ცხოვრება უფრო დიდხანს და ჯანმრთელად
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მეცნიერები ავლენენ დაბერების რთულ ნიუანსებს და ეძებენ მედიკამენტებს ამ პროცესის შესანელებლად ან სულაც – შემოსაბრუნებლად.


ცხოვრება უფრო დიდხანს და ჯანმრთელად
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მეცნიერები ავლენენ დაბერების რთულ ნიუანსებს და ეძებენ მედიკამენტებს ამ პროცესის შესანელებლად ან სულაც – შემოსაბრუნებლად.
მეცნიერები დიდი წარმატებით ახერხებენ, რომ თაგვს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ.
ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში პაციენტებს ხშირად უნიშნავენ რაპამიცინს, რომელიც გვიცავს ორგანოს მოცილების რეაქციისგან. ეს მედიკამენტი საშუალო ასაკის თაგვს 60 პროცენტითაც კი უზრდის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. სენოლიზური მედიკამენტები გერიატრიულ თაგვს ეხმარება, რომ ფიზიკური აქტიურობა შეინარჩუნოს. დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მეტფორმინი და აკარბოზა), კალორიების უკიდურესი შეზღუდვითა თუ სხვა ჩარევებით, ღრმად მოხუცებული თაგვი კვლავ ენერგიულად დაძრწის ლაბორატორიის გალიაში. უახლესი გეგმის მიხედვით, ჩვენ მკვეთრად უნდა შევკვეცოთ თავად დაბერების პროცესი და ძველი უჯრედები გავაახალგაზრდავოთ.
„თუ თაგვი ხარ, იღბლიანი ყოფილხარ, რადგან უამრავი გზაა შენი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად“, – ამბობს მოლეკულური ბიოლოგი სინთია კენიონი. „ამასთან, დღეგრძელი თაგვები ძალიან ბედნიერებიც ჩანან“.
და რა ხდება ადამიანებთან დაკავშირებით? რამდენად შეუძლიათ მეცნიერებს ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება და რამდენად შორს უნდა წავიდნენ? 1900-2020 წლების პერიოდში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორზე უფრო მეტჯერ გაიზარდა და 73,4 წელს გაუტოლდა, მაგრამ ეს აღსანიშნავი მიღწევა გარკვეულ ფასად მივიღეთ: შემაშფოთებლად გახშირდა ქრონიკული და დეგენერაციული დაავადებები. დაბერება უდიდეს რისკფაქტორად რჩება კიბოს, გულის დაავადების, ალცჰაიმერის, დიაბეტი ტიპი 2-ის, ართრიტისა თუ ფილტვის დაავადების გასავითარებლად. რთულია წარმოიდგინოთ ვიღაც, ვისაც სურს უფრო დიდხანს სიცოცხლე, თუ ეს ნიშნავს უღონობის და სხვის დახმარებაზე დამოკიდებულების უფრო მეტ წელს.

მაგრამ თუ თაგვის ექსპერიმეტები მიგვიყვანს ბებერი უჯრედების გამაახალგაზრდავებელ მედიკამენტებამდე ან თერაპიებამდე, რომლებიც ანელებენ და რიგ შემთხვევებში სრულიადაც აფერხებენ დაზიანებული უჯრედების წარმოქმნას, მაშინ ბევრად მეტი ჩვენგანი მიაღწევს 80-90 წლის ასაკს ტკივილების, ავადმყოფობის გარეშე და უფრო მეტი ადამიანი „შესწვდება“ დღეისთვის მიღებულ ბუნებრივ მაქსიმუმს – 120-125 წელს. ინდუსტრიულ ქვეყნებში 6000 ადამიანიდან ერთი აღწევს 100 წელს და 5 მილიონიდან ერთი გადასცდება 110 წელს. ამ მხრივ რეკორდი ეკუთვნის ფრანგ ჟანა კალმანს, რომელიც 122 წლის და 164 დღის გარდაიცვალა.
როგორც ჩანს, ადამიანის ბიოლოგიას შეუძლია ოპტიმიზება და სიცოცხლის გახანგრძლივება. ამ კოდის გამშიფრავს წარმოუდგენელი სიმდიდრე ელოდება. არც არის გასაკვირი, რომ ინვესტორები მილიარდებს „ისვრიან“ მსგავსი მცდელობების დასაფინანსებლად. ამ მხრივ გამოირჩეოდა Google-ი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით 2013 წელს ფუნქციონირება დაიწყო Calico Life Sciences-მა, სადაც კენიონი ვიცეპრეზიდენტია დაბერების კვლევის მიმართულებით.
მათი სამუშაო ტექნოლოგიურად ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტს, დიდ მონაცემებს, უჯრედულ რეპროგრამირებას და იმ ურიცხვი მოლეკულის შესწავლას, რომლებიც ჩვენს სხეულს გამართულად ამუშავებენ. ზოგიერთი მეცნიერი სიბერის „მკურნალობაზეც“ კი ლაპარაკობს.

უკვე საუკუნეებია, რაც მარადიულ ახალგაზრდობას ვესწრაფვით, მაგრამ სულ რაღაც 30 წლის წინ დაბერებისა და დღეგრძელობის შესწავლა იმდენად ღრმა სამეცნიერო „ჭაობში“ ეფლობოდა, რომ სინთია კენიონს ახალგაზრდა ასისტენტების მოძიებაც კი უჭირდა თავის ექსპერიმენტებში ჩასართავად. იმ პერიოდში კენიონმა პაწაწინა ნემატოდას (C. elegans) ერთი გენი შეუცვალა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა გააორმაგა. ეს მუტანტები ავლენდნენ ახალგაზრდულ ქცევებს და მარდად დასრიალებდნენ მიკროსკოპის ქვეშ, ხოლო მათი გენშეუცვლელი თანატოლი ინდივიდები ადგილიდან ვერ იძვროდნენ.
