

დენალი
როგორ შეიძლება არ იყოს საკმარისი 2,5 მილიონი ჰექტარი?
სეზონის პიკზე, ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდე, დენალის ეროვნული პარკი და ნაკრძალი ყოველწლიურად 500 ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. პარკის რეინჯერები ამ პერიოდს „ქაოსის 100 დღეს“ ეძახიან. მართლაც, დენალის 148 კილომეტრის სიგრძის პარკის შესასვლელში დილაობით თავი მანჰეტენზე, პიკის საათის საცობში გეგონებათ. დინამიკებიდან ავტობუსში ჩასხდომის დროს აცხადებენ და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ბილეთების სალაროსთან გროვდებიან.
ბევრი მათგანი საკრუიზო გემების მგზავრია. ისინი ველურ ბუნებას, ძირითადად, ავტობუსის ფანჯრებიდან ხედავენ. „მაგრამ თუ განმარტოება მოგინდათ, არც ეს არის ძნელი, – ამბობს რეინჯერი სარა ჰეიესი, – აქ დაახლოებით 2,5 მილიონი ჰექტარი უბილიკო ტერიტორიაა, სადაც ველური ცხოველები უშფოთველად დაეხეტებიან. მათთან შეხვედრა ყველას შეუძლია, ვინც კი ავტობუსიდან ჩამოხტება“.
ჩემი ავტობუსი ადგილიდან იძვრება, ცხვირები ფანჯრებს ეჭყლიტება, ფოტოაპარატების ჩხაკუნი იწყება და სხვადასხვა ენაზე გაისმის აღტაცებული შეძახილები… მგზავრებს ვეკითხები, რისი ნახვა სურთ: „ლოსი!“, „გრიზლი!“, „კარიბუ!“, „მგელი!“.
მერვე კილომეტრის ნიშნულზე პირველ ცხოველს ვამჩნევთ. „ციყვი!“ – ყვირის ბავშვი და ავტობუსში მხიარულებას იწვევს. 24-ე კილომეტრზე გრუნტის გზა იწყება და მანქანები აღარ ჩანს. რამდენიმე კილომეტრის შემდეგ გზის გასწვრივ ხეებიც უჩინარდება, ალასკის ქედის შორეული მწვერვალები ჩნდება და ჩვენ თვალწინ მთელი თავისი სიდიადით იშლება ველური ბუნების სამეფო… ავტობუსი სვლას ანელებს.
„ორი კვირაა იმალება, – ამბობს მძღოლი და ვიწრო მოსახვევში შედის – თუმცა, დღეს კარგი ამინდია და შეიძლება…” ჰორიზონტზე ბუნდოვნად იკვეთება მთის კონტური და – „დენალი!“ – ისმის შეძახილები.
ზღვის დონიდან 6190 მეტრზე აღმართული ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, ხშირად თბილ ამინდშიც კი ღრუბლებშია გახვეული, მაგრამ მაინც გამაოგნებელი სანახაობაა. ამ მთას ათაბასკების ენაზე მოლაპარაკე ხალხმა „დენალი“ დაარქვა, რაც მათ ენაზე „მაღალს“ ნიშნავს. მათი ლეგენდებისა და სიბრძნის უდიდესი ნაწილი სწორედ დენალისთანაა დაკავშირებული. 1896 წელს ოქროსმაძიებელმა უილიამ დიკიმ მთას სახელი გადაარქვა და ოჰაიოელი პოლიტიკოსის, უილიამ მაკ-კინლის პატივსაცემად „მაკ-კინლი“ დაარქვა. ოქროს სტანდარტის დამცველი ეს პოლიტიკოსი, ერთ წელიწადში ქვეყნის 25-ე პრეზიდენტი გახდა. კონგრესის ოჰაიოელი წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში ბლოკავდნენ მთისთვის სახელის შეცვლის მცდელობას. მხოლოდ შარშან დაუბრუნა მას ობამას ადმინისტრაციამ თავდაპირველი სახელი – „დენალი“.
