დავიწყებას რომ არ მიეცეს
ეს ფოტოპროექტი ეძღვნება მათ, ვისი ცხოვრებაც ატომურმა ბომბმა სამუდამოდ შეცვალა.


დავიწყებას რომ არ მიეცეს
ეს ფოტოპროექტი ეძღვნება მათ, ვისი ცხოვრებაც ატომურმა ბომბმა სამუდამოდ შეცვალა.
1945 წლის აგვისტოში იაპონიაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ ატომურ დაბომბვას ადამიანთა განადგურება მოჰყვა.
ნამსხვრევებისა და ფერფლის რადიოაქტიური ნალექი, იგივე „შავი წვიმა“ დაეშვა, აფეთქებებით განპირობებულმა უკიდურესად მაღალმა ტემპერატურამ კი ხანძრები გამოიწვია. ადამიანები თავის გადასარჩენად მდინარეს მიაწყდნენ, რომელშიც ბევრი მათგანი დაიხრჩო. იმ წლის ბოლოს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ადამიანთა მსხვერპლის რაოდენობა 200 000-ს გასცდა, ხოლო აფეთქებებს გადარჩენილები, ზოგ შემთხვევაში მათი შვილებიც, მოგვიანებით რადიაციით გამოწვეულ დაავადებებს შეეწირნენ. „ატომურ ბომბს გადარჩენილს“ იაპონურად ჰიბაკუშა ჰქვია.
დედაჩემი 6 წლის იყო, როდესაც ჰიროშიმა დაიბომბა. იგი აფეთქების ეპიცენტრიდან ერთი კილომეტრის მოშორებით იყო, თავის სახლში. დედა ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა და მეც არ ვეკითხებოდი. მახსოვს, 30 წელს რომ გადასცდა, მენიერის დაავადება დაეწყო, ხოლო 40 წლის ასაკიდან „სისხლის ბუსტერის“ ინიექციებს უკეთებდნენ ანემიის სამკურნალოდ, 50 წლის ასაკიდან კი კიბოს მრავალი კერა აღმოაჩნდა და 62 წლის გარდაიცვალა.
პაპა მწვავე სხივური დაავადების შედეგად გარდაიცვალა, ბებია ფილტვის კიბოთი, ხოლო ბიძაშვილი ავტოიმუნურ დაავადებას შეეწირა. მე მადლიერი ვიყავი, რომ 50 წელს მივაღწიე; ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამდენ ხანს ვიცოცხლებდი.
ჰიბაკუშები კარგად იცნობენ ატომური ბომბის საშინელებებს, ამიტომ მათი უმრავლესობა მუდამ მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. 2021 წლის 22 იანვარს მათი ოცნება ნაწილობრივ ახდა, როდესაც ატომური იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში, თუმცა არც აშშ-მ და არც იაპონიამ არ მოახდინა მისი რატიფიცირება.
იაპონიაში ჩატარებულ ჩემს სალექციო კურსებსა და საგანმანათლებლო ტურებზე ხშირად ვყვები ხოლმე ჰიბაკუშების ამბებს. ფოტოგრაფი ჰარუკა საკაგუჩი 2017 წელს იაპონიაში გაემგზავრა იმ ჰიბაკუშების მოსაძებნად, რომლებიც თავიანთ ამბავს გაუზიარებდნენ. National Geographic-ის მკვლევარი საკაგუჩი მათი პორტრეტებითა და მოგონებებით პატივისცემას გამოხატავს ჰიბაკუშების მიმართ, რომელთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მადლიერი ვარ მისი შრომის, რომელიც ემსახურება ჩვენს საერთო მიზანს – არ მიეცეს დავიწყებას ეს საზარელი მოვლენები და ამ ადამიანთა მძიმე განსაცდელი. – იუკი მიიამოტო


(მარცხნივ) მინორუ მორიუჩი (80 წლის*)
ნაგასაკი • დაბომბვის დროს იმყოფებოდა ეპიცენტრიდან 4,8 კილომეტრში
„1945 წლის 9 აგვისტოს ჩვენს ეზოში უზარმაზარი ხურმის ხის კენწეროზე ვიჯექი და ციკადებს ვიჭერდი, – გვიამბობს მორიუჩი, – შემდეგ მზე აფეთქდა“.
(მარჯვნივ) კუმიკო არაკავა (92)
ნაგასაკი • 2,9 კილომეტრი ეპიცენტრიდან
არაკავა 2019 წელს გარდაიცვალა. მან მშობლები და ოთხი და-ძმა დაკარგა დაბომბვის დროს. „გადარჩენილი ოჯახის წევრების რჩენა მომიწია“, – გვიამბობს იგი.
* ასაკი მითითებულია 2017 წლის მდგომარეობით, როდესაც ეს პორტრეტები გადაიღეს.


