„დაკავშირებული“ და მაღალტექნოლოგიური: თქვენი სამედიცინო მომავალი
დაუფიქრდით: მუდმივად თქვენთან მყოფი, პირადი მონაცემების გამაანალიზებელი, პრევენციაზე გათვლილი ინდივიდუალური ყურადღება თქვენი ჯანმრთელობის მიმართ


„დაკავშირებული“ და მაღალტექნოლოგიური: თქვენი სამედიცინო მომავალი
დაუფიქრდით: მუდმივად თქვენთან მყოფი, პირადი მონაცემების გამაანალიზებელი, პრევენციაზე გათვლილი ინდივიდუალური ყურადღება თქვენი ჯანმრთელობის მიმართ
ჩვენი საერთო მეგობარი ლინდა რომ არა, ჰარიეტს ვერასოდეს შევხვდებოდი. მე ექიმი ვარ ჩრდილოეთ კალიფორნიიდან; ჰარიეტი – კომუნიკაციების მენეჯერი ნიუ-იორკში. ლინდა პერსონალური გენომიკის ონლაინ კომპანიის თანადამაარსებელია, რომელშიც ჰარიეტმა და მე ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია გავგზავნეთ გასაანალიზებლად.
ლინდამ ერთმანეთი მაშინ გაგვაცნო, როდესაც ნახა, რომ ჰარიეტს და მე რაღაც საერთო გვქონდა: მიტოქონდრიული დნმ-ის იშვიათი ტიპი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ შორეული ნათესავები ვიყავით. სახალისოდ Facebook ჯგუფიც კი დავაარსე დნმ-ის იმავე ვარიაციის მქონე ადამიანებისათვის, რომელიც ჰარიეტს და მე გვაქვს.
ჰარიეტმა და მე ერთმანეთი ბიომედიცინის მიღწევის – მასობრივი, იაფი გენეტიკური ანალიზის – საშუალებით გავიცანით. ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური პლატფორმების საშუალებით ჩვენი გენოტიპებისა და შედეგების გაგება და ონლაინ სამყაროსთვის გაზიარება შეგვიძლია.
მას შემდეგ ჩვენ ტექნოლოგიებით გამოწვეული მიღწევებისა და ინოვაციების აფეთქების მომსწრეები გავხდით, რომლებსაც ჯანმრთელობისა და მედიცინის უამრავი ასპექტის შეცვლის პოტენციალი აქვთ.
ინოვაციები, რომლებსაც აქ აღვწერ და რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მე მათ იმიტომაც ვაფასებ, რომ ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ, ჩვენი ტრადიციული, გამიჯნული მკურნალობის სისტემიდან „დაკავშირებული ჯანმრთელობის“ მოდელზე გადავიდეთ. წარმოიდგინეთ: მუდმივად თანმდევი, მაანალიზებელი, რეალურ დროში მოქმედი ინდივიდუალური ყურადღება ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის არა მარტო დაავადების განსაკურნად, არამედ მისი პრევენციისთვის.
მედიცინის ძველ მოდელში პაციენტების ჯანმრთელობის მონაცემები დროდადრო, ძირითადად, კლინიკებში ვიზიტების დროს გროვდებოდა და საქაღალდეებსა და ელექტრონულ სამედიცინო მონაცემთა ბაზების სისტემებში იყო მიმოფანტული. დღეისათვის გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა გვაქვს: პერსონალური ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მუდმივად უმეთვალყურეოს სასიცოცხლო ნიშნებს და ჯანმრთელობის მონაცემები ამომწურავად აღრიცხოს.
მას შემდეგ, რაც პირველი Fitbit-ის გამოშვებამ 10 წლის წინ ე.წ. „სატარებლების“ რევოლუცია გამოიწვია, ჯანმრთელობის აღმრიცხველ ხელსაწყოებს ყველგან შეხვდებით. მათი უმრავლესობა ფიტნესის აქტივობების საზომად და აღსარიცხად გამოიყენება. მომავალში ეს სენსორული ტექნოლოგიები ცენტრალურ როლს შეასრულებს დაავადებების პრევენციაში, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
მოქნილ ელექტრონულ სამედიცინო სვირინგებს და მისაწებებელ სენსორებს ელექტროკარდიოგრამის გადაღება, სუნთქვის სიხშირისა და სისხლში შაქრის შემცველობის გაზომვა და მონაცემების Bluetooth-ის საშუალებით უწყვეტად გადაცემა შეუძლიათ.
სმენის გასაუმჯობესებელი სენსორებიანი აპარატები გულისცემის სიხშირისა და მოძრაობის გაზომვასაც შეძლებენ.
მომავალში ჭკვიანი კონტაქტური ლინზები ათასგვარი ბიოსენსორით იქნება სავსე. მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება სიმსივნისა და სხვა დაავადებების მაჩვენებლების წინასწარ შეტყობა. ლინზებმა, რომლებიც ამჟამად განვითარების სტადიაშია, შესაძლებელია, ერთ დღეს ცრემლებში გლუკოზის შემცველობაც გაზომონ.
