდეგ, რისთვისაც შარბელის საქველმოქმედო ორგანიზაციამ სწრაფად შეაგროვა დაახლოებით მილიონი დოლარი. შარბელი და კიდევ 20 ადამიანი 400-მდე ლიბანელი ავსტრალიელიდან, რომლებიც წარმომავლობით მემნაადან არიან, წელიწადში დაახლოებით 100 000 დოლარს სწირავენ თავის სოფელს.
„რომ არა ჩვენი შვილები საზღვარგარეთ, ჩვენი სოფელი ძლიერ დაზარალებული და დამცირებული იქნებოდა“, – მითხრა მემნაას მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელმა ჟოსეფ იუსეფმა. ლიბანელი ავსტრალიელები დაეხმარნენ დიზელის გენერატორის შეძენაში და საწვავის საფასურსაც ისინი იხდიან. მათ შეაგროვეს ფული წყლის ტუმბოს შესაძენად, ყოველთვიურ სტიპენდიას კი 24 ოჯახი იღებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ნათესავები არ ჰყავთ.
ბეიტ-მელატი კიდევ უფრო ძველი დიასპორის იმედზეა: ესენი არიან ლიბანური წარმოშობის მექსიკელები, რომელთა წინაპრები პირველად 1800-იან წლებში წავიდნენ. ისინი დაეხმარნენ ნათესავების გვიანდელ ტალღას, რომლებიც ლიბანის სამოქალაქო ომის დროს გაიქცნენ. „ჩვენ 7000 ადამიანი გვყავს დიასპორაში და მათი უმეტესობა მექსიკაშია“, – მითხრა შაჰინ შაჰინმა, მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელმა. მექსიკაში იმდენი ადამიანია ბეიტ-მელატიდან, რომ მეხიკოს მახლობლადაც არის ქალაქი ბეიტ-მელატი.
ერთ თბილ დღეს ბეიტ-მელატში ყავას მივირთმევდი ტოფიკ ჟაიტანისთან ერთად, მისი მდიდრული ვილის აივანზე. 79 წლის ქსოვილებით მოვაჭრემ ლიბანი 1968 წელს დატოვა და ერთ-ერთი ლიბანელი მექსიკელია, რომელიც ქალაქს ეხმარება. წელიწადში რამდენიმე თვეს იგი ლიბანში ატარებს. აივნიდან მოჩანს ულამაზესი ტერასებიანი ბაღი ხეხილითა და ზეთისხილის ხეებით. ერთადერთი ფიჭვი სხვა მცენარეებს ზევიდან დაჰყურებს. „1880 თუ 1890 წელს ჩემმა განსვენებულმა ბებიამ დარგო“, – მითხრა ჟაიტანიმ. მე მას დავუსვი კითხვა, რომელზეც თვითონ მიჭირს პასუხის გაცემა: რატომ არის იგი ისევ ლიბანთან დაკავშირებული? რამ აიძულა დაბრუნება?
„ეს იდუმალი მიზიდულობაა“, – დიდი ხნით გაჩუმდა. შემდეგ დაამატა: „ჩვენი სისხლი გვიბიძგებს აქეთ; მიუხედავად უამრავი რაღაცისა, რასაც აქ ვხედავ არასწორს, მაინც არ შემიძლია თავს შევეწინააღმდეგო. არ შემიძლია არ დავბრუნდე“.

ძნელია გიყვარდეს არეული ქვეყანა, რომელიც თავისი შვილების „ექსპორტით“ გამოირჩევა. ლიბანი დიდი ხანია ის ადგილია, საიდანაც ხალხი მიდის: გაურბიან ომს, პოლიტიკურ არასტაბილურობას, სიღატაკეს და შიმშილს. მიდიან ცოდნისა და განათლების მისაღებად, დიასპორაში თავის ოჯახთან გაერთიანებისა და უბრალოდ უკეთესი ცხოვრებისათვის. ჩემი წინაპრები პირველად 1800-იანი წლების ბოლოს წავიდნენ.
