
დათვური სამსახური
საკვანძო სახეობების პოპულაციების აღრიცხვა არსებითია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის
გარდა იმისა, რომ ექსკრემენტი იძლევა მონაცემებს ცხოველის დიეტის შესახებ (რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველთა ეკოლოგიის შესწავლისას), ის აგრეთვე, ფასდაუდებელი მასალაა გენეტიკური ანალიზისთვის – მკვლევრები მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ ინდი-ვიდთა რაოდენობას ამა თუ იმ ეკოსისტემაში ექსკრემენტიდან გამოყოფილი დნმ-ით; ეს ინდივიდთა შორის ნათესაური კავშირების დასადგენადაც გამოიყენება. საკვანძო სახეობების პოპულაციების აღრიცხვა არსებითია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. თუმცა, საქართველოში ასეთი მასშტაბის პროექტის გამოცდილება ჯერ არ არის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მურა დათვს ან სხვა მნიშვნელოვან მსხვილ ძუძუმწოვარს. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სახეობათა კონსერვაციის ცენტრის მიერ შემუშავდა დათვის მონიტორინგის საპილოტო პროექტი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება.
ამ ეტაპზე, „ნაკრესის“ მიერ მოგროვილია 283 ექსკრემენტის ნიმუში, რომელსაც ილიას უნივერსიტეტში უტარებენ გენეტიკურ ანალიზს. აღრიცხვა რომ სრულყოფილი იყოს, საჭიროა ცხოველთა გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაც ტელემეტრიულ კვლევებს მოითხოვს. აუცილებელია გარკვეული რაოდენობის დათვების უსაფრთხო დაჭერა, დაძინება, GPS-ით აღჭურვილი საყელოს შებმა და ბუნებაში გაშვება. „მგონია, ეს პროექტი წარმატებული იქნება და შემდგომში დათვის აღრიცხვას ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ“, – ამბობს „ნაკრესის“ ხელმძღვანელი ირაკლი შავგულიძე.