კენიონის განსაცვიფრებელი აღმოჩენა მიუთითებდა, რომ დაბერების მართვა შესაძლებელია და აღნიშნულ პროცესს აკონტროლებს გენები, უჯრედული გზები და ბიოქიმიური სიგნალები. „ამ სფერომ რაღაც შეუცნობელი სამყაროდან გადმოინაცვლა ნაცნობ მეცნიერებაში, რომელიც ყველას ესმოდა, – ამბობს იგი, – და ყველას შეეძლო იმავეს გაკეთება. ამგვარად, კვლევები გაფართოვდა“.
თუმცა, სიკვდილის შეფერხება ჭიებსა და თაგვებში არ ნიშნავს, რომ მსგავსი მეთოდი ადამიანთან მიმართებითაც წარმატებით იმუშავებს. ბიოტექნოლოგიურ კომპანიათა მკვლევრები ამოწმებენ სენოლიზურ პრეპარატებს ალცჰაიმერის საწყისი სტადიის, პოსტკოვიდური სინდრომების, თირკმლის ქრონიკული დაავადების, კიბოგადატანილ პაციენტებში სისუსტის და დიაბეტის გართულებების (იწვევს სიბრმავეს) სამკურნალოდ. კლინიკური ცდების ეტაპზეა დაბერების საწინააღმდეგო სხვა ქიმიური პრეპარატებიც, თუმცა ამ ექსპერიმენტული მედიკამენტებიდან, თაგვებში რომ საოცარი ეფექტი გამოავლინეს, ჯერ არცერთი არ დაუმტკიცებიათ ბაზარზე გასაყიდად.

„უამრავი მიდგომაა, – ამბობს კენიონი, – არ ვიცით, მათგან ერთი მაინც თუ იმუშავებს. ან, იქნებ, ყველამ გაამართლოს! შეიძლება, მათი კომბინაციით მივიღოთ ზღაპრული შედეგი. ჩვენ ბევრი სხვადასხვა მეთოდი უნდა ვცადოთ და ზუსტად ამას ვაკეთებთ“.
უოლტ კრომპტონი ბიომედიცინის ინჟინერია და წინათ სილიციუმის ველზე (Silicon Valley) მუშაობდა. ახლა უკვე 69 წლისაა – თეთრი თმითა და ბნელი ფიქრებით სიბერის მოახლოებაზე. „მიმოიხედავთ და ამჩნევთ, რომ თქვენი თანატოლები ერთიმეორის მიყოლებით იხოცებიან, საშინელი დაავადებები აწუხებთ. პატარ-პატარა ტკივილებს გრძნობთ, შემდეგ კი უცებ მუხლი მოგეკვეთებათ სირბილისას, ასე და ასე… ხან რა გაწუხებთ და ხანაც რა“, – ამბობს იგი.
კრომპტონის გონება სრულიად მოიცვა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ფოკუსირებულმა კვლევებმა. იგი გაეცნო თაგვზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს და დაესწრო კონფერენციებს, სადაც მეცნიერები საუბრობდნენ დაბერების მექანიზმებზე – იმ ურთიერთგადახლართულ კავშირებზე, რომლებიც თავგზას გვიბნევს ჩვენი ბიოლოგიის შესწავლისას.
ქრომოსომების დამაბოლოებელი უბნები, სახელად ტელომერები, რომლებიც დაცვით ფუნქციას ასრულებენ, მოკლდება. გენომი სტაბილურობას კარგავს და კიბოს გამომწვევი დნმ-ის მუტაციები ხშირდება. ცვლილებები გვხვდება ეპიგენომშიც, რომლის შემადგენელი ქიმიური შენაერთები ემაგრებიან დნმ-ს და არეგულირებენ გენების აქტიურობას. ზოგიერთი უჯრედი ბერდება და წყვეტს ნორმალურ ფუნქციონირებას, თუმცა ზომბის მსგავსად აგრძელებს ცხოვრებას, არ კვდება და გამოყოფს ანთების გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებებს. მეტაბოლური გზები ირღვევა და ისინი ვეღარ რეაგირებენ ნუტრიენტებზე, ლიპიდებსა თუ ქოლესტერინზე. ეს სია უსასრულოდ გრძელდება, სამეცნიერო საზოგადოება კი ვერაფრით თანხმდება, თუ როგორ ზემოქმედებს აღნიშნული ცვლილებები ერთმანეთზე, ან რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველ რიგში გამოსასწორებელი.

ერთ კონფერენციაზე კრომპტონმა უსმინა მეცნიერ გრეგორი ფეის, რომელიც ასე განმარტავდა თავის თეორიას: იმუნოლოგიური დაბერება შექცევადია თიმუსის მკურნალობით; ეს მკერდუკანა პატარა ჯირკვალი დაავადებასთან მებრძოლი T-უჯრედების განვითარების მასტიმულირებელია. ფეი ეძებდა მოხალისეებს, რომ შეემოწმებინა საკუთარი მოსაზრება – რამდენად შეუძლია თიმუსის გაახალგაზრდავება და დაავადებებთან მებრძოლი სხეულის თავდაცვითი მექანიზმების აღდგენა რეკომბინაციული ზრდის ჰორმონის ინიექციებს; ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ ბავშვებს, რომელთაც სიმაღლეში ზრდის შეფერხება აღენიშნებოდათ. და, კრომპტონიც მოხალისედ ჩაეწერა.
Intervene Immune-ის უფროსი სამეცნიერო სპეციალისტი გრეგორი ფეი სახელგანთქმული კრიობიოლოგია. იგი თიმუსით მოიხიბლა მას შემდეგ, რაც ათეულობით წლის წინ ერთი სამეცნიერო კვლევა წაიკითხა: ვირთაგვას იმუნური სისტემა აღადგინეს იმ უჯრედების გადანერგვით, რომლებიც ზრდის ჰორმონებს წარმოშობს.
