
დაბრუნება ბორშ-ბელტში
კატსკილის უდარდელი ზაფხულის დღეები ებრაული ოჯახების დაუვიწყარ მოგონებად იქცა. დაბრუნდება წარსული?
„ბავშვობას ხომ არ გახსენებს?“ – ვეკითხები დედაჩემს. კატსკილის მთებში ვმოგზაურობთ და უშედეგოდ ვეძებთ დედაჩემის შორეული ზაფხულების კვალს, პასუხი უცვლელია – „არა“.
ამჯერად ელენვილში ვართ, დაახლოებით 1920 წელს დაარსებულ „კოენის საცხობში“ და პუმპერნიკელს და რუგელახს ვყიდულობთ. „ჩემ დროს მოლარეები იდიშზე ლაპარაკობდნენ“, – მხრებს იჩეჩს დედაჩემი.
ნიუ-იორკის ჩრდილოეთით, ოთხი ოლქის ტერიტორიაზე გადაჭიმულ კატსკილის რეგიონს მრავალი ტბა ამშვენებს, თავზე კი ასამდე მწვერვალი ადგას. ოდესღაც ეს ადგილი ებრაელთა საზაფხულო ცენტრი იყო – ფეშენებელური სასტუმროებით და აყვავებული დაბებით, მაგრამ 2011 წელს, როდესაც ნიუ-იორკში გადავედი, „ებრაული ალპების“ დიდება ჩავლილი ამბავი იყო.
წლების შემდეგ ჩემი ინსტაგრამი კატსკილში გადაღებული კოცონებისა და სკანდინავიური ხის სახლების ფოტოებით აივსო. იქნებ 1950-იანი წლების ლეგენდარული ზაფხულები გაცოცხლდა? ამის გასარკვევად კატსკილში დედაჩემი წავიყვანე.
1900-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ებრაელებსა და სხვა უმცირესობებს ნიუ-იორკის გარშემო არსებულ ძვირადღირებულ სასტუმროებსა და სანაპიროებზე დასვენება აეკრძალათ, მათ თავშესაფრად კატსკილი იქცა. ზაფხულობით ოჯახები თავიანთი ბინების სივიწროვეს მთებში გაურბოდნენ. II მსოფლიო ომის შემდეგ ბებიაჩემი და პაპაჩემი – ლტოლვილები პოლონეთიდან – ბრონქსში დასახლდნენ, დაოჯახდნენ და ახალ ტრადიციას აუწყვეს ფეხი.
ზაფხულში ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს მანქანაში აწყობდნენ და სექტემბრამდე კატსკილში მიდიოდნენ. „ბუნგალოების კოლონიებში“ ღამეებს პატარა კოტეჯებში, დღეებს კი აუზებზე, ტბებსა და კლუბებში ატარებდნენ. პაპაჩემი, რომელსაც ბრონქსში ტრიკოტაჟის მაღაზია ჰქონდა, უქმეებზე აკითხავდა ცოლ-შვილს. დედაჩემს ახლაც ახსოვს ნაკადულში მოცურავე თავკომბალები, კოსტიუმირებული წვეულებები და ქალები, რომლებიც აუზთან მეტალის რეფლექტორით ირუჯებოდნენ.
ღამით კატსკილის დიდ სასტუმროებში კომიკოსები ლამაზად ჩაცმული აუდიტორიისთვის ნომრებს ასრულებდნენ. ეს რაიონი ბორშ-ბელტის სახელით გახდა ცნობილი: „ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გულს ვერ მოიგებთ. მაგალითად, ჩემი საყვარელი… მსოფლიოში საუკეთესო ქალი მგონია, მაგრამ, აბა, ჩემს ცოლს ჰკითხეთ?!“
1960-იან წლებში, როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობა გამარტივდა და ებრაელებისთვის დაწესებული აკრძალვები გაუქმდა, კატსკილში დამსვენებლების ნაკადმა იკლო. ჰიპებისა და როკენროლის ეპოქაში კასტკილის უფერულმა ზაფხულებმა მიმზიდველობა დაკარგა.
თუმცა, ბოლო დროს, აქ სანაყინეები და მექსიკური კაფეები გაიხსნა. ძველმოდურად, კომუნაში ცხოვრებით მოხიბლული ახალგაზრდა ოჯახები აქა-იქ შემორჩენილ „ბუნგალოს კოლონიებში“ ქირაობენ კოტეჯებს.