მთის მონახულება და გრიზლისა თუ მგლისთვის თვალის მოკვრა ის სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ხალხი დენალიზე მიდის. ჯერ კიდევ 2010 წელს ტურისტს ველურ ბუნებაში მგლის დანახვის უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე მოუხელთებელი დენალისა, რომელიც ზაფხულობით მხოლოდ სამ დღეში ერთხელ მოჩანს. თუმცა, 2010 წლის შემდეგ, მგლის დანახვის შანსიც შემცირდა. პარკ-როუდის გასწვრივ ჩატარებული კვლევის მიხედვით (რომელიც ველური ფაუნის ხილვის შესაძლებლობას ადგენს), 2010 წლიდან 2014 წლამდე ლაშქრობის დროს მგლის დანახვის შანსი 45 პროცენტიდან 6 პროცენტამდე შემცირდა. პარკის ბიოლოგები ამბობენ, რომ სულ რაღაც 10 წლის წინ პარკში 100 მგელი იყო, გასული წლის მონაცემებით კი უკვე 50-ზე ნაკლებია. დენალიში ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზანი ამის მიზეზის გარკვევაც იყო.
„არ მიყვარს, მეტეოროლოგებს მატყუარებს რომ ვეძახი, მაგრამ ახლა მინუს 34 გრადუსი ნამდვილად არ იქნება“, – ამბობს პილოტი დენის მილერი და ჩვენი თხილამურებიანი თვითმფრინავი პარკის სათავო ოფისის დასაჯდომი ზოლიდან ფრინდება. კომბოსტოსავით შეფუთული პაწაწინა კაბინაში ვარ ჩაჩხერილი. „გამიკვირდება, თუ მთელი დღე ასეთი სითბო იქნება“, – თავს აქნევს მილერი.
რამდენიმე წუთის შემდეგ, თვითმფრინავის მარცხენა მხარეს დამაგრებული ანტენა რადიოსაყელურიანი მგლის სიგნალს დღეს პირველად აფიქსირებს. ხმა მარცხენა ყურსასმენში გვესმის. მილერი თვითმფრინავის მიმართულებას ცვლის და ზუმერი ყურსასმენში თანაბრდება. პარკის საზღვარს ვკვეთთ და სტამპედის დერეფნის, შტატის უღელტეხილის, დასახლებისა და კერძო ტერიტორიის თავზე მივფრინავთ. წრიპინი ძლიერდება. ამ ადგილებს მგლის რაიონებსაც ეძახიან.
„ეს ძუ ისტ-ფორკის ხროვიდან იქნება, – ამბობს მილერი, – ჯერ კიდევ ნოემბერში 15-მდე მგელი დავთვალეთ, მაგრამ ორი კვირის წინ, 6 მარტს, საყელურიანი ხვადი მკვდარი ვიპოვეთ. მას შემდეგ მხოლოდ ერთი ნაკვალევი ვნახე“.
მილერი სიგნალს მიჰყვება, დაბლა ეშვება და მდინარის ხეობაში ზიგზაგებით მიუყვება მარტოხელა მგლის კვალს, რომელიც ხეებს შორის მიდის. თვითმფრინავს მკვეთრად ატრიალებს მარცხნივ და ქვევით იმზირება. „მხოლოდ ერთი გზა უნდა გავაკეთო, თორემ თუ ამ სახლების მაცხოვრებლებმა შენიშნეს, როგორ დავტრიალებთ თავს აქაურობას, შეეცდებიან იპოვონ ის ვისაც ჩვენ ვეძებთ, და მოკლან“.
ოთხი დღე მილერთან და ეროვნული პარკების სამსახურის ბიოლოგებთან ერთად ვიფრინე. მარტის დღეებში მათი ყურადღება მგლებისკენაა მიმართული. შენიშნავენ თუ არა მგელს, ვერტმფრენის რაზმს იძახებენ, ცხოველს სროლით აძინებენ, საყელურს უკეთებენ და სისხლისა და ბეწვის სინჯებს იღებენ. იმედი აქვთ, რომ ოდნავ მაინც გაამდიდრებენ ჩვენს ცოდნას მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე შეუცნობელი ცხოველის ჯანმრთელობის, ქცევისა და გენეტიკის შესახებ.
ეკოლოგი ადოლფ მიური პიონერი იყო დენალის მგლების ველურ ბუნებაში შესწავლის საქმეში, ეს კვლევა სწორედ მისი შრომის გაგრძელებაა. 1939 წელს, მაკ-კინლის სახელობის მთის ეროვნულ პარკში მიურის პირველი ექსპედიციის დროს, მგელი მავნებლად მიაჩნდათ და რეინჯერებს მისი დანახვისთანავე განადგურება ჰქონდათ ნაბრძანები. მიურის კვლევამ აჩვენა, რომ ჯანსაღ საარსებო გარემოში მგლები და სხვა უმაღლესი მტაცებლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ის ამტკიცებდა, რომ პარკების მართვისას მთლიან ეკოსისტემას უნდა ვიცავდეთ და არა ცალკეულ სახეობებს.გამოვიყენოთ თუ დავიცვათ – ეს მუდმივი ჭიდილი ეროვნული პარკების ძირითად გამოწვევად იქცა.