რეკომბინაციული ზრდის ჰორმონის პატენტი არავის ეკუთვნის და, ამგვარად, ფინანსური დაინტერესებაც ნაკლებია, რომ ვინმემ დანიშნულება შეუცვალოს და დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტად აქციოს; ამასთან, ის ასოცირდება ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკის ზრდასთან. ფეი წარუმატებლად ცდილობდა სხვა მეცნიერების დათანხმებას, რომ კლინიკური ცდები ჩაეტარებინათ. „ასე რომ, ყველაფერი ჩემ თავზე ავიღე და საკუთარი თიმუსის რეგენერაცია დავიწყე იმ ფრაგმენტული ცოდნის საფუძველზე, რაც შემეძლო ამომეკითხა ვირთაგვას კვლევიდან“, – ამბობს იგი.
რადგან აღნიშნული მედიკამენტი დიაბეტი ტიპი 2-ის რისკს ზრდის, ფეიმ მკურნალობაში ჩართო ორი აბი: მეტფორმინი და დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) – ჰორმონი, რომელიც აუმჯობესებს გლუკოზის რეგულაციას. ამასთან, მიიჩნევა, რომ ეს ორივე მედიკამენტი ამსუბუქებს დაბერების ეფექტებს. მეტფორმინი შესაძლოა ამცირებდეს ნეიროდეგენერაციული დაავადებებისა და კიბოს შემთხვევებს. აშშ-ში მეცნიერები გეგმავენ კვლევას, რომელმაც უნდა დაადგინოს, განკურნავს ან შეაფერხებს თუ არა მეტფორმინი სიბერესთან დაკავშირებულ სერიოზულ დაავადებებს, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი აღარაფერს უცდის: ისინი უკვე ყოველდღიურად იღებენ მეტფორმინის აბებს.


(მარცხნივ) პროფესორი როშელ ბუფენშტაინი შიშველ მიწისმთხრელს სინჯავს. იგი შეისწავლის დღეგრძელ ცხოველებს და ეძებს იმ გზებს, თუ როგორ შეგვიძლია მათი უნიკალური თვისებების გადმოღება სიბერის უარყოფითი ეფექტების დასამარცხებლად.
დევიდ გუტენფელდერი
(მარჯვნივ) ყვითელფრთიანი ცრუვამპირი ბიოლოგის ხელზე ისვენებს უგანდაში. 19-დან 18 ძუძუმწოვარი, რომლებიც პროპორციულად ადამიანებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ სხეულის ზომის გათვალისწინებით, ხელფრთიანების რიგს მიეკუთვნებიან (ის მე-19 კი შიშველი მიწისმთხრელია).
ნიკოლ სობეკი
კრომპტონი აცხადებს, რომ მან მყისიერად იგრძნო ფეის სამკურნალო მეთოდის შედეგი. „თავს ისე ვგრძნობდი, მეგონა, ერთი ნახტომით გადავევლებოდი შენობებს“. ზედმეტი წონა დიეტის გარეშე დაიკლო. ექსპერიმენტის კიდევ ერთი მონაწილის, 70 წლის ჰენკ პელისიერის თქმით, თეთრი თმის ნაცვლად, თანდათან, ყავისფერი ღერები ამოუვიდა.
ტესტებმა უჩვენა, რომ ზემოხსენებული მკურნალობის მეთოდით უფრო მეტი T-უჯრედი წარმოიქმნა, თიმუსის ცხიმოვნობა გაუჩინარდა, თირკმელი და პროსტატაც გაჯანსაღდა. და, ყველაზე შთამბეჭდავი: ამ ადამიანებმა ბიოლოგიური ასაკის საშუალოდ 2,5 წელი ჩამოიკლეს – რაც ე.წ. ეპიგენეტიკური საათით იზომება. აღნიშნული მეთოდი სისხლს იყენებს დნმ-ის იმ ქიმიური ცვლილებების საზომად, რომლებიც თავის მხრივ ცვლიან გენის ექსპრესიას და აღნიშნავენ დროის გასვლას.
თუმცა, ფეის კვლევა ზედმეტად მცირე მოცულობის აღმოჩნდა რამის დასამტკიცებლად; ამასთან, ის არც პლაცებოს ეფექტზე შემოწმებულა. და მაინც, ამ ექსპერიმენტმა „მაცდურად“ მიგვანიშნა, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლოა ადამიანმა შეიმციროს ბიოლოგიური ასაკი. აღნიშნული იდეით ეპიგენეტიკური საათის გამომგონებელი, სტივ ჰორვათიც მოიხიბლა. ახლა ეს 55 წლის გენეტიკოსი და ბიოსტატისტიკოსი მონაწილეობს უფრო ფართო ექსპერიმენტულ კვლევაში, რომელსაც ფეი უძღვება.
72 წლის ფეი თავადაა საკუთარი კვლევის ლაბორატორიული ზღვის გოჭი და იგი განაგრძობს ზემოხსენებული ჰორმონის ინიექციებს. „სამწუხაროდ, მე ვბერდები, – ამბობს იგი, – საათი წიკწიკებს. მე სწრაფად უნდა ვიმუშაო არა მხოლოდ ყველას გადასარჩენად, არამედ საკუთარი თავის საშველადაც“.

დედაჩემი დოროთი 98 წლისაა; მისი ვარცხნილობა ყოველთვის მოწესრიგებულია, თხელი აღნაგობისაა და ნელი ნაბიჯებით დადის – ხელჯოხით, მაგრამ წელში გამართული. კვირის განმავლობაში ხშირად სტუმრობს მოხუცთა სახლს, სადაც ესწრება საკლასო ვარჯიშებს, ცეკვავს და ლანჩს მიირთმევს მეგობრებთან ერთად. მას არასოდეს ავიწყდება ახლობელთა დაბადების დღეები ან გადასახადის თარიღები.
