დანაკარგის გამოძახილები
20 წელი 9/11-ის შემდეგ
რა ძალებს შეუძლიათ საგნის საკრალიზება, მისთვის სხვა მნიშვნელობის მინიჭება? უანგარობას. სიმამაცეს. გამძლეობას ენით აღუწერელი საშინელების წინაშე. ეს თვისებები აღმოაჩინეს საკუთარ თავში ჯო ჰანტერმა და ასეულობით სხვა ადამიანმა 2001 წლის 11 სექტემბერს.
ჯო ჰანტერი ოცნებებში სახანძრო მანქანით დადიოდა. 4 წლის ასაკში ის თავის სამთვლიან ველოსიპედს გზისკენ მიაქანებდა წითელი მანქანების ჩავლისას, ხოლო 11 წლისა, კიბითა და სარწყავი შლანგით სამაშველო ვარჯიშებს ატარებდა.
წმინდა ფერფლი
როდესაც ნიუ-ჯერსის სასწრაფო დახმარების მოხალისე გრეგ გალიმ შეტევის შესახებ შეიტყო, ტყუპი ცათამბჯენებისკენ დაიძრა. იგი ევაკუირებულებს მტვრისგან დამცავ ნიღბებს ურიგებდა, სამედიცინო დახმარებას უწევდა და ოთხი დღე ნანგრევების გაწმენდაში მონაწილეობდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ჯერ კიდევ მტვრიანი შარვალი საკიდზე მოათავსა და ხელნაწერი ბარათი მიამაგრა: „9/11-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან მეცვა ეს შარვალი. გთხოვთ, არ გარეცხოთ. ეს ფერფლი იქ გარდაცვლილთა ნეშტია. ღმერთმა დალოცოს ისინი!“
მოხალისე მეხანძრეობით დაიწყო, დაამთავრა ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის აკადემია, შემდეგ ტერაქტებისა და შენობების ნგრევისას სამაშველო სამუშაოების ტრენინგები გაიარა. როდესაც მისი დედა, ბრიჯიტი, ღელავდა, ჯო ეუბნებოდა: „თუ რამე მოხდება, უბრალოდ, იცოდე, მიყვარდა ჩემი საქმე“.
31 წლის მეხანძრე ჯოზეფ ჯერარდ ჰანტერი ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის 288-ე რაზმიდან, გარდაიცვალა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ევაკუაციისას. იგი იყო ერთ-ერთი 2997 დაღუპულ ადამიანს შორის 11 სექტემბერს, როდესაც ალ-კაიდას ტერორისტებმა იარაღად გამოიყენეს გატაცებული თვითმფრინავები და აშშ-ის მიწაზე ისტორიის ყველაზე მომაკვდინებელი ტერაქტი განახორციელეს.
ცოცხლად დამარხული
პორტის პოლიციის სერჟანტ ჯონ მაკლაფლინს და 4 სხვა ოფიცერს ტყუპი ცათამბჯენებისკენ სამაშველო ეკიპირება მიჰქონდათ, როდესაც სამხრეთის ცათამბჯენი ჩამოიშალა. 9 მეტრის სიღრმეზე ნანგრევების ქვეშ მოყოლილებიდან ორი გადარჩა: 21-წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანი მაკლაფლინი და ახალბედა უილიამ ხიმენო. მათ ერთმანეთი 4,5 მეტრის დაშორებით გაჭედილებმა გაიცნეს და გაამხნევეს. საკუთარი ოჯახების ისტორიებს ჰყვებოდნენ, როდესაც ღამით ხმები მოესმათ და მანამდე ყვიროდნენ, სანამ მაშველები გაათავისუფლებდნენ. ხიმენო 13 საათის განმავლობაში იყო დატყვევებული; მაკლაფლინი, უფრო ღრმად დამარხული, 22 საათის მანძილზე. მათ შემდეგ უბედურების ადგილზე მხოლოდ ერთი გადარჩენილი იპოვეს. ნანგრევებიდან გათავისუფლებულ მაკლაფლინს კვლავაც ეკეთა სერჟანტის ნიშანი და ეს ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ეცვა.
2002 წლის თებერვალში მაძიებლებმა 288-ე რაზმის ჩაფხუტი აღმოაჩინეს ჰანტერის ნომრით. „ეს ერთადერთი ნივთია, რომელიც იმ დღეს თან ჰქონდა და მის სამახსოვროდ დაგვრჩა“, – ამბობს ჰანტერის და, ტერეზა ჰანტერ ლაბო.
