
გავათავისუფლოთ მეცნიერება მოძალადეებისგან
#METOO-ს დამსახურებით, ბევრ სფეროში მოღვაწე სექსუალურად მოძალადემ დაკარგა სამსახური, მაგრამ რა ხდება სამეცნიერო დარგში?
თვალს ვადევნებდი #METOO-ს კამპანიას. ყოველ ღამით დასაძინებლად რომ მივდიოდი, მაინტერესებდა, ვის ამხელდნენ მეორე დილით, პოლიტიკაში მოღვაწე რომელიმე ჩემს გმირს თუ მედიასა და ჰოლივუდში აღიარებულ ადამიანს. ჩვენ უკვე ბევრი მოძალადე ვნახეთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, რომლებიც იძულებით გადადგნენ თანამდებობიდან და ახლა ფინანსური პრობლემები აქვთ მათივე საზიზღარი საქციელის გამო.
მაგრამ არასდროს მიფიქრია ძილის წინ იმაზე, თუ რომელ მეცნიერს გაუშვებდნენ სამსახურიდან მეორე დილით სექსუალური ხასიათის კანონდარღვევის გამო, საჯარო მხილებაზე რომ არაფერი ვთქვათ – რადგან მოძალადე მეცნიერები იშვიათად კარგავენ სამსახურს.
უკანასკნელი ექვსი წელია, ვიკვლევ სამეცნიერო სფეროში არსებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს და ვმუშაობ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე. ათასობით ადამიანი გამოვკითხე, ათობით ინტერვიუ ავიღე, ინტერდისციპლინარული კვლევაც ვაწარმოე და აი, რა შედეგი მივიღე:
• სექსუალური ძალადობისა და შეურაცხყოფის გამოვლენილი ფაქტები გვიჩვენებს, რომ მსხვერპლი უფრო ხშირად ქალია, ვიდრე მამაკაცი, რაც კარგად ასახავს საზოგადოებაში არსებულ ზოგად პრობლემას.
• საველე სამეცნიერო სამუშაოების დროს ქალთა სექსუალური შევიწროების ფაქტები არა მარტო რაოდენობრივად აჭარბებს მამაკაცების მიმართ ჩადენილ ანალოგიურ ქმედებას, არამედ თვისობრივად უარესიცაა. ხშირ შემთხვევაში ქალი იერარქიულად მაღლა მდგომი მოძალადის მსხვერპლი ხდება. ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა სექსუალური შევიწროების პოლიტიკის ან მხილების მექანიზმების შესახებ და კიდევ უფრო ნაკლებმა გაბედა საკუთარ შემთხვევაზე ხმამაღლა ლაპარაკი.
• ძალადობა მეცნიერების კარიერაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც პოზიციის ცვლილებაში ან პროფესიულ ღონისძიებებზე დაუსწრებლობაში შეიძლება გამოიხატოს, დაუცველობის განცდის გამო.
ამბები ხშირად ერთმანეთს ჰგავს: მამაკაცი სექსუალურად ძალადობს ქალზე, ქალი ამის შესახებ აცხადებს და პასუხად იღებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. არსებობს განსხვავებული შემთხვევებიც: ქალები შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც მათი აზრით თავისი სქესის შესაბამისად არ იქცევა, ფერადკანიანი ქალები ხდებიან როგორც გენდერული, ისე რასობრივი შეურაცხყოფის მსხვერპლი.
გასული წლების განმავლობაში რამდენიმე მამაცმა მეცნიერმა გადაწყვიტა გამოცდილების გაზიარება: რამდენიმე მაღალი რანგის მეცნიერი დაადანაშაულეს სტუდენტებისა და კოლეგების სექსუალური შევიწროებისთვის. დაიწყო გამოძიება, ისინი დროებით ჩამოაშორეს საქმიანობას, ზოგი კი იძულებული გახდა გადამდგარიყო. მას შემდეგაც კი, რაც მათი ქმედება გამოაშკარავდა და მათი ამბები გასაჯაროვდა, მაინც საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ჩადენილ ქმედებაზე პასუხს მოსთხოვდნენ.
სამეცნიერო სფეროში სექსუალური შევიწროების ეფექტურ გამოვლენას რამდენიმე სირთულე ახლავს თან: პირველი არის მითი იმის შესახებ, რომ თითქოს მოძალადეებს, უმეტეს შემთხვევაში მამაკაცებს, განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლიათ მეცნიერებაში; მეორე არის ის, რომ პასუხისგებაში მიცემამ შეიძლება გავლენა იქონიოს მათ სტუდენტებზე; დაბოლოს, სამართლებრივი ცნების, სექსუალური შევიწროების ის ინტერპრეტაცია, რომელსაც უნივერსიტეტების უმეტესობა იძლევა, ხშირ შემთხვევაში ართულებს მსხვერპლისთვის შედეგის მიღწევას. შესაბამისად, დამღლელი გამოძიების დასრულების შემდეგაც, ზოგიერთ მათგანს კვლავ უწევს მტრულ გარემოში მუშაობის გაგრძელება.
მართლა ვერ მივაღწევდით წარმატებებს სამეცნიერო სფეროში კანონდამრღვევების გარეშე? მე ვიტყოდი, რომ გაცილებით წარმატებული იქნებოდა ნებისმიერი სფერო, კანონდამრღვევები მსხვერპლების შესაძლებლობებს რომ არ ზღუდავდნენ. როდესაც ტვინის ერთი ნაწილი სამსახურში არსებული სტრესით გაქვს დაკავებული, მეცნიერებისთვის ნაკლები რესურსი გრჩება.
