
ცურვა პირამიდების ქვეშ
სუდანის პირამიდები ეგვიპტურზე ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ მათი სამეფო სამარხები არქეოლოგებისათვის უფრო ხელმისაწვდომია – თუ ყვინთვას არ ერიდებიან.
სული მელეოდა. კლდოვანი ბილიკის თითოეულ საფეხურს ხაკისფერ წყალთან, წყალქვეშა გვირაბთან და წყვდიადში შეცურვის წამთან მივყავდი. მაღლა პირამიდის ქვიშისფერი დიდებულება მოჩანდა.
აქ, სუდანის უდაბნოში, ნურის უძველესი სამაროვნის მიწისქვეშა დარბაზებში, უზარმაზარი პირამიდების ქვეშ ათასწლეულებია კუშის მეფეები განისვენებენ. ნილოსის სიახლოვეს მდებარე დარბაზები ახლა გრუნტის წყლითაა სავსე. ექსპედიციას, რომელსაც პირამიდა წყალქვეშა არქეოლოგიის მეთოდებით უნდა გამოეკვლია, არქეოლოგი პირს პოლ კრისმანი ხელმძღვანელობდა. ამ ამბიციური და რისკიანი პროექტის ფოტოგრაფობას ჩუმი აღტაცებით დავთანხმდი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და აკლდამასთან მივედი, გული ამიჩქარდა და სუნთქვა შემეკრა.
მსგავსი შოკი წინათაც განმიცდია, ცხრა წლის წინ, ლიბიაში, წყალსაწრეტ თხრილში ჩაყუჟული, ტყვიამფრქვევის ცეცხლს რომ ვემალებოდი; შვიდი წლის წინ, ნაირობიში, პოპმუსიკით აჟრიამულებულ სავაჭრო ცენტრში ალ-შაბაბის ტერორისტები რომ შემოიჭრნენ; ან ოთხი წლის წინ სომალის კანონგარეშე სანაპიროზე. ამჯერად, ფიზიკური მტერი არსად ჩანდა, თუმცა, რაღაც ხმამაღლა ჩამძახოდა: არ ჩახვიდე!
კრისმანმა და აკვალანგისტმა ჯასტინ შნაიდერმა შიში შემატყვეს. „ერთი წამი!“ – ვუთხარი და ხელები ფოტოაპარატს ჩავჭიდე. მკერდზე წონის ქამარი მეკიდა, ჟანგბადის რეგულატორს კბილები ჩავაჭირე და წყალში ჩავყვინთე. ისუნთქე. ისუნთქე.
ვიწრო, ძაბრისებური ღარით სრულ სიბნელეში შევცურეთ.
სიკვდილს ნებისმიერი კულტურა თავისებური რიტუალებით ეხმიანება. ამ 2300 წლის აკლდამაში მეფე ნასტასენი ასვენია. მისი წინაპრები, შავი ფარაონების სახელით ცნობილი კუში მეფეები, სამეფოს დიდების ხანაში მთელ ნუბიას და ეგვიპტეს მართავდნენ. ნასტასენი ნურიში დაკრძალული უკანასკნელი კუში მეფეა. მის შემდეგ მტრისგან შევიწროებულმა კუშმა დედაქალაქი სამხრეთში გადაიტანა და პირამიდები უდაბნოს შეატოვა.
ნურის წყალქვეშა საგანძურის კვლევა უზარმაზარი გამოწვევაა. საუკუნის წინ ჰარვარდის ეგვიპტოლოგი ჯორჯ რაისნერი ნურიში მეფე ტაჰარკას აკლდამის გამოსაკვლევად ჩავიდა. ტაჰარკა ძვ. წ. VII საუკუნეში მართავდა ეგვიპტეს და ძველ აღთქმაში იერუსალიმის დამცველად არის მოხსენიებული.
ნურის მრავალი აკლდამა გამოუკვლეველი დარჩა. კლიმატის ცვლილების, სასოფლო-სამეურნეო საჭიროებების და კაშხლების გამო ნილოსში წყლის დონემ აიწია.
კრისმანის ექსპედიციის დაწყების შემდეგ, სუდანმა სახელმწიფო გადატრიალება, პანდემია, რეკორდული წყალდიდობა და რევოლუცია იწვნია. სუდანის წინარეისლამურ ისტორიასთან მებრძოლი ომარ-ალ-ბაშირის ოცდაათწლიანი მმართველობის დამხობის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები ნუბიელი მეფეების სახელებს მღეროდნენ: „პაპაჩემი ტაჰარკაა, ბებიაჩემი კანდაკაა (დედოფალი)!“ ბაშირს ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ასამართლებს. პროტესტის მონაწილეები სამხედრო მეთაურებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და დემოკრატიზაციის პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებენ. სუდანი მივიწყებული ისტორიის აღდგენას ცდილობს.

აკლდამის ბნელ საკანში შევცურე. დანალექის ღრუბლები ხილვადობას ზღუდავდნენ. მცირე სივრცის მიუხედავად, დაკარგვა საოცრად ადვილი იყო. მეორე დარბაზში, ჩამონგრეული ჭერის გამო, ცოტა ჰაერი დაგვხვდა და ფარნების შუქზე მუშაობა დავიწყეთ.
არქეოლოგიის ტრადიციული მეთოდები აქ გამოუსადეგარი იყო. ჩაძირული აკლდამის გამოსაკვლევად კრისმანის გუნდს გზადაგზა ახალი მეთოდები უნდა ეცადა. წყალქვეშა არქეოლოგია დღეს კარგად განვითარებული დარგია, მაგრამ მისი მეთოდები ძირითადად ჩაძირული ხომალდების მკვლევრებისგან არის ნასესხები და ასეთ შეზღუდულ სივრცეში არაეფექტურია.
ვეებერთელა ჟანგბადის ბალონების ნაცვლად ყვითელი შლანგებით ვსუნთქავდით, რომელთა მეორე ბოლო მიწის ზემოთ დავტოვეთ. აკლდამის შესასვლელი ფოლადის ძელებით გაამაგრეს, რითაც კედლების ჩამოქცევის საშიშროება შემცირდა, მაგრამ ვერ გამოირიცხა. არქეოლოგები ყველაფერს ეძებდნენ – ფურცლოვან ოქროს, პატარა ქანდაკებებს, კერამიკას და საკუთარ აღმოჩენებს წყალგამძლე დაფებზე ასეთივე მარკერებით ინიშნავდნენ. თხელი თოკი – ჩვენი წყვდიადის გზამკვლევი – მესამე დარბაზის გავლით მიწისზედა სამყაროსთან გვაკავშირებდა.
კრისმანი მესამე დარბაზში უნდა ჩასულიყო, სადაც, სავარაუდოდ, ნასტასენის გაუხსნელი სარკოფაგი გველოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კრისმანი სავსე სათლით დაბრუნდა, რომელიც გამოსაკვლევად ექსპედიციის წევრებს გადააბარა.
ერთი საათის შედეგ კრისმანმა მეორე დარბაზში ამოყვინთა, სული მოითქვა და დაიძახა „უშებტი!“, ხელი ფრთხილად ამოწია და პატარა ქანდაკება დაგვანახა. ვიგრძენი, რომ სუნთქვა დამიწყნარდა და გონება გამეხსნა. შუაზე გადატეხილი თიხის კაცუნა ამაყი, პასუხისმგებლობით სავსე მზერით გვიყურებდა. ის მზად იყო საკუთარი მოვალეობა აღესრულებინა. ათასობით წლის წინ სჯეროდათ, რომ ეს ფიგურები პატრონებს საიქიოში მოემსახურებოდნენ. უშებტის წყალობით მიწისქვეშეთის შიში გამიქრა და აღტაცება დამეუფლა.
მსგავსი საოცრების პირველად გადაღების ბედნიერება იშვიათად მქონია. კამერა უშებტის მივუშვირე, საკეტმა გაიჩხაკუნა და წამი მარადისობად იქცა. ნასტასენი ასობით პატარა თიხის მომვლელთან ერთად ორი ათასწლეულის მანძილზე სრულ სიბნელეში განისვენებდა. მალე მიწის ზემოთ, ნათელი ცის ქვეშ ავალ, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ ფოტოების გადაღების დროა, ამ ყველაფრის კადრში აღბეჭდვის და სამუდამოდ დამახსოვრების დრო.
ფოტოგრაფი, რეჟისორი და National Geographic-ის მკვლევარი ნიკოლ სობეკი კენიაში, ნაირობიში ცხოვრობს. გაიგე მეტი National Geographic Society-ს მიერ მკვლევართა მხარდაჭერაზე: natgeo.com/impact