დამოუკიდებლობის წლები
1919 წელს ბოლშევიკებმა რუსეთში ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ნაციონალიზაცია მოახდინეს და ისინი განათლების სახალხო კომისარიატს დაუქვემდებარეს


დამოუკიდებლობის წლები
1919 წელს ბოლშევიკებმა რუსეთში ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ნაციონალიზაცია მოახდინეს და ისინი განათლების სახალხო კომისარიატს დაუქვემდებარეს
მნიშვნელოვანი ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ვიზუალური ფიქსაციისთვის ფოტოგრაფიის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ბრიტანეთის მთავრობა იყო პირველი, რომელმაც 1850-იან წლებში, ყირიმში ომის გადასაღებად, ფოტოგრაფი გილბერტ ელიოტი (Gilbert Elliott) გაგზავნა. მე-19 საუკუნეში ფოტოგრაფიის გამოგონებით საზოგადოების ინფორმირების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. მალე დაიწყო ამ შესაძლებლობის იდეოლოგიური მოსაზრებებით გამოყენებაც. ამ მხრივ, გამოირჩევა რუსეთის ბოლშევიკური მთავრობა. მისთვის კინო და ფოტოგრაფია პროპაგანდის ეფექტურ საშუალებად იქცა.
1919 წელს ბოლშევიკებმა რუსეთში ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ნაციონალიზაცია მოახდინეს და ისინი განათლების სახალხო კომისარიატს დაუქვემდებარეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას კი მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
შესაბამისად, იმპერიული ხანის ფოტოსტუდიებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს არსებობა პოლიტიკური მიზეზით არ შეუწყვეტიათ. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას ფოტომრეწველების ქონების ექსპროპრიაცია არ მოუხდენია და არც მათ საქმიანობაზე დაუწესებია კონტროლი.
შესაძლებელია ეკონომიკურ კრიზისს დავუკავშიროთ ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ შეუქმნია ოფიციალური ორგანო, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკური გარდაქმნებისა თუ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოსული მაღალჩინოსნების ფოტოგადაღება დაევალებოდა. თუმცა, 1918-1921 წლებში მთავრობის საქმიანობას, სხდომებს, შეხვედრებსა თუ სამხედრო მოვლენებს მაინც ასახავდნენ. ამ პერიოდის არც თუ ისე მრავლად შემორჩენილი ფოტოების ავტორები თითზე ჩამოსათვლელია. მათ შორის არიან პროფესიონალი ფოტოგრაფები: ედუარდ კლარი, ბორის კოზაკი, ვ. კ. გრინევიჩი, სამუელ მიჩნიკი, ევტიხი ჟვანია, ისააკ შიხმანი, ნიკოლოზ საღარაძე.
შემორჩენილი ფოტოების ნაწილი ინტერიერშია გადაღებული, თუმცა ფოტოქრონიკის უმეტესობა ღია სივრცეში განლაგებულ ადამიანთა ჯგუფებს ასახავს. კამერის წინ პოზირებენ დამფუძნებელი კრების წევრები, სამხედრო მაღალჩინოსნები და სახალხო გვარდიელები, უცხოელი დელეგატები და, იშვიათ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეები.
ოფიციალური ხასიათის ფოტოები უფრო მშრალი და სტატიკურია. შედარებით ცოცხალი და დინამიკურია ფოტოების სერია, რომელზეც მიტინგები, შეკრებები, სპორტული დემონსტრაციები და სამხედრო აღლუმები ჩანს. საინტერესოა, რომ რიგით მოქალაქეებსა და უბრალო გამვლელებს მეტ ყურადღებას სამოყვარულო კამერები აქცევენ. პროფესიონალი ფოტოგრაფების ხედვის არეში კი ისინი ნაკლებად ხვდებიან. ამ მხრივ, სამოყვარულო კამერა მეტი დემოკრატიულობით გამოირჩევა. დემოკრატიულია ხედვა როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით. სწორედ ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ვახტანგ ღამბაშიძე (1872-1951), ექიმი, თარჯიმანი და მოყვარული ფოტოგრაფი, რომლის ფოტოების უდიდესი ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.
