დამოუკიდებლობის ფასი
საქართველო – ქვეყანა, რომლის მაშინდელ ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსების მხარეზე გადავიდოდა


დამოუკიდებლობის ფასი
საქართველო – ქვეყანა, რომლის მაშინდელ ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსების მხარეზე გადავიდოდა
1918-1921 წლები – საქართველოს უახლესი ისტორიის ამ სამი წლის გარშემო კიდევ მრავალი კითხვა დაისმება. არქივებში დაცული ხელნაწერები ჯერ ბოლომდე არ წაკითხულა. უფრო ვრცლად არის მოსაყოლი ამბავი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომელსაც ჰქონდა თავისი კონსტიტუცია. ეროვნული საბჭოსი, სადაც კანონებს ქალებიც წერდნენ. ქვეყნისა, რომელიც იმდროინდელ ევროპის რუკაზე მოჩანდა როგორც პროგრესული, პროდასავლური სახელმწიფო.
მატარებელი
რკინიგზის სადგურზე ჟანგისფერი მატარებელი მძიმედ ჩამოდგა და შიშინით გაჩერდა. ვაგონიდან ხანშესული ქალი ჩამოვიდა. მხრებზე ნაცრისფერი შალი ჰქონდა მოხვეული – მკერდზე გადაჯვარედინებული და ზურგს უკან შეკრული. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი, მინადორა ტოროშელიძე, 14-წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა. სადგურზე ქალიშვილი სუსანა და სამი წლის შვილიშვილი, მარინე დახვდნენ. იქვე, სვეტების უკან იდგა და ამ შეხვედრას შორიდან აკვირდებოდა მინადორას ორი უახლოესი მეგობარი, რომელთაც მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ. 1950 წლის ზამთრის მიწურული იყო, საქართველო კი – საბჭოთა კავშირის ნაწილი. დამფუძნებელი კრების დაშლისა და დამოუკიდებლობის გაუქმების შემდეგ 29 წელი იყო გასული.
კადრი, თუ როგორ ჩამოდის ჭაღარა ქალი ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობიდან, არასოდეს დაავიწყდება მინადორა ტოროშელიძის შვილიშვილს, მარინე ფირცხალავას, რომელმაც მაშინ პირველად ნახა ბებია. იმ დღის შემდეგ, მინადორა ტოროშელიძემ კიდევ 17 წელი იცოცხლა, თუმცა დამოუკიდებლობის სამ წელსა და დამფუძნებელი კრების ამბებზე თითქმის არასოდეს ულაპარაკია. დუმდა გადასახლების წლების შესახებაც. მოგვიანებით, თავის მოგონებებში მინადორა ტოროშელიძე მწირად, მაგრამ მაინც დაწერს დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდზე.
მარინესა და მინადორას საწოლები გვერდიგვერდ იდგა. ალბათ, ერთ რომელიმე საღამოს თუ მოუთხრო შვილიშვილს 1921 წელს მომხდარი ამბავი – რუსეთის წითელი არმია უკვე საქართველოში იყო. ქვეყანა კოჯორ-ტაბახმელასთან დახოცილ იუნკრებს ასაფლავებდა. მინადორას სოფლელი და ოჯახის ახლობელი, ცნობილი ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე იმ დღეებში ჩასულა თბილისში და მისი ნახვა მოუნდომებია. მინადორას უარი უთქვამს, ის კი მის ოთახში აივნიდან გადამძვრალა და მინადორა მოუკითხავს, როგორ ხარო. როგორ ვიქნები, შენგან დახოცილებს ვმარხავო, უთქვამს მინადორა ტოროშელიძეს.
