დაუსრულებელი სიმფონია
„ცხადია, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება შეცდომებსაც უშვებდა; ვის არ მოსდის შეცდომები? მაგრამ მათ შეძლეს მთავარი – დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩაუყარეს საფუძველი. მე ამ პროცესს “დაუსრულებელი სიმფონია“ ვუწოდე. სიმფონია, რომელიც დაიწყო, მაგრამ მის დასასრულებლად დრო არ ეყოთ“. – რიჩარდ ჰოვანესიანი


დაუსრულებელი სიმფონია
„ცხადია, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება შეცდომებსაც უშვებდა; ვის არ მოსდის შეცდომები? მაგრამ მათ შეძლეს მთავარი – დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩაუყარეს საფუძველი. მე ამ პროცესს “დაუსრულებელი სიმფონია“ ვუწოდე. სიმფონია, რომელიც დაიწყო, მაგრამ მის დასასრულებლად დრო არ ეყოთ“. – რიჩარდ ჰოვანესიანი

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი 1918-1921 წლებში, რომელზეც გველეშაპთან მებრძოლი თეთრი გიორგია გამოსახული შვიდი მნათობით. დაცულია: საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1920 წლის 10 იანვარს აღიარეს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლური კოლექციების განყოფილების ხელმძღვანელს, ჯილიან ევისონს გორგოლაჭებიანი ურიკით ცნობილი ბრიტანელი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, სერ ოლივერ უორდროპის დღიურები შემოაქვს. ბიბლიოთეკის შეხვედრების ოთახში მას ისტორიკოსი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი, ბექა კობახიძე ელოდება:
„გახსოვს პირველი რეაქცია, როდესაც ეს დღიურები ნახე?“ – ეკითხება ჯილიანი ბექას, „რა ემოციური იყო!“ და უორდროპების კოლექციაში ამ დღიურების დაბრუნების ამბავსაც ერთად იხსენებენ.
ბექასთვის ეს ამბავი 2013 წელს იწყება, როდესაც უორდროპების ქართველოლოგიური ფონდის მაშინდელ ხელმძღვანელს, ჯილიან ევისონის წინამორბედს, ცნობილ ქართველოლოგს, პროფესორ დონალდ რეიფილდს სევენოუქსში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში, უკვე დახურულ სასაფლაოზე, უორდროპების საფლავზე წაყვანა სთხოვა. წვიმდა. ვინმეს რომ დაენახა, როგორ ძვრებოდნენ სასაფლაოს ღობეზე ბექა კობახიძე და 70 წელს გადაცილებული დონალდ რეიფილდი, ნამდვილად ვერავინ დაიჯერებდა, რომ უორდროპების საფლავზე ყვავილების დასადებად მიდიოდნენ… ამის შემდეგ ბექა კობახიძემ ოლივერ უორდროპის შთამომავლების ძებნა დაიწყო, რომელთაც ბოდლიანის ბიბლიოთეკასთან კონტაქტი 1990-იანი წლების შემდეგ გაწყვეტილი ჰქონდათ. 2013 წელს მან ისინი ისევ იპოვა და რეიფილდს და საქართველოს მაშინდელ ელჩს ბრიტანეთში, რევაზ გაჩეჩილაძეს დააკავშირა. კავშირი აღდგა. უორდროპების შვილიშვილებმა ბოდლიანის ბიბლიოთეკას სახლში შემორჩენილი წერილები გადასცეს და სხვათა შორის ახსენეს ოლივერ უორდროპის დღიურებიც, რომლებიც მათთან ინახებოდა, თუმცა შეიძლება ისინი „არც ისე საინტერესო“ ყოფილიყო.
„ჩვენ მაინც ვთხოვეთ მათ, მოეტანათ ეს დღიურები“, – მოგვითხრობს ჯილიან ევისონი. ასეც მოხდა ნიკოლოზ ალექსიძის წიგნის, „უორდროპების კოლექციით დანახული საქართველო“ პრეზენტაციაზე, სადაც ბექა კობახიძე სიტყვით უნდა გამოსულიყო. დღიურები ჩემოდნით მოიტანეს და პირდაპირ იქვე ამოალაგეს“.
„მივედი და, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ადგილზე დამხვდა ოლივერის შვილიშვილი, ჯენიფერი, რომელსაც ჩემოდნით მთელი ეს დღიურები მოეტანა. სიტყვა მიწყდებოდა, თავი ვერ მოვაბი, რომ ნახევარი საათი გამართულად მელაპარაკა, რადგან გვერდზე ჩემთვის სრულიად უცნობი დღიურები მედო ჩემოდნით“, – ასე დარჩა ბექა კობახიძის მეხსიერებაში 2018 წლის პირველი ივნისი.