ძალიან ბევრ ლიბანელს ახლა ერთი კითხვა აწუხებს: დარჩნენ თუ წავიდნენ? 2019 წლის შემდეგ მოთხოვნა საზღვარგარეთის პასპორტზე ათჯერ გაიზარდა. ამან გამოიწვია ის, რომ წელიწადზე მეტი ხნის ლოდინი გჭირდებათ პირველი ვიზიტის დანიშვნამდე, რაც მხოლოდ საბუთების ჩაბარების ეტაპია. ვისაც ლოდინი ან პასპორტის შეძენა არ შეუძლია, ზღვით ცდილობს გადასვლას, რომელიც უძველესი დროიდან ჰპირდებოდა ადამიანს ახალ მიწებს და ახალ ცხოვრებას. ათობით ადამიანი დაიღუპა მუხანათური წყლების გადაკვეთისას.
ბევრი მშობელი, ვისაც ვიცნობ, ოჯახთან ერთად წავიდა. ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც დარჩა, ხშირად იმეორებს: „ქვეყანა სასტუმრო არ არის, საიდანაც შეიძლება წახვიდე“. უმეტეს დროს სიყვარულსა და ბრაზს შორის მერყეობაში ვატარებ. განვიცდი ეკონომიკური კოლაფსით გამოწვეულ ტკივილს და ეგოისტური პოლიტიკური კლასის უპასუხისმგებლობას, რომელსაც არ სურს დაეხმაროს საკუთარ ხალხს.
მე დიასპორის შვილი ვარ და ასევე ჩემი სამშობლოს ნაწილი. დედაჩემის მსგავსად, მთელი ცხოვრების მანძილზე ორ სამყაროს შორის ვმოძრაობ. როგორც მრავალი ლიბანელი, მეც დიდი ხნით მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან, მაგრამ ვერასოდეს მივატოვებ მას.
როდესაც ჩემს ბინაში შევედი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში აფეთქებამ დაანგრია, თან განსვენებული ბებიაჩემის ხსოვნა მახლდა. გამახსენდა, როგორ მეუბნებოდა, რომ ომის დროს სახლის ნანგრევებიდან ჩანგალიც ვერ გამოიტანა და თავს იღბლიანად ვთვლიდი. სამზარეულოს უჯრაში ჯერ კიდევ მქონდა დანა-ჩანგალი. ჩემი ბინა შევაკეთე და დავიფიცე, რომ იმიტომ არ ვარემონტებდი, რომ მერე მიმეტოვებინა. ეს ღალატის, დანებების შეგრძნება იქნებოდა. როდესაც ეს შენი სახლია, დიდი ძალისხმევა სჭირდება ადათ-წესებისა და მიჯაჭვულობის გაწყვეტას, თუმცა ვიცი, რომ პრივილეგირებული ვარ. ბევრისგან განსხვავებით, ჩემი ავსტრალიური პასპორტისა და ჯიბეში არსებული დოლარების წყალობით გარანტირებული გასვლის და არჩევანის გაკეთების საშუალება მაქვს.
აფეთქების შედეგად ჩემს ბინაში ძველი სამნაწილიანი ფანჯრის გარდა ყველა მინა დაიმსხვრა. მე ის ინსტალაციად გადავაქციე და კედელზე დავამაგრე. ზედ დატანილია არაბული კალიგრაფიით შესრულებული სიტყვები, რომლებიც გამოხატავს ჩემი მშობლების სურვილს: სამთაღოვან ფანჯარაში ფაირუზის ლირიკაა გადმოცემული მკაფიო შავი შრიფტით და იმ იმედით, რომ სადმე სხვაგან თუ აღმოვჩნდი, ნიავი სახლში დამაბრუნებს.
რანია აბუზეიდი ბეირუთელი ჟურნალისტია, რომელმაც სირიის ომის შესახებ ორი წიგნი დაწერა. სტამბოლში მცხოვრებმა რენა ეფენდიმ ოთხი წელი მიუძღვნა ლიბანში განვითარებული მოვლენების გაშუქებას.