მიურის სხვა გავლენიანი მეცნიერები და მოაზროვნეებიც შეუერთდნენ, რადგან დენალის ფართოდ გაშლილი და ძირითადად უტყეო მთის ლანდშაფტები იდეალურია ველურ ფაუნაზე დასაკვირვებლად. ჯერ კიდევ ველური ამერიკის ამ სივრცემ დიდი ძვრები გამოიწვია პარკებისა და მისი დამცველების როლის გააზრებაში. სწორედ აქ ჩაისახა დღეს ფართოდ აღიარებულ ფასეულობათა უმეტესობა, რომელიც ბუნების დაცვასა და სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაზეა ორიენტირებული.
განუზომელია დენალის გავლენა იმ ასეულობით ათას ადამიანზეც, ვინც აქ ყოველ წელს ველურ ბუნებასთან შესახვედრად მოდის და უკან დაბრუნებისას მასთან ბევრად უფრო ღრმა კავშირს გრძნობს. „მუდამ ასე ხდება“, – ამბობს პარკის უფროსი დონ სტრაიკერი, – „ფოტოების გადასაღებად და სატრაბახოდ ჩამოდიან, რომ თქვან, გრიზლი ჩემგან სულ რაღაც 15 მეტრში იყოო. უკან კი ასეთი ადგილების დაცვის სურვილით გამსჭვალულნი ბრუნდებიან“.
და მაინც, დენალი ყოველთვის „რთული“ სამოთხე იყო. პარკი 1917 წელს შეიქმნა, როგორც დალის ცხვრისა და სხვა სანადირო ცხოველების თავშესაფარი. პირველი რეინჯერები აქ იმ ბრაკონიერებს დასდევდნენ, რომლებიც ხორცით ამარაგებდნენ მაღაროელებსა და რკინიგზის მშენებლებს. მოხმარებასა და დაცვას შორის ეს მუდმივი ჭიდილი ეროვნული პარკების ძირითად პრობლემად იქცა. დღესაც კი სულ რამდენიმე ადგილი არსებობს, სადაც ეს კონფლიქტი ასე მძაფრად იგრძნობა და პრობლემები ასეთი შემოქმედებითი მიდგომით წყდება.
„ბევრი რამაა დამაბნეველი ხალხისთვის ამ პარკში. ეს ველური ბუნებაა, თუმცა ზოგიერთ ადგილას თვითმფრინავი ჯდება, ზოგან კი ნადირობენ და მახეებს აგებენ. ამაშია დენალის უნიკალურობა – ის ჩაკეტილი არაა. ამიტომაცაა რთულად სამართავი“, – ამბობს რეინჯერი ჯონ ლეონარდი.
„იმ დღეს თქვენ დაფრინავდით „სუპერკუბით“? ვიფიქრეთ, რომ რადიოსაყელურიან მგელს ედექით კვალში. კინაღამ გამოვედი, რომ მენახა, სასროლ მანძილზე თუ იყო მგელი“ – გვეუბნება კოუქ უოლასი.
უოლასი მახეების დამგები, მონადირე, მეგზური და მისი თქმით, „უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებების სოფლელია“. მახეებისა და ხაფანგების ვრცელ კოლექციასა და საშრობზე გაშხლართულ ძალიან დიდ მგელს მაჩვენებს. უცებ მგლის ყმუილი ისმის. ეს მის მობილურზე დაყენებული ზარის ხმაა.
„ჰგონიათ რომ მგლები მეჯავრება, ამ დროს პირიქით, ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან მაგრები არიან. უბრალოდ, ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული მგელი შემომაკვდება ხოლმე“.