მისი მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლე ელოდა. ახალგაზრდობისას ნაცისტურ გერმანიას გამოექცა და არაერთი საშინელება გადაიტანა. სიგარეტს ეწეოდა ათეულობით წლის განმავლობაში. მამაჩემი ყასაბი გახლდათ და ძირითადად წითელი ხორცით ვიკვებებოდით. სასარგებლო ჩვევები რომ დავასახელოთ, ფიზიკურ აქტიურობას ყოველთვის ინარჩუნებდა. ბავშვობისას სპორტულ ბილიკზე დარბოდა, სამსახურში სიარულისას 5 კილომეტრს გადიოდა ფეხით და პენსიაზე გასვლის შემდეგ კვირაში რამდენიმე დღე დადიოდა ცურვაზე.
მეცნიერები შეისწავლიან ჯანმრთელ მოხუცებს და აკვირდებიან 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რათა გაარკვიონ მათი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. კრისტენ ფორტნი, 40 წლის ბიოტექნოლოგი, დიდ მონაცემებს და კომპიუტერულ ჯადოქრობას რთავს აღნიშნული საკითხის გასარკვევად. დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტების შემუშავებისას, უმეტესწილად, ორგანიზმის დაზიანებულ უბნებს უმიზნებენ; ფორტნი კი ცდილობს, წარმატებით მომუშავე პროცესები შეიცნოს.
„მსოფლიოში უამრავი მაგალითია, როცა ადამიანები ისე გასცდნენ 100 წელს, რომ მათი კუნთები კვლავ მუშაობდა, ტვინიც კვლავ ინარჩუნებდა აქტიურობას. ამგვარად, ჩვენ ვიცით, ამის მიღწევა შესაძლებელია“, – ამბობს ფორტნი.


შესაძლოა პერიოდული შიმშილია მიზეზი, რომ კალაბრიაში ამდენი ასწლოვანია. ლონგოს თქმით, მძიმე დროებაში ისინი ცოტას ჭამდნენ, ალბათ, მხოლოდ პასტას (მარჯვნივ) ზეითუნის ზეთითა და პარკოსნებით. თავისი მოსაზრების შესამოწმებლად, ლონგომ შეარჩია 500 მონაწილე ჯანმრთელობის პრობლემებით. ყოველ სამ თვეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმდენს შეჭამს, რომ შიმშილამდე არ მივიდეს: თხილის ან შოკოლადის ფილებს, თავთავიანი პიტნის ან ჰიბისკუსის ჩაის, წყალმცენარის ზეთს, ბოსტნეულის წვნიანს, მულტივიტამინის და მინერალურ დანამატს, ნუშისა და კომბოსტოს „კრეკერებს“, ზეთისხილს, და გლიცერინის სასმელს.
იასპერ დუსტი (ორივე)
ფორტნის კომპანია BioAge Labs-ი (კალიფორნია) აანალიზებს ბიობანკებში დაცულ სისხლსა და ქსოვილებს. ეს ნიმუშები მიბმულია ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებზე და, ამგვარად, ფორტნიმ და მისმა კოლეგებმა იციან სისხლის თითოეული სინჯარის უკან მდგარ ადამიანთა ჯანმრთელობის შედეგები. ისინი ეძებენ იმ ბიომარკერებს, რომლებიც ვლინდება ჯანმრთელი მოხუცების ორგანიზმში. გამომთვლელი მანქანები თითოეულ ნიმუშს ამოწმებენ მიახლოებით, ათობით ათას ცვლადზე – მათ შორის, 7000 ცილაზე. შემდეგ ეს მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავლენენ პოტენციურ სამკურნალო უბნებს და ეძებენ ფარმაცევტულ კომპანიათა იმ მედიკამენტებს, რომლებიც სხვა დანიშნულებით შეიქმნა, უსაფრთხოების ტესტიც გაიარა, მაგრამ ბაზარზე არასოდეს გამოჩენილა.
ფორტნის ჯგუფმა 35-მდე ასეთი მედიკამენტი შეამოწმა თაგვზე ჩატარებული ექსპერიმენტებით; კიდევ 2 პრეპარატი კლინიკური ცდების ეტაპზეა; ერთი უმიზნებს იმუნურ სისტემას, ხოლო მეორე – კუნთების მასასა და ძალას.
კვების დრო იყო, როდესაც ვერა გორბუნოვას სუპერასაკოვნებს ვესტუმრე – 300 შიშველ მიწისმთხრელს. მაცივარში უხვად ინახებოდა საკვები, მათ შორის ვაშლი, სიმინდი, ნიახური, სალათა რომენი, ყურძენი, ბანანი, კარტოფილი, ბატატი, სტაფილო – ყველაფერი ნატურალური.
ტყვეობის პირობებში შიშველ მიწისმთხრელებს შეუძლიათ 40 წელზე მეტი იცოცხლონ, რაც 10-ჯერ აღემატება მათი ზომის მღრღნელებისთვის ტიპურ საშუალო მაჩვენებელს. ამ პატარა, ნაოჭებიანი და წინა კბილებგადმოყრილი არსების მსგავსი რაციონით რომ ვიკვებებოდეთ, ალბათ, ჩვენც უფრო დიდხანს ვიცოცხლებდით. გორბუნოვა და მისი მეუღლე, ასევე ბიოლოგი, ანდრეი სელუანოვი შიშველ მიწისმთხრელებს შეისწავლიან იმ იმედით, რომ მათ „მოპარავენ“ ხანგრძლივ სიცოცხლეზე მიმართულ ადაპტაციებს. „თითოეულ დღეგრძელ ცხოველში ჩვენ ვპოულობთ რაღაც ახალს. სიგიჟეებს!“, – მეუბნება გორბუნოვა.

