დაცვის ძალა
ოკეანეების გადასარჩენად წამოწყებული პროექტი თავის მისიას აფართოებს,
რათა თევზის მარაგების გაზრდასა და კლიმატის დარეგულირებას შეუწყოს ხელი


დაცვის ძალა
ოკეანეების გადასარჩენად წამოწყებული პროექტი თავის მისიას აფართოებს, რათა თევზის მარაგების გაზრდასა და კლიმატის დარეგულირებას შეუწყოს ხელი
2007 წელს ენრიკ სალამ სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში პროფესორის თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნეკროლოგების წერით დაიღალა: „აღმოვაჩინე, რომ ოკეანის ნეკროლოგს სულ მეტი და მეტი სიზუსტით ვადგენდი“, – ამბობს იგი.
სალამ გადარჩენილთა დაცვა განიზრახა ოკეანის იმ მცირერიცხოვან მონაკვეთებში, რომლებშიც სიკვდილს ჯერ კიდევ არ მოუსვია თავისი ცელი.
ეს მიმოფანტული ნაშთები ჭარბი თევზჭერისგან, დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებისგან ჯერ კიდევ დაუზიანებელი ზღვის უკანასკნელი ველური ადგილებია – ამაზონის ხელუხლებელი ტყის ყველაზე შორეული ზონების საზღვაო შესატყვისი. „ჩვენთვის აუცილებელი იყო იმ მცირედ შემორჩენილ წერტილებთან მისვლა, რომლებიც კვლავაც 500 წლის წინანდელი ჯანსაღი ოკეანესავით გამოიყურებოდა. შეიძლება მთელი ოკეანის ამ მდგომარეობამდე დაბრუნება ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ეს ადგილები გვიჩვენებს, თუ რა შესაძლებლობები არსებობს. ისინი იმედს გვაძლევს“, – ამბობს სალა.
ასეთი ადგილების დასაცავად 2008 წელს სალამ და National Geographic Society-მ „ხელუხლებელი ზღვების“ პროექტი წამოიწყეს. გასული 12 წლის განმავლობაში „ხელუხლებელი ზღვების“ პროექტმა 22 საზღვაო ნაკრძალის შექმნას შეუწყო ხელი, მათ შორისაა ჰორნის კონცხის სამხრეთით მდებარე გიგანტური ლამინარიის ტყეები და გაბონში კუზა ვეშაპის საშენები. ისინი მსოფლიოს სრულად დაცული საზღვაო ტერიტორიების ორ მესამედს შეადგენს და საერთო ჯამში 5,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ახლა სალასა და მის გუნდს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი დაუსახავთ: მსოფლიო ოკეანის მესამედზე მეტის დაცვა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, არამედ თევზის პოპულაციათა შევსებისა და ნახშირბადის დამწყვდევისთვისაც.

სალასთვის მისი საქმის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იმ მხარეების ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობაა, რომლის დაცვასაც ესწრაფვის იგი თავის გუნდთან ერთად. პიტკერნის კუნძულებზე, სამხრეთ წყნარ ოკეანეში, ბრიტანეთის საზღვრის მიღმა ტერიტორიაზე, „ხელუხლებელი ზღვების“ გუნდი მჭიდროდ მუშაობდა კუნძულის 50-მდე მცხოვრებთან.
„მათ წყალქვეშა სამყარო ვუჩვენეთ, რომელიც აქამდე არასოდეს ენახათ, – იხსენებს სალა, – ვუთხარით: ეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი ადგილია და ის თქვენ გეკუთვნით. მაგრამ ის საფრთხის წინაშეა უცხოური თევზსაჭერი გემების გამო, რომლებიც თქვენს წყლებში უკანონოდ თევზაობენ. ამის მოგვარების შესაძლებლობა გაქვთ“.
სალას თქმით, პიტკერნის კუნძულელებმა დაიწყეს საკუთარი თავის აღქმა თავიანთი ამბის გმირებად და 2015 წელს მათი მოთხოვნით ბრიტანეთის მთავრობამ პიტკერნისა და მის მახლობლად მდებარე დაუსახლებელი კუნძულების – დიუსის, ოენოსა და ჰენდერსონის – გარშემო 834 000 კვადრატულკილომეტრიანი საზღვაო ნაკრძალი შექმნა.

პიტკერნის დასავლეთით, შორს, მიკრონეზიაში, „ხელუხლებელი ზღვების“ გუნდი მკვიდრ პალაუელებთან თანამშრომლობდა ბუნების გაფრთხილების უძველესი ტრადიციისთვის თანამედროვე ფორმის მისაცემად. საუკუნეების განმავლობაში პალაუელები თევზჭერის დროებითი შეწყვეტის პრაქტიკას – „ბულის“ მისდევდნენ თავიანთი რიფის თევზის პოპულაციების შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. თანდათან მათ 35 ნაკრძალი ჩამოაყალიბეს, რომლებიც მათი კუნძულების ირგვლივ ზღვის ფლორასა და ფაუნას იცავდა, ზოგიერთი მათგანი კი თევზჭერას სამუდამოდ კრძალავდა. პალაუს პრეზიდენტმა, ტომი რემენგესაუმ, სალას გუნდს სთხოვა, თევზჭერისთვის დახურული ნაკრძალების შიგნით და მათ მიღმა თევზის სიუხვე შეედარებინა. შედეგად აღმოჩნდა, რომ მეთევზეთა სამიზნე სახეობები დახურულ ნაკრძალებში თითქმის ორჯერ მეტი იყო.
გუნდმა თავისი ყვინთვები ვიდეოფირზე აღბეჭდა და გადაღებული მასალა პალაუში აჩვენა. „პალაუელებისთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ რამდენად კარგად მუშაობს მათი ტრადიციული მართვა და რომ მათი რიფების დაცვის გარდა, ის ტურიზმსაც უწყობს ხელს“, – ამბობს სალა. 2015 წელს პალაუს ეროვნულმა კონგრესმა თევზჭერისთვის დახურული საზღვაო ნაკრძალი შექმნა, რომელიც ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის 80%-ს ფარავს, რაც ხაზგასმული ხორცშესხმაა იმ იდეისა, რომ აყვავებული ეკონომიკა ჯანსაღ გარემოზეა დამოკიდებული.


(მარცხნივ) პალაუს რიფზე ორი მანტა (სკაროსი) მოქცევით მოტანილი ოკეანის პლანქტონით იკვებება. ამ ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე ახლომდებარე დაუცველ ზონებთან შედარებით თევზის ორმაგი რაოდენობა და ხუთჯერ მეტი მტაცებელი თევზი ბინადრობს. (მარჯვნივ) აფალინები ქვემო კალიფორნიის სამხრეთით, რევილიახიხედოს ეროვნულ პარკში დაცურავენ. ეს დაახლოებით 148 000 კვადრატული კილომეტრის სივრცეა, სადაც აბრეშუმის ზვიგენები, თავჩაქუჩა ზვიგენები, ვეშაპისებრი ზვიგენები, მანტები, თინუსები და კუზა ვეშაპები ბინადრობენ.
ეს ჭეშმარიტება საყოველთაოდ აღიარებული არ გახლავთ. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ზღვის შენარჩუნების საქმეს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ თევზჭერის, ნავთობმოპოვებისა და სამთო მრეწველობის ინტერესების მქონე სუბიექტები. მსოფლიო ოკეანის მხოლოდ და მხოლოდ 7% არის რამე სახით დაცული – ესაა, უმეტესწილად, რბილი წესები მრავალი გამონაკლისით – და ექსპლუატაციისგან მხოლოდ 2,5% არის მკაცრად დაცული, ამ ზონებს მიღმა კი ოკეანე უწყვეტი გამოფიტვის საფრთხეშია.
დანაკარგი შევიწროებული და განადგურებული ჰაბიტატების, ჭარბი თევზჭერისა და ოკეანის ერთდროულად დამათბობელი და შემამჟავებელი კლიმატის ცვლილების შედეგია. სამივე საფრთხეს რომ მიხედოს, ამჟამად „ხელუხლებელი ზღვები“ საკუთარ მისიას გარდაქმნის. სალას სჯერა, რომ თევზჭერისთვის დახურული საზღვაო დაცული ტერიტორიების ქსელის მეშვეობით ერთდროულად ბიომრავალფეროვნების, კვების უსაფრთხოებისა და კლიმატის ხელშეწყობაა შესაძლებელი.
ხმელეთზე, სადაც პარკები და თავშესაფრები ათასობით გადაშენების პირას მყოფ სახეობას იცავს, ბიომრავალფეროვნებისთვის მოტანილი სარგებელი თავისთავად ცხადია, საზღვაო დაცული ტერიტორიების მიერ თევზსარეწების ხელშეწყობა კი ნაკლებაშკარაა. გავრცელებული შეხედულების თანახმად, თევზჭერისთვის დახურული სივრცეები მეთევზეობის ინტერესებს აზარალებს, მაგრამ, სალას მტკიცებით, ასეთი შეხედულება მცდარია.
მიუხედავად თევზის მრეწველობის მიერ თევზჭერის გასაზრდელად გაწეული ძალისხმევისა, გლობალური თევზჭერის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად უცვლელია 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან (ზოგიერთი მკვლევრის თქმით, მოპოვებამ იკლო კიდეც). ამის მიზეზი თევზის მარაგების მკვეთრი შემცირებაა, რომელსაც აღდგენა სჭირდება.
სამხრეთული კიბორჩხალა Lithodes santolla, კუნძული ესტადოსი, არგენტინა
ზღვის ღორჯო რბილ მარჯანზე, პალაუ
მწვანე კუ, კუნძული ქოქოსი, კოსტა-რიკა
ზღვის კაპარჭინა, პალაუ
ვარდისფერი თევზი-ჯამბაზი, ახალი კალედონია
ლუციან-ბოჰარი, პალაუ
სავარაუდოდ ასობით წლის გიგანტური მარჯანი, აღდგომის კუნძული
ბრინჯაოსფერი თავჩაქუჩა ზვიგენები, კუნძული ქოქოსი
სამხრეთული კიბორჩხალა Lithodes santolla, კუნძული ესტადოსი, არგენტინა
ზღვის ღორჯო რბილ მარჯანზე, პალაუ
მწვანე კუ, კუნძული ქოქოსი, კოსტა-რიკა
ზღვის კაპარჭინა, პალაუ
ვარდისფერი თევზი-ჯამბაზი, ახალი კალედონია
ლუციან-ბოჰარი, პალაუ
სავარაუდოდ ასობით წლის გიგანტური მარჯანი, აღდგომის კუნძული
ბრინჯაოსფერი თავჩაქუჩა ზვიგენები, კუნძული ქოქოსი
„დაცული ტერიტორიები თევზჭერას არ ემტერება. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ოკეანის დაცვას თევზჭერისთვის წმინდა სარგებლის მოტანა შეუძლია“, – ამბობს სალა. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ რაც უფრო მეტადაა დაცული ტერიტორია, მით უფრო მეტი სარგებელი აქვთ მის საზღვრებს გარეთ მომუშავე თევზმჭერებს. ამის მაგალითია ისეთი სახეობები, როგორიცაა თინუსი, ომარი თუ ორსაგდულიანი მოლუსკი. სალას თქმით, სრულად დაცული საზღვაო ნაკრძალები ხელუხლებელი საინვესტიციო ანგარიშის მსგავსია: ისინი წლიურ შემოსავალს უზრუნველყოფს ზრდასრული და ლარვის სტადიის თევზისა თუ უხერხემლოების სახით, რომლებიც ნაკრძალებს სცდებიან და თევზმჭერების სამიზნე მარაგებს ხელახლა ავსებენ.
და მაინც, საზღვაო დაცული ტერიტორიები იმდენადაა უსაფრთხოდ შენარჩუნებული, რამდენადაც ძლიერია მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ნება, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიის კომერციული თევზჭერისთვის გახსნაზე ფიქრობს.
საზღვაო დაცული ტერიტორიების მიერ კლიმატისთვის მოტანილი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგი ძირითადი სათბურის აირია, ზღვის დანალექები კი დედამიწაზე ნახშირბადის ერთ-ერთ უმთავრეს საცავს წარმოადგენს, რომელიც ხმელეთის ნახშირბადზე მეტს ინახავს. ხელშეუხებელ დანალექებს ნახშირბადის დამწყვდევა ათასობით წელი შეუძლია. როდესაც დანალექებს ფსკერზე ბადით თევზჭერისა თუ ზღვის ფსკერზე მოპოვებითი სამუშაოების გამო ეხებიან, დაცული ნახშირბადი კვლავ გამოთავისუფლდება.

