დაბრუნებული მოდა
დღეს ბეწვეული კვლავ მოდაშია, მეტ პოპულარობას იძენს და ეს იმის ფონზე ხდება, როცა დატყვევებული ცხოველების სიცოცხლისა და სიკვდილის შესამსუბუქებლად უამრავი კამპანია მიმდინარეობს


დაბრუნებული მოდა
დღეს ბეწვეული კვლავ მოდაშია, მეტ პოპულარობას იძენს და ეს იმის ფონზე ხდება, როცა დატყვევებული ცხოველების სიცოცხლისა და სიკვდილის შესამსუბუქებლად უამრავი კამპანია მიმდინარეობს
შუა თებერვალი იდგა; 23-სანტიმეტრიან ყინულზე ფრთხილად მივიკვლევდით გზას. აქ თითქოს გრძნობდით, ოდესღაც როგორ დაიწყო ბეწვეულით ვაჭრობა, სადღაც, ძალიან შორს.
ბილ მაკოვსკიმ, რომელსაც ჩრდილოეთ მეინში ხაფანგების დაგების 60-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ყინულიდან ამოშვერილ მურყნის ტოტებზე მიგვითითა: „თახვები ვერხვის შეგროვებას პირველი სუსხისთანავე იწყებენ. საკვებად უვარგის მურყანს ზემოდან აყრიან, რომ ვერხვის ტოტები ღრმად ჩავიდეს ყინულში, სადაც ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში იკვებებიან“. რკინის ლომი ყინულს ჩაარტყა, მერე მე გამომიწოდა. „ატყობ, ძირი რა მყარია? თახვებს დიდხანს უტკეპნიათ“.
სხვა ადგილასაც ჩატეხა ყინული, მომიტრიალდა და მითხრა, „ჰაერის ბუშტულების ხმა გაიგონე?“ ხვრელი გააფართოვა, ხელი ჩაყო, რაღაცას ჩასჭიდა და არ მოეშვა, სანამ ყინულის ზედაპირი რაღაც უცნაურმა ლითონის მოწყობილობამ არ ამოტეხა. ხაფანგი აღმოჩნდა, რომელშიც უზარმაზარი თახვი კისრით მოყოლილიყო. ჰაერის ბუშტულები კი – ყინულზე აღბეჭდილი მისი უკანასკნელი ამონასუნთქი.
გამოთვალა და ტყავი 25 დოლარზე მეტი არ ეღირებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახლამდე მთელი გზა უსაზღვროდ კმაყოფილი მოდიოდა, ზუსტად ისე, როგორც მისი წინამორბედი მონადირეებისა თუ ხაფანგის დამგებების მრავალი თაობა. მან გაიხსენა, ერთ-ერთმა ზამთრის სტუმარმა რა უთხრა: „თახვებზე ნადირობა ხალხში ასეთ ნეგატიურ დამოკიდებულებას რომ არ იწვევდეს, აქ ჩამოსასვლელად ხალხი ფულს გადაიხდიდაო“.
სინამდვილეში, არა მგონია, ხალხს ისევ აღელვებდეს მათი დახოცვა. ცნობილი მოდელები, რომლებიც ერთ დროს გაიძახოდნენ, ქურქის ჩაცმას, შიშველი სიარული გვირჩევნიაო, ბეწვეულის მოდას მაინც აყვნენ, ხოლო დიზაინერებმა, რომლებსაც 15-20 წლის წინ მისი „შეხებისაც“ კი ეშინოდათ, ეს ტაბუ დაძლიესო, ამბობს დენ მულენი, წაულების ფერმის მეპატრონე ახალი შოტლანდიიდან (კანადა). ბეწვეულით მოვაჭრეები აღიარებენ, რომ აქტივისტები სამართლიანად აპროტესტებდნენ, ფერმერები სათანადო სტანდარტებით ვერ უვლიან თავიანთ ცხოველებსო, თუმცა იმასაც ამატებენ, რომ ვაჭრობის შეცვლის მიუხედავად, აქტივისტები მაინც კამათობენ. ასეა თუ ისე, დღეს ბეწვეულის ჩაცმას უფრო ინდივიდუალურ არჩევნად განიხილავენ. ზოგ ქალაქში უფრო დიდი შანსია, რომ ქუჩაში სიარულისას „მესიჯობის“ გამო განგსაჯონ, ვიდრე ბეწვეულში გამოწყობილი დაგინახონ.