დღეს კი ორივე უკვე ბიბლიოთეკის კუთვნილ, წლების მიხედვით დათარიღებულ დღიურებს მაგიდაზე ფრთხილად ალაგებს – 1907… 1913… 1918… მოოქრულ ფურცლებს ბიბლიოთეკის ფართო ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები ეცემა – ასი წლის წინანდელი დღიურები ბრწყინავს. ეს დღიურები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის და საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი ქომაგის, ოლივერ უორდროპის ინგლისურ და ქართულენოვან ჩანაწერებს ინახავს – ფაქტებს, ემოციებს და საყიდელი წიგნების სიასაც, რომელშიც „დროების“ კალენდარი და ექვთიმე თაყაიშვილის წიგნიც შედის. ბექა კობახიძის კვლევისთვის ფასდაუდებელია ყველა დეტალი.

ორ საყვარელ საგანს, ისტორიას და გეოგრაფიას შორის არჩევანი ბექამ ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსზე სწავლისას გააკეთა და ამით საკუთარი მომავალიც განსაზღვრა – საკვლევად საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, წინააღმდეგობებითა და სიახლით სავსე და, რაც მთავარია, დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი აირჩია. მიზანი დასაწყისშივე ნათელი იყო – 1918-1921 წლებში საქართველოს საერთაშორისო პოზიციების შესწავლა.
არქივის კარიც პირველად მაშინ შეაღო და ათასობით დოკუმენტში მთავარ კითხვაზე პასუხის ძებნა დაიწყო – რატომ დავკარგეთ დამოუკიდებლობა? პასუხის პოვნა მხოლოდ დასავლურ არქივებში შეიძლებოდა, რადგან 1918 წელსვე ცხადი იყო, რომ სამოქალაქო ომში ჩაფლული რუსეთი ერთ დღეს აღდგებოდა და, იქნებოდა ის წითელი (ლენინის) თუ თეთრი (დენიკინის), შეეცდებოდა იმპერიის საზღვრების აღდგენას. პატარა საქართველო რუსულ არმიებს სამხედრო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ხსნის ერთადერთ გზად დასავლეთში მფარველის მოპოვება რჩებოდა. სწორედ დასავლეთს უნდა დაეცვა საქართველო და დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად მიეღო. ეს მისია 1918 წლის 26 მაისს გერმანიამ იტვირთა, მაგრამ იმავე წლის ნოემბერში, გერმანიის ომში დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს ბედს მოკავშირეები (ანტანტა – ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია, იაპონია) წყვეტდნენ. მათი ორგანიზებით 1919 წლის 18 იანვარს პარიზში მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი და ხანგრძლივი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა, რომელიც ერთ წელსა და სამ დღეს გაგრძელდა. პარიზის სამშვიდობო კონფერენცია წყვეტდა მსოფლიოს ყველა კუთხის, მათ შორის რუსეთის ყოფილი იმპერიის ბედს. თუ საქართველოს სადმე საერთაშორისო აღიარებისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის უნდა მიეღწია, ეს პარიზი იყო. საქართველოს ბედი დასავლეთის დედაქალაქებსა და მინისტრთა კაბინეტებში წყდებოდა. სიტყვა ომში გამარჯვებული ქვეყნების პოლიტიკურ ელიტას ეთქმოდა – ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებს. ამ გადაწყვეტილებების შესახებ დიდხანს არაფერი იცოდნენ პატარა საქართველოში, რომელსაც დასავლეთში რუსეთის იმპერიის ნაწილად აღიქვამდნენ.

კვლევის დაწყებიდან 11 წელია გასული. მომავალ წელს, 2019-ში, პარიზის სამშვიდობო კონფერენციის 100 წლისთავზე, ბექა კობახიძე ამ წლების კვლევის მთავარ შედეგს წიგნად გამოსცემს. მას არ ენანება ათეულობით ნაყიდ წიგნში დახარჯული ხელფასი, არც არქივებში გატარებული უამრავი საათი. გზამკვლევიც კარგი შეხვდა – პროფესორ რიჩარდ ჰოვანესიანის ოთხტომეული „სომხეთის რესპუბლიკა“ – სამ კონტინენტზე, ყველა შესაძლო არქივში მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით დაწერილი ნაშრომი, რომელმაც ბექას მთავარი ასწავლა – როგორ უნდა ეკვლია ის, რაც ასე აინტერესებდა.
ამ გაზაფხულზე თბილისში სტუმრად მყოფმა პროფესორმა ჰოვანესიანმა გვითხრა, რომ 100 წლის წინანდელმა ევროპამ კავკასიაზე თითქმის არაფერი იცოდა და რომ მისთვის კავკასია და საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო: `იმპერიის დაშლამ ყველა დააბნია, მათ შორის თავად კავკასიელებიც. ხალხი მზად არ იყო დამოუკიდებლობისთვის. ამ ფონზე მიღწეული პროგრესი მხოლოდ პატივისცემის ღირსია. ცხადია, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება შეცდომებსაც უშვებდა; ვის არ მოსდის შეცდომები? მაგრამ მათ შეძლეს მთავარი – დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩაუყარეს საფუძველი. მათ შეძლეს, რომ მათ შესახებ დასავლეთში ელაპარაკათ. მე ამ პროცესს „დაუსრულებელი სიმფონია“ ვუწოდე. სიმფონია, რომელიც დაიწყო, მაგრამ მის დასასრულებლად დრო არ ეყოთ“.
ბექა კობახიძემ იმის კვლევა დაიწყო, თუ როდის გაჩნდა და როდის გაქრა საქართველო დასავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან. 2012 წელს მან ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პირველი გრანტი მიიღო და ბრიტანეთში გაემგზავრა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, ნილ მაკფარლეინი, National Geographic საქართველოსთან საუბრისას იხსენებს, რომ როდესაც ფონდმა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა ჩამოაყალიბა, ფიქრობდნენ, რომ პოსტდოქტორანტებისთვის საქართველოს გარეთ კვლევის შესაძლებლობა უნდა მიეცათ: „მაშინ მეგონა, რომ ეს მხოლოდ საქართველოსთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ის სინამდვილეში ორივე ქვეყნისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩვენთვისაც უზარმაზარი საქმე გაკეთდა, რადგან თუნდაც უორდროპების კოლექცია აქამდე შეუსწავლელი იყო. ასე რომ, ქართველი მეცნიერები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ოქსფორდში“.

და ეს მართლაც ასეა. ბექა კობახიძე პირველი იყო მათ შორის, ვინც საქართველოს შესახებ არქივებში დაცულ მასალასთან მოხვდა და მისი შესწავლა დაიწყო. თუ გავიხსენებთ, რომ 1918 წლის ბოლოს კავკასიის ტერიტორიაზე 20 000 ბრიტანელი ჯარისკაცი დგას (გერმანია და ოსმალეთი ომში დამარცხებულია), ხოლო ბრიტანეთი კავკასიის რეგიონში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ქვეყანაა, მაშინ ისიც ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად აქტიური მიმოწერა შეიძლებოდა ყოფილიყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, სამხედრო სამინისტროებს თუ ცალკეულ პიროვნებათა შორის. აღმოჩნდა, რომ ბრიტანელები აბსოლუტურად ყველაფერს ინახავდნენ – ბრიტანეთის ეროვნული არქივი რომ მეცნიერთა სამოთხე იყო, ამაში ბექა 2013 წელს თავად დარწმუნდა, როდესაც იქ პირველად მივიდა ფოტოაპარატით ხელში. დოკუმენტებს ათასობით ფოტოს უღებდა, რომ შემდეგ მათზე მშვიდად ემუშავა. უნიკალური მასალა მოიცავდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ დროს საიდუმლო მასალებს კავკასიისა და საქართველოს შესახებ, რომელსაც გრიფი საიდუმლო 1960-იანი წლების ბოლოს მოეხსნა და დღეს უკვე ყველა მსურველს შეუძლია გადახედოს ერთი საუკუნის წინანდელი ისტორიის ფასდაუდებელ ცნობებს. ყველა ჩანაწერი, ყველა დეპეშა, ყველა მოხსენება თუ წერილი აკინძული და შენახულია – დახარისხებულიც. ყველაფერი, რაც კავკასიას და საქართველოს ეხება – ერთადაა თავმოყრილი.
სანამ ბექა კობახიძე ამ დოკუმენტებს ისევ დაუბრუნდებოდა, 2014 წელს მან კიდევ ერთი, „ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი მიიღო და ისევ ბრიტანეთში, ამჯერად საიმპერატორო სამხედრო მუზეუმში და King’s College-ში იმუშავა. ერთგან პოლკოვნიკ კლოდ სტოქსის პირადი მასალების, ხოლო მეორეგან კი – ცნობილი ქართველოფობის, გენერალ ჯორჯ მილნის პირად არქივს ჩახედა. სტოქსი საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი ბრიტანელი იყო, რომელმაც კავკასიაში უორდროპი შეცვალა, ხოლო ბრიტანეთის შავი ზღვის ძალების სარდალი მილნი კი ერთ-ერთი იყო მათგან, ვინც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბრიტანეთს კავკასიის მიმართ ინტერესი დაეკარგა და მისი საგარეო პოლიტიკური გეგმებიდან კავკასია საერთოდ ამოვარდნილიყო.
ბექამ ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიტანეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ ჯორჯ ნათანიელ კერზონის პირადი დოკუმენტებიც შეისწავლა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების არქივებშიც იმუშავა. მილნისგან განსხვავებით, კერზონი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარი მხარდამჭერი იყო. ყოველივე ამის შემდეგ კი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კიდევ ერთი გრანტით, კვლევის გასაგრძელებლად ოქსფორდის უნივერსიტეტში წავიდა.

დაცულია: საქართველოს ეროვნული არქივი
კვლევისას ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსის, ფელდმარშალ ჰენრი უილსონის პირად არქივებზე მიუწვდებოდა ხელი. უილსონის პოზიციაც საინტერესო იყო: რას ფიქრობდა საქართველოზე ადამიანი, რომელსაც არ სწამდა პატარა ერების დამოუკიდებლობის? – უილსონი დღიურებში პირდაპირ წერდა, რომ მან ჩააგდო „კავკასიური პროექტი“. პატარა ერებს უილსონი მეორე, მესამე და მეოთხეხარისხოვან ხალხებად იხსენიებდა. მას მკაფიო პრიორიტეტები ჰქონდა – ბრიტანეთს თავისი ჯარები ეგვიპტეში, ინდოეთსა და ირლანდიაში უნდა გამოეყენებინა – კავკასია სათვალავშიც არ იყო.
უილსონს მილნიც მხარს უბამდა. ერთ-ერთ წერილში მილნი უილსონს წერდა, კავკასიელების განათლებასა და ცივილიზებას რამდენიმე თაობა დასჭირდება და თუ ჩვენ ეს გვინდა, აქ ათწლეულობით მოგვიწევს დარჩენაო.
კავკასიის საკითხი ბრიტანეთის საგარეო და სამხედრო სამინისტროების განხეთქილების ვაშლად იქცა. ამ საკითხზე ლორდ კერზონსა და უინსტონ ჩერჩილს შორის მიმოწერა ორ მტრულ სახელმწიფოს შორის მიმოწერას ჰგავდა: „უთხარი შენს ქართველებს, – სწერს ერთ წერილში ჩერჩილი კერზონს, – დენიკინის ზურგში მტრული მოქმედება ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს“. ეს ის დროა, როდესაც თეთრგვარდიელი გენერალი ანტონ დენიკინი მოსკოვს უტევს, ამ დროს კი გაჩნდა ეჭვი, რომ ქართველები ჩრდილოკავკასიელ მთიელებს ეხმარებოდნენ მის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობაში. კერზონი ჩერჩილს პასუხს უბრუნებს: „ჩვენ ამ ხალხის სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულება გვაქვს აღებული და თუ შენი დენიკინი თავს დაანებებს ამ ქართველებს, მას არავინ არაფერს ერჩის“.
თუმცა, ჩერჩილმა ბრძოლა მაინც მოუგო კერზონს – 1919 წლის სექტემბერში, კერზონის წინააღმდეგობის მიუხედავად, კავკასიიდან ბრიტანეთის ჯარები გაიყვანეს. დატოვეს მხოლოდ 2000 კაცი ბათუმში. ბრიტანული ჯარების სრულად გასვლა საბჭოთა რუსეთისთვის კარის გაღებას ნიშნავდა და ეს კერზონმა მშვენივრად იცოდა.
ბათუმში დატოვებული 2000-კაციანი ბრიგადა მაინც ასრულებდა პოლიტიკური დამცავი ბარიერის ფუნქციას. უილსონს ამ ბრიგადის გაყვანაც სურდა და უილსონსა და კერზონს შორის 1920 წლის თებერვალ-ივნისში ამის თაობაზე „ჭიდაობა“ მინდინარეობდა. სწორედ იმ დღეების ჩანაწერებში ამოიკითხა ბექა კობახიძემ უილსონის არქივში მისი ვარაუდი: ხვალ, კაბინეტის სხდომაზე, კერზონი, ალბათ, ჩემი თანამდებობიდან მოხსნის საკითხს დააყენებს, ხოლო თუ არ გადამაყენეს, მაშინ თავად გადადგებაო. მაშინ უილსონმა მაინც თავისი გაიტანა – 1920 წლის ივლისში ბრიტანულმა ჯარებმა ბათუმი დატოვეს.