თუკი ციფრული მატიანის საძიებო ველში ვახტანგ ღამბაშიძის სახელს მიუთითებთ, ორ ფოტოს გადააწყდებით, სადაც ის მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად არის გადაღებული. აქედან ერთი ფოტო პეტრე განკევიჩს ეკუთვნის (თარიღი უცნობია), ხოლო მეორე, უცნობი ავტორის მიერ 1914 წელს არის გადაღებული. ციფრული მატიანის ფოტოკოლექციაში ჯერჯერობით არ ჩანს ღამბაშიძე, როგორც ავტორი. საქართველოს ფოტოგრაფიის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოყვარული ფოტოგრაფის დაბრუნების პროცესი დაიწყოს, რათა კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რამდენად დიდ როლს ასრულებს ფოტოგრაფია ისტორიული მეხსიერების ვიზუალურ ფიქსაციასა და, ზოგადად, ამ მეხსიერების შენარჩუნებაში.
ვახტანგ ღამბაშიძე პროფესიით ექიმი იყო (ემიგრაციაში მკურნალობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, გიორგი კვინიტაძეს). განათლება მოსკოვსა და პარიზში მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საექიმო პრაქტიკას შორაპნის მაზრაში ეწეოდა. 1904 წელს ბორჯომის ხეობაში დააარსა სანატორიუმი „პატარა ცემი“, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა. სანატორიუმის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს გასართობი პროგრამა შეადგენდა. პროგრამა სხვა საქმიანობებთან ერთად, მსურველებს ფოტოგრაფიის შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობდა. ამისათვის ღამბაშიძემ სპეციალური ფოტოგრაფიული ოთახიც მოაწყო.
ღამბაშიძის ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. მის ფოტოკოლექციაში ნახავთ, როგორც საოჯახო ფოტოებს, ასევე, ქვეყნის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების ამსახველ ფოტოებს. გარდა სამხედრო აღლუმების, საზეიმო დემონსტრაციებისა და დამფუძნებელი კრების სხდომების ფოტოებისა, მას გადაღებული აქვს თურქეთში გამგზავრებული სამთავრობო დელეგაციები. იშვიათ ფოტოებზე ასახულია მატარებელი, რომლითაც თბილისიდან ბათუმამდე იმგზავრა ტრაპიზონის კონფერენციაზე მიმავალმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციამ 1918 წელს, ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში, იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის საფლავთან შეკრებილი საზოგადოება (ეს ადგილი დღეს არ არსებობს), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თურქეთში წარგზავნილი დელეგაციის წევრები ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი, სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები, 1920 წელს ბრიტანელების სამხედრო აღლუმი ბათუმში, გიორგი მაჩაბელი გემბანზე, ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰდეთინი და ენვერფაშა, საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულთა დაკრძალვა, 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა და პოლიტიკური შინაარსის სხვა მნიშვნელოვანი ამბები.
საზოგადოებრივ მოვლენებს შორის, რომლებსაც ვახტანგ ღამბაშიძის სტერეოფოტოები გადმოგვცემენ, არის არჩილ ჯორჯაძისა და კოტე მესხის დაკრძალვა თბილისში, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის, ნინა პოლტორაცკაიას დაკრძალვა საფრანგეთში 1931 წელს, ასევე ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღნიშვნა (გვირილობის დღესასწაული) თბილისის ქუჩებში, სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ გამართული ღონისძიებები, მათი გამოსვლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაკეში და ა.შ.
ღამბაშიძე იღებს აივნიდან, ფანჯრიდან, დემონსტრანტებს შორის მდგარი, ერთი სიტყვით, როგორც უშუალო თანამონაწილე და არა შეკვეთის შემსრულებელი ფოტოგრაფი. მის ფოტოებს სწორედ ეს თვისება აერთიანებთ – მინიმალური დისტანცია და მაქსიმალური თანამონაწილეობა. ღამბაშიძის კომპოზიციები ზოგჯერ გაუმართავია, ნაჩქარევად გადაღებული, მაგრამ ცოცხალი. კადრში გამვლელებიც იჭრებიან და ეს „გაფუჭებული კადრები“ ქუჩის ფოტოგრაფიის თავისებურებაზე, გნებავთ, სირთულეზე მიუთითებს.