ზოგიერთი ცხოველის ფენომენალური დღეგრძელობის საიდუმლომ მსოფლიო კვლევებს მისცა ბიძგი. მკვლევრებმა გადაიტანეს არქტიკული შტორმები თუ ზღვის ავადმყოფობა გრენლანდიური პოლარული ზვიგენების შესასწავლად. ეს ცხოველი, სულ ცოტა, 250 წელს ცოცხლობს – შეიძლება ერთი-ორი საუკუნით მეტსაც. ჩრდილოეთ ისლანდიაში მეცნიერებმა ოკეანის ფსკერი „გადათხარეს“ და 507 წლის ორსაგდულიან მოლუსკს (Arctica islandica) მიაგნეს. ბირმინგემის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, ჟუან პედრო დე მაგალიანესმა, რომელიც დნმ-ში ეძებს „გასაღებებს“, გრენლანდიური ვეშაპის გენომის თანმიმდევრობა განსაზღვრა – 54 500 კილოგრამი წონის ბეჰემოთისა, რომელიც ყველაზე დღეგრძელ ძუძუმწოვრად მიიჩნევა, თუმცა გადაშენების საფრთხის ქვეშაა დაბინძურებისა და სხვა საფრთხეთა მიზეზით. იგი თანამშრომლობდა ასევე გორბუნოვასა და სელუანოვთან შიშველი მიწისმთხრელის გენომის გამოსაკვლევად.
გორბუნოვამ მიჩვენა თავისი ლაბორატორიის სხვა ბინადრებიც: დამარის მიწისმთხრელები, ჩილეური მღრღნელები, სახელად დეგუსი – ცოცხალი ნიმუში ალცჰაიმერის შესასწავლად; ასევე, აფრიკული ეკლიანი თაგვი, რომელიც თითქმის მითიურ ძალებს ფლობს კანისა და ხრტილის რეგენერაციისთვის. საყინულე გავსებულია ციყვების, კურდღლების, მაჩვზღარბების, თახვების, თაგვების, ღამურებისა და ორი ათეული სხვა ცხოველის ქსოვილით.
გრენლანდიურ ვეშაპში გვხვდება ადამიანზე 1000-ჯერ მეტი უჯრედი, რაც მას მკვეთრად უნდა უზრდიდეს კიბოს გამომწვევი მუტაციის რისკს. მაგრამ ისინი კიბოთი არ ავადდებიან. კვლევებმა უჩვენა, რომ გრენლანდიური ვეშაპი საოცრად ეფექტური და ზუსტია დნმ-ის აღდგენისა და უჯრედული სიჯანსაღის შენარჩუნების მხრივ. გორბუნოვამ დაადგინა, რომ ამ სუპერძალას ავლენენ სხვა დღეგრძელი ცხოველებიც, მათ შორის, შიშველი მიწისმთხრელები.
ღამურები ისე ოსტატურად აკონტროლებენ ანთებით პროცესებს, რომ მათ შეუძლიათ ვირუსებს უმასპინძლონ, მაგრამ არ დაავადდნენ – ამ უნარმა გლობალური ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ღამურები პანდემიის გამომწვევი კორონავირუსის წყაროდ მიიჩნიეს. „ღამურები კოვიდამდეც გვაინტერესებდა“, – ამბობს გორბუნოვა. მეცნიერთა ვარაუდით, ქრონიკულ ანთებას, რომელიც ხშირად პროგრესირებს დაბერების კვალდაკვალ, სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი შემთხვევა მიეწერება მთელ მსოფლიოში.
და შიშველი მიწისმთხრელები? დაბერების საწინააღმდეგო მათი ერთ-ერთი საოცრება ჰიალურონანია – წებოვანი შაქარი, რომელსაც შემაერთებელი ქსოვილი გამოყოფს. ამ ნივთიერებას ჩვენც გამოვიმუშავებთ და როგორც ინგრედიენტს, ხშირად ვიყენებთ დაბერების საწინააღმდეგო კანის კრემებში, მაგრამ გორბუნოვასა და სელუანოვის აღმოჩენით, შიშველი მიწისმთხრელების ვერსიას ჩვენგან განსხვავებული სტრუქტურა ახასიათებს: ის ბევრად უფრო დიდი ოდენობის ჰიალურონანს შეიცავს და ნაკლებადაც დეგრადირდება. ჰიალურონანი შიშველი მიწისმთხრელების კანს ანიჭებს არამარტო საკმარის დრეკადობას, რომ ვიწრო გვირაბებში გაძვრნენ, არამედ ეს ნივთიერება სიმსივნეებსაც თრგუნავს, ბიოლოგთა აღმოჩენის თანახმად.

დღეგრძელობის შემსწავლელ მეცნიერებს თავიანთი სიბერეც გარდაუვლად ჩააფიქრებთ. გარკვეულ ასაკს რომ გადააბიჯებენ, არაერთ მეთოდს მიმართავენ მოლეკულური დაზიანების თავიდან ასარიდებლად. გორბუნოვა 51 წლისაა და იგი ზღვის წყალმცენარეებს მიირთმევს Sirtuin 6 ცილის გასააქტიურებლად, რომელიც ეხმარება დნმ-ის რეპარაციასა თუ გენომის სტაბილურობას.
გორბუნოვა ადამიანებს არ შეისწავლის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც დღეგრძელ ცხოველებად მივიჩნევით და ყველა სხვა პრიმატზე დიდხანს ვცოცხლობთ. გორბუნოვას რწმენით, ერთ თაობაში ჩვენ გვექნება პრეპარატები, რომლებიც სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს ერთი ან ორი ათწლეულით. კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, უკვე დაგვჭირდება ადამიანის ფუნქციური სისტემის ძირეული შეცვლა და შესაძლოა ესეც არ იყოს ფანტასტიკის სფერო. „ვფიქრობ, შესაძლებელია“, – ამბობს იგი.