ლორდ კერზონს კავკასიასთან განსაკუთრებული და სხვებისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა. პრემიერ-მინისტრი ლოიდ ჯორჯი მემუარებში შენიშნავს: „კერზონს ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა საქართველოს მიტოვება ტროცკისა და ლენინის აგრესიის პირისპირ და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ჯარები იქ ყოფილიყვნენ“. კერზონი ახალგაზრდობაში სამჯერ იყო კავკასიაში ნამყოფი, ხოლო საქართველოს შესახებ, თურმე, ამბობდა: „ეს არის ყველაზე ცივილიზებული და კულტურული ერი ამ რეგიონში და ჩვენ სწორედ მათ უნდა დავეყრდნოთ“. თუმცა, ამ ემოციისა და სენტიმენტების მიღმა კერზონს პრაგმატული მიზნებიც ჰქონდა და ეს მიზანი, როგორც ბექა კობახიძე შენიშნავს, იყო სპარსეთზე ბრიტანული პროტექტორატის აღება. საგარეო საქმეთა მინისტრს სჯეროდა, რომ კავკასია ბუფერული ზონა უნდა გამხდარიყო, რუსეთი კი კავკასიის ქედზე უნდა შეეჩერებინათ. დამოუკიდებელი კავკასია უნდა ქცეულიყო რუსეთისგან ჯერ სპარსეთის, შემდეგ კი ინდოეთის დაცვის გარანტად.

დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ბრიტანეთის გენერალიტეტს სხვა მიზნები და ხედვა ჰქონდა. ანტიბოლშევიკი და იმპერიალისტი უინსტონ ჩერჩილი ბოლშევიკების წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად გენერალ ანტონ დენიკინს მოიაზრებდა და მას იმ დროისათვის კოლოსალური თანხით, 100 მილიონი ფუნტის ღირებულების შეიარაღებითა და აღჭურვილობით დაეხმარა. დენიკინის მიზანი კი – ერთიანი რუსეთის აღდგენა – საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ვერაფრით დაემთხვეოდა.
ჯარების გაყვანის თაობაზე ლორდ კერზონის ბრძოლა წაგებული იყო. კავკასიაში დაუცველობის განცდა ყველას გაუჩნდა, რადგან ბრიტანული ჯარების იქ ყოფნა მყიფე მშვიდობის შენარჩუნების გარანტს ქმნიდა. ერთადერთი, რაც ამ ბრძოლაში კერზონმა შეძლო, ის იყო, რომ კავკასიაში საქართველოს კიდევ ერთი გულშემატკივარი, სერ ოლივერ უორდროპი გამოგზავნა უმაღლეს კომისრად.
უორდროპს საქართველოში იმ კაცად იცნობდნენ, რომელიც 1887 წელს ილია ჭავჭავაძეს და თერგდალეულებს შეხვდა და მათთან მეგობრობდა. მას უფრო კულტურულ ჭრილში იცნობდნენ, თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 31-წლიანი დიპლომატიური კარიერა ჰქონდა. ეს გამოცდილება და მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ლორდ კერზონს აფიქრებინებდა, რომ, თუ უმაღლესი კომისარი პროქართულ ანგარიშებს გამოგზავნიდა, კერზონს გაცილებით გაუადვილდებოდა პროკავკასიური პოლიტიკის გატარება.
ბრიტანეთის ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი საქაღალდე ინახავს ლორდ კერზონისათვის თბილისიდან გაგზავნილ პირველ წერილს, თუ როგორ დახვდნენ მას ქართველები. იგი წერს: „ამ დილას, როდესაც თბილისში ჩამოვედი, დამხვდნენ მოქმედი პრემიერ-მინისტრი გეგეჭკორი და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სწავლული ხელოვანები, უცხოური მისიების წარმომადგენლები. ქართველმა სამხედროებმა საპატიო ყარაული მომამაგრეს; მე ფოტოგრაფების სამიზნე ვიყავი; ორკესტრმა დაუკრა ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი, ხოლო გზა ორი მილის მანძილზე აღმოსავლური ხალიჩებითა და დროშებით იყო მორთული. ორივე მხარეს ხალხი იყო ჩამწკრივებული. ეს დახვედრა ქართველი ხალხის მხრიდან სამადლობელია იმის გამო, რასაც მე მათ მიმართ უკვე 32 წელია ვგრძნობ. ჩემი დანიშვნა კი მათ მიიღეს როგორც ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან მეგობრობის გამოხატულება; ამით საქართველოში ახალი ერა იწყება“…
`ძალიან კარგი დასაწყისია“, – წააწერა უორდროპის წერილს ლორდ კერზონმა.
უორდროპის ჩამოსვლა თბილისში საქართველოდან ბრიტანეთის მისამართით გაგზავნილ მესიჯებსაც დაეტყო: იგი გამუდმებით მოითხოვდა საქართველოსა და სხვა კავკასიელი ხალხების დამოუკიდებლობის აღიარებას, შეიარაღების მიწოდებას, ბათუმში დარჩენილ ერთ ბრიტანულ ბრიგადაში ინსპექციის გაგზავნასა და რუსეთის გავლენების მოძებნას. ცდილობდა ქართული პოლიტიკური ელიტის პროგერმანული და სოციალისტური იმიჯის გამოსწორებასაც, რადგან, როგორც ბექა კობახიძე განმარტავს, მაშინდელი კონსერვატიული და იმპერიალისტური მსოფლიოსთვის სოციალიზმი გაუგებარი ცნება იყო. მეტიც, ბევრი სოციალიზმსა და სოციალ-დემოკრატიასაც ბოლშევიზმთან აკავშირებდა.


(მარცხნივ) პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მონაწილენი – ეს იყო საზავო კონფერენცია, რომელიც 1919 წლის 18 იანვარს პარიზში გაიხსნა და წელიწადსა და სამ დღეს გაგრძელდა.
ფოტო: © იმპერიის სამხედრო მუზეუმი (Q 81859)
(მარჯვნივ) საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები. საბჭო 1917 წელს საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე შეიქმნა და 67 წევრისა და 61 კანდიდატისგან შედგებოდა.
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
უორდროპის დახმარებით ყველა საწუხარი, რომელიც კი საქართველოს მაშინდელ მთავრობას ჰქონდა, იმავე დღეს ტელეგრაფით იგზავნებოდა სტატუსით „სასწრაფო“ ან „ძალიან სასწრაფო“ და იმავე საღამოს ბრიტანეთში უკვე იცოდნენ, რა აწუხებდათ ქართველებს. უორდროპი პირდაპირ წერდა, რომ ბათუმი ისტორიულად საქართველოს ტერიტორია იყო, ხოლო როდესაც ლორდმა კერზონმა აფხაზეთის შესახებ ჰკითხა, უორდროპმა უპასუხა, რომ აფხაზები და ქართველები საერთო კულტურით ნასაზრდოები ხალხები იყვნენ და რომ ისინი გამონახავდნენ საერთო ენას, თუ გენერალი დენიკინი მათ ურთიერთობებში არ ჩაერეოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობაზე მსჯელობა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიწურულს დაიწყო. რუსეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – თეთრგვარდიელები დამარცხდნენ, მართვის სადავეები კი ბოლშევიკების ხელში გადავიდა. 1920 წლის იანვარში ისინი კავკასიის ქედსაც მოადგნენ. საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გიორგი ჩიჩერინმა საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ნოტა გამოუგზავნა. ულტიმატუმის ენაზე დაწერილ ტექსტში ჩიჩერინი ამ ორ ქვეყანას სახელმწიფოებად არც მოიხსენიებდა – ხალხებს უწოდებდა და მუქარანარევი ტონით მოუწოდებდა `ერთობის აღდგენისკენ ქართველ და რუს ხალხებს შორის“. ეს ტექსტი, ცხადია, ოლივერ უორდროპამდეც მივიდა. ბრიტანეთში მისგან გაგზავნილი ტელეგრამები გახშირდა – იგი ინტენსიურად ითხოვდა საქართველოს დახმარებას.
გამარჯვებული სახელმწიფოების ლიდერებმა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება 1920 წლის 10 იანვარს, პარიზში, მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღეს და ეს, როგორც ბექა კობახიძე ამბობს, 1918-1921 წლებში სამწლიანი დამოუკიდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო: ორკვირიანი მსჯელობის განმავლობაში კავკასია N1 საკითხი იყო საერთაშორისო ურთიერთობებში. კავკასიის საკითხს დასავლური პრესის პირველი გვერდები ეჭირა. როგორც ბექა კობახიძე ამბობს, `ეს იყო კავკასიისა და საქართველოს „ოქროს შესაძლებლობა“. საქართველო არ არის მსოფლიოს ცენტრი და მისი მომავალი ძალიან იშვიათად იქცევა ხოლმე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა განხილვის ნომერ პირველ თემად. ამ ორი კვირის განმავლობაში რეგიონის საკითხი საერთაშორისო ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიმღებთა ყველაზე მაღალ ეშელონებში ავიდა. ამ დღეებში განიხილავდნენ, იყვნენ თუ არა მზად ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები, კავკასიის რესპუბლიკებს სამხედრო თვალსაზრისით დახმარებოდნენ რუსეთისგან თავის დასაცავად.“
12 იანვარს უორდროპმა აღიარების ამბავი უკვე იცოდა – დამოუკიდებლობის აღიარების ცნობა უორდროპს პარიზიდან ტელეგრაფით გაუგზავნეს. გახარებული უორდროპი ცოლს წერდა: „დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. აღსრულდა ის, რასაც 30 წელი ველოდი“. თბილისში ამ ამბის აღსანიშნად უზარმაზარი დემონსტრაცია გაიმართა, იმ დროს პარიზში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ კი აღიარების ამბავი მხოლოდ 13 იანვარს გაიგო. „არც კი გაახსენდათ, რომ იქ საქართველოს დელეგაცია იყო“. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, თუ როგორ წყდებოდა მნიშვნელოვანი საკითხები მათ გარეშე, მათ ზურგს უკან“, – დანანებით შენიშნავს ბექა კობახიძე.

დაცულია: საქართველოს ეროვნული არქივი
თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობის მხოლოდ აღიარება მისი დაცვის გარანტიას არ ნიშნავდა. ბრიტანეთის ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც ლორდი კერზონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი და ბრიტანეთის ფლოტის ადმირალი დევიდ ბიტიც ეთანხმებოდნენ, კავკასიაში ჯარების დაბრუნება იყო. გენშტაბის უფროსს, ჰენრი უილსონს კი ამის გაგონებაც არ სურდა: „მე ასეთი ჯარები არ მყავს და რომც მყავდეს, იქ არ გავგზავნიდი“.
1920 წლის 17 იანვარს იგი კავკასიელ დელეგატებს შეახვედრეს. კარლო ჩხეიძესთან, ირაკლი წერეთელთან, ზურაბ ავალიშვილთან, იოსებ გობეჩიასთან და ალი მარდან ბეკ თოფჩიბაშევთან შეხვედრიდან გამოსულმა უილსონმა თქვა, რომ შეხვდა „ოთხ კავკასიელს, რომელთა ნდობა არ შეიძლებოდა, რადგან ოთხიდან სამი ებრაელი იყო“. სიმართლე არც ეს იყო და არც ის, რაც უილსონმა მინისტრთა კაბინეტს მათი ჯარების რაოდენობაზე უთხრა – მათ მხოლოდ 30 000 ჯარისკაცის გამოყვანა შეუძლიათ ერთად და მათ თუ შევაიარაღებთ, ეს ჩვენგან ბოლშევიკებისთვის გადაცემული საჩუქარი იქნებაო.
1920 წლის 16, 18 და 19 იანვარს პარიზის სასტუმრო „კლარიჯში“ შეკრებილი მინისტრთა კაბინეტი ცხარედ კამათობდა, უნდა გაეგზავნათ თუ არა კავკასიის დასაცავად ორი სამხედრო დივიზია და კასპიის ზღვის დასაკავებლად 1500-კაციანი ფლოტი. ერთ მხარეს იყო ყველა, ხოლო მეორე მხარეს გენშტაბის უფროსი ფელდმარშალი სერ ჰენრი უილსონი. სწორედ იგი უკარნახებდა პოლიტიკოსებს, რა რესურსები ჰქონდა ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს. რესურსები კი ომით დაღლილ ქვეყანაში მართლაც მწირი იყო. როგორც სხვა არა ერთ შემთხვევაში, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტშიც ეროვნულ ინტერესებსა და რესურსებზე გათვლილმა პოლიტიკამ გაიმარჯვა.
თუმცა, კერზონი და ლოიდ ჯორჯი არ ცხრებოდნენ. ასე შეუთანხმებელი პოზიციით წარდგნენ ბრიტანელები 19 იანვარს მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ეს იყო იმდროინდელი მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური ორგანო, რომლის სხდომებსაც ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები, გენშტაბის უფროსები თუ სამხედრო მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იყვნენ კავკასიელებიც. მაშინ აღიარეს სომხეთის დამოუკიდებლობაც და იქვე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეიარაღებითა და საკვები პროდუქტებით დაეხმარებოდნენ.
დიდმა სახელმწიფოებმა საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე, პარიზის კონფერენციიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1921 წლის იანვარში, ანტანტის უმაღლეს საბჭოზე აღიარეს. მეორე დღეს, 27 იანვარს კი ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა საქართველოს ანექსიის გადაწყვეტილება მიიღო. მათ იცოდნენ, რომ აღიარებას დახმარება და საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვა მოჰყვებოდა. არც ერთი და არც მეორე საბჭოთა რუსეთს არ აწყობდა. ისიც ფაქტი იყო, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის ძალით დაპყრობა მოუწია რუსეთს, რადგან აზერბაიჯანში სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს, სომხეთში კი, ოსმალეთის შემოტევის გამო, მაშინდელმა მთავრობამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად გადააბარა ხელისუფლება რუსეთს.
რა პოზიცია ჰქონდათ სხვა დიდ სახელმწიფოებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სიცოცხლეში? რას აკეთებდა ამ დროს, მაგალითად, საფრანგეთი? მას კავკასიაში მხოლოდ სამკაციანი სამხედრო მისია ჰყავდა. ფრანგების ინტერესის სფერო ყირიმს, ბესარაბიასა და უკრაინას მოიცავდა და ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი – ეს იყო 1917 წლის ბოლოს ბრიტანეთთან დადებული შეთანხმება, რომლის თანახმად გადაწყდა, ვინ რომელ ტერიტორიაზე გაუწევდა წინააღმდეგობას გერმანიასა და ოსმალეთს.

კავკასიის შესახებ იტალიაც კრიტიკულ კითხვებს სვამდა. ლოიდ ჯორჯი და მისი თანამოაზრეები კავკასიაში ბრიტანეთის ჯარების შესვლის დღიდან ცდილობდნენ მათ ჩანაცვლებას. ლოიდ ჯორჯი პირველად სწორედ იტალიელებს მიადგა. იტალიის პრემიერს, ვიტორიო ორლანდოს სთავაზობდა საქართველოში შესვლას. პრემიერი იტალიის მეფეს, ვიტორიო ემანუელ მესამეს სწერდა, აღთქმული მიწა შემომთავაზესო.
მეფემ უპასუხა, ბრიტანელები არასოდეს არავის უშვებენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც რამედ ღირს – იქ რუსეთთან დაპირისპირება მოგვიწევს, რაც ჩვენ არ შეგვიძლიაო. ორლანდომ მაინც თავისი გაიტანა. იტალიური ჯარები უკვე გემებში ჩასასხდომად და კავკასიისკენ გეზის ასაღებად ემზადებოდნენ, როდესაც იტალიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს იმპიჩმენტი მოუწყო, ახალმა პრემიერმა კი იტალიური ჯარების მისია, რომელიც ავანტიურად მიაჩნდა, მაშინვე გააუქმა.
ამერიკის შეერთებული შტატები გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც არც დე ფაქტო, არც დე იურე არ უღიარებია საქართველო, აზერბაიჯანი და ბალტიისპირა რესპუბლიკები. პრეზიდენტ ვუდრო უილსონის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ რუსეთის ერთიანი სხეული არ უნდა დაერღვიათ და ამ სხეულში დამოუკიდებლობის უფლება მხოლოდ პოლონეთს, ფინეთსა და სომხეთს ჰქონდათ. ამერიკაში არსებული მძლავრი არმენოფილური მოძრაობის გათვალისწინებით უილსონი ფიქრობდა სომხეთზე მანდატის აღებას და ამ მანდატში მთელი კავკასია მოიაზრებოდა, მაგრამ ოპოზიციურმა კონგრესმა მის ყველა საერთაშორისო წამოწყებაზე უარი განაცხადა.
ცხადია, საქართველოსა და აზერბაიჯანში აღარც დაპირებული დახმარება გამოუგზავნიათ. 1920 წლის აპრილის ბოლოს ბაქოს „გაწითლების“ შემდეგ კავკასიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ერთიანი სხეული მოირღვა. კავკასიონის ქედის სამხრეთით გადმოსული რუსეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. შესაბამისად, იმავე წლის ივლისში ბათუმიდან ბოლო ბრიტანული სამხედრო ბრიგადის გასვლის შემდეგ ბათუმი საქართველოს გადაეცა და ამით დასრულდა კიდეც კავკასიაში დასავლური პოლიტიკა. როგორც ბექა კობახიძეც ამბობს, რუსეთის შემოსვლა და აქ დამკვიდრება უკვე მხოლოდ დროის და ტექნიკის ამბავი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის ეს სამი რთული წელი, როდესაც დასავლეთს არც პოლიტიკური ნება და არც ეკონომიკური რესურსი გააჩნდა მის დასაცავად, ბრიტანელი ისტორიკოსის, პროფესორ სტივენ ჯონსისთვის სწორედ მაშინ მიღწეული და ნაცადი წარმატებების გამოა საინტერესო. ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა ფული, არ ჰყავდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ერთდროულად უტევდნენ ბოლშევიკებიც, ოსმალეთიც, თეთრგვარდიელებიც და, რაც მთავარია, მას არ გააჩნდა რეალური მხარდამჭერები დასავლეთში, ლიბერალური დემოკრატიის აშენებისთვის იბრძოდა: `თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევაფასებთ მათ მიღწევებს, თუნდაც საკანონმდებლო თვალსაზრისით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია“, – ამბობს სტივენ ჯონსი.
ავტორი ეკა ქევანიშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, მწერალი და პოეტია. ის National Geographic საქართველოსთან უკვე მეოთხედ თანამშრომლობს. ფოტოგრაფი ირა კურმაევა ჩვენი ჟურნალის, ფაქტობრივად, მუდმივი თანამშრომელია, ხოლო ნინო ისაკაძისთვის აღნიშნული პროექტი პირველი კოლაბორაციაა ჩვენს ჟურნალთან.