დასაქმებული უსახლკაროები
მათ საკმარისი ფული არა აქვთ, რომ ბინა სამსახურთან ახლოს იქირაონ
და ავტომანქანებში ცხოვრობენ


დასაქმებული უსახლკაროები
მათ საკმარისი ფული არა აქვთ, რომ ბინა სამსახურთან ახლოს იქირაონ და ავტომანქანებში ცხოვრობენ
სან-დიეგოში ეს დღეც ყველა დანარჩენს ჰგავს: მოწმენდილი ცა, 23 გრადუსი ტემპერატურა, პალმები, სკოლის ავტობუსები, „საცობი“ და ჭრელი ვიტრინები.
ოკეანის სანაპიროსგან მოშორებით სავაჭრო ცენტრებით სავსე უბნებია, სადაც ყველაზე იაფი მუშახელი შოულობს სარჩოს. აქ, შუქნიშნის წინ გაჩერებულ თუ ბორდიურთან მდგარ მინივენში, სკამებს შორის გაჩრილი ტანსაცმლის, პირსახოცებისა და საბნების გროვები შეიძლება შენიშნოთ.
კიდევ უფრო შორს თუ წახვალთ, გოლდენ-ჰილში ავტოსადგომს წააწყდებით. აქაურობა, საღამოს ექვსი საათის შემდეგ, საცხოვრებლად ქცეული მანქანებით ივსება. საღამოს ბინდში მათი ბინადრები ერთნაირად გადაღლილები და განადგურებულები ჩანან.
დერიკ ალექსანდერი, უკვე ორი წელია, მეგობარ გოგოსთან – ლოლა ჩითემთან და სამ შვილთან ერთად ავტოსადგომზე ცხოვრობს. უსაფრთხო ავტოსადგომების პროექტის ფარგლებში სამხრეთ კალიფორნიაში 35 ასეთი ავტოსადგომი ფუნქციონირებს, მათ არაკომერციული და საქველმოქმედო ორგანიზაციები ინახავენ. ასეთი ავტოსადგომები მანქანებში მცხოვრები 1500-მდე ადამიანისთვის ერთადერთი თავშესაფარია.

ალექსანდერი, ავტოსადგომიდან 40 წუთის სავალზე, ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციისა და ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრში მუშაობს. იმ კაცის კვალობაზე, ოცდაათს რომ გადააბიჯა და ოჯახთან ერთად მსგავს სიდუხჭირეში უწევს ცხოვრება, დერიკი უჩვეულოდ წყნარი, უშუალო და სანდომიანი პიროვნებაა. 2002 წლის Volkswagen-ის სავარძლები უკვე საძილედ არის გადაწეული. დერიკის და ლოლას ქალიშვილებს – ოთხი, ექვსი და თოთხმეტი წლისებს – ლოლას კუთვნილ ფურგონში სძინავთ.
ავტოსადგომის მრავალი ბინადარი სრული განაკვეთით მუშაობს, მაგრამ სახლის ფულს მაინც ვერ აგროვებს. სან-დიეგოში ბინის საშუალო ღირებულება 633 000 დოლარია, ქირის კი – 2000 დოლარი.
ამ ადამიანებს საცხოვრებელი სამსახურთან ახლოს სჭირდებათ და მანქანა მათთვის ერთადერთი თავშესაფარია.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.