ბეწვეულის ფერმები სავაჭრო ბიზნესში დომინირებენ. 1990 წლის მერე პროდუქციის წარმოება გაორმაგდა, შარშან ას მილიონზე მეტი ტყავი გაიყიდა, უმეტესად წაულისა და მელას. ამას ემატება ხაფანგის დამგებების მოპოვებული მილიონობით გარეული თახვის, კოიოტის, ენოტის, ონდატრასა და სხვა ცხოველების ტყავი. ჩამონათვალში არ შედის ურიცხვი რაოდენობის მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვარი, ბოცვერი, სირაქლემა, ნიანგი, ალიგატორი და კაიმანი, რომლებსაც როგორც საკვებად, ისე ტყავის გულისთვის იმეტებენ.
პრინციპში, ციფრები რაში გჭირდებათ. გარშემო მიმოიხედეთ. ერთ დროს პარკ-ავენიუს ელიტისა და კერძო კლუბების მდიდარი სტუმრების ზამთრის მოდური ტენდენცია – ქურქი, ახლა საშუალო და დაბალი ფენისა თუ ჰიპ-ჰოპის მიმდევართა საყვარელი სამოსიცაა. ბეწვეული ყველა სეზონზე მოდურია და ყველაფერში გამოიყენება – ბალიშებში, ხელჩანთებში, ფეხსაცმელებში, გასაღების საკიდებში, პულოვერებში, შარფებში, ავეჯსა და სანათებში.
როგორ დაუბრუნდა ბეწვეული მოდას 90-იანების სოციალური უარყოფის ფონზე? ან კრუელა დე ვილსა და დალმატინელ ლეკვებზე ნახატი ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ? ან თუნდაც, იმის მიუხედავად, რომ ლეოპარდები, ოცელოტები და სხვა სახეობები გაქრობის პირას იყვნენ? 1970 წელს მიღებული კანონით აიკრძალა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ტყავის გამოყენება მოდის ინდუსტრიაში. მაგრამ ქურქების პოპულარობის ახალი ტალღა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ერთი მხრივ, ბეწვეულით მოვაჭრეებმა დააკმაყოფილეს გარკვეული სტანდარტები ცხოველთა ფერმებში და დაამშვიდეს კრიტიკოსები, თანაც მათი გვერდის ავლის გზებიც ისწავლეს; მეორე მხრივ, ბეწვეულზე მოთხოვნა გაიზარდა ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და რუსეთის ახალგამდიდრებულ ფენაში, რასაც უმალვე უპასუხა ბაზარმა.
ამ ყველაფერში მეც ჩემებურად ვარ გარეული. ჩემი დიდი ბაბუა ხაფანგების დამგები იყო. ვგრძნობ, რომ ის შინაგანი ცოდნა, რომელიც ნადირობის, მეთევზეობისა და ცოცხალ არსებებთან ურთიერთობის დროს ვითარდება, მეტად ფასეულია და დღევანდელ ურბანულ ცხოვრებაში მეტწილად დაკარგულია. წლების წინ მე და ჩემმა მეუღლემ ოცელოტის ქურთუკი მივიღეთ მემკვიდრეობით. ეს თხუთმეტი ნაჭრისგან შემდგარი ტყავი ისე გვაწუხებდა, რომ ბოლოს საგანმანათლებლო ნივთის სახით შევწირეთ ველური ცხოველების ეროვნულ თავშესაფარს. მართლაც, ჩახლართული ამბავია. საკუთარ თავში მინდოდა გავრკვეულიყავი და ჩრდილოეთისკენ ამიტომაც გამოვემგზავრე.
ახალ შოტლანდიას ვეწვიე, ქურქით ვაჭრობის ეპიცენტრს. მულენმა თავისთან მიმიპატიჟა, რომ ეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდნენ და, ასევე, როგორ კვდებოდნენ მისი წაულები. „კარგად გვესმის, რომ ჩვენს საქმეს საზოგადოების თანხმობა სჭირდება“, – მითხრა მან.
მულენი წაულის ძველ ფერმაში გაიზარდა, სადაც გრძელი და ვიწრო ხის ფარდულები იდგა, ორივე მხარეს პატარა გალიების მჭიდრო რიგებით. შემდეგ თავადაც ჩაერთო ამ ბიზნესში, გალიები ევროპული სტანდარტით გაადიდა და თავის ფეხბურთის მოედნისხელა ფერმაში ამგვარი გალიების 6 რიგი, ნახევრად გამჭვირვალე პლასტმასით გადახურულ ფარდულებში მოათავსა.
