
დანაშაული ღმერთის სახელით
ბრაკონიერებმა სპილოთა მთელი ოჯახები ბოლო ინდივიდამდე საზარელი სისასტიკით ამოწყვიტეს
2012 წელს ასამდე შეიარაღებულმა ცხენოსანმა ჩადი-კამერუნის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და ბუბა ნჯიდას ეროვნულ პარკში შეიჭრა. ბრაკონიერებმა სპილოთა მთელი ოჯახები ბოლო ინდივიდამდე საზარელი სისასტიკით ამოწყვიტეს. ეს სპილოების მასობრივი ხოცვის ყველაზე მასშტაბური ფაქტი იყო 1989 წლის (სპილოებზე ნადირობა აიკრძალა) შემდეგ. „კალაშნიკოვებით“ და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებულმა ბრაკონიერებმა სპილოთა მთელი ჯოგები გაჟლიტეს. ამ ფაქტებმა არსებული შემაძრწუნებელი სტატისტიკა კიდევ უფრო „გაამდიდრა“. ბოლო მონაცემებით აფრიკაში ყოველწლიურად ათი ათასობით სპილოს ხოცავენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში აფრიკული სპილოს პოპულაცია განახევრდა, 600 ათასზე მეტი სპილო „სადღაც გაქრა“.
მაგრამ აფრიკულ სპილოსთან დაკავშირებული მოვლენები პრობლემებს მხოლოდ ამ კონტინენტს არ უქმნის. დახოცილ სპილოებს უმოწყალოდ აჭრიან ეშვებს, რომლის კონტრაბანდაც უკვე გლობალურ მასშტაბს იძენს. ამჟამად, მსოფლიოში სპილოებზე უკანონო ნადირობის მაჩვენებელი უკანასკნელ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალია. ასევე, გაზრდილია ჩამორთმეული არალეგალური სპილოს ძვლის საერთო რაოდენობაც. კენიის პრეზიდენტმა დანიელ არაფ მოიმ, პროტესტის ნიშნად, 12 ტონა კენიური სპილოს ძვალი საჯაროდ დაწვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს „დიდსულოვანი“ აქტი მხოლოდ კონსერვაციის ისტორიაში ჩაიწერა დიდი ასოებით.
მსოფლიოში სპილოს ძვლის კონტრაბანდის ორგანიზებული ქსელი მოქმედებს და ამ უძვირფასეს საქონელზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. 2009 წელს მანილის (ფილიპინები) საბაჟომ 4.9 ტონა, ხოლო 2007 წელს 7 ტონა სპილოს ძვლის კონტრაბანდა დააკავა. ფილიპინელ კათოლიკეთათვის სპილოს ძვალს უპირველესად რელიგიური დანიშნულება აქვს. საეკლესიო ნივთების დამზადება ხელშეუხებელი თემაა. ყიდულობ საეჭვო წარმოშობის სპილოს ძვალს და მისგან წმინდა საგნებს ამზადებ. ღმერთის სახელით ჩადენილი დანაშაულის წინაშე კანონი უძლურია.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.