მარინე იხსენებს, რომ როცა სკოლაში, ისტორიის გაკვეთილზე, მენშევიკების პერიოდს მიადგნენ და იმ დროის შესაბამისი, უარყოფითი პათოსით ისწავლეს კიდეც, სახლში მისულს უკითხავს ბებიისთვის, კი მაგრამ, შენ მენშევიკი იყავიო? ჩვენ ყველანი სოციალ-დემოკრატები ვიყავითო, უპასუხია მინადორას. ამ დროს აღარც მინადორას ბოლშევიკი მეუღლე – მალაქია ტოროშელიძე იყო ცოცხალი და არც მისი ორი ვაჟი. სამივე ადრევე დახვრიტეს. ჯაშუშობა, ანტისაბჭოთა აგიტაცია და ა. შ. – ბრალდებების სია გრძელი იყო.
თბილისში, ახლანდელ ვაკეში, ახლაც დგას 1933 წელს მალაქიასა და მინადორას მიერ აშენებული ორსართულიანი აგურის სახლი – ჩაკარგული მაღალსართულიან კორპუსებს შორის. ამ სახლში ტოროშელიძეების ოჯახმა 1936 წლამდე იცხოვრა, სანამ რეპრესიები დაიწყებოდა.
როგორ მოკვდა „მთავრობაძე”
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთის იმპერია დაიშლება. მაშინდელ პეტროგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) მომხდარი გადატრიალება ხელისუფლებისკენ გზას ხალხის მმართველობას გაუხსნის. იმპერატორ ნიკოლოზ მეორისა და რომანოვების დინასტიის მმართველობას დროებითი მთავრობა შეცვლის. რამდენიმე თვეში კი, უკვე ოქტომბერში, ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვლენ.
იმ პერიოდიდან შემორჩება ისტორიას სოციალ-დემოკრატ აკაკი ჩხენკელის წერილიც, გამოგზავნილი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის სახელზე, სადაც მათ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვს: „ურისკოთ არაფერი არ კეთდება… სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა”.
ამბად შემორჩა, თითქოს მეფის რუსეთის დამხობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტს პეტროგრადიდან ამავე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გოგიტა ფაღავამ შეატყობინა. თბილისში გამოგზავნილ დეპეშაში თურმე ეწერა: „პეტერბურგში უშფოთველად გარდაიცვალა მოქალაქე მთავრობაძე, შეატყობინეთ ნათესავებს და ნაცნობებს”. მერე თურმე ხუმრობდნენ კიდეც თბილისში, „რევოლუცია ფოსტით მივიღეთო”. რევოლუციამ რუსეთში, დააჩქარა მოვლენების განვითარება საქართველოში – დამფუძნებელი კრებაც ამ რევოლუციურ ორომტრიალში ჩამოყალიბდა.
დამფუძნებელი კრება – სიტყვაც და საქმეც
„ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – დემოკრატიული რესპუბლიკაა”, – იტყვის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი – დასტური იმისა, თუ საით სურდა სვლა ამ ქვეყანას ასი წლის წინათ – სწრაფვა ევროპული აზროვნებისაკენ, დემოკრატიული წყობისკენ. დამოუკიდებლობის აქტს ჯერ 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღებენ. დამფუძნებელი კრება კი მას 1919 წლის 12 მარტს დაადასტურებს, კრების პირველ სხდომაზე.
„საქართველოს დამფუძნებელი კრება, არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციონალური საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, თავის პირველსავე სხდომაზე 1919 წლის მარტის 12-ს ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს…” – ვკითხულობთ დამოუკიდებლობის აქტის შესავალ სიტყვაში.
საქართველოს რესპუბლიკის მაშინდელი მთავრობა კი მიიღებს კანონს სახელმწიფო ენის შესახებ – საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად გამოცხადდება ქართული ენა და კანონებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებისა და შრომითი ხელშეკრულების შესახებ. დამფუძნებელი კრება კი 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას მიიღებს, რომლის მე-16 თავში ჩაიწერება, რომ „სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან”. რომ „არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა”. და რომ „ხარჯის გაღება სახელმწიფო ხაზინიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია”.„ურისკოთ არაფერი არ კეთდება… სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა”.
საქართველოს ეროვნულ გერბზე თეთრ გიორგის გამოსახავენ – შვიდი მნათობით. დროშა – სამფეროვანი იქნება – შავში, თეთრსა და შინდისფერში. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი „დიდება” გახდება.
დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების მეორე თავში კი ჩაიწერება: „დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ორივე სქესის მოქალაქეთ”.
ხოლო პირველი კანონმდებელი ქალები დამფუძნებელ კრებაში იქნებიან: ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე, ანა (ოლა) სოლოღაშვილი, ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე. ხუთივე სოციალდემოკრატიული პარტიიდან. ხუთი ქალი 130 არჩეული დეპუტატიდან.
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია სულ 102 მანდატს აიღებს. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია – 9 მანდატს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8-ს. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 6 მანდატს დასჯერდება, პარტია „დაშნაკცუთიუნი” – 3 მანდატს, საქართველოს ეროვნული პარტია – 2 მანდატით შევა დამფუძნებელ კრებაში. მათ შორის იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნებისა და ეთნოსის ადამიანი, ასირიელებისა და ქისტების გარდა.
ამ დღიდან მრავალი წლის შემდეგ, მინადორა ტოროშელიძე გაიხსენებს: „საქართველო რუსეთისაგან გაითიშა. ქვეყანაში უცხოელების უზარმაზარი მასაა. თურქეთი აზერბაიჯანისაკენ დაიძრა საქართველოს გავლით და მის დაპყრობას შეეცადა. დაიწყო მოლაპარაკებები. ამიერკავკასია ჩამოშორდა რუსეთს. საქართველო ჩამოშორდა აზერბაიჯანსა და სომხეთს და დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა… შეიკრიბა დამფუძნებელი კრება. გამომუშავდა კონსტიტუცია. ჩატარდა დეპუტატთა არჩევნები. მუშაობა დუღდა! დღე და ღამე არ გვეძინა”.
ნინას ჩიტო
მაგიდაზე ერთადერთი გადარჩენილი ნივთი დევს – ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის ნაქონი საშაქრე. და ერთიც წიგნი – მისი ხელმოწერითა და ივანე ჯავახიშვილის ავტორობით – საქართველოს ისტორია. დისშვილიშვილის, ნინა ქარცივაძისთვის წლების წინ ნაჩუქარი. რაც დრო გადის, ჩიტო შარაშიძის მიერ ნინასთვის ბავშვობაში მოთხრობილი ამბები სულ უფრო ფერმკრთალდება. ნინას მეხსიერებაში კადრებადაა შემორჩენილი – აი, ქრისტინე, მათთან კიკეთში, ჰამაკში ზის და ამბებს ყვება. კაბა მუხლს ოდნავ ცდება, მხრებზე ჟაკეტი აქვს მოხურული. აი, ჩიტო პატარ-პატარა ფურცლებზე გამუდმებით რაღაცას წერს და თან სულ ფანქრით. ერთხელ ნინას გალაკტიონის კრებულს აჩუქებს – ყველა გვერდზე მინაწერებით. მაღალი, გამხდარი ქალი იყოო – იხსენებს ნინა და მის ძველ ფოტოს დაჰყურებს: „ნეტავ, მეკითხა უფრო მეტი. ნეტავ, მომეყოლებინა ძველი ამბები”, – გული სწყდება ნინას.
ჩიტოს ის მონათხრობი ახსოვს, პეტერბურგში სწავლისას ლენინისთვის გადასაცემად პისტოლეტი რომ გაუტანებია ვიღაცას – დავალება რომ შეუსრულებია, ილიჩს ხელი ჩამოურთმევია. ჩიტო შარაშიძე კიდევ, თურმე, ლამის ორი დღე ხელს არ იბანდა. ეს მანამდე იყო, დამოუკიდებლობამდე, გასაბჭოებამდეც. დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდზე ქრისტინე შარაშიძე შინ ბევრს არაფერს ყვებოდა. არც მეგობარი ჰყოლია ბევრი. სულ რაღაცას წერდა და წერდა. ფურცელი იყო მისი მეგობარი. „მგონია, დასავლური შეხედულებები ჰქონდა. ამაში მაშინ ვრწმუნდები, როცა ვკითხულობ მის წერილს, ჩემს ბიძაშვილს რომ გაუგზავნა. მან შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა. იმ დროს ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო. ჩიტოს წერილში კი ისეთი მხარდაჭერა იგრძნობა, იშვიათი. ამ წერილს დღემდე ვინახავთ”, – ამბობს ნინა ქარცივაძე.
