ცურვა ვეფხვისებრ ზვიგენებთან
ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტაცებელთან პირისპირ მდგარი აკვალანგისტი მის სრულიად განსხვავებულ მხარეებს ხედავს
ცურვა ვეფხვისებრ ზვიგენებთან
ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტაცებელთან პირისპირ მდგარი აკვალანგისტი მის სრულიად განსხვავებულ მხარეებს ხედავს
1975 წლის ზაფხულში, ეკრანებზე „ყბები“ გამოვიდა. ცხრა წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს, როგორი აჟიოტაჟი ატყდა დარბაზში, როცა ბროდიმ ბოლოს და ბოლოს მოკლა მონსტრი ზვიგენი. ფილმი ძალიან მომეწონა. იმ ღამით დამესიზმრა, ვითომ ზვიგენი უნიტაზიდან ამოძვრა და დერეფანში გამომეკიდა.
მეც, ისევე როგორც მთელ ამერიკას, მიყვარდა „ყბები“, მაგრამ ჩვენ თითქოს პარანოიდულები გავხდით ზვიგენების მიმართ. ვიზრდებოდი ბებია-ბაბუასთან კონექტიკუტის სანაპიროზე. რა თქმა უნდა, „ყბების“ შემდეგ ისევ ვცურავდი, თუმცა მუდამ მდევდა ბუნდოვანი შიში, რომ ნებისმიერ წამს ფეხში კბილები ჩამესობოდა. ჩემი უმცროსი და კი ფილმმა ისე დააფრთხო, მხოლოდ მიქცევის დროს შედიოდა წყალში. 1900-იანი წლების შემდეგ, კონექტიკუტის სანაპიროზე ზვიგენის კბენის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ფაქტების ცოდნა, როგორც წესი, ვერასოდეს ამარცხებს გამჯდარ შიშს.
ამ პროექტში მონაწილეობის მიღებაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ მომინდა გამეკეთებინა ის, რაზეც არასდროს მიფიქრია: გამევლო ყვინთვის კურსები, წავსულიყავი ბაჰამის კუნძულებზე, ტაიგერ-ბიჩზე და წყალქვეშ მეცურა ვეფხვისებრ ზვიგენებთან. ადამიანზე ზვიგენის თავდასხმის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ სახეობაზე მოდის, თუ არ ჩავთვლით თეთრ ზვიგენს. ეს ჩემი პირველი ჩაყვინთვა იქნებოდა სერტიფიკატის მიღების შემდეგ – რაც იმას ნიშნავს, რომ გალიის გარეშე ჩავიდოდი. ხალხის აზრით, ან ძალიან მამაცი ვიყავი, ან უბრალოდ – სულელი.
მაგრამ მე მხოლოდ ილუზიების დამსხვრევა მსურდა. ზვიგენების მცოდნე ადამიანებს ნაკლებად ეშინიათ მათი. ზვიგენებთან კი ყველაზე ახლოს მყვინთავები მიდიან. ტაიგერ-ბიჩზე მომუშავე მყვინთავები სიყვარულით საუბრობდნენ იქაურ ვეფხვისებრ ზვიგენებზე. მეტსახელებს არქმევენ და აღტაცებულნი აღწერენ მათ ოინებს. მათი აზრით, ეს ზვიგენები სულაც არ არიან ძაღლებზე უარესი კაციჭამიები (2015 წელს ძაღლის თავდასხმით 34 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ აშშ-ში, მაშინ როდესაც ზვიგენის სასიკვდილო თავდასხმის შემთხვევა მხოლოდ ექვსი იყო მთელ მსოფლიოში).
მაგრამ რეალობას იშვიათად აქვს მხოლოდ ერთი მხარე; ჩემს პირველ ჩაყვინთვამდე ერთი დღით ადრე, ჰავაიდან ადამიანზე ვეფხვისებრი ზვიგენის ულმობელი თავდასხმის შესახებ მოვიდა ინფორმაცია. კაცმა ზვიგენისთვის თვალის ამოთხრა და დასხლტომა მოახერხა, თუმცა ფეხები საშინლად დაუსახიჩრდა და საბოლოოდ ცალი ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა. ერთი თვის განმავლობაში, ოაჰუს სანაპიროსთან სამი თავდასხმა დაფიქსირდა. ამიტომ გადაწყდა ჰავაიზე კვლევის ჩატარება და ვეფხვისებრი ზვიგენების გადაადგილების კანონზომიერების შესწავლა.
ვეფხვისებრი ზვიგენების თემა მხოლოდ ადამიანზე თავდასხმების გამო არ გამხდარა აქტუალური. ეს უმაღლესი მტაცებლები, უმნიშვნელოვანესი გამაწონასწორებელი ძალაა ოკეანეების ეკოსისტემებში და ისეთი ცხოველის ქცევის შემაკავებელია, როგორიცაა ზღვის კუ. ამგვარად, ისინი უზარმაზარ როლს ასრულებენ ზღვის ბალახის ეკოსისტემის (ზღვის ფაუნის ფართო სპექტრის საარსებო გარემო) სიჯანსაღისთვის.
ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება ვეფხვისებრი ზვიგენების როლი ოკეანის ეკოსისტემებში. თუკი პლანეტა და მისი ოკეანეები დათბობას განაგრძობს, ზოგი სახეობა გადარჩება, ზოგი – გადაშენდება, დიდი ალბათობით, ვეფხვისებრი ზვიგენები გადარჩებიან. მათ უყვართ თბილი წყალი, მიირთმევენ თითქმის ყველაფერს და მრავალრიცხოვან შთამომავლობას იძლევიან (ზვიგენების ბევრი სხვა სახეობის მცირე რაოდენობის შთამომავლობა განსაკუთრებით მოწყვლადია გადამეტებული თევზჭერის გამო). ყველა ამ მახასიათებლით, ვეფხვისებრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე სახეობაა.
ვეფხვისებრები ყველაზე დიდ ზვიგენებს შორისაც არიან: შესაძლოა, ზრდასრული მდედრის სიგრძემ 5,5 მეტრს გადააჭარბოს და 570 კილოგრამზე მეტს იწონიდეს.
ტაიგერ-ბიჩი სინამდვილეში სულაც არ არის პლაჟი. ის დაახლოებით 40 კმ სიგრძის მარჩხობია დიდი ბაჰამის კუნძულის ჩრდილოეთით. დაახლოებით, ათი წლის წინ ამ ქვიშის, ზღვის ბალახისა და მარჯნის რიფის ერთობლიობამ მყვინთავებიც მიიზიდა. ტაიგერ-ბიჩი ვეფხვისებრი ზვიგენების უპირველესი ჰაბიტატია. აქ იდეალური პირობებია მათზე დასაკვირვებლად; წყალი 6-14 მეტრი სიღრმისაა და, როგორც წესი, ბროლივით გამჭვირვალე.
ტექნიკური თვალსაზრისით, ჩაყვინთვა იოლია, თუმცა დაივერები მუდმივად ვარჯიშობენ. ჩემი პირველი ჩაყვინთვის ადგილამდე ნავით წავედით. გამოცდილი დაივერები განუწყვეტლივ მეკითხებოდნენ: „არ მჯერა, რომ შენი პირველი ჩაყვინთვაა, მართლა პირველია?“.
მაგრამ მთელი ეს ლაქლაქი შეწყდა, როდესაც დაივინგის ოპერატორებმა, ვინსენტ და დებრა კანაბალებმა თევზის სისხლიანი ნაჭრების ნავიდან გადაყრა დაიწყეს. წყალი მაშინვე 1,5-2 მეტრი სიგრძის, კარიბის რიფის ზვიგენებით გაივსო – ფუთფუთებდნენ და ნადავლისთვის ჩხუბობდნენ. შემდეგ ყვითელი ზვიგენებიც (რიფის ზვიგენებზე ოდნავ უფრო გრძელები და თხელები – მათ პანამურ ზვიგენებსაც უწოდებენ) გამოჩნდნენ. ბოლოს ვინმა უზარმაზარი, მუქი სილუეტიც შეამჩნია და დაიყვირა: „ვეფხვისებრი!“ სწრაფად მოირგო აღჭურვილობა და წყალში ჩახტა, სკუმბრიების ყუთიც წაიღო ზღვის ფსკერზე ზვიგენის დასანაყრებლად; ერთი მხრივ, მისი ყურადღების გადასატანად, სანამ დანარჩენები ჩავყვინთავდით და, მეორე მხრივ, ჩვენს დასამშვიდებლად – ჩვენთან შეხვედრისას უკვე დანაყრებული იქნებოდა. ყველაფერი რიგზე მქონდა, სანამ ფსკერს მივაღწევდი და პირველი 360-კილოგრამიანი ვეფხვისებრი ზვიგენის მოგერიება მომიხდებოდა.
მოგვიანებით, დებიმ მითხრა, რომ ეს „სოფი“ იყო, კეთილგანწყობილი და ძალიან ცნობისმოყვარე ზვიგენი. „შენ მას ძალიან მოეწონე“, – მიმეორებდა დები. მართლაც, ის თითქმის არ მომშორებია. იმ წუთებში ნამდვილად არ ვიცოდი, სოფიმ მეგობარი დაინახა ჩემში თუ პიცა, ამიტომ ნინძასავით ფხიზლად ვიყავი, ერთმეტრიანი პლასტმასის ჭოკით შეიარაღებული, რომელიც იმიტომ წამოვიღე, რომ ზვიგენები ხელის გაწვდენაზე ახლოს არ მომეშვა. მაგრამ მომდევნო დღეებში ისეთი რამ ვნახე, ზვიგენების კეთილ არსებებად წარმოდგენა გამიადვილდა: ვინი და დები ანაყრებდნენ ზვიგენს, შემდეგ ეფერებოდნენ და მშვიდად მიუთითებდნენ გზას, როცა მათი წასვლის დრო დგებოდა. არც ერთ ზვიგენს არ გაუკეთებია უეცარი აგრესიული მოძრაობა, ცურავდნენ ნელა, ჩემ გარშემო დიდ წრეებს ხაზავდნენ და შემდეგ ლივლივით ეშვებოდნენ საკვები ყუთისკენ; საოცრად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს.
ტაიგერბიჩის ვეფხვისებრი ზვიგენების უმეტესობა მიჩვეულია დაივერებს, მათი ხელიდან ჭამას. მაგრამ ის ზვიგენებიც კი, რომელთათვის უცნობია ეს რუტინა, როგორც წესი, არ არიან საშიშნი მყვინთავებისთვის. ვეფხვისებრი ზვიგენები ჩასაფრების მოყვარულ მტაცებელთა რიგს მიეკუთვნებიან. ისინი მალულად ესხმიან თავს მსხვერპლს. ტაიგერ-ბიჩზე თქვენ ბრმად არც ცურავთ და არც ნიჩაბს უსვამთ წყლის ზედაპირზე, ისე როგორც თავდასხმების მსხვერპლთა უმეტესობა. წყლის სიღრმეში ზვიგენების დონეზე ჩადიხართ და ის გხედავთ. ამიტომ თქვენთვის დაივინგიც ზომიერად უსაფრთხო ხდება.
თუმცა, არა სრულიად უსაფრთხო. არსებობს თითქმის საბედისწერო შეცდომების ვიდეოჩანაწერები. ერთ-ერთში ტაიგერბიჩზე ვეფხვისებრი ზვიგენი მყვინთავის თავის დაღეჭვას, ხოლო მეორეში – ფეხზე კბენას ცდილობს. 2014 წელს ფატალური შემთხვევაც დაფიქსირდა – დაივერი უბრალოდ გაუჩინარდა. ჯგუფი შეშინდა, როდესაც ანგელოზთევზა შემოეხეტა და ჩვენს ფეხებს შორის დამალვას შეეცადა. რიფისა და ყვითელი ზვიგენები გაცოფდნენ და მას გამოენთნენ. ზვიგენების ტორნადო მეც გამოვცადე, მათ მოგერიებას ვცდილობდი, ირგვლივ დაქროდნენ და ფეხებზე მეჯახებოდნენ. სიტუაცია სახიფათო იყო. შეიძლება, ამ შეხლა-შემოხლაში ვინმესთვის ეკბინათ. იქვე სამი 450-კილოგრამიანი ვეფხვისებრი ზვიგენიც ტრიალებდა, ვაითუ, დაჭრილი მყვინთავით ისინიც დაინტერესებულიყვნენ.
ინციდენტი მშვიდობიანად დამთავრდა. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, რომელიც შეგახსენებს, რომ ზვიგენები ველური ცხოველები არიან, ტაიგერ-ბიჩი კი ველური ადგილია; და რომ ველური ბუნება, როგორც წესი, არაპროგნოზირებადია, ხოლო ვეფხვისებრი ზვიგენები (მათი შემსწავლელი მეცნიერების აზრით) განსაკუთრებით არაპროგნოზირებადები არიან.
ტაიგერ-ბიჩის შემდეგ, ოაჰუში გავფრინდი, ჰავაის უნივერსიტეტში კარლ მეიერთან შესახვედრად; უნდა გავცნობოდი მის კვლევას ვეფხვისებრი ზვიგენების თავდასხმების ბოლოდროინდელი მატების შესახებ. მეიერმა, თავის გუნდთან ერთად, ასობით ვეფხვისებრი ზვიგენი მონიშნა საიდენტიფიკაციო ნომრით და თანამგზავრული გადამცემი დაუმაგრა აკუსტიკური სათვალთვალო მოწყობილობებით. ამბობს, რომ ამ ცხოველების შესწავლა მხოლოდ ახლა იწყება.
ზვიგენების სახეობათა უმეტესობის გადაადგილება ზომიერად პროგნოზირებადია: „დღისით ერთ კონკრეტულ ადგილას არიან, ღამით კი – მეორე. თუმცა ვეფხვისებრ ზვიგენებში, ძირითადად, ასე არ ხდება. შესაძლოა, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოჩნდნენ, რამდენიმე დღით გაჩერდნენ რომელიმე ადგილას ან ერთ დღეს გამოჩდნენ და შემდეგ სამი წლით გადაიკარგონ“.
გარკვეულწილად, ამგვარი ქცევა გამოწვეულია ზვიგენების მონადირული ჩვევებით. როგორც საფარის მტაცებლები, ისინი მოულოდნელ თავდასხმაზე აკეთებენ აქცენტს, რადგან „თუ პროგნოზირებადი ხარ, მსხვერპლი ადვილად ადაპტირდება შენგან მოსალოდნელ ქცევასთან. ამიტომაა გამართლებული ტერიტორიაზე უეცრად გამოჩენა და შემდეგ ხანგრძლივად გადაკარგვა“.
მეიერმა არ იცის, რატომ იმატა ბოლო წლებში თავდასხმებმა ჰავაიზე: საშუალოდ, წელიწადში ოთხზე ნაკლები შემთხვევა იყო 2000-2011 წლებში, 2012-2015 წლებში კი ეს მაჩვენებელი თითქმის ათამდე გაიზარდა. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ თავდასხმების მატებას ელის, რადგან ჰავაის წყლებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩნდება.
თავდასხმები უმეტესად შემოდგომაზე ხდება. ამას, შესაძლოა, თავისი მიზეზი ჰქონდეს. ამ დროს ზვიგენები სამშობიაროდ მიდიან ჰავაის ძირითად კუნძულებზე. მდედრი ვეფხვისებრი ზვიგენები უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ ოვულაციისას. მათი კვერცხუჯრედი „ვეებერთელაა“. ისინი ერთ ჯერზე 80-მდე ნაშიერს შობენ. სავარაუდოა, რომ ორსულ ზვიგენებს ძალიან შივდებათ, სანამ კუნძულებამდე მიაღწევენ, რაც მათ ჩვეულებრივზე მეტად განურჩეველ მჭამელებად აქცევს (ეს „აბსოლუტურად გადაუმოწმებელი მონაცემია“ – მაფრთხილებს მეიერი). მაგრამ თავდასხმების მოზღვავება შემოდგომაზე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის თაობებიც ამჩნევდნენ (ამ პერიოდს სერფერები „ზვიგენის თვეს“ ეძახიან), შესაძლოა, წელიწადის ამ დროს კუნძულების ირგვლივ მეტი ზვიგენის თავშეყრის შედეგიც იყოს.
მეორე შესაძლო ფაქტორი, ჰავაიზე მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გარდა, ზღვის კუების მომრავლებაა. ზღვის მწვანე კუს ათწლეულების განმავლობაში იჭერდნენ და მისი რიცხოვნობა შემცირდა. ამიტომ, 1978 წლიდან ის ფედერალური მფარველობის ქვეშ მოექცა. ახლა ზღვის მწვანე კუ ფართოდაა გავრცელებული ჰავაის ნაპირებთან და ნაცნობი საკვებია ვეფხვისებრი ზვიგენებისთვის.
ვეფხვისებრ ზვიგენებსა და ზღვის კუებს ხანგრძლივი საერთო ისტორია აქვთ. ისინი დასაბამს იღებენ დინოზავრების ხანაში, ხოლო განამარხებული ნიმუშები მიუთითებენ, რომ შესაძლოა, ისინი ერთდროულადაც ვითარდებოდნენ. ამ ზვიგენს ფართო ყბებითა და მძიმე, კუთხოვანი კბილებით, შეუძლია დაფშვნას და დააქუცმაცოს ზრდასრული კუს ბაკანი, რაც ზვიგენთა უმეტესობას არ ძალუძს. შეიძლება, ამ მძლავრი მორფოლოგიით აიხსნას ის, რომ ვეფხვისებრი ზვიგენები ჭამენ ყველაფერს. მათ კუჭებში საბურავები, სანომრე ნიშნები, საღებავის ქილები, ფერმის ცხოველები, აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და სამხედრო ფორმაა აღმოჩენილი. ასე რომ, თუ წყალში მეტ ადამიანთან ერთად, ბევრი კუც იმყოფება, შესაძლოა, ზვიგენის კბენის შემთხვევებმაც იმატოს.
ვეფხვისებრ ზვიგენებსა და ზღვის კუებს შორის ურთიერთობას, შესაძლოა, შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემების სიჯანსაღისთვის. ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროს მიყრუებულ ნაწილში, შარკბეიში (ზვიგენთა ყურე), მკვლევარმა მაიკ ჰეიტჰაუსმა და მისმა გუნდმა (ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი) დააფიქსირეს, თუ როგორ იცავენ ვეფხვისებრი ზვიგენები ზღვის ბალახს (რომელიც ეკოსისტემის საფუძველია) ზღვის კუებისა და ზღვის ძროხების მიერ გადაძოვებისგან. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ზვიგენები მხოლოდ იმით კი არ იცავენ ეკოსისტემას, რომ ამ ცხოველებს მიირთმევენ, უბრალოდ მათი იქ ყოფნაც კი ცვლის კუებისა და ძროხების ჩვევებს: ქმნიან „შიშით მოცულ ლანდშაფტს“, რაც აიძულებს კუებსა და ზღვის ძროხებს, არ ძოვონ საჭიროზე მეტი და ამით შეიმცირონ დიდი მტაცებლის საკბილოდ გახდომის რისკიც.
ეს ნიშნავს, რომ ისეთი ცხოველების დაცვამ, როგორიცაა ზღვის კუები, იმ მტაცებელთა დაცვის გარეშე, რომლებიც მათ რიცხოვნობას აკონტროლებენ, შესაძლოა, ოკეანის ეკოსისტემების დეგრადაცია გამოიწვიოს. „თუ ნახავთ ადგილებს, სადაც ზვიგენების პოპულაციები შემცირებულია, ხოლო კუების პოპულაციები – დაცული (მაგალითად, ბერმუდის კუნძულები), აღმოაჩენთ, რომ ამ ადგილებში თანდათან მცირდება ზღვის ბალახი“, – ამბობს ჰეიტჰაუსი.
1993 წელს, ბაჰამის კუნძულებზე ღრმა წყლებში კომერციული თევზჭერა აკრძალეს. 2011-ში კი მის წყლებს ზვიგენთა ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა. აქ ზღვის ეკოსისტემები შედარებით ჯანსაღია. თუმცა, მიმდებარე დასავლეთ ატლანტის ნაწილს, რომელსაც ბერმუდის კუნძულები მიეკუთვნება, ზვიგენთა დაცვის ბევრად სუსტი საშუალებები გააჩნია და, როგორც ჩანს, შედეგებსაც იმკის. მაიამის უნივერსიტეტის საზღვაო ეკოლოგი, ნილ ჰამერშლაგი ვეფხვისებრ ზვიგენებს სწავლობს ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მისი თქმით, იქ ვეფხვისებრი ზვიგენების ქცევის პასუხად, ზღვის კუების ქცევა ისე არ იცვლება, როგორც ზვიგენების ყურეში. შესაძლოა, იმიტომ რომ ატლანტის ვეფხვისებრი ზვიგენების პოპულაციები უკვე მნიშვნელოვნადაა დასუსტებული. „მე ფლორიდასა და ბაჰამის კუნძულებზე ვმუშაობ. განსხვავება დიდია ზომებშიც და რიცხოვნობაშიც. ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს ბაჰამებზე, თუმცა თითქმის ვერასდროს ვიჭერთ ფლორიდის სანაპირო წყლებში. არადა, ერთმანეთისგან სულ რაღაც 80 კმ აშორებთ“. ფლორიდა ერთადერთი შტატია აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელმაც თავის წყლებში ვეფხვისებრი ზვიგენის მოკვლა 2012 წლიდან აკრძალა. მაგრამ ფედერალური კანონი (გარკვეული შეზღუდვებით), კომერციულ და რეკრეაციულ მეთევზეებს მათი დაჭერისა და დახოცვის უფლებას აძლევს აშშ-ის წყლებში.
„ყბები“ სულაც არ არის დამნაშავე იმ საფრთხეთა უმეტესობაში, ვეფხვისებრ ზვიგენს რომ ემუქრება (სანაპირო ხაზის განვითარება, ზღვის წყლის დაბინძურება, ღრმა წყლებში კომერციული თევზჭერა, ზვიგენის ფარფლის წვნიანი…) თუმცა მან ნამდვილად შექმნა კულტურული ფონი, თან საკმაოდ ხანგრძლივი ვადით. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ზვიგენის ჭერის ტურნირები სარეველასავით მოედო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს. დოკებზე ჩამოკიდებული „მონსტრი ზვიგენების“ რამდენიმე ათეული „სპექტაკლი“ დღესაც იდგმება. შარშან ზაფხულში ასეთ ტურნირს მეც დავესწარი. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი ქალი პატარა ბიჭუნასთან ერთად. ქალი ბავშვს მაკოზე (ზვიგენის სახეობა) მიუთითებდა. პირდაღებულ ზვიგენს სისხლიანი კბილები მოუჩანდა, ეს საზარელი სანახაობა ფოტოების გადასაღებად დაედგათ.
მართალია. შეიძლება, ზვიგენები შემზარავები არიან. თუმცა, მე ორიოდე დღე გავატარე ფოტოგრაფ მაიკ კუტსთან ერთად კუნძულ კაუაიაზე. 1977 წელს, 18 წლის იყო, როცა ბოდიბორდინგისას ზვიგენმა ფეხი მოაჭამა. მაინც დაუბრუნდა წყალს და როგორც ამბობს, სერფინგისას თითქმის არასოდეს ფიქრობს ზვიგენებზე: „ჰავაი ოკეანის კულტურაა. აქ წყალში ჯერ კიდევ პამპერსიანები ჩადიან. უბრალოდ, არ ეშინიათ ზვიგენების“. იქვე მოედანზე ბავშვები თამაშობდნენ, ვკითხე, ეშინოდათ თუ არა ზვიგენების. ისეთი ტონით მიპასუხეს „არაო“, გეგონება ამაზე სულელური არაფერი გაუგონიათ. ისინი დაახლოებით იმავე ასაკის იყვნენ, რამხელაც მე ვიყავი, როცა „ყბებს“ ვუყურე.
შარშან ზაფხულში, ტაიგერ-ბიჩზე დაივინგს ვგეგმავდი; ჩრდილოეთ კაროლინაში ზვიგენთა ბოლოდროინდელი თავდასხმების შესახებ ისტერია კი პიკს აღწევდა. ამ დროს გავიგე, რომ სამხრეთ კაროლინის ნაპირებთან 360-კილოგრამიანი ზვიგენი დაიჭირეს. „USA Today-მ ზვიგენს „შემზარავი“ უწოდა, ხოლო მეთევზეებს „მამაცი ადამიანები“. ჰავაიდან დაბრუნებულმა ისევ გადავხედე სტატიას. დოკზე დაკიდებული, გამოშიგნული, გამოფიტული ზვიგენის ფოტოს დანახვისას გავიფიქრე, რომ ოდესღაც ისიც სოფის ზომის იყო და სიტყვები, რომლებმაც გონებაში გამიელვა, სულაც არ შეესაბამებოდა სტატიაში ზვიგენისა და მისი მკვლელების მიმართ გამოთქმულ ეპითეტებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.