
დამაყრუებელი ვნება
ციკადები ცხოვრების დიდ ნაწილს ლარვის (ნიმფას) სახით ატარებენ მიწის ქვეშ
ალბათ მოგისმენიათ ზაფხულის სიცხეში მდელოდან და ხეებიდან მომავალი უწყვეტი ზუზუნი. ეს მამრი ციკადების სასიყვარულო „რომანსია“. ციკადები ცხოვრების დიდ ნაწილს ლარვის (ნიმფას) სახით ატარებენ მიწის ქვეშ. ნიმფები მრავალ სტადიას გადიან. ბოლოს კი ათასობით ამოდიან სამალავიდან და დასრულებული მწერების სახით ტოვებენ ნიმფის გარე ჩონჩხს. ზოგი სახეობის ნიმფის სტადია შესაძლოა 17 წელი გაგრძელდეს. ასეთი ხანგრძლივი „თავშეკავების“ შემდეგ იწყება მათი გამრავლება და საქმეში ცნობილი კაკაფონია ერთვება, რომლითაც მამრები მდედრებს თავს აწონებენ და ტერიტორიას იცავენ. ციკადა ხმას სპეციალური ორგანოთი (ტიმბალი) წარმოქმნის, ხოლო ბგერას სხვა ორგანოთი – ტიმპანათი აღიქვამს. მამრის ინსტინქტური „სასიყვარულო სიმღერა“ შეიძლება მისთვისვე იყოს საზიანო. ამიტომ, სიმღერის დროს, მამრი თავის ტიმპანას „გამორთავს“ ხოლმე. ექსპერიმენტით დადასტურდა, – თუ ტიმპანას „გამორთვის“ ფუნქცია ზიანდება, მამრს საკუთარი „ვნებიანი“ ძახილი „აყრუებს“.