
ცოცხალი პლანეტა
ტექნოლოგიურმა წინსვლამ ადამიანებს საშუალება მისცა, მეტი ეფექტურობით მიიღონ მოსავალი, მოიპოვონ წყალი და გამოაცოცხლონ გამოფიტული მიწა
ანთროპოცენი. ეს სახელი ნელ-ნელა დედამიწის ისტორიის მიმდინარე ეპოქის აღსაწერად გამოიყენება. „ანთრო“ ადამიანების მიერ პლანეტის ცვლილებას აღნიშნავს. ადამიანის საქმიანობის მძიმე ზეგავლენა – მაგალითად, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება – ყველასთვისაა ცნობილი. მაგრამ ჩვენ ასევე ვსწავლობთ, როგორ გავაუმჯობესოთ პლანეტა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ ადამიანებს საშუალება მისცა, მეტი ეფექტურობით მიიღონ მოსავალი, მოიპოვონ წყალი და გამოაცოცხლონ გამოფიტული მიწა. სერიაში „ანთროპოცენი“ ფოტოგრაფი დევიდ ელინგსენი ადამიანებისა და ბუნების სამყაროს ნაშთებს აერთიანებს. ნამუშევრები ადამიანის მიერ პლანეტის ცვლილებასთან დაკავშირებულ იმედსა და წუხილს ასახავს.
1. ხეების მიტანის სერვისი
შეუძლიათ დრონებს ტყის მოსპობის შეჩერება? დიდ ბრიტანეთში BioCarbon Engineering-ის ინჟინრებმა თესლის გამავრცელებელი დრონები შექმნეს, რომლებსაც წელიწადში მილიარდი ხის დარგვა შეუძლიათ.
2. პლასტმასის მოშორება
ნიდერლანდული არაკომერციული ორგანიზაცია The Ocean Cleanup-ი ჩრდილოეთი წყნარი ოკეანის გაწმენდას აპირებს პლასტმასისგან. მოტივტივე ბადეებისა და ღუზების გამოყენებით სისტემა წყალზე მოაგროვებს პლასტმასას და დაიჭერს, სანამ მისი აღება მოხერხდება.
3. ყინულის თავზე ფრენა
San Diego Zoo Global-მა, Northrop Grumman-თან ერთად, ავტონომიური ჰექსაკოპტერი მაღალი რეზოლუციის კამერებითა და სენსორებით აღჭურვა, რათა მან ყინულისა და თეთრი დათვების ქცევის მონიტორინგი შეძლოს.
4. ქალაქის მადა
სტარტაპი Plenty სან-ფრანცისკოში შუქდიოდურ ნათურებს იყენებს დახურულ ფერმებში მოსავლის გასაზრდელად. ზეპროდუქტიულობისთვის შექმნილი Plenty-ს ფერმას კვადრატულ მეტრზე 350-ჯერ მეტი მოსავლის მიღება შეუძლია, ვიდრე ჩვეულებრივ მიწაზე.
5. გზის გადაკვეთა
ცხოველებისა და მძღოლებისათვის საფრთხის შესამცირებლად ბრაზილიური კომპანია ViaFauna სიჩქარის გადაჭარბების დამაფიქსირებელი სენსორების მსგავს გზისპირა სენსორებს ცდის, რომლებიც მძღოლებს გზაზე ცხოველის არსებობის შესახებ გააფრთხილებენ.