ქრისტინე შარაშიძე არ გათხოვილა. არც მემკვიდრე დარჩენია. 1964 წელს დაწერილ მოგონებებში კი დაწერს კაცზე, რომელიც, ალბათ, მთელი ცხოვრება მის ერთადერთ სიყვარულად დარჩა. დაწერს ამ კაცის სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ. დაწერს მძიმედ – შეკავებული სევდით. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამ მოგონებებს შეიტანს წიგნში „ისტორიები რეპრესირებული ქალების შესახებ”. ამ წერილის ადრესატი კი დამფუძნებელი კრების წევრი, გაბო ცისკარიშვილია, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967), 1918 წელს ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის ბაღში ფოტოსესია მოეწყო, ეროვნული საბჭოს იმ წევრებისთვის, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, თბილისი, 1919 წლის 12 მარტი.
ქალაქ თბილისის საკრებულო 1918-21 წლებში. თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა 1824-1825 წლებში აიგო, როგორც „საქალაქო სახლი“.
სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენის“ ვარჯიში. თბილისი, 1918-21 წლები.
ანა სოლოღაშვილი (1882-1937), 1919 წლის მოწვევის საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.
შეიარაღებული ძალების სანიტარიული მატარებელი. 1918-1921 წლები.
ხევსურ მოხალისეთა რაზმი. 1918 წელი.
დაჭრილი სახალხო გვარდიელი ჰოსპიტლის წინ, 1918-1921 წლები.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967), 1918 წელს ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის ბაღში ფოტოსესია მოეწყო, ეროვნული საბჭოს იმ წევრებისთვის, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, თბილისი, 1919 წლის 12 მარტი.
ქალაქ თბილისის საკრებულო 1918-21 წლებში. თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა 1824-1825 წლებში აიგო, როგორც „საქალაქო სახლი“.
სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენის“ ვარჯიში. თბილისი, 1918-21 წლები.
ანა სოლოღაშვილი (1882-1937), 1919 წლის მოწვევის საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.
შეიარაღებული ძალების სანიტარიული მატარებელი. 1918-1921 წლები.
ხევსურ მოხალისეთა რაზმი. 1918 წელი.
დაჭრილი სახალხო გვარდიელი ჰოსპიტლის წინ, 1918-1921 წლები.
„განა ვიცით, სად დაგიტიროთ, სად ვეძებოთ შენი საფლავი? მაგრამ შენ ხომ გულის უღრმეს ფსკერზე ხარ დამარხული და დაუღვრელი ცრემლის მლაშე ფენა ზედ გაფარია. გამშრალია ის ცრემლი, მაგრამ ღაპაღუპით ჩამომდინარე ცრემლზე უმწარესია. არ დაგივიწყებ. არა. არა. ვიდრე ჰფეთქს გული. ვამბობ მე. მოგონების პატარა ფურცლები იშრიალებენ დღეს, როცა დარგვალდა ორმოცი წელი სამშობლოსათვის შენი მეორედ სიკვდილის შემდეგ”, – ამ სტრიქონებს ამოიკითხავს კიდევ ორმოცი წლის შემდეგ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერებში. ამოიკითხავს ხელნაწერთა ინსტიტუტის შენობაში, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანებს, სავარაუდოდ, ხვრეტდნენ.
