
დაუპატიჟებელი სტუმრები
გარეგნულად მდედრი და მამრი ბაღლინჯო არ განსხვავდება, მხოლოდ მიკროსკოპული დაკვირვებისას თუ შენიშნავთ თეთრ ზოლს მამრის ერთ-ერთ საცეცზე
თუკი აზიურ ბაღლინჯოს (Halyomorpha halys) ლუპით დავაკვირდებით, ნახევრადხეშეშფრთიანების ქვერიგისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას დავინახავთ – მკვრივი ქიტინით დაფარული ოვალური სხეული, მოზაიკური თვალები, გრძელი საცეცები და კიდურები, ფრთები, რომლებიც მას დიდი მანძილების დაფარვაში ეხმარება და მოქნილი მჩხვლეტავ-მწუწნავი ტიპის პირის აპარატი, რომლითაც მეტ-ნაკლებად მკვრივი ნაყოფის ან თესლის კანს ხვრეტს და მის შიგთავსს აზიანებს. მავნე ბაღლინჯო დიდი საფრთხეა სოფლის მეურნეობისთვის, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ინვაზიურია, ბუნებრივი მტერი არ ჰყავს და მასობრივად მრავლდება.
გარეგნულად მდედრი და მამრი ბაღლინჯო არ განსხვავდება, მხოლოდ მიკროსკოპული დაკვირვებისას თუ შენიშნავთ თეთრ ზოლს მამრის ერთ-ერთ საცეცზე. გამოზამთრებული ბაღლინჯოები გაზაფხულზე ჯვარდებიან, მდედრი გროვებად დებს 20-30 თეთრ კვერცხს ფოთლის უკანა მხარეს. სულ რაღაც ოთხ-ხუთ დღეში კი პატარა ნიმფა იჩეკება, რომელიც სწრაფად იზრდება, 5-ჯერ იცვლის კანს, 2,5 თვეში სქესობრივად მწიფდება და იმავე სეზონზე იწყებს გამრავლებას. თითოეული მდედრი სიცოცხლის განმავლობაში 3-ჯერ დებს კვერცხებს. მათგან ბოლო თაობა კი იზამთრებს. ერთი გამოზამთრებული ინდივიდი მომდევნო სეზონზე ათასობით შთამომავლობას იძლევა.
საარსებო გარემო
ზომიერი კონტინენტური, სუბტროპიკული კლიმატი, სამშობლო – სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
საინტერესო ფაქტი
ბაღლინჯოები თავდაცვის მიზნით არასასიამოვნო სუნისა და გემოს სითხეს გამოყოფენ. ამიტომ ამ მწერით პირის ჩატკბარუნების მოყვარულთა რიცხვი ძალიან მცირეა.