აღდგენილი ადგილებიდან ერთ-ერთია Scribner’s Catskill Lodge – 1960-იანი წლების განახლებული მოტელი. 2016 წელს გახსნილი Scribner’s-ი თავისი კასრისებრი საუნით და ერთი ფერის წიგნის თაროებით ახალი კატსკილის სახედ იქცა.
უქმეებზე აქ იოგას გაკვეთილები, ბაღში სეირნობა, ხატვის წრეები და ფილმების ჩვენება იმართება. თანამედროვე დამსვენებლები ითხოვენ საზაფხულო ბანაკს ზრდასრულებისთვის – გასართობი ღონისძიებებით დატვირთულ დასვენებას და არა სოფლის ტიპისას.
დედაჩემის თქმით, მისი ძველი ბუნგალოს კოლონია „მიშკინის კოტეჯები“ დაბა ბულვილში მდებარეობდა. კოტეჯი რკინიგზის ლიანდაგთან იდგა, უნივერმაღთან, რომელშიც ის და მისი ძმები ტკბილეულს ყიდულობდნენ. სოფლის გზაზე სეირნობისას დედაჩემს ერთ-ერთი შენობა ეცნო; იქვე მდგარმა კლერკმა გაიხსენა, რომ ერთ დროს აქ რკინიგზა გადიოდა, მაგრამ არც რკინიგზისგან და არც მიშკინისგან აღარაფერი დარჩა.
აქედან 20 წუთის სავალზე Mountain Dale-ი იწყება – პაწაწინა დასახლებებს შორის ამოზრდილი განახლებული უბანი. ახლად გახსნილი ბარი, ძველმანების მაღაზია და უნივერმაღი ვიზიტორთა უეცრად მოზღვავებულ ნაკადს ემსახურება – ნიუ-იორკელებს, რომლებიც კოვიდის გამო ზაფხულის არდადეგებს ქალაქთან ახლოს ატარებენ.


ავტორის დედა, დებორა სტროქლიკი „მიშკინის კოტეჯებში“, 1950-იანი წლების ზაფხული.
ფოტოები: დებორა სტროქლიკი
აქ კოტეჯები მთელი ზაფხულით ქირავდება, ამიტომ შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტს ვირჩევთ: Glen Wilde-ს, ყოფილი ბუნგალოების კოლონიას, რომელიც ორმა ბრუკლინელმა დიზაინერმა Airbnb-ის სასტუმრო სახლებად გადააკეთა. კოტეჯი თურქული ხალიჩებითაა მორთული, აბაზანა – ფიქლით მოპირკეთებული. გარეთ ადირონდაკის სკამები და გრძელი საპიკნიკე მაგიდა დგას.
სანამ მისი ვაჟი კოცონზე ბატიბუტს ამზადებს, ჯოშ ფარლი, Glen Wilde-ის თანამფლობელი, 2014 წელს იხსენებს, როდესაც პირველად ნახა ეს ადგილი: „აქაურობა ზომბი-აპოკალიფსს ჰგავდა“. ფარლიმ კატსკილის ისტორია მეზობლებისგან შეიტყო, როცა კოტეჯებს ძველი ნივთებისგან ცლიდა.
Glen Wilde-ის განახლებულმა ატმოსფერომ დედაჩემს ბავშვობის მოგონებები მაინც ვერ გაუღვიძა. აქაურობას ქაოსი, თავისუფლება და ყოველწლიურად ერთი და იმავე ოჯახების ნახვის შესაძლებლობა აკლია.
დედაჩემისთვის კატსკილის მზე მაშინ ჩაესვენა, როდესაც ბებიაჩემს, საბინას, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. დედა 11 წლის იყო, პაპაჩემი მაღაზიას უძღვებოდა და ბავშვებს ვერავინ წაიყვანდა დასასვენებლად.
1970-იან წლებში ბორშ-ბელტის დიდებაც დასრულდა. ლეგენდარული კურორტები ყველამ მიივიწყა. Grossinger’s-ის (ამ სასტუმროს საკუთარი აეროდრომი ჰქონდა, რომელიც, როგორც ამბობენ, ფილმ „ბინძური ცეკვების“ შთაგონების წყარო იყო) სამეჯლისო დარბაზში ძველი მენიუები ეყარა, მინით გადახურული აუზის კედლები კი გრაფიტით დაიფარა.