„ქრისტინე შარაშიძე ბოლომდე მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც, შესაძლოა, დახვრიტეს კიდეც მისი სატრფო. ყველაზე მძიმე კვლევისას სწორედ ეს შეგრძნება იყო, – გვითხრა ირაკლიმ, – კითხულობ ნახევარი საუკუნის წინ დაწერილ ამბავს, კიდევ ნახევარი საუკუნის წინანდელი დაკარგული სიყვარულისას, ხოლო ხელნაწერი დევს სწორედ იმ ადგილას, სადაც, სავარაუდოდ, ადამიანი მოკლეს”.
ქრისტინე შარაშიძის დაკითხვის ოქმში, რომელიც 1922 წლის 18 თებერვლით თარიღდება, მას ეკითხებიან: როგორი განწყობა გაქვთ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ? ქრისტინე კი პასუხობს: „არ თანავუგრძნობ და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება დამყარდა რუსეთის წითელი არმიის დახმარებით და მან მოუტანა საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული უბედურება”.
ქალები ასი წლის წინ – მოციმციმე წერტილი ძველ პოლიტიკურ რუკაზე
ირაკლი ხვადაგიანი მესამე კურსზე იყო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო არქივში ე. წ. სამეულის (იგივე „ტროიკა”, 1937-38 წლებში განხორციელებული ტერორის დროს სსრკ-ს შინსახკომთან არსებული „განსაკუთრებული სამეული”, რომელსაც განაჩენი გამოჰქონდა) ფონდის დასამუშავებლად გაუშვეს. კვლევა დაიწყო და ძველ დოკუმენტებშიც მაშინ ჩაეფლო, როცა SOVLAB-ი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ერთ საინტერესო ხელნაწერს მეორე მოჰყვა, ერთ კითხვას სხვა, ნაპოვნ პასუხს ისევ კითხვა – ასე მიადგა დამფუძნებელი კრების ქალების ამბებს. მანამდე საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა მათ შესახებ; ვინ იყვნენ და რა გამოარჩევდა ამ ხუთ ქალს, რომელთა სახელები და სახეები სამუდამოდ დაუკავშირდა დამფუძნებელი კრებისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას. ირაკლიმ მათი გაფანტული ისტორიები ერთ დიდ თავგადასავლად აკინძა – მინადორა, ქრისტინე (ჩიტო), ანა (ოლა), ელეონორა (ლოლა), ელისაბედი (ლიზა)…
დეპუტატობა ამ ქალების საქმის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. მინადორა ტოროშელიძე, მაგალითად, ექიმადაც მუშაობდა, განათლება ჟენევაში ჰქონდა მიღებული და საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრიც იყო. ოლა სოლოღაშვილი, 1917 წელს დაარსებული გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის გამგეობის წევრი, ძირითადად, ფემინისტური ხაზით მუშაობდა. ელისაბედ ბოლქვაძე გურიის ქალთა ორგანიზაციას ედგა სათავეში. ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე ქალაქის საბჭოს წევრიც იყო და საპატიო მომრიგებელი მოსამართლეც. ქრისტინე შარაშიძე უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. არც დამფუძნებელ კრებაში და არც მის გარეთ, ეს არ ყოფილა ქალების „ხელოვნური წარმომადგენლობითობა”. 1890-იანი წლებიდან ეს ქალები და სხვა ბევრი ქალიც, ვინც დამფუძნებელ კრებაში ვერ მოხვდა, ჩანდნენ ყველგან, სადაც რაღაც იცვლებოდა. არც დემონსტრაციები იმართებოდა და არც იატაკქვეშა ქსელებს აწყობდნენ მათ გარეშე. პოლიციას ვერც კი წარმოედგინა, რომ ქუჩაში მომავალ დარბაისელ ქალებს ტანსაცმლის შიგნით პროკლამაციები ჰქონდათ ტანზე შემოკრული. არადა, ასე იყო. მათი ხმა ისმოდა. ისინი ჩანდნენ. პედაგოგიური და, ზოგადად, საგანმანათლებლო სფეროდან ნელ-ნელა გააღწიეს პოლიტიკაში. ირაკლი ხვადაგიანი გვიამბობს, რომ 1917-18 წლებში კითხვა, თუ რატომ აქტიურობდნენ ქალები, აღარავის უჩნდებოდა: „მართლაც, რომ შევხედოთ იმდროინდელ ქვეყნებსა და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კუთხით შევაფასოთ მათი მოღვაწეობა, მაგალითად, საპარლამენტო წარმომადგენლობის დონეზე, დავინახავთ, რომ საქართველო არის ნათელი წერტილი აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარ, ცარიელ სივრცეში. ჩვენ ამ დროს, სამი წლის განმავლობაში, ხუთი დეპუტატი ქალი გვყავდა”.