ფერმაში დღეში რამდენჯერმე რიგდება მეცნიერულად შემუშავებული საკვები. ულუფებს კომპიუტერი ადგენს, უმ ბურგერს წააგავს. ყინვაგამძლე მილით გალიები 24 საათის განმავლობაში მარაგდება სასმელი წყლით, გალიების ძირი კი ავტომატურად იწმინდება ნარჩენებისგან, რომელიც შემდგომ სასუქად ან ბიორეაქტორით, ელექტროენერგიად გადამუშავდება.
ასეთი ცვლილებები ცხოველთა უფლებების დამცველთა გასაჩუმებლად შემოიღეს. მაგრამ მსგავს ტექნოლოგიებს ფერმერებისთვისაც მოაქვს სარგებელი. მაგალითად, მულენის გალიებს დედისთვის ცალკე თაროები აქვს – თურმე დასვენებული დედები უკეთ კვებავენ ნაშიერებს. გალიებში სტრესის მოსახსნელად სათამაშოებსაც უწყობენ, რაც თითქოს დადებითად აისახება ტყავის ხარისხზე. დღეს ამ ბიზნესში ჩაბმული ადამიანები ხშირად ტრაბახობენ რეფორმებით, რომლებიც, სინამდვილეში, თავიანთმა ძველმა კრიტიკოსებმა გაატარებინეს.
მულენის წაულები, თავიანთ ველურ ორეულებზე ორჯერ უფრო დიდები და ჯანმრთელები, ცნობისმოყვარედ იცქირებოდნენ. რა თქმა უნდა, ისინი განწირულები იყვნენ. მე ხომ მათი სიკვდილის სანახავად ჩამოვედი. თანამშრომლები გალიიდან გალიაში დადიოდნენ და ცხოველები კუდით ამოჰყავდათ. ზოგი ეწინააღმდეგებოდა და ჭყაოდა, მაგრამ უმეტესობა თითქოს ჩვეული იყო ადამიანის ხელს და არც ინძრეოდა, სანამ ნახშირბადის მონოქსიდიან ყუთში არ ჩავარდებოდა, როგორც ამანათი საფოსტო ყუთში. წუთში გონებას კარგავდნენ, რამდენიმე წუთში კი კვდებოდნენ.
„იცით, როგორ ხოცავენ სხვა საქონელს? – მითხრა მულენმა, – ფერმებიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ სასაკლაოებზე მიჰყავთ, სისხლიანი და საშინელი სანახაობაა. აქ ცხოველების დახოცვის ყველაზე ჰუმანური მეთოდი გვაქვს“. მეორე დღეს გადამამუშავებელ ქარხანაში წავედით; გეგონება მაისურს აძრობსო, ისე ატყავებს ცხოველს დანადგარი.
მსოფლიოში უდიდესი ბეწვეულის აუქციონი დანიაში, „კოპენჰაგენის ბეწვეულში“ გაიმართა. რობოტების, რენტგენის აპარატებისა და ვიდეო ტექნოლოგიის გამოყენებით, 6,8 მილიონი ქურქი აღრიცხეს, მწარმოებლის საიდენტიფიკაციო კოდი დაადეს, 52 ტიპის ტყავის ფაქტურა დაახარისხეს და ათასობით შეკვრად გაიტანეს აუქციონზე. დარბაზში მყიდველები რჩევებს იღებდნენ, ცოტასაც ბუზღუნებდნენ და ტყავის შეკვრების რიგებში მიდი-მოდიოდნენ.
„კოპენჰაგენის ბეწვეულის“ ატელიე „კიკში“ პეკინელი დიზაინერი, რან ფანი მუშაობდა. ის დანით ჭრიდა წაულის ტყავს, ლავანდისფრად ღებავდა და ბადისებრ სარჩულს უკეთებდა. ჩინელები მსოფლიოში წარმოებული ბეწვეულის თითქმის ნახევარს ყიდულობენ, ასე რომ, დიზაინერი აქ ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად ჩამოვიდა.