მოვალეობის ერთგულება
როზმარი სმითს 57 სართულის ჩავლა მოუწია ჩრდილოეთის ცათამბჯენის ბნელ, კვამლით სავსე კიბეებზე, როდესაც 1993 წელს ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში. შიშის მიუხედავად, მოგვიანებით, ის იმავე ოფისში დაუბრუნდა სამსახურს. როზმარის მოსწონდა ტელეფონის ოპერატორის სამუშაო იურიდიულ ფირმა Sidley Austin Brown & Wood-ში. 11 სექტემბერს, როდესაც მისი თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ, სმითი შეყოვნდა, რათა ზარები ავტომოპასუხისთვის გადაემისამართებინა – და დროულად ევაკუირება ვერ მოახერხა. იგი კომპანიის ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელიც შეტევას შეეწირა. როზმარის საათი 2001 წლის შობის წინა ღამეს იპოვეს მის ნეშტთან ერთად.
იმ დღიდან 2 დეკადის განმავლობაში მემორიალები აშენდა ნიუ-იორკში, პენტაგონთან, არლინგტონში და პენსილვანიის მინდორში. არტეფაქტები ტრაგედიის სხვადასხვა დეტალზე მოგვითხრობს: როდესაც United Airlines-ის რეის 93-ის ეკიპაჟმა და მგზავრებმა ხომალდზე კონტროლის დაბრუნება სცადეს, გამტაცებლებმა ის პენსილვანიაში, შენქსვილის მახლობლად მიწას დაანარცხეს. ფიუზელაჟის ერთი სექციისა და ძრავის ორი დაჭყლეტილი ნაწილის გარდა ყველაფერი პატარა ნაწილებად დაშლილი იპოვეს.
გადარჩენის აღთქმა
ჩრდილოეთის ცათამბჯენს თვითმფრინავი ჯოან კაპესტროს 87-ე სართულზე მდებარე ოფისის თავზე შეასკდა. ჯოანი ვერ ივიწყებს ნანახს: ადამიანებს, რომლებიც შენობიდან ხტებოდნენ; მეხანძრეებს, რომლებიც ზევით მიიწევდნენ, სანამ სხვები სამშვიდობოს გარბოდნენ. ჯოანის მეგობარი ჰარი რამოსი ავადმყოფის დასახმარებლად შეყოვნდა და ვეღარც გამოაღწია. კაპესტრო სწორედ მაშინ გამოვიდა, როდესაც სამხრეთის ცათამბჯენი ჩამოიშალა. მტვერი რომ ჩამოწვა, ფოტოგრაფმა ფილ პენმანმა გადაიღო სურათი, რომელიც 9/11-ის ხატოვან გამოსახულებად იქცა: ერთად შეჯგუფული, ამოგანგლული და გაოგნებული ხალხი, რომელთა შორისაა კაპესტროც. თვეების განმავლობაში ჯოანი პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იყო პარალიზებული. მისი ჩანთა ტერაქტის ეპიცენტრში იპოვეს, დაბრუნებულ ნივთებს შორის მისი დისშვილების ფოტოებიც აღმოჩნდა.
ნიუ-იორკის 9/11-ის მემორიალსა და მუზეუმში 70 000 ნივთი გვიამბობს მსხვერპლთა, მაშველთა და გადარჩენილთა ამბებს. არტეფაქტების ზომა საფირონისა და ბრილიანტის ბეჭდიდან ნახევრად დალეწილი თვითმფრინავის ძრავამდე მერყეობს. ნივთების სიმძაფრე დეტალებშია: დაუსრულებელი ნაქსოვი – ქსოვა „კანტორ ფიცჯერალდის“ ერთ-ერთი აღმასრულებლის ჰობი იყო. ამ კომპანიამ 658 თანამშრომელი დაკარგა. ჯო ჰანტერის მოსაგონრად ოჯახმა მისი ჩაფხუტი მუზეუმს შესწირა: „აქაა მისი ადგილი“, – აცხადებს ჰანტერის და. ის ინახება სხვა არტეფაქტებთან ერთად – ჩვეულებრივ, მაგრამ არაჩვეულებრივ ნივთებთან ერთად – ისტორიის მდუმარე მოწმეებად.
პატრისია ედმონდსი, მოკლე სტატიების უფროსი დირექტორი, ზედამხედველობს ჟურნალის ნაწილს „სამყარო“. ჰენრი ლუთვაილერი შვეიცარიელი ფოტოგრაფია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს; იგი 9/11-ის თვითმხილველია. ჰიქს ვოგანმა წვლილი შეიტანა ამ მასალის მომზადებაში.