2006 წელს იაპონელმა შინია იამანაკამ, ღეროვანი უჯრედების მკვლევარმა, მოიფიქრა, თუ როგორ უნდა დაებრუნებინა ზრდასრული უჯრედები კვლავ ემბრიონის მსგავს მდგომარეობაში. ამ აღმოჩენამ რევოლუცია გამოიწვია უჯრედულ ბიოლოგიაში და სახე უცვალა დაავადებათა განკურნებაზე მიმართულ კვლევებს, ხოლო თავად იამანაკამ ნობელის პრემია მიიღო. ახლა მეცნიერები შეუპოვრად ცდილობენ, რომ ზემოხსენებული ტექნიკა, სახელად უჯრედული რეპროგრამირება ან ეპიგენეტიკური რეპროგრამირება, გამოიყენონ დაბერების პროცესის შესაქცევად და მასთან ასოცირებულ დაავადებათა აღმოსაფხვრელად.
„ამ მეთოდით შეიძლება CRISPR-ზე უფრო დიდი შედეგები მივიღოთ“, – ამბობს ბიოლოგი დევიდ სინკლერი და გულისხმობს გენების რედაქტირების ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიას.
2022 წლის დასაწყისში მაღალი რანგის ტექმეწარმეთა ჯგუფმა, მათ შორის, ჯეფ ბეზოსმა, სიბერის კვლევებში ჩართული ვიწრო წრე შეძრა რეპროგრამირების 3-მილიარდდოლარიანი ამბიციური პროექტის წამოწყებით, სახელად Altos Labs-ი. იამანაკა ჩაეწერა მრჩევლის სტატუსით. პროექტში კიდევ სხვა წამყვანი მეცნიერებიც მოიზიდეს პრესტიჟული აკადემიური თანამდებობებიდან. „მეცნიერებაში ხალხი დიდ ფულს არ ჩადებს იქამდე, სანამ მას სარწმუნოობა აკლია“, – ამბობს სტივ ჰორვათი, რომელიც სულ ახლახან გავიდა პენსიაზე კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ლოს-ანჯელესი) და მუშაობა დაიწყო Altos-ში. „ამგვარად, მთავარი შეკითხვაა, შენ და მე თუ მივიღებთ სარგებელს?“
იამანაკამ გამოიყენა 4 ცილა, სახელად ტრანსკრიფციის ფაქტორები (ინიცირებენ და არეგულირებენ გენის ექსპრესიას), რათა წაეშალა ზრდასრული უჯრედების იდენტობა და ისინი საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინა. სამეცნიერო „ნახტომი“, რომ ტრანსკრიფციის ფაქტორები გამოეყენებინათ დაბერებასთან საბრძოლველად, უკავშირდება ხუან კარლოს ისპისუა ბელმონტეს, ორგანოთა რეგენერაციის შემსწავლელ ბიოლოგს. იამანაკას ფაქტორების ჩართვით მას სურდა დროის მხოლოდ ნაწილობრივ დაბრუნება – უჯრედების ახალგაზრდული სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა, თუმცა, ამავე დროს, მათი იდენტობისა და ფუნქციის შენარჩუნება.


დონ ლეკის ექიმებმა ურჩიეს, რომ დემენციის შესანელებლად ახალი რამ შეესწავლა. 2019 წელს იგი ხატვით დაკავდა და ამ დრომდე უკვე 17 000-ზე მეტი სურათი დახატა. ეს ჰობი სოციალიზაციის მოყვარულ 77 წლის დონს დაეხმარა, რომ გადაეტანა პანდემიით განპირობებული იზოლაცია. „იმ პერიოდში დონი ყოველდღე ხატავდა და ამან გადაარჩინა, რადგან მისი ტვინი აქტიურად იყო ჩართული შემოქმედებით პროცესში“, – ამბობს მისი მეუღლე ჯენი ვილუოკი.
დევიდ გუტენფელდერი (მარჯვნივ)
სოლკის ბიოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტში (კალიფორნია) ბელმონტეს გუნდმა გამოიყენა ნაწილობრივი რეპროგრამირება, რომ სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა ნაადრევად დაბერებული თაგვებისთვის და განკურნების პროცესი დაეჩქარებინა ნორმალური ტემპით დაბერებული, კუნთებდაზიანებული მოხუცი თაგვების შემთხვევაში. იმ დროს ისპისუა ბელმონტე აცხადებდა, რომ ექსპერიმენტთა შედეგების გათვალისწინებით, დაბერება „შესაძლოა არ არის მხოლოდ ერთი მიმართულების პროცესი“.
ახლა, როგორც Altos-ის სამეცნიერო დირექტორი, ბელმონტე საჯაროდ აღარ ლაპარაკობს დაბერების ორმხრივობაზე. ეს კომპანია დაჟინებით აცხადებს, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს დაბერების პროცესის უკუქცევა, არამედ – დაავადებათა რეგრესია. მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც მსგავსმა განმარტებამ დააბნია.
„რა განსხვავებაა?“ – ამბობს სინკლერი და თვალებს ატრიალებს.
5 ქცევის გამომუშავებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეიძლება 12-14 წლით გაიზარდოს.
ეს ქცევებია: კვების ჯანსაღი რაციონი, სისტემატური ვარჯიში, წონის რეგულირება, სიგარეტისა და ზედმეტი ალკოჰოლისგან თავის შეკავება.
გენეტიკის პროფესორი სინკლერი არ მალავს, რომ სურს დაბარების პროცესის შეჩერება. მან ათზე მეტი კომპანია დააფუძნა, რათა ხელი შეეწყო დღეგრძელობის ტექნოლოგიებისა და მოლეკულების კომერციალიზაციისთვის. 53 წლის სინკლერი იღებს მეტფორმინს და საუზმეს ასხურებს რესვერატროლს. „მე ვარ ცნობისმოყვარე და მიყვარს ექსპერიმენტები“, – ამბობს იგი. სინკლერი სიმძიმეების აწევაშიც ვარჯიშობს მაღალი ჰორმონალური დონეების შესანარჩუნებლად. ბოლო ხანებში იგი ვეგანურ რაციონზეც გადაერთო. სინკლერი ყურადღებით იკონტროლებს ბიოლოგიურ ასაკს InsideTracker-ში – კომპანია, რომელიც 43 ბიომარკერს აანალიზებს.
როდესაც მის ოფისს ვესტუმრე, სინკლერმა თავისი შედეგები მიჩვენა. ჩვენ შევხედეთ კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ გრაფიკებს. დავიწყეთ C-რეაქტიული ცილით, რომელიც ანთების ინდიკატორია. „20 წლის ბიჭის მაჩვენებელსაც ჩამოვცდები“, – მეუბნება იგი. მან სხვა მონაცემებიც ჩამოშალა და დაასკვნა: „მე ბევრად უფრო ახალგაზრდა ვარ ჩემი ასაკისთვის“.
სინკლერმა გარდაქმნა იამანაკას ფორმულა, მას მოაკლო ერთ-ერთი ტრანსკრიფციის ფაქტორი, რომელიც მონაწილეობდა სიმსივნურ პროცესებში, შემდეგ კი გამოიყენა ნაწილობრივი რეპროგრამირება თაგვებში დაზიანებული მხედველობის ნერვების აღსადგენად. „შედეგი დიდებული იყო, – ამბობს იგი, – მაგრამ, მე დავფიქრდი: თუ ეს მართლაც დაბერების შექცევაა, ჩვენ ისიც უნდა შევძლოთ, რომ დაბერებასთან ასოცირებული დაავადებებიც შემოვაბრუნოთ“. სინკლერმა გადაწყვიტა იმ გერიატრიული თაგვის უჯრედების რეპროგრამირება, რომელსაც სიბერით განპირობებული მხედველობის დაკარგვა აღენიშნებოდა. მისმა კოლეგამ, ოფთალმოლოგიის მკვლევარმა, ფსონი დადო იმაზე, რომ ეს მეთოდი არ იმუშავებდა.
„და, აბა, გამოიცანით, რა მოხდა? – ამბობს სინკლერი, – ცდამ გაამართლა“.
მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა 2020 წელს, სინკლერმა განაგრძო კვლევები და, მისი თქმით, მიღებული სარგებელი, როგორც ჩანს, გრძელვადიანია.

სინკლერმა მიზანში ამოიღო მხედველობის ნერვი, რადგან ის ერთ-ერთი პირველი უბანია, რომელზეც სიბერე ზემოქმედებს. დაბადებიდან მცირე ხანში ჩვენ უკვე ვკარგავთ უნარს, რომ იქ უჯრედები აღვადგინოთ. სინკლერის რწმენით, მისი კვლევები გვთავაზობს რევოლუციურ მოდელს, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ზურგის ტვინის დაზიანებებსა და ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობებს. თუ უჯრედული ასაკის გაახალგაზრდავებას შეუძლია დაკარგული მხედველობის აღდგენა, ამბობს იგი, რატომ არა სიარულისა ან მეხსიერების?
არავინ იცის, როდის ან, საერთოდაც, შეძლებს თუ არა უჯრედული რეპროგრამირების ეს უკიდურესად ამბიციური ტექნოლოგია იმავე შედეგის მიღებას ადამიანებში, რასაც დიდი წარმატებით მიაღწია თაგვების შემთხვევაში. მაგრამ იქამდე ჩვენ ბევრი სხვა მეთოდიც შეგვიძლია ვცადოთ დაბერების შესაფერხებლად. ჰარვარდის მკვლევრებმა გადახედეს ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვებულ მონაცემებს, რომლებიც 123 219 ზრდასრული ადამიანისგან აიღეს აშშ-ში. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ 5 ქცევის გამომუშავებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეიძლება 14 წლით გაიზარდოს ქალების შემთხვევაში და 12 წლით – მამაკაცებში. ეს ქცევებია: ჯანსაღი კვება, სისტემური ვარჯიში, წონის რეგულირება, სიგარეტისა და ზედმეტი ალკოჰოლისგან თავის შეკავება.
„მე ვფიქრობ, რომ აქედან ყველაზე დიდი შედეგის მომტანი – თუ მხოლოდ ერთი მათგანის არჩევას აპირებთ, რასაც არ გირჩევთ – ვარჯიშია“, – ამბობს ლაბორატორიული მედიცინისა და პათოლოგიის პროფესორი მეტ კებერლაინი, რომელიც დღეგრძელობის კვლევითი ინსტიტუტის (ვაშინგტონის უნივერსიტეტი) დირექტორია.
კებერლაინი ჭეშმარიტი მეცნიერია და არა ფიტნესის გურუ, მაგრამ, რაც არ უნდა დაკავებული იყოს, 51 წლის კებერლაინი კვირაში 3 დღე ვარჯიშობს თავის ავტოფარეხში, სადაც სახელდახელოდ მოუწყვია ტრენაჟორები. იგი კუნთების მასის შენარჩუნებას ცდილობს. „50 წელს გადაცილებულ ადამიანთა უმეტესობის შემთხვევაში უმოძრაო ცხოვრების წესით განპირობებული კუნთების მასის დაკარგვა ერთ-ერთი უმთავრესი მანიშნებელია, რომ მოგვიანებით მათ ჯანმრთელობა შეერყევათ“, – ამბობს იგი.
ფიტნესის ექსპერტები დაუსრულებლად კამათობენ, თუ რომელი სავარჯიშო რეჟიმი გვაჯანსაღებს ყველაზე უკეთ და გვმატებს ძალას მოგვიანო ასაკში. კვების ექსპერტებიც მსგავსადვე ვერ თანხმდებიან ოპტიმალური რაციონის შესახებ.