2011-16 წლებში მარისა შაინფელდი კატსკილის მიტოვებულ ადგილებს უღებდა ფოტოებს. ბავშვობაში, 1980-იან წლებში, იგი აქ ბანქოს მოთამაშე პაპას დაჰყავდა.
დღეს შაინფელდის წიგნი „ბორშ-ბელტი“ კატსკილის სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების აუცილებელი ელემენტია. მის ერთ-ერთ ფოტოზე მიტოვებული აუზის გაბზარული ბეტონიდან ამოზრდილი გვიმრაა აღბეჭდილი. „რაღაც ახალი იზრდება ძველიდან, – ამბობს იგი, – ასე ვუყურებ კატსკილის რენესანსს“.

ფოტო: მარისა შაინფელდი
კატსკილის ნოსტალგიის გასაზიარებლად ყოფილ დამსვენებლებს ფეისბუკზე რამდენიმე ჯგუფი აქვთ შექმნილი. ბევრი კითხულობს, სად შეუძლიათ ბავშვობის მოგონებების გაცოცხლება, პასუხები არასახარბიელოა („არ ღირს. იმედგაცრუებული დარჩები“), მაგრამ ერთ ადგილს ხშირად ახსენებენ, როგორც 1950-იანი წლების თავისუფლებისმოყვარე ზაფხულების სახსოვარს: Rosemarins-ის კოტეჯებს.
ეს კოტეჯები კატსკილის მთისწინეთში მდებარეობს. ყოფილი ბუნგალოს კოლონიების უმეტესობა აქ საზაფხულო ბანაკებად გადაკეთდა, თუმცა Rosemarins-ი თავისი ხის კოტეჯებით და სოფტბოლის საკვირაო მატჩებით კვლავ ინარჩუნებს კატსკილის ძველებურ ეშხს.
მამულის შესასვლელთან სკოტ როზმარინი, მესამე თაობის მესაკუთრე, გოლფის მანქანით დაგვხვდა და მინდორში გაგვასეირნა. სკოტის პაპამ Rosemarins-ი 1941 წელს იყიდა. როდესაც სხვა კოლონიები დაიხურა, მამამისმა მათი კლიენტები გადაიბარა. ბოლო წლებში დამსვენებლები ასაკში შევიდნენ და მოგება შემცირდა, შემდეგ პანდემია დაიწყო. 2020-ის ზაფხული ძველ დღეებს ჰგავდა: სავსე სასტუმროთი, სანაპიროდან „მარკო“-ს შეძახილით და ტბიდან „პოლო“-ს გადმოძახილით.
„ეს სასიამოვნო ბიზნესია“, – ამბობს სკოტი და გოლფის მანქანას მართავს. გზად ვერანდაზე მჯდომ გენერალურ დირექტორს და ორ მოხუც ქალბატონს ჩავუარეთ, რომლებიც საკუთარი კოტეჯების წინ გასაშლელ სკამებზე ისხდნენ და საუბრობდნენ. 50 ჰექტარზე განაწილებულ 96 კოტეჯთან ერთად, სასტუმროს აუზი და სამორინე აქვს, სადაც სკოტის 90 წლის დედა კანასტას თამაშობს.
სკოტი სამორინეს კარს აღებს, სადაც შაბათობით საღამოები იმართებოდა. ერთი რამ შეიცვალა, აღნიშნავს იგი: „მომღერლები და კომიკოსები აღარ გამოგვყავს“, – ახლა ჭამა-სმა და კონცერტები უფრო პოპულარულია.
დედაჩემი გაშტერებული უყურებს სცენას და ხელით მოხატულ კედელს, რომელზეც უაიტ-მაუნტინსიდან ამომავალი მზე ხატია. შესასვლელში ჩამოწერილი სასცენო რეკვიზიტები და სკამების გროვაა. „ბავშვობას ხომ არ გახსენებს?“ – ვეკითხები კიდევ ერთხელ.
„ზუსტად, – ამბობს იგი, – ზუსტად ასეთი იყო“.
„ჰკითხეთ ნებისმიერს, ვინც ბავშვობა ბუნგალოს კოლონიებში გაატარა, – ამბობს სკოტი, – საუკეთესო დრო იყო“.
დედაჩემი თავს უქნევს. „ნამდვილად. აი, ეგ იყო თავისუფლება“.
ნინა სტროქლიკის სტატია იტალიის ვია-აპიაზე მოგზაურობის შესახებ 2022 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა.