ძველად აღმოსავლეთის ქვეყნებში დამნაშავეს ზოგჯერ სასამართლო პროცესისა და განაჩენის გამოტანის გარეშე სჯიდნენ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილას, ხელისუფალთა წარმომადგენლის ბრძანებით და ხშირად იყენებდნენ უძველეს მეთოდს – ფალაკას.
ფალაკა გაროზგვის ერთ-ერთი ხერხია, რომელიც გამოიყენებოდა აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიის ქვეყნებში, ირანსა და ოსმალეთის იმპერიაში. 1-დან 3 მეტრამდე სიგრძის ხის ძელი, რომელზეც დამნაშავე ტერფებით მჭიდროდ იყო მიბმული, ორ ადამიანს თავსა და ბოლოში ეჭირა, ხოლო მესამე დამნაშავეს დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის წკეპლით, მათრახით ან ტყავის ქამრით როზგავდა ტერფებზე. დარტყმათა რაოდენობა, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, 39-დან 75-მდე მერყეობდა. საჯაროდ გაროზგვის ამ პროცესს, როგორც წესი, ათეულობით ადამიანი ესწრებოდა.
ფალაკით ძირითადად ისჯებოდა წვრილმანი ქურდობა, ლოთობა, გადასახადებისგან თავის არიდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ოსმალეთის იმპერიაში ფალაკით ელიტის წარმომადგენლებს იშვიათად სჯიდნენ, სპარსეთში კი საჯარო გაროზგვის ეს ხერხი მიღებული იყო საზოგადოების ყველა ფენაში.
დასჯის ამავე მეთოდს ხშირად მიმართავდნენ მეჩეთებთან არსებულ სკოლებში – მექთებში, სადაც მასწავლებელს შეეძლო მოწაფე სიზარმაცის, უდისციპლინობისა თუ ურჩობის გამო გაეწკეპლა.
დასჯის ამ სასტიკი მეთოდის შემდეგ ადამიანი ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფალაკა ყაჯართა დინასტიის მმართველობის პერიოდშიც შემორჩა, XX საუკუნეში მან თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა თანდათან დაკარგა.