საჩიკო მაცუო (83)
ნაგასაკი • 1,3 კილომეტრი ეპიცენტრიდან
„მშვიდობა ჩვენი პრიორიტეტია“, – ამბობს მაცუი იაპონურად დაწერილ გზავნილში (ზემოთ). ფოტოგრაფმა საკაგუჩიმ დაბომბვას გადარჩენილებს, იგივე ჰიბაკუშებს, სთხოვა, მომავალი თაობებისთვის მცირე გზავნილები დაეწერათ. მათი სრული ინგლისური თარგმანების, მოგონებებისა და სხვა ჰიბაკუშების ამბების წასაკითხად ეწვიეთ ვებგვერდს: 1945project.com.


რიოუგა სუვა (84)
ჰიროშიმა • ნიუში ჰიბაკუშა
სუვას მშობლები მისი მამის ბუდისტურ ტაძარში დაიღუპნენ, მისი 16 წლის და კი გაუჩინარდა. სუვა იყო „გენბაკუ კოჯი“, იგივე, ატომური ბომბით დაობლებული და, ასევე, „ნიუში ჰიბაკუშა“ – აფეთქების შემდგომ გამოსხივების კერასთან ახლოს მყოფი. 2019 წელს, გარდაცვალებამდე, მან დაწერა (ზემოთ): „შესანიშნავი იქნებოდა, ერთმანეთის პატივისცემა გაგვეღვივებინა, ნაცვლად ბრაზისა განსხვავებათა გამო“.


კეიკო ოკინიში (52)
ნაგასაკი | მეორე თაობა
ოკინიში მეორე თაობის ჰიბაკუშაა; მისი დედა ნაგასაკის დაბომბვას გადაურჩა. ოკინიშის ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს. ექიმის განმარტებით, ეს იმით არის განპირობებული, რომ მისმა დედამ დასხივება მიიღო. „მე ვალდებულად ვიგრძენი თავი, მეტი გამეგო ატომური ბომბისა და დედაჩემის ისტორიის შესახებ“, – წერს ოკინიში (ზემოთ, ნაწილობრივ), რომელიც დღეს ჰიბაკუშას გამოცდილებას სხვებს უზიარებს.


ჰიდეკი (მარჯვნივ) და კიჰარუ კუროიტა (37 და 5)
ნაგასაკი | მესამე და მეოთხე თაობები
ჰიდეკი ამბობს: „მე მესამე თაობის ჰიბაკუშა ვარ, თუმცა, ჩემი ცხოვრების მანძილზე ამას ნაკლებად ვაცნობიერებდი. ნაგასაკიში დაბომბვის შემდგომ შემორჩენილ ბევრ ხილულ ნაიარევს ნახავთ, მაგალითად, დანახშირებულ კედლებს. იმედი მაქვს, ნაგასაკის მნახველები სხვებსაც უამბობენ ატომური ბომბის გამო მომხდარ თავზარდამცემ ისტორიებს“. მინაწერის ქვეშ მისი ქალიშვილი კიჰარუ თავის სახელს აწერს.


აკიტო კავამოტო (90)
ჰიროშიმა • ნიუში ჰიბაკუშა
ბომბის აფეთქებისას კავამოტომ, გამოსხივების უშუალო ზემოქმედებას თავი დააღწია, რადგან მატარებელში იჯდა და კუნძულ კიუშუდან ბრუნდებოდა ჰიროშიმაში. აფეთქებას ასევე გადაურჩა მისი მეუღლე, თუმცა მოგვიანებით მას „გენბაკუშოო“ – რადიაციული გამოსხივებისგან გამოწვეული დაავადება აღმოაჩნდა. თავისი მეუღლის ტანჯვის შემსწრე კავამოტო თავის ონლაინგზავნილში წერს: „მისი ტკივილი მალე ჩემი ტკივილი გახდა“.


ფუჯიო ტორიკოში (86)
ჰიროშიმა • 2 კილომეტრი ეპიცენტრიდან
ბომბის ჩამოვარდნისას ტორიკოში 14 წლის იყო. ჯერ მხოლოდ შავი წერტილი დაინახა, რომელიც შემდგომ „სინათლის ბურთივით აფეთქდა და ყველაფერი გადაანათა“, – წერს იგი თავის გზავნილში. მან სახეზე ძლიერი წვა იგრძნო, უეცრად ფეხები მოეკვეთა და გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, წყლით შეეცადა წვის შეგრძნების შეჩერებას, რამაც უარესი შედეგი გამოიღო. იმდენად ძლიერად იყო დაშავებული, არც კი ეგონა, 20 წლის ასაკს თუ გადააბიჯებდა, თუმცა მან კიდევ რამდენიმე ათეული წელი იცხოვრა და 2018 წელს გარდაიცვალა. „სიცოცხლე უცნაური განძია, რომელსაც ომს არ უნდა ვწირავდეთ“, – წერს ფუჯიო ტორიკოში.