რეპრესიები
დამფუძნებელი კრების წევრი ხუთივე ქალი რეპრესიების მსხვერპლი იყო – ზოგი ფიზიკურად გადარჩა, თუმცა გადასახლებაში გატარებული წლების შესახებ სიცოცხლის ბოლომდე დუმდა.
მათგან ერთ-ერთი, ლიზა ბოლქვაძე, ორჯერ დააპატიმრეს. 1937 წელს კი სხვა ქართველ გადასახლებულებთან ერთად ციმბირში დახვრიტეს. მეგობრისთვის მიწერილ წერილში ჩანს, რომ მძიმედ იყო ავად, ტუბერკულოზით. თუმცა ჩანს ისიც, რომ იქაც კი, კოლონიაში, ლიზა ბოლქვაძე ლიდერად რჩებოდა. როგორც ირაკლი ხვადაგიანი მოგვითხრობს, სწორედ ის ყოფილა მოკავშირე რგოლი საზღვარგარეთ მყოფ მეგობრებთან მიწერ-მოწერის საქმეში. მისი დახმარებით იგზავნებოდა არალეგალური ფოსტაც – დაშიფრული წერილებით. ამ წერილებში ყველაფერს თავისი შესატყვისი სახელი ჰქონდა. ისე, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტს – კოდური სახელი „დეიდა ნინა”.
ოლა სოლოღაშვილი არ გადაუსახლებიათ. 1925 წლამდე წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. შემდეგ პედაგოგად იმუშავა თავის მშობლიურ სოფელში, ცხინვალთან ახლოს. თუმცა მიზეზი მასაც უპოვეს. 1937 წელს დააპატიმრეს და თბილისში დახვრიტეს. „სამეულის” ოქმში ვკითხულობთ მის მიმართ სტანდარტულ ბრალდებას, რომ „ეწეოდა სკოლაში ანტისაბჭოთა პროპაგანდას და ჰქონდა მენშევიკების ლიდერ ისიდორე რამიშვილთან კავშირი”.
მინადორა ტოროშელიძეს დაუხვრიტეს მეუღლე და ორი ვაჟი. თავად კი 1936-1950 წლების პერიოდი გადასახლებაში გაატარა.
ქრისტინე შარაშიძე არ გადაუსახლებიათ. 1922 წელს დროებით დააპატიმრეს და ავადმყოფობის გამო, მალევე გამოუშვეს ძმის, შალვა შარაშიძის თავდებობის ქვეშ. პოლიტპატიმრების დახმარებას ის ამის შემდეგაც აგრძელებდა.
ელეონორა ტერფარსაგოვას გარდაცვალების თარიღი და გარემოებები უცნობია. ვიცით, რომ რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. გასაბჭოების შემდეგ ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრი იყო და მუდმივი თვალთვალის ქვეშ ცხოვრობდა. 1922 წელს დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე თვეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს. 1926 წელს კი ისიც თავისი არაერთი თანამებრძოლის მსგავსად ციმბირის გზას გაუყენეს, საიდანაც 30-იან წლებში დაბრუნდა.