შესაძლებელია, ისეთი იმპლანტანტები ვიხილოთ, როგორიც კანქვეშა რადიოტალღური საიდენტიფიკაციო ჩიპი იქნება, რომელიც პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებს შეინახავს ან კანქვეშა სენსორები, რომელიც სისხლის ქიმიურ შემადგენლობას მუდმივად გააკონტროლებს. კაფსულაში მოთავსებული საყლაპი მოწყობილობები კი, გადაყლაპვის შემდეგ კუჭ-ნაწლავის სისტემაში სხვადასხვა დავალებას შეასრულებს.
ფეხმძიმე ქალის მუცელზე დამაგრებულ მონიტორინგის ფირფიტას საშვილოსნოს კუნთების მოძრაობის დაფიქსირება შეუძლია იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როდის დაიწყება მშობიარობა, ხოლო ნაადრევად დაბადებული ჩვილების განვითარებისათვის არსებობს ყურსასმენები, რომლებიც დამაწყნარებელ და მასტიმულირებელ მუსიკას უკრავს და ტვინის ტალღებს აფიქსირებს მკურნალობის მოქმედების შესამოწმებლად.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში უსადენო ინტერნეტისთვის განკუთვნილი რაუტერის მაგვარი ყუთი ისე შეცვალეს, რომ მას სახლში მყოფი რამდენიმე ადამიანის ძილის რეჟიმისა და სასიცოცხლო ნიშნების დაფიქსირება შეუძლია.
ახალი სენსორული ტექნოლოგიების გამოჩენასთან ერთად, ისინი მეტ ბიოსამედიცინო მონაცემებსა და ინფორმაციას მოგვაწოდებენ, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელი იქნება გენომური მონაცემების მზარდ ბაზებთან.
ციფრული ხელსაწყოების მომრავლება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკურ შესაძლებლობებს გამოიყენებენ, აუცილებლად გაზრდის დიაგნოსტიკის სიზუსტესა და სიჩქარეს. დიდი ალბათობით, ბევრი მათგანი ტელეფონის ბაზაზე შეიქმნება.
სმარტფონის ოტოსკოპით მშობლებს ბავშვის ყურში ჩახედვა და ნანახის პედიატრისთვის გაზიარება შეეძლებათ. ტელეფონი შეძლებს ელექტროკარდიოგრამების გადაღებას სახიფათო არითმიების შესამოწმებლად; შესაძლებელი იქნება პროგრამის დაყენება, მიკროფონის საშუალებით ხველის მოსმენა და პნევმონიის დიაგნოზის დასმა. ჰიპერტონიის მკურნალობის გასაუმჯობესებლად – რომელიც ადრეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული მოწინავე ფაქტორია – სენსორები, რომლებიც ამჟამად მუშავდება, მუდმივად გააკონტროლებს წნევის მონაცემებს (მანჟეტების გარეშე).
ბუმი ადამიანის მიკრობიომის კვლევაში – ტრილიონობით ბაქტერიისა, რომლებიც თითოეული ადამიანის სხეულზე და სხეულში ბინადრობენ – ზრდის ბაქტერიებზე ცოდნას და დიაგნოსტიკის ახალ საშუალებებს აჩენს. კუჭ-ნაწლავის ბაქტერიების გენეტიკური ანალიზი – რომლებიც, სავარაუდოდ, დიდ როლს თამაშობენ ჭარბწონიანობის, ნაწლავების ანთებითი დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნევროლოგიური დაავადებების განვითარებაშიც კი – მრავალი საიდუმლოს ამოცნობაში შეიძლება დაგვეხმაროს.
ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამირების საშუალებით შესაძლებელი იქნება, დიაგნოსტიკის დანადგარებს ვასწავლოთ, წაიკითხონ ქსოვილების ნიმუშები და რადიოლოგიური სკანოგრამები. გუგლის მკვლევრებმა, დაახლოებით, 250 000 პაციენტის თვალის ბადურის სკანოგრამები ჩატვირთეს ალგორითმებში, რომლებსაც საერთო ნიშნების ამოცნობა შეუძლიათ. ამ ტექნოლოგიამ „ისწავლა“, რომელი საერთო ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს მაღალი წნევა აქვს ან გულის შეტევის მომატებული რისკის ქვეშაა. ზოგიერთ შემთხვევაში ციფრულმა დანადგარებმა უფრო ზუსტი ანალიზები გააკეთეს, ვიდრე პათოლოგებმა, დერმატოლოგებმა ან რადიოლოგებმა.
მკურნალობა სულ უფრო ხშირად ჩატარდება რეალური და ვირტუალური სამყაროების შეთავსების სახით. პაციენტებისა და ექიმების ურთიერთობა უმრავლეს შემთხვევაში აღარ მოითხოვს ფიზიკურ დათვალიერებას. ინტერნეტ პორტალებზე შესაძლებელი იქნება კერძო (და დაზღვევით ანაზღაურებადი) სკაიპის მაგვარი შეხვედრების ჩატარება პაციენტებსა და ექიმებს შორის. პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების ექიმისთვის გადაცემა ინტერნეტთან ინტეგრირებული, უსადენო სასწორებით, სამაჯურებით და მონიტორინგის დანადგარების საშუალებით იქნება შესაძლებელი. დისტანციური მედიცინის დერმატოლოგს შეეძლება, თქვენ მიერ გაგზავნილი სელფის საშუალებით დაათვალიეროს საეჭვო ადგილი თქვენს კანზე და გითხრათ, რომ არ იდარდოთ ან პირადად გაესინჯოთ ექიმს.
მომავალში თქვენი დანიშნულებები შეიძლება მეტ „დიგიტალურ წამალს“ შეიცავდეს. ისინი მცირე რაოდენობით უკვე გამოიყენება იმისთვის, რომ წამლების გარეშე გააუმჯობესონ ჯანმრთელობა ან ჩაატარონ მკურნალობა. ისინი არ საჭიროებენ პირად ვიზიტებს – მხოლოდ დანიშნული პროგრამის გამოყენებას ან ექიმთან ციფრულ ურთიერთობას, რომელიც პაციენტს ინფორმაციას აწვდის ან ამხნევებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დიგიტალური წამალი ამჟამად კვლევის პროცესშია, ზოგიერთი მათგანი ეფექტურობას ამჟღავნებს. მაგალითისათვის: სულ მცირე ორ კომპანიას უკვე აქვს შემუშავებული ტინიტუსის შესამცირებელი აპლიკაციები, რომლებიც ტვინს თავიდან ასწავლიან „ხმის დაწევას“ და, ზოგი გამომცდელის თქმით, ეს პროგრამები მუშაობს. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს მაიოს კლინიკამ აპლიკაციის გამოყენება გამოუწერა, რომელიც წნევას, აქტივობებსა და სხვა ფაქტორებს აკონტროლებს. შედეგად გულის პრობლემებთან დაკავშირებულმა ჰოსპიტალიზაციამ 40%-ით იკლო.
მომავალში დანიშნული წამლები შეიძლება საბანკო ავტომატების მსგავსმა რობოტებმა გასცენ, რომლებიც დისტანციურად იქნებიან პროვაიდერის ან ალგორითმის მიერ მართულები იმისათვის, რომ უზრუნველყონ სწორი დოზის გაცემა სწორ დროებში. შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა თქვენს გენეტიკურ ტესტს ჩახედოს იმისათვის, რომ თქვენი სპეციფიკური გენეტიკური პროფილისთვის ყველაზე სწორი წამლები განსაზღვროს.
ისეთ გენეტიკურ ტესტებსაც კი, როგორიც მე ჩავიტარე და რომლებიც გენეტიკური კოდის მხოლოდ ნაწილს აანალიზებენ, შეუძლიათ დემენციის, პარკინსონის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების მიმართ მიდრეკილების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდონ. და ისევ, სამედიცინო ტექნოლოგიებში წინსვლამ შეიძლება ჩემთვისა და ჰარიეტისათვის ბევრი სიკეთე მოიტანოს.
თუ პირადად არ ხვდებით თქვენს ექიმს, შეძლებს თუ არა რობოტი იმავე სამუშაოს გაწევას, რასაც ადამიანი? უახლოეს მომავალში მათ შეიძლება საინფორმაციო ზარებს უპასუხონ და პაციენტები დაახარისხონ. ჩეტბოტი თქვენი სიმპტომების შესახებ შეკითხვების დასმითა და თქვენი და თქვენი მსგავსი პაციენტების სატარებელი მოწყობილობებიდან შეგროვებული მონაცემების მიხედვით ეცდება გაარკვიოს, რა გაწუხებთ.
რობოტებმა მკურნალობისას პირად შეხვედრებშიც შეიძლება მიიღონ მონაწილეობა. წარმოიდგინეთ რობოტი, რომელიც ულტრაბგერითი მოწყობილობით დაადგენს, რომელი ვენა არის ყველაზე კარგი და იქიდან აიღებს სისხლს ან კათეტერს ჩადგამს. ფიზიკური თერაპიის მწვრთნელობისათვის დაპროგრამებული რობოტები შეძლებენ პაციენტების დახმარებას გამოწერილი სავარჯიშო რეჟიმის დაცვაში.
ძალიან კარგია მთელი ამ ტექნოლოგიური პროგრესის მიერ მოტანილი სიკეთით სარგებლობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი გავრცელება. 2016 წელს 3,6 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა. იმავე ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი – 5 მილიონამდე ადამიანი – დაიღუპა უხარისხო ჯანმრთელობის სერვისის გამო. ახალი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ჯანმრთელობის სხვა რესურსების განაწილებით ჩვენ ამის შეცვლა დღეიდანვე შეგვიძლია.
დენიელ კრაფტი ექიმი-მეცნიერია, რომელმაც სტენფორდსა და ჰარვარდში მიიღო განათლება. იგი სინგულარიტის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ხელმძღვანელი და „ექსპონენტური მედიცინის“ დამაარსებელი და თავმჯდომარეა – პროგრამისა, რომელიც ჯანდაცვის მომავალზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების კონვერგენციასა და მათ გავლენას იკვლევს.