ბეწვეულით ვაჭრობის გამოცოცხლებაში დიდ როლს თამაშობენ ფანის მსგავსი ამბიციური ახალგაზრდა დიზაინერები, ასევე, ახალგაზრდა მომხმარებლებიც. წამყვანმა აუქციონებმა დიზაინერებისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მოწვევა ქურქების საწინააღმდეგო მოძრაობის პიკის დროს დაიწყეს. წამოწყების მიზანი იყო, რომ ქურქები ბეწვეულის სპეციალიზებულ მაღაზიებსა თუ განყოფილებებს გასცდენოდა, ერთ-ერთ კარგ ქსოვილად ქცეულიყო და ნებისმიერ ტანსაცმლის მაღაზიაში გაყიდულიყო.
ამ ურთიერთობამ შედეგი გამოიღო; დიზაინერებმა ბეწვი ისე გამოიყენეს, ჩვეულებრივ მწარმოებლებს აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ; ქურქებს ინოვაციური ტექნოლოგიებით ნაირ-ნაირ ფერებად ღებავენ, ხასხასა მწვანედ თუ ცისფრად. გააჩნია, რომელი ფერია აქტუალური. კერვის ახალი ტექნიკაც ნაკლები ბეწვეულით მეტი სამოსის შექმნის საშუალებას იძლევა. „ხელმისაწვდომობა“ – სიტყვა, რომელსაც უწინ ქურქს ნამდვილად ვერ დაუკავშირებდით, ახლა, ჯული მარია ივერსენის („კოპენჰაგენის ბეწვეულის“ წარმომადგენელი) თქმით, „ბეწვეულის სამყაროში მოგზაურობის საშუალებას იძლევა“.
„ახალგაზრდას საშუალებას ვაძლევთ, რომ ჯერ ტყავის პატარა ნაჭერი იყიდოს გასაღებების ასაცმელად. მოგვიანებით, შეიძლება მეტი შემოსავალი გაუჩნდეს და ბეწვის ხელჩანთას შეიძენს. საბოლოოდ კი, ქურქსაც მოიგდებს. ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილია, რათა ქალების მომავალი თაობა წავახალისოთ“, – ამბობს ივერსენი.
„როგორ უნდა განვეწყოთ ბეწვეულის მზარდი პოპულარობის მიმართ? უნდა წავახალისოთ ქალების მომავალი თაობა? თუ მათაც უნდა გააპროტესტონ, როგორც ამას ცხოველთა დამცველები ითხოვენ? უნდა გვიხაროდეს ცხოველთა მიმართ შედარებით ჰუმანური მოპყრობა, რომელიც ბეწვეულის ინდუსტრიამ მოიტანა? ნუთუ ამით უკეთ ვგრძნობთ თავს?“ ამ კითხვებს გვისვამს რატგერსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, გარი ფრანსიონე, რომელიც ცხოველთა მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულების მოწინააღმდეგეა.
ღორებისა და ქათმების ფერმის მსგავსად, ბეწვეულის ფერმაშიც ცხოველები მთელი ცხოვრება დატყვევებულები ჰყავთ და ბოლოს ხოცავენ. ხშირად ბევრისთვის ყოვლად მიუღებელ მეთოდებს მიმართავენ. მაგალითად, ზოგიერთ ფერმაში მელებს ანალური ელექტროშოკით კლავენ.
ცხოველებისა და ჩვენი ურთიერთობის ინდუსტრიალიზაციამ სხვა პრობლემები წარმოშვა. ზოგი ფერმერი ცდილობს, ჰუმანურად მოექცეს ცხოველებს, ზოგი – არა. მაგრამ აუქციონზე გადარჩევის დროს, 300-ზე მეტი ფერმიდან ჩამოტანილი ტყავი, კარგი თუ ცუდი, შეიძლება ერთ ლოტში მოხვდეს. ეს თითოეული ბრენდის პრობლემაა – დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მისი ბეწვი ჰუმანური მეთოდებითაა მიღებული. ევროპის ბეწვეულის ინდუსტრია აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობს, მაგრამ ჯერ, ათასობით ფერმა ახალმიღებული „ველფურის“ პროგრამით უნდა შემოწმდეს.
წაულების ერთი ფერმა მოვინახულე დანიაში. თან მახლდა სტინ ჰენრიკ მელერი, აარჰუს უნივერსიტეტის აგრონომი. ის მონაწილეობს პროტოკოლის შემუშავებაში, რომელიც შემოწმების პროცესის გამართულობას ითვალისწინებს. „ველფურის“ ინსპექციისას, 120 გალია 22 მახასიათებლით მოწმდება. „იმედია, ცუდს არაფერს იპოვით“, უთხრა ფერმერმა. „უნდა ვიპოვოთ, თორემ გამოვა, რომ სისტემა არ მუშაობს“, – მიუგო მელერმა.