1999 წელს უოლასმა საყელურიანი ალფა-მდედრი მოკლა გრანტ-კრიკის ხროვიდან, რომელსაც ხშირად ხედავდნენ სტუმრები პარკ-როუდზე. 2005 წელს პარკის საზღვართან მოწყობილი ხაფანგით მან ისტ-ფორკის ხროვის ალფა-მდედრი დაიჭირა. 2012 წელს ცხენის ლეში მიათრია ადგილამდე, სადაც მგლების მოძრაობა აღინიშნებოდა და ხაფანგები და მახეები დააგო. როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა, ხაფანგში გაბმული მაკე ძუ დახვდა, რომელიც ისტ-ფორკის ხროვას ეკუთვნოდა. ეს ამბავი მისმა მეზობელმა აღწერა, უოლასმა დაადასტურა და „ლოს-ანჯელეს-ტაიმსის“ ფურცლებზეც მოხვდა, რამაც, თავის მხრივ, ორმაგი შედეგი გამოიღო: ერთი მხრივ უოლასს სიკვდილით ემუქრებოდნენ, მეორე მხრივ კი – მასზე, როგორც მეგზურზე, მოთხოვნა გაიზარდა. იმავე წელს, უოლასმა რეპროდუქციის უნარის მქონე ერთადერთი გადარჩენილი მდედრი დაიჭირა გრანტ-კრიკის ხროვიდან, რომელიც ხშირად დაეხეტებოდა პარკის საზღვრის სიახლოვეს. შედეგად, ხროვაში ლეკვები აღარ დაიბადნენ და მათი რაოდენობა 15-დან 3-მდე შემცირდა.
რამდენიმე წლის წინ უოლასის მიწასთან ახლოს მოხეტიალე მგელი კანონით იყო დაცული. მაგრამ ახლა მგლები, თანაც დენალის ყველაზე მეტად მოწყვლადი ხროვები, ბინძური პოლიტიკის ცენტრში მოხვდნენ და სიტუაციაც გართულდა. 2000 წელს, მგლების ცნობილმა ბიოლოგმა, გორდონ ჰაბერმა ადოლფ მიურის კვლევა განაგრძო და იმ მონადირეებზე დაიწყო დაკვირვება, რომლებიც ხაფანგებს აგებდნენ პარკის საზღვრის გასწვრივ. ჰაბერმა ალასკის სახელმწიფო სამონადირეო საბჭო დაარწმუნა, რომ სტამპედის ბილიკის გასწვრივ და ნენანის კანიონის ტერიტორიაზე ისეთი ზონა დაეარსებინათ, სადაც მგლების დახოცვა აიკრძალებოდა. 2009 წლის მიწურულს ჰაბერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ეროვნული პარკების სამსახურმა ზონის გაფართოება მოითხოვა. საბჭომ კი, პირიქით – ის სრულიად გააუქმა, რამაც მგლების დაჭერა და მონადირება მთელი პარკის გარშემო შესაძლებელი გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ პარკების სამსახურმა მტაცებელთა კონტროლი ათწლეულების წინ შეწყვიტა, ზოგ ადგილას შტატმა, კარიბუსა და ლოსის პოპულაციების ზრდის მიზნით, მგლების შემცირების პროგრამა გააძლიერა.
2013-2014 წლებში მტაცებელთა კონტროლის სახელმწიფო ორგანიზაციებმა და უფლებამოსილმა კერძო მონადირეებმა იუკონ-ჩარლი-რივერსის ეროვნული ნაკრძალის შემოგარენში თვითმფრინავიდან ათობით მგელი დახოცეს. ნაკრძალში მგლების პოპულაცია ნახევარზე მეტად შემცირდა და პარკების სამსახურის მრავალწლიანი კვლევის ობიექტი – რამდენიმე საყელურიანი მგელი იმსხვერპლა. ალასკის თევზისა და სარეწი ცხოველების დეპარტამენტის კომისრის, კოტენის თქმით, მგლების გამოხშირვა სარწმუნო სამეცნიერო მონაცემებზეა დაფუძნებული, თუმცა ზოგიერთი კვლევა უარყოფს მოსაზრებას, რომ მგლების დახოცვა ხელს უწყობს პოპულაციის გრძელვადიან ზრდას.
უოლასი ფიქრობს, რომ მგლების გამოხშირვა და დენალის ბუფერული ზონების გაუქმება უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინათ: „პარკი ბევრად უფრო მომწონდა, როდესაც მაკ-კინლი ერქვა და ცხვრებისთვის იყო განკუთვნილი“.
