National Geographic საქართველოს პირველი ნომერი 2012 წელს გამოვიდა.
მალე ხუთი წელი გახდება, რაც ჟურნალი ერთგულად ასრულებს თავის მთავარ მისიას – ავრცელებს განათლებას და ხელმისაწვდომს ხდის მას ქართულენოვანი მკითხველისთვის.
დაარსების დღიდან, ჟურნალის მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზია – ბიოლოგი, ველური ბუნების აქტიური დამცველი და მასზე აღტაცებით მოსაუბრე. ლევანის ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო, ადგილობრივი სტატია მომზადდა. ზოგიერთი მათგანი კი, მთავარმა რედაქციამ თვის საუკეთესო სტატიებს (Best Edit) შორის დაასახელა. წლების განმავლობაში სწორედ ის იყო ქართული გამოცემის სახე. რამდენიმე თვის წინ ლევან ბუთხუზმა გადაწყვიტა, დაკავებული პოსტი დაეტოვებინა – ჩათვალა, რომ ცვლილებების დროა.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ურთიერთობა რედაქციასთან სრულდება. ლევანი ჩვენთან თანამშრომლობას გააგრძელებს, როგორც ავტორი, და დარწმუნებული ვარ, თუ დაგვჭირდა, რჩევასაც არ დაიშურებს.
მთავარი რედაქტორის თანამდებობას აპრილიდან ნათია ხულუზაური დაიკავებს. ნათია ქართულ რედაქციასთან წლებია თანამშრომლობს, ერთი წლის წინ კი მთავარი რედაქტორის მოადგილეც გახდა. ის კარგად იცნობს, როგორც ჟურნალის, ასევე, ზოგადად, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების სტრუქტურასა და სტილს. ამიტომ გვჯერა, რომ ამ საპატიო პოსტზე მუშაობას ნათია დიდი ენთუზიაზმით, ინდივიდუალური ხედვით და ენერგიით შეუდგება.
მომდევნო თვიდან ახალი რედაქტორი ეყოლება დიზაინის განყოფილებასაც. გიგა წიბახაშვილი ჟურნალში სამი წელია მუშაობს. ინტელექტუალური თამაშებისა და ლაშქრობის მოყვარული, საინტერესო ხედვით თავიდანვე გამოირჩეოდა და იმედი გვაქვს, მომავალშიც შთამბეჭდავ და საინტერესო ნომრებს შემოგვთავაზებს. გვიხარია, რომ ჟურნალის იერსახეზე მასთან ერთად იმუშავებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიზაინერი – თორნიკე ლორთქიფანიძე.
ამ წერილის ბოლოს, რომლის დაწერის პატივიც მე მხვდა წილად, მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ბუთხუზს, დამფუძნებლის, სამეცნიერო საბჭოს, მთელი რედაქციისა და ჩემი სახელით, მთავარი რედაქტორის პოსტზე გაწეული ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო მას ახალი თავგადასავლების ძიების გზაზე.
ნათიას და გიგას მინდა მივულოცო ახალი პოზიცია, თორნიკეს კი National Geographic-ის გუნდის წევრობა.
წინ დიდი გეგმები და გამოწვევებია. მჯერა, განახლებულ შემადგენლობასთან და ჩვენს ერთგულ მკითხველთან ერთად ამ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდებით.