დაკარგული ბრძოლა
ფლორენციაში, „პალაცო ვეკიოს“ „ხუთასთა დარბაზში“, მაურიციო სერაჩინის ჯგუფი “მარჩიანოს ბრძოლაზე” მუშაობს. ხომ არ ფარავს ჯორჯო ვაზარის ეს ფრესკა ლეონარდოს ნახატის ნაშთებს?


დაკარგული ბრძოლა
ფლორენციაში, „პალაცო ვეკიოს“ „ხუთასთა დარბაზში“, მაურიციო სერაჩინის ჯგუფი “მარჩიანოს ბრძოლაზე” მუშაობს. ხომ არ ფარავს ჯორჯო ვაზარის ეს ფრესკა ლეონარდოს ნახატის ნაშთებს?
30 წელიწადზე მეტია, რაც საუკუნეების წინათ გაუჩინარებული, კედელზე გამოსახული შედევრის პოვნა ლამის აკვიატებულ იდეად იქცა. ეს ამოუცნობი ისტორია ნებისმიერი ბესტსელერის სიუჟეტად გამოდგებოდა. ისტორიის მიხედვით, მეორე ფრესკა პირველზე უნდა იყოს გადახატული. ამ ვარაუდს ამძაფრებს უცნაური წარწერაც, მწვანე დროშა მინაწერით Cerca trova ( ეძიებდე და ჰპოვებდე!).
70-იან წლებში ლეონარდო და ვინჩის შემოქმედების ერთ-ერთმა ყველაზე აღიარებულმა ექსპერტმა კარლო პედრეტიმ, ფლორენციელ ახალგაზრდა ინჟინერს – მაურიციო სერაჩინის თავისი იდეა გაუზიარა: მას სურდა, მეცნიერული მეთოდებით მოეძებნა აღორძინების ხანის უდიდესი შემოქმედის მიერ 1503 წელს შესრულებული ფრესკა „ანგიარის ბრძოლა“.
1968 წელს პედრეტი თეორიულად ასაბუთებდა „დაკარგული „ანგიარის ბრძოლის“საქმის შესწავლის აუცილებლობას“. სერაჩინი ნამუშევრის არსებობას ფლორენციის პალაცო ვეკიოს „ხუთასთა დარბაზში“ ვარაუდობდა, მარჯვენა პანელის უკან, აღმოსავლეთ კედელზე, სადაც ჯორჯო ვაზარის „მარჩიანოს ბრძოლაა“ გამოსახული.
ამ კედლის უკანა ნაწილსა და მომიჯნავე კედელს შორის, რომელზეც, სავარაუდოდ, ლეონარდოს ფრესკაა გამოსახული, მცირეოდენი ცარიელი სივრცეა, 10-დან 16 მილიმეტრამდე სისქისა.
პედრეტის თეორიასა და სერაჩინის მიერ ჩატარებულ კვლევებს შორის 35-წლიანი შრომაა, რომელიც ეფუძნება დოკუმენტების შესწავლას, მონაცემთა შეგროვებას, აღმოჩენებს. „პალაცო ვეკიოში“ განხორციელებულ კვლევებს ნაწილობრივ აფინანსებს National Geographic Society, ჯგუფს მხარს უჭერს ფლორენციის მერი მატეო რენცი. ჩანს, რომ „ანგიარის ბრძოლა“ მაურიციო სერაჩინისთვის კვლევაზე მეტად აკვიატებულ იდეად იქცა.
ფლორენციელმა ინჟინერმა განაცხადა, რომ ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი გახდა „ხუთასთა დარბაზის“ კედლის უკან ჰაერის ვიწრო კამერის აღმოჩენა. არ არის გამორიცხული, რომ ეს კამერა თავად ვაზარის აშენებული იყოს – ლეონარდოს ფრესკის დასაცავად.“
მიუხედავად იმისა, რომ ვაზარის კედელზე ზონდირებისთვის შეირჩა უპიგმენტო ადგილები, რომელსაც Opificio-ს ექსპერტები შემდგომ აღადგენდნენ, ეს ფაქტი მაინც გარკვეული პოლემიკის საბაბი გახდა.
ზოგი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ვაზარის მიერ დაფარულ კედელზე რაიმე შემონახულიყო. „ყველამ კარგად ვიცით, რომ ლეონარდოს ნახატი კატასტროფულია ტექნიკური თვალსაზრით, – აცხადებს კრიტიკოსი ფილიპე დავერიო, – ლეონარდოს უყვარდა ექსპერიმენტები, ის შეეცადა შეესრულებინა ფრესკა შესაბამისი მასალის გარეშე: შედეგი იყო ის, რომ ფრესკა ხუთასიანელთა თვალწინ აორთქლდა“. ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება მილანის ბრერას სამხატვრო აკადემიის ვიცე-დირექტორი პაოლა სალვი: „იმ კედლის უკან რაღაც არის, მაგრამ ალბათ შეუძლებელია ამის გამოცნობა. მთავარი ეს არაა. ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს და გავიაზროთ ვაზარის ფსიქოლოგია. ჩინკვეჩენტოს „შთამომავლების“ ურთიერთობა ლეონარდოსთან უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო მათგან გარიყული იყო. ვაზარი, მართალია, აღიარებს ლეონარდოს გენიას, მაგრამ მას მაინც ერეტიკოსს უწოდებს“.
მაგრამ ნუთუ უსაფუძვლოა ის კოსმოსური ვნებათაღელვა, რომელიც აგერ უკვე 5 საუკუნეა ლეონარდოს სახელს სდევს თან?
ავტორი მარკო ფერი სტატიაში გადმოგვცემს იმ მეთოდების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მეცნიერები ცდილობენ „ანგიარის ბრძოლის“ ძიებას. ამ მეთოდებს უამრავი დაბრკოლება ეღობება წინ, მაგრამ მაინც არსებობს იმედი იმისა, რომ მკვლევრები შეძლებენ ამოხსნან ლეონარდოს შემოქმედებასთან დაკავშირებული ასწლოვანი გამოცანა: მის შემოქმედებას ხომ მუდამ აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.ყოველთვის, როცა ხელოვნებისა თუ მეცნიერების სფეროში უნივერსალური გენიოსის ძიებას იწყებენ, საერთო ინტერესი ყოველგვარ საზღვარს შლის.
ვრცლად ამ თითქმის დეტექტიური კვლევის ამბავს ჩვენი ჟურნალის ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.