ძველად აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში ფართოდ იყო გავრცელებული მედაბღეობა. არაბული სიტყვა „დაბაღი“ ტყავის გამომყვან ხელოსანს ნიშნავს. სხვა ხელოსნების მსგავსად, ისინიც ამქარში იყვნენ გაერთიანებულნი. ძველ ტფილისში, როგორც ამიერკავკასიის მედაბღეობის ცენტრში, დაბაღების საწარმოები წავკისისწყლის ქვედა დინებაზე, მტკვრის შესართავთან იყო განლაგებული, ძირითადად აბანოების უბანში. აქ მდებარე დაბაღთა სახელოსნოების რიგებს დაბახანა ეწოდებოდა.
სახელოსნოების პირველ სართულზე დაბაღები მუშაობდნენ, ხოლო მეორეზე საწყობი და საშრობები იყო განთავსებული. თავდაპირველად ტყავს დაბაღები სპეციალური ნაზავით სავსე ცემენტის აუზში ან მუცელზე გადაჭრილ ქვევრის მსგავს ჭურჭელში – თაღარში ალბობდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ხსნარში მოთავსებულ ტყავს რამდენჯერმე დაამუშავებდნენ, გადააბრუნებდნენ, შიშველი ფეხებით დაჭყლეტდნენ. დამუშავებულ ტყავს ბეწვის გასაცლელად ვარაჩოზე მოათავსებდნენ, რკინის მოხრილი დანით შერჩენილ ნარჩენებს ჩამოაცლიდნენ, დაბეგვავდნენ. გასუფთავებულ მარილმოყრილ ტყავს კვლავ ხსნარით სავსე თაღარში მოათავსებდნენ და ერთი დღით დატოვებდნენ, შემდეგ დანით გაწკიპავდნენ. ტყავის დამუშავება თრიმვლით სრულდებოდა. მიღებულ ტყავს ხის ძელებზე აშრობდნენ. მოგვიანებით დაბაღებმა ეთილის გამოყენება დაიწყეს, რომელიც ტყავის გამოყვანასაც ამარტივებდა და მას დრეკადობა-გამძლეობასაც მატებდა. დაბაღები ტყავს სახელოსნოებსა და გამსაღებელ პუნქტებში აბარებდნენ. მიღებული ნედლეულით ხელოსნები ამზადებდნენ: სამოსს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა ნაკეთობას.