ასი წლის შემდეგ
„გესმით ჩემი ხმა? გესმით ქალის ხმა?” – თითქმის ასი წლის შემდეგ, 2014 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, მიკროფონში ჩაჰყვირებს ფემინისტი და „ქალთა მოძრაობის” წევრი ბაია პატარაია. ამ დღეს საქართველოს 25 ქალაქში გამოვიდნენ ქუჩაში ქალები, გააპროტესტეს ოჯახური ძალადობა და მეტი ქალის ხმა მოითხოვეს პარლამენტში. უფრო მეტი ვიდრე დღეს, 2016 წელსაა იქ – სულ 18 ქალი, ანუ 12%. მხოლოდ 12 ქალით მეტი, ვიდრე ასი წლის წინანდელი საქართველოს დამფუძნებელ კრებაში იყო. ბაია მსოფლიოს ქვეყნების მონაცემებს ჩაჰყურებს: ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მაჩვენებელი სკანდინავიის ქვეყნებში – 42 პროცენტია, ევროპაში – 23,5, აზიაში – 19, არაბულ ქვეყნებში კი – 18. ჩვენთან – 12 – ამბობს ბაია – გაჩერებული დროა. პროცესი ასი წლის შემდეგაც ვეღარ გაგრძელდა. „საბჭოთა კავშირი არ ითვლება – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალები მხოლოდ დამატებით სამუშაო ძალად გამოიყენეს” – ეს „ფსევდო ემანსიპაცია” იყო. დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან 25 წელი გავიდა, უხილავი ბარიერები, კი რაც ქალს წინსვლაში ხელს დღემდე უშლის არ გამქრალა. ბაია პატარაიას აზრით, პოლიტიკა მასკულინურია და კაცები ექსკლუზიურად ადგენენ თამაშის წესებს.„თვალსაჩინოდ პროგრესული ქვეყანა, რომელმაც თავიდანვე დაიწყო დემოკრატიული პრინციპებით ქვეყნის აღმშენებლობა”.
თუმცა, გენდერული კვოტების შემოღებას ისეთი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ვისთვისაც დაწესებული კვოტებით პოლიტიკაში შებიჯება – ქალთა გააქტიურების ყალბი გზაა. სცენარისტი ქეთი დევდარიანისთვის მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. დიახ, 18 ქალი ცოტაა, საზოგადოება პატრიარქალურია და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალი ძალადობის პოტენციური მსხვერპლია, მაგრამ, ქეთის სურს ქალების რიცხვი პოლიტიკაში არა ხელოვნული კვოტირების, არამედ მათი ბრძოლის შედეგად გაიზარდოს, რომ ამ ქვეყანაში „ქალის ჭკუის” შესახებ არსებული ისედაც დაბალი წარმოდგენა კიდევ უფრო არ დაკნინდეს.
„დარწმუნებული ვარ დღეს ქალებს პარლამენტში კაცები ირჩევენ, რადგან სწორედ ისინი არიან ლიდერები. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ამ სიების დაკომპლექტება იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი ნიშნით კი არა, ნათესაური ან რაიმე სხვა ნიშნით ხდება. კაცები, კანონით დაწესებულ კვოტასაც სათავისოდ გამოიყენებენ – ისინი შეარჩევენ მორჩილ ქალებს. მომადუნებელი და დამღუპველი საშუალებაა ბრძოლის გარეშე რაღაცის მიღება. ჩვენ, ქალებს, ხალხი უნდა გვცემდეს პატივს, ხალხს უნდა ვუყვარდეთ, მათ უნდა სთხოვონ ხელისუფლებას ჩვენი სიებში შეყვანა. მხოლოდ ამ გზით უნდა შეივსოს ქალებით პარლამენტი”.
დამოუკიდებლობის ასი წელი
2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასი წელი სრულდება. მოდის დამოუკიდებლობის იუბილე იმ ქვეყნისა, რომელიც, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, იყო „თვალსაჩინოდ პროგრესული ქვეყანა, რომელმაც თავიდანვე დაიწყო დემოკრატიული პრინციპებით ქვეყნის აღმშენებლობა”.
და კიდევ, ეს იყო ქვეყანა, რომლის მაშინდელ ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსების მხარეზე გადავიდოდა. ყველა მათგანი ბოლომდე დამოუკიდებლობის ერთგული დარჩა.