
დასუსტებული სიცოცხლის მწვანე საფუძველი
ასობით მცენარე გადაშენდა და რა შედეგს უნდა ველოდოთ, უცნობია
„გადაშენებაზე“ ფიქრისას თქვენი წარმოსახვის თვალით ალბათ ცხოველს ხედავთ – დოდოს ან ტასმანიის ვეფხვს, თუმცა ბიომრავალფეროვნების კრიზისი ფლორასაც ეხება. Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებული გლობალური კვლევის თანახმად, 1750-იანი წლებიდან დღემდე მცენარეთა 571 სახეობა გადაშენდა ველურ ბუნებაში.
1900 წლიდან ყოველ სამ წელიწადში მცენარეთა რვა სახეობა ქრება, ეს კი 500-ჯერ აღემატება მცენარეთა ბუნებრივი გადაშენების ტემპს.
„გარდა იმისა, რომ პირადად ჩემთვის ეს ფაქტი თავზარდამცემია, ჩვენი პლანეტის მომავალი უფრო მაშინებს“, – ამბობს კვლევის თანაავტორი მარია ვორონცოვა, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკური ბაღების ტაქსონომისტი, – „მცენარეები ეკოსისტემის ინფრასტრუქტურაა და ისინი სხვა ორგანიზმებთან ურთიერთკავშირში არიან“.

ფოტო: რებეკა კერნს-ვიქსი
როგორ მიიყვანა ადამიანის საქმიანობამ მცენარეულობა გადაშენების ზღვრამდე? ზოგი სახეობა, მაგ. წმინდა ელენეს ზეთისხილი (Nesiota elliptica), მხოლოდ პატარა არეალებში იყო გავრცელებული. ატლანტის ოკეანეში, წმინდა ელენეს კუნძულის ახალმოსახლეებმა მცენარეული საფარის უდიდესი ნაწილი გაკაფეს და ამ ხის ჰაბიტატიც მოსპეს; უკანასკნელი ინდივიდი 1994 წელს დაიღუპა. 1912 წელს ბოტანიკის სტუდენტმა ნორმა პფაიფერმა ჩიკაგოს ქუჩაში შემთხვევით შენიშნა Thismia americana, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გავრცელებული „ზღაპრული ფარნების“ მონათესავე, უცნაური, უფოთლო მცენარე. ძიების მიუხედავად, 1916 წლის შემდეგ ის აღარავის უნახავს.
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კვლევაში გამოქვეყნებულ გადაშენებულ მცენარეთა რიცხვი სრული არ არის; თუმცა იმედი არსებობს. ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ გადაშენებულად მიჩნეული 431 მცენარე, მაგალითად ჩილეური ზაფრანა, Tecophilaea cyanocrocus, კვლავ აღმოაჩინეს. მარტივი არ იქნება ამ სახეობების შენარჩუნება, რადგან მათ 89%-ს მაინც ემუქრება გადაშენება. – მაიკლ გრეშკო

ფოტო: SELECTPHOTO/ALAMY STOCK PHOTO
მცენარეების სათითაოდ გადარჩენა
ჰავაის ერთ-ერთ კუნძულ კაუაიზე, უაიმეას კანიონის ჟანგისფერი კლდის პირას თითქოს არაფრით გამორჩეული ბუჩქი, Melanthera waimeaensis, ხარობს, თუმცა ჩვეულებრივი ნამდვილად არ ეთქმის – ეს შვიდი ძირი ბუჩქი ველურ ბუნებაში თავისი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენლებია.
Melanthera waimeaensis ერთ-ერთია ასობით მცენარიდან, რომლებიც იმის გამო ქრებიან, რომ ინვაზიური ფლორა და ცხოველები ძირს უთხრიან ჰავაის ენდემურ სახეობებს. ითვლება, რომ კუნძულის უნიკალურ მცენარეთა 134 ნაირსახეობა უკვე გამქრალია და გადაშენების ტემპი სულ უფრო მატულობს: გასულ 6 წელიწადში 12 სახეობა გაქრა. არაკომერციული ეროვნული ტროპიკული ბოტანიკური ბაღის ბოტანიკოსის, კენეთ ვუდის თქმით, ეს საგანგაშო მაჩვენებელია.
ვუდი ჰავაის მცენარეთა გადაშენების პრევენციის პროგრამის თანამშრომლებთან ერთად უკვე ათეული წლებია, რაც იშვიათ სახეობებს ეძებს არქიპელაგის მიუვალ კუთხეებში.
ისინი ხან უღრან ტყეებში იკაფავენ გზას, ხან კლდეზე ეკიდებიან თოკებით ნიმუშების მოსაგროვებლად, რომ განსაზღვრული არეალები დაიცვან და ბიომრავალფეროვნება შეინარჩუნონ.
„ჩემთვის ცხადია, – ამბობს ვუდი, – რომ სიცოცხლის ყველა ფორმას უნდა მივცეთ განვითარების თანაბარი შესაძლებლობა“. – მაია ვეი-ჰაასი