მაგრამ ადარდებთ ეს ამბავი ადამიანებს, მაშინ როცა ქურქებს ყიდულობენ? „თუკი ამ კითხვას შანხაიში ან ციურიხში დასვამთ, აბსოლუტურად განსხვავებულ პასუხებს მიიღებთ“, ამბობს „კოპენჰაგენის ბეწვეულის“ პრეზიდენტი, ტაგ პედერსენი. „მაგრამ მომავალში ამ საკითხით უფრო ბევრი დაინტერესდება. არა მარტო ბეწვეულით, არამედ ყველაფრით, რასაც ვყიდულობთ. ისინი მაღაზიებში იკითხავენ, სათანადოდ უვლიან თუ არა ცხოველებს. თუ გამყიდველი დადებით პასუხს გასცემს, შემდეგ დამადასტურებელ საბუთსაც მოითხოვენ“. პედერსენის თქმით, ბეწვეულის ბიზნესი დაზარალდება, თუკი მომხმარებლები არ ისურვებენ „ველფურის“ ნიშანდებულ საქონელში უფრო მეტის გადახდას; თუმცა სჯერა, რომ გადაიხდიან.
უკან გამობრუნებულს ერთი საპირისპირო აზრი გამიჩნდა. ცხოველთა დამცველები მუდამ ეწინააღმდეგებოდნენ ბეწვეულის ფერმებს. დიდ ბრიტანეთში, ავსტრიასა და ხორვატიაში სულ ასე იყო, ნიდერლანდებში მის მთლიანად აკრძალვასაც ცდილობენ. თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ადამიანები მაინც ჩაიცვამენ ქურქებს. უბრალოდ, წარმოება ისეთ ადგილებში გადაინაცვლებს, სადაც შეზღუდვები არ იქნება. აუქციონზე ერთ ბროკერს, რომელსაც ჩინეთში წაულების ფერმა აქვს, ვკითხე, რა კეთდება იქ ცხოველთა კეთილდღეობისთვის-მეთქი, მოკლედ მომიჭრა: „ბევრი არაფერი“.
ბეწვეულის წარმოების აკრძალვით, ასევე არაფერი შეიცვლება სხვა შინაური ცხოველების მიმართულებით, რომელსაც ყოველთვის მარტივად მივიღებთ. აკრძალვა უბრალო ფორმალობა იქნება, რომელიც მორალურად გაგვამართლებს რეალური მსხვერპლის გაღების გარეშე, რადგან ადამიანთა უმეტესობას არასდროს უყიდია ბეწვეული და არც არასდროს იყიდის. ბევრი ჩვენგანი ისევ შეჭამს ხორცს, ისევ დალევს რძეს, ისევ ჩაიცვამს ტყავის ფეხსაცმელს და გააგრძელებს ცხოველების ექსპლუატაციას, როგორც ამას მანამდე აკეთებდა და ისეთი მასშტაბით, რომ ბეწვეულის ინდუსტრია ყოველთვის შეუმჩნეველი დარჩება.
ბეწვეულით მოვაჭრეები ხშირად თვალთმაქცობენ. უმეტესობა იმ მწარმოებლებზე მიგვითითებს, რომლებსაც ცხოველთა კეთილდღეობისთვის დიდად არაფერი შეუცვლიათ და ისევ ძველ პრაქტიკას მისდევენ. „ჩვენ რომ მიდგომა არ შეგვეცვალა, საქმიანობას აგვიკრძალავდნენ“, ამბობს პედერსენი, „სხვა ცხოველთა მწარმოებლებს მსგავსი რამ არ აშინებთ“.
ამიტომ ვფიქრობ, ბეწვეულის წარმოების აკრძალვას, ჯობია, ცუდ ფერმერებზე გავაძლიეროთ ზეწოლა. შემდეგ გამოვარჩიოთ პროგრესული მეწარმეები, ვაჩვენოთ, რომ ამ სტანდარტების მიღება შესაძლებელია, პერიოდულად მოგებიანიცაა და ყველა იმ ცხოველის წარმოების მოდელად ვაქციოთ, რომლებზეც ჩვენი ნებიერი ცხოვრებაა დამოკიდებული.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.