ცუნამი ჩვენს მეხსიერებაში
მეთევზეთა პატარა დასახლება – ოცუტი, რომელიც იაპონიის უდიდესი კუნძულის – ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს, ცუნამიმ განსაკუთრებით დააზარალა


ცუნამი ჩვენს მეხსიერებაში
მეთევზეთა პატარა დასახლება – ოცუტი, რომელიც იაპონიის უდიდესი კუნძულის – ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს, ცუნამიმ განსაკუთრებით დააზარალა
ხუთი წლის წინ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს მძლავრი მიწისძვრა დაატყდა თავს. დაიღუპა დაახლოებით 16 000 ადამიანი. ქვეყანას 200 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

მეთევზეთა პატარა დასახლება – ოცუტი, რომელიც იაპონიის უდიდესი კუნძულის – ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს, ცუნამიმ განსაკუთრებით დააზარალა.
არგენტინელმა ფოტოგრაფმა ალეხანდრო ჩასკილბერგმა ამ პატარა ქალაქის შესახებ მეგობრისგან შეიტყო; 2012 წლის ოქტომბერში ის ოცუტიში ჩავიდა და ნანგრევების ფირზე აღბეჭდვას შეეცადა. ნარჩენის გორები, გარდაცვლილთა სხეულების პოვნის წერტილებზე დასმული წითელი დროშები…

„გადავწყვიტე, შავ-თეთრი ფოტოები გადამეღო, რადგან ამ სევდიან ამბავს უკეთ ეხმიანება. ფერადი იქ მხოლოდ დროშები იყო“. როცა ქუჩაში ხავსმოკიდებული საოჯახო ფოტოალბომი იპოვა, ერთმანეთში არეული ფერების ხილვამ შეაძრწუნა. მისი ვარაუდით, ეს ტენით გაჟღენთილი ფერები ცუნამიმ შექმნა.
ეს პალიტრა გონებაში ღრმად აღებეჭდა და გადაწყვიტა იგი ტრაგედიის ცოცხალ სურათად ექცია. იქაურებს სთხოვა ღამით, ჩუმად და უმოძრაოდ ეპოზიორათ მათი ძველი სახლებისა თუ სამუშაო ადგილთა ნანგრევებში. საბოლოოდ, მისი პროექტი ქალაქის აღდგენის პროცესის შემადგენელ ნაწილად იქცა.

ალეხანდრო საკუთარ ობიექტებს მთვარის შუქით, ქუჩის ლამპიონებითა და ფარნით ანათებდა, შემდეგ კი ხანგრძლივ ექსპოზიციას იყენებდა შავ-თეთრი ფოტოების მისაღებად. მოგვიანებით, ნეგატივების გადათვალიერების შემდეგ, სურათებს ბნელ ოთახში აფერადებდა და ფოტოალბომის ცოცხალ ფერებთან მოჰყავდა შესაბამისობაში.

„ეს არის წმინდა, ფარული და მედიტაციური მცდელობა მოგონებების გასაღვიძებლად და წარსულსა და აწმყოს შორის ხიდის გასადებად. საოჯახო ფოტოები ჩვენი მეხსიერების, ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამ ადამიანებმა კი ცუნამის დროს ეს ყველაფერი დაკარგეს. ამიტომ ეს საშუალება იყო მათი ახალი მეხსიერების შესაქმნელად. მინდა ვაჩვენო, თუ როგორ შეგვიძლია ფოტოგრაფიის გამოყენება ჩვენი ცხოვრების აღსადგენად, არა მხოლოდ ამ კატასტროფის დროს, არამედ ყოველთვის, როდესაც მსგავსი შემთხვევა მოხდება“.