1980 წელს კონგრესმა ალასკის ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიების კონსერვაციის აქტი – ANILCA მიიღო. მან 42 მილიონ ჰექტარს ეროვნული პარკების, ტყეებისა და ნაკრძალების სტატუსი მიანიჭა და დამატებით 20 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი შემოსაზღვრა ველური ბუნების დასაცავად. მაკ-კინლის მთის ეროვნულ პარკს სახელი გადაარქვეს და დენალის ეროვნული პარკი და ნაკრძალი უწოდეს. ამასთან, პარკი 800 000 ჰექტარიდან 2,5 მილიონ ჰექტარამდე გააფართოეს. ნაკრძალში საკუთრებისა და ზოგიერთ ადგილებში ნადირობისა და ხაფანგების დაგების უფლებებიც შენარჩუნდა.
ANILCA აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან კონსერვაციულ გამარჯვებად განიხილება. მაშინ უოლასი მოზარდი იყო, კარგად ახსოვს, როგორ დაწვეს პროტესტანტებმა პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ფიტული ფერბენქსში, რადგან 1978 წელს პრეზიდენტმა ალასკის 22 მილიონ ჰექტარ მიწას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
„სადაც ვყოფილვარ, ყველგან უყვართ თავისი ეროვნული პარკები, – ამბობს ზედამხედველი სტრაიკერი, რომელიც დენალიში გამწესებამდე ხუთი პარკის მმართველი გახლდათ, – მაგრამ აქ ყველაფერი წარსულითაა მოწამლული. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ყოველთვის ფედერალური ტერიტორია იყო და არა შტატის. უცნაური პოლიტიკაა, გძულდეს პარკები და მხედველობის მიღმა გრჩებოდეს სიკეთე, რომელიც მას შტატისთვის მოაქვს“.
ვიზიტორთა უმეტესობა ამ მარშრუტზე პარკის ავტობუსით მოძრაობს. გზიდან ხშირად ხედავენ ველურ ცხოველებს.
ფოტოაპარატებიანი, სხვადასხვა აქცენტით მოსაუბრე პარკის სტუმრები ავტობუსის მძღოლებს გაჩერებას ევედრებიან, რათა ველური ბუნების წარმომადგენლები გადაიღონ.
დენალის ასობით ხელუხლებელი ფერდობიდან ერთ-ერთზე ალპინისტი მისრიალებს. ის ზურმუხტისფერი ტბისკენ მიემართება.
აირონ-კრიკის დასავლეთ ხროვის წყვილი თავის ნაშიერებს ახალი სანადირო ადგილებისკენ უკვალავს თოვლიან გზას. წყვილს ბიოლოგების მიერ მორგებული სათვალთვალო საყელურები უკეთია.
შესაძლოა, მგლები რამდენიმე დღე დარჩნენ ნადავლთან. მსხვერპლის ძიებაში პარკის საზღვრების გადამკვეთ ხროვებს შეიძლება მონადირეებმა ესროლონ ან ხაფანგში გააბან.
ხაფანგის დამგებ ქოუკ უოლასს მგელი მოაქვს, რომელიც პარკთან დაგებულ ხაფანგში მოკლა. 2010 წელს შტატის მოხელეებმა ბუფერული ზონები გააუქმეს, სადაც მგელზე ნადირობა იკრძალებოდა.
დენალის რეინჯერები – ლოსის ლეშის კონფისკაცია. ოფიციალური ცნობით, ცხოველი ორმა ბრაკონიერმა, პარკის სიღრმეში მოკლა.
ჯულია კოლინზი ძაღლებს აჭმევს. მან დასთან ერთად 50-ზე მეტი წელი გაატარა პარკის განაპირა ამ ნაკვეთში. სარჩოსაც თავად შოულობდნენ.
ტროფეით გარშემორტყმული მეგზური რეი ატკინსი პარკთან მდებარე თავის ქოხში ისვენებს; 14 000 დოლარს იღებს რვა- ათდღიან სანადირო ტურში.
ვიზიტორთა უმეტესობა ამ მარშრუტზე პარკის ავტობუსით მოძრაობს. გზიდან ხშირად ხედავენ ველურ ცხოველებს.
ფოტოაპარატებიანი, სხვადასხვა აქცენტით მოსაუბრე პარკის სტუმრები ავტობუსის მძღოლებს გაჩერებას ევედრებიან, რათა ველური ბუნების წარმომადგენლები გადაიღონ.
დენალის ასობით ხელუხლებელი ფერდობიდან ერთ-ერთზე ალპინისტი მისრიალებს. ის ზურმუხტისფერი ტბისკენ მიემართება.
აირონ-კრიკის დასავლეთ ხროვის წყვილი თავის ნაშიერებს ახალი სანადირო ადგილებისკენ უკვალავს თოვლიან გზას. წყვილს ბიოლოგების მიერ მორგებული სათვალთვალო საყელურები უკეთია.
შესაძლოა, მგლები რამდენიმე დღე დარჩნენ ნადავლთან. მსხვერპლის ძიებაში პარკის საზღვრების გადამკვეთ ხროვებს შეიძლება მონადირეებმა ესროლონ ან ხაფანგში გააბან.
ხაფანგის დამგებ ქოუკ უოლასს მგელი მოაქვს, რომელიც პარკთან დაგებულ ხაფანგში მოკლა. 2010 წელს შტატის მოხელეებმა ბუფერული ზონები გააუქმეს, სადაც მგელზე ნადირობა იკრძალებოდა.
დენალის რეინჯერები – ლოსის ლეშის კონფისკაცია. ოფიციალური ცნობით, ცხოველი ორმა ბრაკონიერმა, პარკის სიღრმეში მოკლა.
ჯულია კოლინზი ძაღლებს აჭმევს. მან დასთან ერთად 50-ზე მეტი წელი გაატარა პარკის განაპირა ამ ნაკვეთში. სარჩოსაც თავად შოულობდნენ.
ტროფეით გარშემორტყმული მეგზური რეი ატკინსი პარკთან მდებარე თავის ქოხში ისვენებს; 14 000 დოლარს იღებს რვა- ათდღიან სანადირო ტურში.
მსგავსი დებატები და საერთოდ ყველაფერი ძალიან შორეულად მომეჩვენა, როდესაც შუა მარტში, კაჩეკრიკის მახლობლად ბანაკის კარვიდან გამოვიხედე. ექსპედიციის მესამე დღე და მესამე დილაა მინუს 25 გრადუსი ტემპერატურით. მინდა, ისევ ბრეზენტის ქვეშ შევძვრე, მაგრამ თვალი დენალისკენ გამირბის. მზის სხივები მთის მწვერვალსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებს ეფინება.
ბოლოს და ბოლოს კარვიდან ვძვრები. 30-მდე მზერას ვგრძნობ – მარხილის ძაღლები მონდომებით იწყებენ წკავწკავსა და ყმუილს. ზამთარში, ძაღლები ადგილობრივი მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია. ისინი პარკის საზღვრებზე პატრულირებენ და ადამიანებს ველური ფაუნის კვლევაში ეხმარებიან – დასუფთავების საშუალებებსა და სათადარიგო ნაწილებს დაათრევენ. ხოლო დენალის ძაღლების საზაფხულო შოუ პარკის ყველაზე პოპულარული სანახაობაა.
„ძაღლები ხალხს ისტორიასთან აკავშირებენ, ისეთ ემოციებს აღვიძებენ, რომლებიც ადამიანთა უმეტესობას არასოდეს გამოუცდია, – ამბობს მენეჯერი ჯენიფერ რაფაელი, – ზამთარში ისინი ყველაზე საიმედო და უსაფრთხოა პარკში გადასაადგილებლად. თოვლმავლისგან განსხვავებით, ისინი ყოველთვის მზად არიან საქმეს შეუდგნენ. მათ გადარჩენის ინსტინქტიც აქვთ, რაც მანქანას არასოდეს ექნება“.
ნაშუადღევს ოდნავ დათბა. ჩვენ ძაღლების სამი რაზმისგან შემდგარი ქარავნით მივემართებით რეინჯერთა სადგურისკენ, უანდერის ტბასთან. ღამის 2 საათზე ქოხიდან გამოვდივართ და ჩრდილოეთის ციალს შევცქერით.„უცნაური პოლიტიკაა, გძულდეს პარკები და ვერ დაინახო მთელი ის სიკეთე, რომელიც მათ მოუტანეს შტატს“. – პარკის ხელმძღვანელი დონ სტრაიკერი.
„დენალის უდიდესი ნაწილი მიუღწევადია ხალხისთვის, თუმცა ძაღლებთან ერთად შეგიძლია ასეთ რამეებსაც შეეხო“, – მეუბნება რაფაელი, როდესაც მოკრძალებით შევცქერით ციდან მონადენი მრავალფეროვანი სინათლის ფარდებს. „ზამთარში აქ თითქმის დაუჯერებელი სიმშვიდის განცდა გეუფლება“.
სამი თვის შემდეგ, ივნისის ბოლოს, სულ სხვანაირი დენალი მხვდება. საღამოს 8 საათია, პარკ-როუდზე ავტომობილების საცობში ვარ გაჭედილი. დედალი ლოსი (იგივე ცხენირემი) ორ ხბოსთან ერთად დუნედ მიიკვლევს გზას ხეების გასწვრივ. მძღოლები ჩერდებიან და ფოტოაპარატებს იმარჯვებენ.
60-იან წლებში ადოლფ მიური შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა პარკის გულში მოასფალტებული ავტომაგისტრალის მშენებლობას. ნაწილობრივ გაიმარჯვა კიდეც: პარკების სამსახურმა მხოლოდ პირველი 24 კილომეტრის მოასფალტება გადაწყვიტა. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვიწრო გზა მეტად გაჭედილი და საშიში გახდა, იზრდებოდა შეშფოთებაც ავტომოძრაობის ბუნებაზე გავლენის გამო. 1972 წელს დენალი ამერიკის ერთ-ერთი პირველი ეროვნული პარკი გახდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა დაინერგა ავტომობილების რიცხვის შესამცირებლად – მოგვიანებით, ეს მეთოდი სხვა პარკებმაც გადაიღეს.
კვირას დენალის იმ ნაწილში დავეხეტები, სადაც მხოლოდ ზაფხულობით შეიძლება გავლა. ჩემი ლაშქრობის ბოლოს, მცირე ხნით ვჩერდები ისტ-ფორკის ქოხში, აქ მიური მაშინ ჩერდებოდა ხოლმე როდესაც მგლებისა და ცხვრების ურთიერთობას სწავლობდა. ახალგაზრდა ეკოლოგისთვის ეს საოცნებო გარემო იყო – განმარტოებულს ცხოველთა კვლევა უმარტივესი ინსტრუმენტებით – ჭოგრიტით, ფოტოაპარატით, წიგნაკითა და ღონიერი ფეხებით შეეძლო. იგი სწავლობდა მგლების დიდ ოჯახს, რომელიც კაბინის მახლობლად დაძრწოდა მდინარე ტოკლატის აღ-მოსავლეთ განშტოებასთან.
შესაძლოა, მიურის უფროსები ვაშინგტონში მშრალ კვლევით მონოგრაფიას ელოდნენ. ამის ნაცვლად, მათ „მთა მაკ-კინლის მგლები“ მიიღეს – ბუნების ისტორიის კლასიკური ნაშრომი. ტოკ-ლატის აღმოსავლეთ განშტოების ხროვისადმი მიძღვნილმა სქელტანიანი წიგნის ზომის მოხსენებამ, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მიურიმ პირველმა აღწერა ველური მგლების ცხოვრების ციკლები, ურთიერთობები და მთლიანი ეკოლოგიური ქსელი. ურთიერთდამოკიდებულებები იმდენად დიდი იყო, რომ მიურიმ დაიწყო მუშაობა, რათა მგლის, პუმისა და კოიოტის ამოწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკა შეცვლილიყო.
ამის გამო მან კეთილგანწყობა ვერც პარკების სამსახურის შიგნით მოიპოვა და ვერც გარეთ. თუმცა, რაც უფრო მეტს წერდა, მით უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭდა ამერიკელი მგლების „პირველი ოჯახი“. საბოლოოდ, სწორედ მგლები იქცნენ დენალის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად.
ნაშუადღევს ჩამთვლიმა. გამოფხიზლებული ინსტინქტურად დავწვდი ტელეფონს და გამახსენდა, რომ აქედან ვერც მესიჯს გაგზავნი და ვერც დარეკავ. აქ საათიც აღარ განკარგავს დროს. სამი დღეა ქოხის გარშემო დავეხეტები, მიურის ნაშრომს ვკითხულობ და როგორც ამერიკელმა ესეისტმა რალფ უოლდო ემერსონმა თქვა, „ბუნების ტემპს“ ვეჩვევი. უკან დაბრუნებისას სულაც არ მეჩქარება ხმაურიან ავტობუსში ასვლა ან მსოფლიოს ახალი ამბების გაგება.