ვახტანგ ღამბაშიძისა და იმ ფოტოგრაფების გარდა, რომელთა გვარები დასაწყისში ვახსენეთ, ფოტოგრაფიით საქართველოში სხვა ადამიანებიც იყვნენ დაინტერესებული. ზოგიერთი ჩვენთვის ცნობილია, თუმცა არიან ისეთებიც, ვის შესახებაც თითქმის ან საერთოდ არაფერი ვიცით. მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ყოველწლიურად იხსნებოდა ახალი ფოტოსტუდიები. გახსნის ლიცენზიას სახელმწიფო გასცემდა, თუმცა დახურვის შესახებ ცნობები თითქმის არ გროვდებოდა. ამიტომ რომელ წელს დაიხურა ესა თუ ის ფოტოატელიე რთული გასარკვევია. ფოტოატელიეებს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებით მოცული საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა არც აღნუსხავდა. შესაძლებელია, ამას პოლიტიკური მიზეზიც ჰქონოდა – ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სხვა დარგების კონტროლი დემოკრატიული მთავრობის პრიორიტეტებში არ შედიოდა. ამიტომ დღეს რთულია წარმოდგენა შევიქმნათ დამოუკიდებლობის პერიოდის ფოტოსტუდიების სრულ რაოდენობაზე.
გარდა ამისა, გასული საუკუნის დასაწყისში ფოტოაპარატი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა, როგორც კამერისა და ფოტომასალის ღირებულების, ასევე კამერის მოხმარების ტექნიკური გამარტივების თვალსაზრისით. ამ პერიოდის ფოტომოყვარულებიდან დღეს მეტწილად იმ ადამიანების სახელები შემოგვრჩა, რომლებმაც სხვა საზოგადოებრივი საქმეებით თუ ხელოვნების სხვა დარგებში მუშაობით დაიმკვიდრეს თავი. მათ შორის იყვნენ ნიკოლაძეების ოჯახის წევრები. ფოტოგრაფიით გატაცებული იყო თავად ნიკო ნიკოლაძე, ასევე მისი ვაჟი გიორგი ნიკოლაძე, მოგვიანებით, უკვე საბჭოთა პერიოდში, ფოტოებს იღებდა გიორგი ნიკოლაძის მეუღლე და ვახტანგ ღამბაშიძის შვილი, ჟორჟეტა ღამბაშიძეც.
სამოყვარულო და პროფესიული ფოტოგრაფიის გარდა, საქართველოში ფოტოს მხატვრებიც იღებდნენ. მხატვარი და ფოტოგრაფი დავით გურამიშვილი ხელოვნების ამ დარგს თავისი ფერწერული ნამუშევრების შესაქმნელად იყენებდა. როგორც ბოლო წლებში გაირკვა, ფოტოგრაფირებით მხატვარი გიგო გაბაშვილიც იყო დაკავებული.
მხატვრები დასავლეთშიც მიმართავდნენ ფოტოხელოვნებას, როგორც დამატებით ან დამხმარე დისციპლინას. თუმცა, მოგვიანებით, მოდერნიზმის ეპოქაში მხატვრებმა ფოტოგრაფიაში ვიზუალური კულტურის ახლებური განვითარების შესაძლებლობები დაინახეს. ერთ-ერთი მათგანი დავით კაკაბაძე იყო, რომელიც ფოტოებს ადრეული ასაკიდან, გიმნაზიის პერიოდიდან იღებდა.
1918-1921 წლებიდან შემორჩენილი მრავალფეროვანი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა მოწმობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებებისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც, საქართველოში ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნების დარგი და ვიზუალური მეხსიერების შემქმნელი მედიუმი, განვითარებას განაგრძობდა. თუ რა მიმართულებით წაიყვანა განვითარების ეს ხაზი ქვეყანაში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებამ, ამაზე მომდევნო წერილში გიამბობთ.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.