ცხოველთა კვლევები გვაწვდის მყარ მტკიცებულებებს, რომ კალორიების უკიდურესი შეზღუდვა ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, თუმცა, რამდენად ამართლებს მსგავსი მიდგომა ადამიანთან მიმართებით, რთული განსასაზღვრია. ორი ათწლეულის წინ დაბერების ეროვნულმა ინსტიტუტმა წამოიწყო ფართო კვლევა და შეისწავლიდა იმ რაციონის ეფექტებს, რომელიც კალორიებს 25%-ით ამცირებდა. მაგრამ კვლევის მონაწილეებმა, მიუხედავად კონსულტაციების მიღებისა თუ მათი ულუფების კომპიუტერული პროგრამით თვალყურის დევნისა, კალორიები შეამცირეს მხოლოდ 12%-ით. ამ დროს გამახსენდა ერთი ექიმი, რომელმაც მითხრა: ყველაზე ჯანსაღი რაციონი ისაა, რომელსაც ბოლომდე გაჰყვები.

ბეკა ლევი, ეპიდემილოგიისა და ფსიქოლოგიის პროფესორი იელის უნივერსიტეტში, მიგვითითებს ერთ სხვა მნიშვნელოვან მართვად ფაქტორზე, რომელიც ზემოქმედებს ჯანმრთელ დღეგრძელობაზე: ჩვენი წარმოდგენები სიბერეზე. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩატარებული ერთი კვლევის საფუძველზე ლევიმ დაასკვნა: ადამიანები, რომელთაც 30-40-იანი წლების ასაკში პოზიტიური მოლოდინები უჩნდებათ სიბერეზე – მაგალითად, ამ პერიოდთან აკავშირებენ სიბრძნეს და არა უუნარობას – უფრო დიდი ალბათობით ინარჩუნებენ ჯანმრთელობას ათწლეულების შემდეგ, ხოლო ლევის მეორე კვლევამ უჩვენა: ხანდაზმული ადამიანები პოზიტიური ხედვებით სიბერეზე, ბევრად უფრო დიდი ალბათობით ახერხებენ, რომ სრულად გამოჯანმრთელდნენ ტრავმის შემდეგ, რომელმაც მათ შრომისუნარიანობა დააკარგვინა. და კიდევ ერთი სხვა კვლევის შემდეგ ლევიმ განაცხადა, რომ სიბერის მიმართ არსებული პოზიტიური ხედვები ასოცირდებოდა ალცჰაიმერის დაბალ რისკთან. მისი აღმოჩენით, ადამიანები, რომელთაც ნათელი წარმოდგენები უყალიბდებათ სიბერეზე, საშუალოდ შვიდნახევარი წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ნეგატიურად განწყობილი ინდივიდები.
იმ მეცნიერთა კვლევების კითხვისას, რომლებიც ცდილობენ დაბერების საიდუმლოების ამოხსნას, რთულია სიბერის მოახლოებამ არ დაგანაღვლიანოს. წარმოდგენა, რომ დაბერებას უნდა „ვუმკურნალოთ“, მას დაავადებად აქცევს. გამოქვეყნებული კვლევები სულ ცუდი ამბებით იწყება. „დაბერება დეგერენაციული პროცესია, რომელიც იწვევს ქსოვილის დისფუნქციას და სიკვდილს“, – იკითხება ტიპური ნაშრომის შესავალში, მაგრამ, როდესაც მეტი შევიტყვე აღნიშნული მეცნიერების შესახებ, მომხიბლა სამეცნიერო გარღვევათა შესაძლებლობებმა; თუმცა, ამავე დროს, დავითრგუნე ჩემი საკუთარი პერსპექტივებით, რადგან უკვე 68 წელს ვუახლოვდები.
სტივ ჰორვათმა შემომთავაზა ეპიგენეტიკური საათის ტესტის გაკეთება. მეც გავუგზავნე ჩემი სისხლის ორი სინჯარა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მივიღე პასუხები: ჩემი ბიოლოგიური ასაკი 3,3 წლით ჩამორჩებოდა ქრონოლოგიურ ასაკს. ისინი გულითადად „მილოცავდნენ“ და მეუბნებოდნენ: „თქვენ უკვე ამარცხებთ საათს!“ თუმცა მე მაინც იმედგაცრუებას ვგრძნობდი, რადგან ნამდვილად ვერ ჩავეწერებოდი დევიდ სინკლერის „ლიგაში“.
შემდეგ დავფიქრდი დედაჩემზე, რომელიც უკვე დიდი ხანია გადასცილდა 90 წელს და კვლავ ტკბება სიცოცხლით. ბეკა ლევის კვლევამ დამარწმუნა, რომ დედაჩემის შეხედულებები, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც ხსნის მის სიცოცხლისუნარიანობას. არასოდეს მსმენია მისგან, რომ იგი ბუზღუნებს საკუთარი დაბადების დღის მოახლოებისას ან ამბობს, ძალიან ბებერი ვარ და რამეს ვერ გავაკეთებო. ჩემი ასაკის მეგობრებისგან უკვე მესმის მსგავსი ჩივილები.
„არა, – ამბობს იგი, როდესაც ასაკზე ვუმახვილებ ყურადღებას, – მე არ ვარ ძალიან მოხუცი. შეიძლება უფრო შევნელდი და ნაკლებ რამეს ვაკეთებ, მაგრამ არ ვარ ისეთი ბებერი, რომ ვერ ვიცეკვო, ვერ ვისეირნო, ან ვერ გავაკეთო ყველაფერი ის, რაც მომწონს“.
იგი ყოვნდება. „კარგი, საცურაო აუზზე აღარ ვივლი“.
„რადგან უკვე დიდი ხანია აღარ ცურავ?“
„რადგან არ მომწონს, როგორ გამოვიყურები საცურაო კოსტიუმში“.
ნიუ-იორკის სიახლოვეს მცხოვრები ფრან სმითი რეგულარულად წერს ჩვენს ჟურნალში. იგი ჯანმრთელობის საკითხებზე ფოკუსირდება. ეს სტატია გააშუქა National Geographic Society-ს ოთხმა მკვლევარმა ფოტოგრაფმა: იასპერ დუსტი როტერდამიდან, დევიდ გუტენფელდერი მინეაპოლისიდან, ნიკოლ სობეკი ნაირობიდან და მელანი ვენგერი პარიზიდან.