თავად მეცნიერების პარალელურად, ყოველთვის მიზიდავდა მეცნიერების ისტორია; მუდმივად აღმაფრთოვანებს მეცნიერული მეთოდი და ადამიანები, რომლებიც გამეფებულ შეხედულებებს ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მასალის ანალიზითა თუ სინთეზით ცვლიდნენ. ისინი გენიოსები არიან. გენიოსობა კი ცოტათი “სამეცნიერო თავხედობასაც” ნიშნავს. ამის გარეშე, მხოლოდ შენი მიგნებებით ვერაფრით დაანგრევ საყოველთაოდ აღიარებულ მოსაზრებებს.
1859 წლის 24 ნოემბერს ჩარლზ დარვინი აქვეყნებს ნაშრომს სახეობათა წარმოშობის შესახებ. უკვე 25 ნოემბერს სამყარო (არა მხოლოდ მსოფლიო) აღარ არის ისეთი, როგორსაც ამ დღემდე იცნობდნენ: ტიტანის გონებამ პარადიგმა შეცვალა და კაცობრიობის გონის განვითარების მთელი ეპოქა დაასრულა – მეცნიერების ყველა დარგი, ფილოსოფია, მსოფლიო პოლიტიკა თუ ხელოვნება, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
ასეთი ფიქრები მიტრიალებდა, როდესაც ედ იონგის მომზადებულ ფლაგმან სტატიას, “თვალის ახელა” ვარედაქტირებდი და დევიდ ლიტშვაგერის გასაოცარ ფოტოებს ვათვალიერებდი.
“პირდაპირ ვაღიარებ, რომ ბუნებრივი გადარჩევის გზით ისეთი სასწაულის წარმოშობა, როგორიც თვალია, უდიდესი აბსურდი უნდა იყოს, – წერს დარვინი და იქვე ამატებს, – და მაინც, საღი აზრი მკარნახობს, რომ… რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა გვეჩვენოს, ეს ყოველივე ბუნებრივი გადარჩევის შედეგია”.
როგორ მოხდა ასეთი რთული სტრუქტურის გაჩენა ზებუნებრივი ჩარევის გარეშე? თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ასეული მილიონი წელი დასჭირდა ბუნებას მის შესაქმნელად, საკითხი თავისთავად მოიხსნება.
ევოლუციით დაინტერესებულთათვის ედ იონგის ეს სტატია მისწრებაა. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნაშრომი საკმარისად ღრმა და ნაკლებად “დაღეჭილია”. პირადად მე მხიბლავს ისეთი ტექსტები, რომლებიც კითხვებს აღძრავს და დამატებითი ლიტერატურის ძიებისკენ მიბიძგებს.