სწორედ ისევე, როგორც ტყის გადასარჩენად ერთზე მეტი მიზეზი არსებობს, ოკეანის დაცვასაც არაერთი სარგებელი მოაქვს, რაც ამ საქმეს მით უფრო აუცილებელს ხდის. სალა ამბობს, რომ „ბიომრავალფეროვნებას განცალკევებით ვეღარ განვიხილავთ, ვერც კლიმატს განვიხილავთ განცალკევებით. თუკი პლანეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობი ბუნებრივ მდგომარეობას არ აღიდგენს, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა (გლობალური დათბობის პირობებში დედამიწის საშუალო ტემპერატურა არ გასცდეს კრიტიკულ ზღვარს – 2-გრადუსიან მატებას) შეუძლებელი იქნება“.
რამოდენა თანაფარდობაზეა ლაპარაკი? სალასა და მისი გუნდის გაანგარიშებით, ოკეანის სრულად დაცული ნაწილის თოთხმეტჯერ გაფართოება – 2,5%-დან 35%-მდე – ბიომრავალფეროვნების 64%-იან სარგებელს უზრუნველყოფდა, სახიფათო ნახშირბადის 28%-ს დააკავებდა და, ამასთან, გლობალურ თევზჭერას თითქმის 10 მილიონი ტონით გაზრდიდა.
ერთი შეხედვით, ეს შეუძლებელი ჩანს, მაგრამ ალტერნატივა საშინელია. რა გვსურს: ზღვის შესახებ ნეკროლოგების წერა-კითხვა, თუ ჩვენი შვილებისთვის მემკვიდრეობით უხვი, აყვავებული ოკეანის გადაცემა? ჯერჯერობით კიდევ გვაქვს არჩევანის თავისუფლება.
კენედი უორნი National Geographic-ისთვის 2002 წლიდან წერს. ფოტოგრაფი ენრიკ სალა National Geographic Society-ს რეზიდენტ-მკვლევარია.
ეს სტატია დაფინანსდა არაკომერციული ორგანიზაცია National Geographic Society-ს მიერ, რომელიც დედამიწის რესურსების დაცვაზე ზრუნავს.