თუმცა, პარკშიც კი ცუდი სიახლე მხვდება. პარკის ბიოლოგს, სტივ არტურს მგლების პოპულაციის რიცხოვნობის ბოლო მონაცემების და იმ გასისხლიანებული მგლის ლეშის აუტოფსიის შედეგების გასაგებად შევუარე, რომელიც ზამთრის ვიზიტისას ვნახე. არტურის გუნდმა ისტ-ფორკის გაყინული მამრი კისერზე ხაფანგით – თოვლიდან ამოთხარა. ცხოველს ხაფანგის სამაგრის მოძრობა მოეხერხებინა და ტყეში შესული სისხლისგან დაცლილიყო.
მაისში არტურს დაურეკა მონადირემ, რომელმაც ლეგალურად მოკლა საყელურიანი მგელი დათვების მისატყუებელ სადგურთან სტამპედე-ტრეილზე, პარკისგან ოდნავ მოშორებით… შტატის სააგენტოს მოხელეებმა დათვის ყველა სახეობასა და ქვესახეობაზე სატყუარათი ნადირობის ეს კონკრეტული საკამათო პრაქტიკა (რომელიც შტატების უმეტესობაში აკრძალულია) არათუ შეზღუდეს, არამედ 2012 წელს გრიზლიზეც კი დაუშვეს. გაზაფხულის მიტყუების სეზონი მგლების გამრავლების სეზონს ემთხვევა, რაც, სავარაუდოდ, მაკე ან მეძუძური მდედრების ხოცვას გამოიწვევს.
ჩასვლისას არტურმა კიდევ ერთი მკვდარი მგელი აღმოაჩინა, ამჯერად უსაყელურო მაკე ძუ. ორივე ალყაშემორტყმული ისტ-ფორკის ხროვის წევრი იყო, ხოლო მეორე მგლის საყელურიდან მიღებული ჯი-პი-ეს მონაცემებით აშკარა გახდა, რომ ტერიტორიაზე ჯერ ისევ იმყოფებოდნენ ხროვის წევრები, რომლებიც დათვების სატყუარამ მიიზიდა. არტურმა ორი კვირით ადრე დაახურინა ჩინოვნიკებს მგელზე ნადირობის სეზონი.
დენალიში გატარებული ხუთი კვირის შემდეგ, ბოლო თავგადასავლისთვის ვემზადები. ტურისტული ავტობუსის უკანა სკამიდან აღმართზე მიმავალ მარშრუტს ვუმზერ, რომელიც მდინარე ტოკლატთან ჩადის.
უბილიკო გზაზე, რუკის გარეშე სწრაფად მივაბიჯებ და სადღაც იმედი მაქვს, რომ დავიკარგები ამ მთებსა და ტბებში. მდინარეს მივადექი. მეორე მხარეს დაკიდებული ხეობა იმაზე ახლოს მოჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ჩემმა მცირე ლაშქრობამ რვა საათზე მეტ ხანს გასტანა. თუმცა, დღის სინათლეა და არ ვღელავ. დაბრუნებისას, ოქროსფერ არწივს ვაფრთხობ და ვაცნობიერებ, რომ მეტისმეტად ჩუმად დავდიოდი – აქ ხომ დათვების სამფლობელოა! ის-ისაა რაღაცის სათქმელად ვაღებ პირს, რომ მწვერვალიდან მამრ გრიზლის ვხედავ, რომელიც ჩემგან დაახლოებით 200 მეტრის ქვევით ტბაში გრილდება. ჩემი ხმა ესმის – უკანა თათებზე დგება და აქეთ-იქით სასაცილოდ იყურება. საკმაოდ დიდია, თუმცა, ვიცი, პრობლემებს არ შემიქმნის. წყლიდან ამოდის, ნაპირისკენ მიაბოტებს, ჩერდება, გასაშრობად ტანს იბერტყავს. შემდეგ ნელი ნაბიჯით მთის გზას მიუყვება და თვალს ეფარება.
ავტობუსს ბოლოჯერ ვაჩერებ და მარტოხელა ტურისტთან მივდივარ, რომელმაც ეს ადგილი არჩია სახეტიალოდ. ზურგზე ოთხი დღის სამყოფი საგზალი გადაუკიდია და ხელში ლამინირებული რუკა უჭირავს. ვეკითხები, საით გაუწევია. ის კი რუკას მთებისკენ, ხეობებისკენ, მდინარეებისა და ცისკენ იშვერს.
„სადმე იქით!“ – მპასუხობს და თვალებში ღიმილი უკრთის.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.