თუ ჩვენ დავსჯით მოძალადეებს, განსაკუთრებით თუ მათ დაფინანსებას შევუწყვეტთ, მათი სტუდენტები დაზარალდებიან? პირიქით, იქნებ ისინი თავს უკეთ იგრძნობენ, მათი ზეწოლისგან რომ გათავისუფლდებიან? როდესაც ფედერალურმა სააგენტოებმა უკეთ დაინახეს პრობლემა, გამოსავალიც იპოვეს, მაგალითად – სამეცნიერო პროექტის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა მოძალადის ნაცვლად, რომ პროექტი არ შეწყვეტილიყო. პროექტიდან მოძალადის ჩამოშორება სტუდენტებს ზედმეტ თავსატეხსაც აშორებს, ძალიან ცოტას სურს, რომ მათი გამოქვეყნებული შრომები სექსუალურად მოძალადის სახელს უკავშირდებოდეს.
ბოლო საკითხი ყველაზე პრობლემურია: რატომ არ ვაკეთებთ არაფერს, როდესაც ვიცით, რომ მოძალადე ჩვენ შორისაა? ჯერჯერობით მოძალადეები რეალურად არ ისჯებიან. როგორც წესი, სანქციები მხოლოდ მდედრობითი სქესის სტუდენტების ჩამოშორებით ან მათთვის სახლიდან მუშაობის მოთხოვნით შემოიფარგლება. ეს, რა თქმა უნდა, არასაკმარისი სასჯელია, თუმცა დეპარტამენტებმა არ იციან, სხვა რა ალტერნატივა აქვთ და უნივერსიტეტებიც ადვილად არ ათავისუფლებენ პროფესორებს.
რა მდგომარეობა გვაქვს დღეს: ბევრ სფეროში სექსუალური ხასიათის კანონდარღვევა მოძალადის სამსახურიდან გათავისუფლებას იწვევს. სამეცნიერო სფეროში ეს ნაკლებად ხდება. უფრო მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ სამეცნიერო სფეროში სექსუალური შევიწროების სამართლებრივი დეფინიციის მიხედვით დარღვევა ძალიან უხეში უნდა იყოს, რომ მას სადამსჯელო მოქმედება მოჰყვეს. პატივისა და ღირსების შემლახავი ან მუქარის შემცველი უამრავი ქმედება არსებობს, რომელსაც სამართლებრივი დეფინიცია არ აქვს, თუმცა მაინც დიდ ზიანს აყენებს მსხვერპლის კარიერას და აფერხებს მეცნიერების განვითარებას.
ეს შეკითხვა კი მეცნიერებს მინდა დავუსვა: როგორი კულტურის შექმნა გვინდა? მივიჩნიოთ მიუღებლად გენდერული, რასობრივი ან სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული ქმედება, გავხადოთ დასაშვები იმ ადამიანების მხილება, რომლებიც საკუთარ მდგომარეობას იყენებენ არა ადამიანებისთვის რამის სწავლებისა და გამხნევებისთვის, არამედ მათ დასათრგუნად და მათი ექსპლუატაციისათვის?
ჩემი კვლევა გვაძლევს მითითებებს, თუ როგორ შეიძლება არსებული მდგომარეობის შეცვლა. როდესაც წამყვანი მეცნიერები დასხდებიან თანამშრომლებთან და სტუდენტებთან ერთად და შეიმუშავებენ ქცევის კოდექსს, რომელსაც შემდგომ რეალურად შეასრულებენ, შედეგად ნაკლებ ძალადობასთან ერთად, მსხვერპლთა დაცვის უკეთეს მექანიზმსაც მივიღებთ.
თუ ჩვენ მართლა გვინდა მერიტოკრატიული გარემო, რომელშიც ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი მეცნიერები შეიკრიბებიან, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას, ისეთი სამუშაო კულტურა უნდა დავამკვიდროთ, სადაც ასეთი მეცნიერებისთვის მეტი ადგილი იქნება. XXI საუკუნის გამოწვევებისთვის რომ მზად ვიყოთ, საუკეთესო მეცნიერები გვჭირდება, ასეთები კი მხოლოდ საუკეთესო სამუშაო გარემოში გვხვდებიან.
დარღვევების გამოძიება
2015 წელს ასტრონომი ჯეფ მარსი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადასტურა, რომ მისი სტუდენტები არასასურველი სექსუალური კონტაქტის ობიექტები ხდებოდნენ.
2016 წლის დეკემბერში პალეოანთროპოლოგი ბრაიან რიჩმონდი გადადგა ამერიკის ბუნებისმეტყველების მუზეუმიდან, რითაც დასრულდა წლების განმავლობაში უამრავი ქალის განაცხადით დაწყებული გამოძიებების სერია.
ბოსტონის უნივერსიტეტის გამოძიებამ დაადგინა, რომ გეოლოგი დევიდ მარჩანტი სექსუალურად ავიწროებდა სტუდენტს ანტარქტიდაზე მიმდინარე ექსპედიციის დროს. მარჩანტმა უნივერსიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა ასტროფიზიკოს კრისტიან ოტის მხრიდან ორი სტუდენტის სქესის ნიშნით მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაციის ფაქტები. 2017 წლის დეკემბერში იგი გადადგა.
კეთრინ კლენსი – ილინოისის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ასოცირებული პროფესორი.